დატოვებულია განუხილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე№ას-573-2026
21 სექტემბერი, 2026 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები – გ.კ–ძე, მ.კ–ი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარეები - შპს „რ“; შპს ,,ბ.ს–ი“; გ.ნ–ძე (კაფე-ბარი ,,მ–ი“); შპს „გ.კ–ე“ (კაფე-ბარი „შ.ს–ი“); შპს „დ.ი.“ (კაფე-ბარების ქსელი ,,დ–ო“); შპს ,,ე.მ.გ–ი“ (სასტუმრო ,,ბ.გ–ი“); შპს ,,პ.ვ–ზე“ (კაფე-ბარი ,,პ.ვ–ზე“); შპს „ს–ო“ (რესტორანი ,,ა.“); შპს ,,ტ–ი“ (რესტორანი „ ბ–ო“); შპს „ქ.გ.“ (რესტორანი ,,ბ“); შპს „შ–ი“ (რესტორანი „შ–ი“) (მოსარჩელეები)
დავის საგანი - საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 27 იანვრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით, ა(ა)იპ ,,ს.ს.უ.ა–იის’’ წინააღმდეგ, დაკმაყოფილდა მოპასუხის მიერ მისი ცნობის გამო. მოპასუხე ა(ა)იპ ,,ს.ს.უ.ა–იას’’ დაევალა: სოციალური ქსელის ,,Facebook“-ის მისი ანგარიშის (,,Account”) გამოყენებით, ცნობის გამოქვეყნება მოცემულ სამოქალაქო საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის ამ გადაწყვეტილების შესახებ, შემდეგი ფორმით: ,,ვაცხადებთ, რომ ჩვენს მიერ, 2022 წლის 26 თებერვალს, 2022 წლის 4 მარტს, 2022 წლის 6 მარტს, 2022 წლის 9 მარტს (ორი განცხადება), 2022 წლის 10 მარტს, 2022 წლის 11 მარტს, 2022 წლის 15 მარტს, 2022 წლის 16 მარტს გავრცელებული ინფორმაცია არის ცილისწამება და სინამდვილეს არ შეესაბამება. შპს ,,რ–ი“ და ა(ა)იპ ,,ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია - ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაცია“ (ყოფილი ა(ა)იპ ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიური მართვის ორგანიზაცია - საქართველოს უფლებამფლობელთა ასოციაცია“ (გერა) არ არიან რუსული ორგანიზაციები და არ აქვთ კავშირი რუსეთის ფედერაციასთან, არ ახორციელებენ რუსეთის მხარდაჭერას, არასდროს გადაურიცხავთ თანხა რუსეთის ფედერაციაში/ორგანიზაციებში, არ ახორციელებენ კოლაბორაციონიზმს და არ არიან მოღალატეები“; ჩვენს მიერ, 2022 წლის 26 თებერვალს, 2022 წლის 4 მარტს, 2022 წლის 6 მარტს, 2022 წლის 9 მარტს (ორი განცხადება), 2022 წლის 10 მარტს, 2022 წლის 11 მარტს, 2022 წლის 15 მარტს, 2022 წლის 16 მარტს გავრცელებული ინფორმაცია არის ცილისწამება და სინამდვილეს არ შეესაბამება, კერძოდ, რუსეთის ორგანიზაციას ფულს არ უხდიან და რუსეთის ორგანიზაციიდან ფულს არ იღებენ ,,გ–ა“ და ,,რ–ის“ შემდეგი მოსარგებლეები და უფლებამფლობელები: შპს ,,ბ.ს–ი“ (რესტორანი ,,ლ–ი“); გ.ნ–ძე (კაფე-ბარი ,,მ–ი“); შპს ,,გ.კ–ე“ (კაფე-ბარი ,,შ.ს–ი“); შპს ,,დ.ი–“ (კაფე-ბარების ქსელი ,,დ–ო“); შპს ,,ე.მ.გ–ი“ (სასტუმრო ,,ბ.გ–ი“); შპს ,,პ.ვ–ზე“ (კაფე-ბარი ,,პ.ვ–ზე“); შპს ,,ს–ო“ (რესტორანი ,,ა.“); - შპს ,,ტ–ი“ (რესტორანი ,,ბ–ო“); შპს ,,ქ.გ–“ (რესტორანი ,,ბ“); შპს ,,შ–ი“ (რესტორანი ,,შ–ი“); ი.გ–ძე; დ.ე–ძე; ე.ლ–ი; რ.მ–ძე; ჯ.ს–ი. მოპასუხე ა(ა)იპ ,,ს.ს.უ.ა–იას’’ დაევალა ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფის გამოქვეყნებიდან 3 წლის განმავლობაში უარყოფის პოსტზე საჯარო (,,Public”) ფუნქციის შენარჩუნება, ისე, რომ არ მოხდეს ამ პოსტის ,,მხოლოდ მე“-ზე (,,Only me”) და არც მეგობრებზე (,,Frineds/,,Friends Except…”) ან/და სხვა ფუნქციაზე გადაყვანა ან/და დაარქივება (,,Move to Archive”). სოციალური ქსელის ,,Facebook“-ის საშუალებით გავრცელებული ცილისმწამებლური განცხადების უარყოფის განცხადებას უნდა ჰქონდეს შენარჩუნებული გაზიარების (,,Share”), კომენტირებისა (,,Comment”) და რეაქციის (,,like”) ფუნქცია; ასევე, უნდა მოხდეს სარეკლამო დაფინანსების უზრუნველყოფა ამ ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფის განცხადებებზე იმავე ოდენობის თანხით, რომელ ცილისმწამებლურ პოსტებზეც მოხდა სარეკლამო დაფინანსების გამოყენება; მოპასუხე ა(ა)იპ ,,ს.ს.უ.ა–იას’’ დაევალა სოციალური ქსელის ,,Facebook“-ის გამოყენებით 2022 წლის 26 თებერვალს, 2022 წლის 4 მარტს, 2022 წლის 6 მარტს, 2022 წლის 9 მარტს (ორი განცხადება), 2022 წლის 10 მარტს, 2022 წლის 11 მარტს, 2022 წლის 15 მარტს, 2022 წლის 16 მარტს გავრცელებული ცილისმწამებლური ინფორმაციის წაშლა; მოპასუხე ა(ა)იპ ,,ს.ს.უ.ა–იას’’ დაევალა სოციალური ქსელის ,,Facebook“-ის გამოყენებით 2022 წლის 26 თებერვალს, 2022 წლის 4 მარტს, 2022 წლის 6 მარტს, 2022 წლის 9 მარტს (ორი განცხადება), 2022 წლის 10 მარტს, 2022 წლის 11 მარტს, 2022 წლის 15 მარტს, 2022 წლის 16 მარტს გავრცელებული ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფის პოსტი არ წაშალოს ან/და არ დაარქივოს (,,Move to Archive”) გამოქვეყნებიდან 3 წლის განმავლობაში; ასევე, არ წაშალოს ,,Facebook“-ის მეგობრების 40%-ზე მეტი და არ გააუქმოს ა(ა)იპ ,,ს.ს.უ.ა–იის’’ სოციალური ქსელის ,,Facebook“-ის ანგარიში (,,Account”); მოპასუხე ა(ა)იპ ,,ს.ს.უ.ა–იას’’ დაევალა, TV PIRVELI-ის ,,საქმიანი დილის” პირდაპირ ეთერში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 2.1.1.-2.1.2. პუნქტში მითითებული განცხადებებისა და იმავე ან მსგავსი რეპუტაციის/რეიტინგის მქონე ტელეკომპანიის მეშვეობით ამ გადაწყვეტილების შესახებ ცნობის გამოქვეყნება; მოპასუხე ა(ა)იპ ,,ს.ს.უ.ა–იას’’ დაევალა სოციალური ქსელის ,,Facebook“-ის საშუალებით TV PIRVELI-ის ეთერში ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 2.1.6. პუნქტით გათვალისწინებული ვიდეოჩანაწერის განთავსება საჯაროდ (,,Public”) და გამოქვეყნებიდან 3 წლის განმავლობაში ,,Public” ფუნქციის შენარჩუნება, ისე, რომ არ მოხდეს მოხდეს ამ პოსტის ,,მხოლოდ მე“-ზე (,,Only me”) და არც მეგობრებზე (,,Frineds/,,Friends Except…”) ან/და სხვა ფუნქციაზე გადაყვანა ან/და დაარქივება (,,Move to Archive”). სოციალური ქსელის ,,Facebook“-ის საშუალებით გავრცელებული ცილისმწამებლური განცხადების უარყოფის განცხადებას უნდა ჰქონდეს შენარჩუნებული გაზიარების (,,Share”), კომენტირებისა (,,Comment”) და რეაქციის (,,like”) ფუნქცია; ასევე, უნდა მოხდეს სარეკლამო დაფინანსების უზრუნველყოფა ამ ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფის განცხადებებზე იმავე ოდენობის თანხით, რომელ ცილისმწამებლურ პოსტებზეც მოხდა სარეკლამო დაფინანსების გამოყენება. ა(ა)იპ ,,ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციის“ სარჩელი გ.კ–ძის წინააღმდეგ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე გ.კ–ძეს დაევალა, სოციალური ქსელში ,,Facebook“, მის გვერდზე (,,Account”) ცნობის გამოქვეყნება მოცემულ სამოქალაქო საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის ამ გადაწყვეტილების შესახებ, შემდეგი ფორმით: ,,2022 წლის 5 მარტს, ჩემს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ: ,,Gera“ (ა(ა)იპ ,,ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია - ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაცია“) არის საავტორო უფლებების სფეროში რუსეთის მიერ შექმნილი ორგანიზაცია; ,,Gera“-მ დახმარება შესთავაზა რუსეთს, რომელიც სანქციების გამო ვერ ახერხებს ფულად ტრანზაქციებს, რომ გამოაყანებინებს საკუთარ ანგარიშს გადარიცხვებისათვის და რუსეთი არ დაკარგავს ფულს, - არ შეესაბამება სინამდვილეს“; ,,2022 წლის 7 მარტს, ჩემს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ,,Gera“ (ა(ა)იპ ,,ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია - ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაცია“) საკუთარი საბანკო ანგარიშის გამოყენებით ეხმარება სანქციების ქვეშ მყოფ რუსეთს შეასრულოს გადარიცხვები და მიიღოს ფული, არ შეესაბამება სინამდვილეს“. ა(ა)იპ ,,ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციის“ სარჩელი მ.კ–ის წინააღმდეგ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე მ.კ–ს დაევალა, სოციალური ქსელში ,,Facebook“, მის გვერდზე (,,Account”) ცნობის გამოქვეყნება მოცემულ სამოქალაქო საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის ამ გადაწყვეტილების შესახებ, შემდეგი ფორმით - ,,2022 წლის 27 თებერვალს ჩემს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ,,Gera“ (ა(ა)იპ ,,ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია - ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაცია“) არის რუსეთის მიერ საქართველოში დაფუძნებული ორგანიზაცია, - არ შეესაბამება სინამდვილეს“. სხვა ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში გ.კ–ძის და მ.კ–ის მიერ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 27 იანვრის განჩინებით, გ.კ–ძისა და მ.კ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 27 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ.კ–ძემ და მ.კ–მა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 14 მაისის განჩინებით კასატორებს - გ.კ–ძეს და მ.კ–ს დაევალათ საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსება და განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში, დასაბუთებული საკასაციო საჩივრის გასაჩივრების საფუძვლების (კასაციის მიზეზები) მითითებით და სახელმწიფო ბაჟის 300 (სამასი) ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა.
აღნიშნული განჩინება კასატორ - მ.კ–ს ჩაბარდა 2026 წლის 10 ივნისს, ხოლო კასატორ - გ.კ–ძეს - 2026 წლის 24 ივნისს (ტ-5; ს.ფ. 414; 417).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 21 სექტემბრის განჩინებით, ი.გ–ძის, დ.ე–ძის, ე.ლ–ის, რ.მ–ძის, ჯ.ს–ის და ა(ა)იპ ,,ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია - ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციის“ წარმომადგენლის ლაშა მდივანის შუამდგომლობა, სარჩელზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შეწყდა წარმოება სამოქალაქო საქმეზე Nას-573-2026 ა(ა)იპ ,,ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია - ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციის“ ი.გ–ძის, დ.ე–ძის, ე.ლ–ის, რ.მ–ძის და ჯ.ს–ის ნაწილში და გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 27 იანვრის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება, ა(ა)იპ ,,ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია - ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციის“ ი.გ–ძის, დ.ე–ძის, ე.ლ–ის, რ.მ–ძის და ჯ.ს–ის ნაწილში;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ გ.კ–ძის და მ.კ–ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია (იხ. სუსგ Nას-217-2026 15.04.2026 წელი; სუსგ Nას-349-2026 23.04.2026 წელი )
როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 14 მაისის განჩინებით, კასატორებს - გ.კ–ძეს და მ.კ–ს დაევალათ საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსება. კერძოდ, დაევალათ აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ დასაბუთებული საკასაციო საჩივარი გასაჩივრების საფუძვლების (კასაციის მიზეზები) მითითებით და სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. ამავე განჩინებით კასატორებს განემარტათ, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებზე, რომლებიც განსაზღვრავს სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარების წესს. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით.
დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 14 მაისის განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე - თბილისი, ..........., კორპუსი N25, ბინა N37, მ.კ–ს ჩაბარდა 2026 წლის 10 ივნისს პირადად (იხ. ჩაბარების დასტური ტ-5; ს.ფ.414), ხოლო გ.კ–ძეს საქმეში მითითებულ მისამართზე - თბილისი, ............., კორპუსი N2, ბინა N41, ჩაბარდა 2026 წლის 24 ივნისს პირადად (იხ. ჩაბარების დასტური ტ-5; ს.ფ.417), საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.
საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში. წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, წლებით გამოსათვლელი ვადა დამთავრდება ვადის უკანასკნელი წლის შესაბამის თვესა და რიცხვში. თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. თუ თვეებით გამოსათვლელი ვადის უკანასკნელ თვეს სათანადო რიცხვი არა აქვს, მაშინ ვადა დამთავრებულად ჩაითვლება ამ თვის უკანასკნელ დღეს. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის თანახმად, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული 7 დღიანი საპროცესო ვადის დენა კასატორ მ.კ–ისათვის დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2026 წლის 11 ივნისს და ამოიწურა 2026 წლის 17 ივნისს, ხოლო ხარვეზის შესავსებად სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული 7 დღიანი საპროცესო ვადის დენა კასატორ - გ.კ–ძისათვის დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2026 წლის 25 ივნისს და ამოიწურა 2026 წლის 01 ივლისს. ამ დროის განმავლობაში კასატორებს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 14 მაისის განჩინებით განსაზღვრულ შვიდ დღიან ვადაში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ (იხ. სუსგ Nას-840-2024 31.07.2024წ)
პალატა დამატებით მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას - უფლებას სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით შექმნილი პრეცედენტული სამართლიდან შესაძლებელია შემდეგი დასკვნის გაკეთება: „უფლება სასამართლოზე“ არ არის აბსოლუტური უფლება, იგი შეიძლება სახელმწიფოს მიერ შეიზღუდოს. თუ საქმე არა ერთმა, არამედ ორმა ინსტანციამ არსებითად განიხილა, ხოლო საკასაციო ინსტანციის სასამართლომ იგი დასაშვებობის პირობების დაუკმაყოფილებლობის გამო განუხილველად დატოვა, აღნიშნული არ შეიძლება ჩაითვალოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლების ხელყოფად.
საკასაციო პალატა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობაზე ბაჟის სახით გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რა დროსაც, დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მხარის ქონებრივი მდგომარეობა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რასაც მხარე თავად წარმოადგენს. ამდენად, მართალია, სახელმწიფოს მხრიდან დაწესებულია სასამართლო ხელმისაწვდომობის შეზღუდვის გარკვეული სტანდარტი, თუმცა, კანონმდებლობა შეზღუდვიდან გამონაკლისს უშვებს, ხოლო გამონაკლისით სარგებლობის უფლება მხარის განსაკუთრებული უფლებაა, რომლის გამოყენება მას მის მიერვე წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეუძლია(იხ.სუსგ Nას-1220-2018 09.10.2018 წ ).
განსახილველ შემთხვევაში, ჩარევის ლეგიტიმური საფუძველი სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლია, რომლის დარღვევის გამო სამართლებრივ შედეგს ამავე მუხლის მე-3 ნაწილი ითვალისწინებს. პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქმეს არ ერთვის რაიმე მტკიცებულება, რაც დაასაბუთებდა კასატორებისათვის სახელმწიფო ბაჟზე დადგენილი ხარვეზის სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შევსების შეუძლებლობას, მძიმე მატერიალური მდგომარეობის ან სხვა ობიექტური გარემოების გამო.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება (იხ. სუსგ №ას-1220-2018 09.10.2028 წელი).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, კასატორების მიერ ხარვეზი არ გამოსწორებულა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე 372-ე, 396.3-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.კ–ძის და მ.კ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
არჩილ კოჭლამაზაშვილი