დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 15.07.2026
საქმის ნომერი
ას-328-2026
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
15.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

15 ივლისი, 2026 წელი №ას-328-2026 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ი.გ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე - ზ.ჭ–ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 26 იანვრის განჩინება და ამავე სასამართლოს 2025 წლის 26 დეკემბრის განჩინება, საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ზ.ჭ–მა (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „მოწინააღმდეგე მხარე“, „მესაკუთრე“) სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ მოსამართლეს ბორჯომის მუნიციპალიტეტში ზ.გ–ძისა და ი.გ–ძის (შემდგომში მოხსენიებულნი, როგორც „მოპასუხეები“, „აპელანტები“, „კასატორები“, „მფლობელები“) მიმართ, უძრავი ნივთის, მდებარე: ქ. ბორჯომი, ............., საკადასტრო კოდი .........., თანმხლებ პირებთან ერთად გამოსახლების გზით მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისა და მოსარჩელისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის მოთხოვნით.

სარჩელის საფუძვლები:

2. სადავო უძრავი ქონება, დღეის მდგომარეობით, ირიცხება ზ.ჭ–ის საკუთრებად. საკუთრების უფლება მოპოვებულია 2017 წლის 09 აგვისტოს გამართულ იძულებით საჯარო აუქციონზე ქონების 4850 ლარად შეძენის შედეგად, 2017 წლის 14 აგვისტოს №ა-17015104-011/001 განკარგულების საფუძველზე. აღნიშნულ აუქციონს წინ უძღოდა კრედიტორ ზ.ჭ–ის მიერ 2017 წლის 08 თებერვალს აღსრულების ეროვნულ ბიუროში შეტანილი განცხადება სააღსრულებო ფურცლის წარდგენის გზით იძულებითი აღსრულების მოთხოვნის თაობაზე, ვინაიდან მოვალე ზ.გ–ძემ ზ.ჭ–ის სასარგებლოდ 13 524 აშშ დოლარისა და 124.36 ლარის გადახდის ვალდებულება ნებაყოფლობით არ შეასრულა. 14.08.2017 წლის განკარგულებას არ დაეთანხმა ზ.გ–ძის დედა ი.გ–ძე და 2019 წლის 25 თებერვალს სასარჩელო განცხადებით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ს.ს.ი.პ. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ, სადავო ქონებაზე ზ.გ–ძის სახელზე გაცემული №60 საკუთრების მოწმობისა და ს.ს.ი.პ. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ზ.ჭ–ის სახელზე გაცემული 2017 წლის 14 აგვისტოს №ა-17015104-011/001 განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნით. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი.გ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა ჯერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში, ხოლო შემდგომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში, რომლის 2022 წლის 17 თებერვლის საბოლოო გადაწყვეტილებით ი.გ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: აღიარების კომისიის 2015 წლის 13 ივლისს ........... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებაზე დამოწმებულ და ზ.გ–ძის სახელზე გაცემულ №60 საკუთრების მოწმობაში შევიდა ცვლილება - ნაცვლად ზ.გ–ძისა მიეთითა - ზ.გ–ძე და ი.გ–ძე; ხოლო ს.ს.ი.პ. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ზ.ჭ–ის სახელზე გაცემული განკარგულების ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელს დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი. შესაბამისად, ზ.ჭ–ი ცნობილი იქნა კეთილსინდისიერ შემძენად და სადავო ქონება დარჩა მოსარჩელის საკუთრებად, რომელიც, დღეის მდგომარეობით, კვლავ ირიცხება მის სახელზე, თუმცაღა, მოპასუხეები უსაფუძვლოდ ფლობენ მას.

მოპასუხეების პოზიცია:

3.1. მოპასუხე ზ.გ–ძეს შესაგებელი არ წარუდგენია.

3.2. მოპასუხე ი.გ–ძემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე არ არის უძრავი ნივთის სრული მესაკუთრე, არამედ, ი.გ–ძე არის აღნიშნული უძრავი ქონების თანამესაკუთრე, თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებისა საქმეზე №ბს-190(კ-21). სადავო ქონება მისი ერთადერთი საცხოვრებელი სახლია. მოსარჩელე ბოროტად იყენებს მინიჭებულ უფლებას ისე, რომ არ დასტურდება მისი მოთხოვნის უპირატესობა. უძრავ ნივთზე ხელყოფას ან სხვაგვარ ხელშეშლას ი.გ–ძის მხრიდან ადგილი არ ჰქონია, არც მოსარჩელეს მოუთხოვია ქონება, პირიქით, მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენდა, დაებრუნებინა ზ.გ–ძისგან მისი კუთვნილი ხარჯი და არა მისი საცხოვრებელი სახლი, რომლის შემდგომ უნდა მომხდარიყო ქონების გამოსყიდვა გადახდის განვადებით. ი.გ–ძის განმარტებით, სადავო ქონებას ფლობს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. ახალციხის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის ბორჯომის მუნიციპალიტეტში 2025 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; გამოთხოვილი იქნა მოპასუხე ზ.გ–ძისა და ი.გ–ძის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელე ზ.ჭ–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ბორჯომი, ..........., საკადასტრო კოდი ......... თანმხლებ პირებთან ერთად გამოსახლების გზით და დადგინდა მისი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მესაკუთრისთვის გადაცემა.

5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

6. 2025 წლის 27 მაისს აპელანტების წარმომადგენელმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის წინაშე იშუამდგომლა საქმის წარმოების შეჩერება, შემდეგი დასაბუთებით: ახალციხის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია მოსარჩელე ი.გ–ძის სარჩელი მოპასუხე ს.ს.ი.პ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ოფისის მიმართ, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - ს.ს.ი.პ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 15 აგვისტოს №882022580034-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და 2021 წლის 21 ივლისის რეგისტრაციის აღდგენის მოთხოვნით. სადავო აქტით გაუქმდა ი.გ–ძის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე, მდებარე ბორჯომი, ........... საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლად აპელანტების წარმომადგენელმა მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე, რადგან გასაჩივრებული ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შემთხვევაში ი.გ–ძეს აღუდგებოდა საკუთრების უფლება იმ ნივთზე, საიდანაც მოთხოვნილია გამოსახლება.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 26 დეკემბრის განჩინებით არ დაკმყოფილდა აპელანტების შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ, შემდეგი დასაბუთებით:

7.1. პალატის მითითებით, ს.ს.ი.პ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 9 სექტემბრის ამონაწერით სადავო ქონება (მდებარე ბორჯომი, .........) წარმოადგენდა ზ.გ–ძის საკუთრებას. 2017 წლის 14 აგვისტოს №A17015104-011/001 განკარგულების საფუძველზე საკუთრების უფლება დარეგისტრირდა ზ.ჭ–ის სახელზე. ზ.ჭ–ი გახდა ქონების კეთილსინდისიერი შემძენი, ვინაიდან მისთვის უცნობი იყო სადავო ქონებაზე სხვა პირის თანასაკუთრების არსებობის შესახებ (სამოქალაქო კოდექსის 312.1 მუხლი). რეესტრის 2022 წლის 21 ივლისის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონების ს/კ ......... მესაკუთრეს წარმოადგენენ ზ.ჭ–ი და ი.გ–ძე. ი.გ–ძე აღნიშნული ქონების თანამესაკუთრედ აღირიცხა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 7 ივლისის №ბს-190(კ-21) განჩინების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №882022517671-03 გადაწყვეტილებით, თუმცა ს.ს.ი.პ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 15 აგვისტოს №882022580034-03 გადაწყვეტილებით გაბათილდა №882022517671-03 გადაწყვეტილება და ძალაში დარჩა №882017740378-03 გადაწყვეტილება 2017 წლის 14 აგვისტოს №A17015104-011/001 განკარგულების საფუძველზე ზ.ჭ–ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ. ამრიგად, რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 19 მაისის ამონაწერით უძრავი ქონების ს/კ ............ ერთპიროვნულ მესაკუთრედ ფიქსირდება ზ.ჭ–ი.

7.2. სააპელაციო პალატის შეფასებით, ზემოაღნიშნულ საქმეებს შორის არ იკვეთებოდა იმგვარი კავშირი, რომ შეუძლებელი ყოფილიყო წინამდებარე სამოქალაქო საქმის განხილვა - გადაწყვეტა. პალატის მითითებით, ადმინისტრაციული სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, თუკი ი.გ–ძე მოიპოვებდა სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლებას, შეიცვლებოდა სადავო ქონებაზე მესაკუთრე საჯარო რეესტრშიც და ახალ მესაკუთრეს წარმოეშობოდა ყველა უფლება, რაც მესაკუთრეს შეიძლება ჰქონდეს. მანამდე კი, არსებული ჩანაწერის მიმართ მოქმედებს სისრულისა და უტყუარობის პრეზუმფცია, რაც ნიშნავს, რომ განსახილველ ვინდიკაციურ საქმეში სარჩელის არსებითი განხილვის მიზნით მოსარჩელის საკუთრების უფლების დადგენაზე გავლენას არ ახდენს მოპასუხის მიერ ახალციხის რაიონულ სასამართლოში წარდგენილი სარჩელი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 26 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

9. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია დავისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

9.1. ზ.ჭ–ის საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქ ბორჯომში, .........., საკადასტრო კოდი ...........

9.2. მესაკუთრის კუთვნილ უძრავ ნივთს ფლობენ ზ.გ–ძე და ი.გ–ძე.

9.3. სადავო ქონების მოპასუხეების მიერ ფლობა მესაკუთრის ნებას ეწინააღმდეგება.

9.4. ს.ს.ი.პ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 9 სექტემბრის ამონაწერით სადავო ქონება წარმოადგენდა ზ.გ–ძის საკუთრებას. 2017 წლის 14 აგვისტოს №A17015104-011/001 განკარგულების საფუძველზე საკუთრების უფლება დარეგისტრირდა ზ.ჭ–ის სახელზე. რეესტრის 2022 წლის 21 ივლისის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონების ს/კ ........... მესაკუთრეს წარმოადგენენ ზ.ჭ–ი და ი.გ–ძე. ი.გ–ძე აღნიშნული ქონების თანამესაკუთრედ აღირიცხა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 7 ივლისის №ბს-190(კ-21) 11 განჩინების საფუძველზე. ს.ს.ი.პ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 15 აგვისტოს №882022580034-03 გადაწყვეტილებით გაბათილდა №882022517671-03 გადაწყვეტილება და ძალაში დარჩა №882017740378-03 გადაწყვეტილება 2017 წლის 14 აგვისტოს №A17015104-011/001 განკარგულების საფუძველზე ზ.ჭ–ის სახელზე საკუთრების უფლების დარეგისტრირების შესახებ. ს.ს.ი.პ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 19 მაისის ამონაწერით უძრავი ქონების ს/კ ....... ერთადერთ მესაკუთრედ ფიქსირდება კვლავაც ზ.ჭ–ი.

10. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სააპელაციო პალატამ შემდეგი სამართლებრივი შეფასება მისცა:

10.1. არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს სამოქალაქო კოდექსის 170-172-ე მუხლებით გათვალისწინებული ყველა წინაპირობა - ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. ამ გარემოებათა მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აქვს. მოპასუხემ კი უნდა დაამტკიცოს, რომ მას ნივთის ფლობის სამართლებრივი საფუძველი აქვს. აღნიშნული წინაპირობები უნდა არსებობდეს კუმულატიურად, ანუ სახეზე უნდა იყოს სამივე წინაპირობა. ამ სამი წინაპირობის ერთდროული არსებობა წარმოადგენს სავინდიკაციო მოთხოვნის საფუძველს.

10.2. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს უძრავი ნივთი, რომელზეც საკუთრების უფლება დგინდება საჯარო რეესტრის ჩანაწერით. სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების შემძენზე საჯარო რეესტრში რეგისტრაცია. სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილით, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

10.3. პალატამ შენიშნა, რომ სადავო ქონების მოპასუხეთა მიერ ფაქტობრივი ფლობა უდავო გარემოებას წარმოადგენდა. ამასთან, დგინდებოდა, რომ ზ.ჭ–ის საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია უძრავი ქონება, მდებარე ქალაქ ბორჯომში, ..........., საკადასტრო კოდი ......... უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია 2017 წლის 14 აგვისტოს №A17015104-011/001 განკარგულება, რომლის მიმართაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემული დროისათვის, საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი ან აუქციონის შედეგები ძალადაკარგული ან გაუქმებული არ არის. სადავო ქონებას, მოცემული მდგომარეობით, ჰყავს მხოლოდ ერთი მესაკუთრე და სწორედ ის ითხოვს აპელანტების უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვას.

10.4. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც სადავო ქონების მოპასუხის მიერ ფლობა სადავო არ არის, ხოლო საჯარო რეესტრის ჩანაწერით დადასტურებულია მოსარჩელის საკუთრების უფლება სადავო უძრავ ქონებაზე და მოპასუხე მხარეს ამავე სადავო ქონებაზე საკუთრების უფლება კანონით დადგენილი წესით მოპოვებული არ აქვს, მისი ერთადერთი სამტკიცებელი გარემოება სადავო ქონების ფლობის მართლზომიერების დადასტურებაში მდგომარეობდა, რაც მოპასუხე მხარემ ვერ შეძლო. აპელანტებმა ვერ დაძლიეს კანონით მათზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი, კერძოდ, ვერ დაადასტურეს სადავო უძრავ ქონებზე მათი ფლობის მართლზომიერება, რაც ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენდა.

11. სააპელაციო სასამართლოს 26.12.2025 წლის განჩინება საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ, აგრეთვე 26.01.2026 წლის განჩინება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე ი.გ–ძემ, მოითხოვა მათი გაუქმება, საქმის წარმოების შეჩერება ახალციხის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე ადმინისტრაციული საქმეზე (№3/055-25) საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე და საკასაციო საჩივრის ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლებით: უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 17 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე, 2022 წლის 21 ივლისს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაკმაყოფილდა ი.გ–ძის მოთხოვნა და №882022517671-03 გადაწყვეტილებით სადავო უძრავ ნივთზე ი.გ–ძე ზ.ჭ–თან ერთად აღირიცხა სადავო ქონების თანამესაკუთრედ. 2022 წლის 15 აგვისტოს საჯარო რეესტრის ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტმა მიიღო №882022580034-03 გადაწყვეტილება და ბათილად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ №882022517671-03 გადაწყვეტილება, ანუ გაუქმდა ი.გ–ძის საკუთრების უფლება. ი.გ–ძემ ადმინისტრაციული სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა №882022580034-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს წარედგინა აპელანტის შუამდგომლობა საქმეზე წარმოების შეჩერების შესახებ, ახალციხის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ" პუნქტის საფუძველზე, რადგან ახალციხის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული ადმინისტრაციული სარჩელით მოთხოვნილია ი.გ–ძის საკუთრების უფლების აღდგენა სადავო უძრავ ნივთზე, რისი დაკმაყოფილების შემთხვევაშიც, ვერ დაკმაყოფილდება ზ.ჭ–ის სარჩელი ი. და ზ.გ–ძეების აღნიშნული ქონებიდან გამოსახლების შესახებ. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან კასატორს ართმევს იმ მტკიცებულების წარდგენის შესაძლებლობას, რომლის მოპოვებაც შესაძლებელია მხოლოდ საჯარო რეესტრის მიერ მიღებული და სადავოდ ქცეული გადაწყვეტილების გაუქმების შედეგად.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

16. საკასაციო საჩივრის ფარგლებში მხარეთა შორის სადავო საკითხს წარმოადგენს კასატორის მხრიდან სადავო უძრავი ნივთის ფლობის მართლზომიერება. კასატორი მიიჩნევს, რომ მოსარჩელესთან ერთად სადავო უძრავი ნივთის თანამესაკუთრეა, როგორც ეს საჯარო რეესტრის 21.07.2022 წლის №882022517671-03 სარეგისტრაციო ჩანაწერით იყო დადგენილი. ხსენებული სარეგისტრაციო ჩანაწერის გაუქმებისა და სადავო ნივთის ზურაბ ჭამიაშვილის ერთპიროვნულ საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის 2022 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილება კასატორს მიაჩნია კანონსაწინააღმდეგოდ, რომლის ბათილად ცნობის მოთხოვნითაც მიმართული აქვს სასამართლოსთვის ადმინისტრაციული სარჩელით. კასატორის განსჯით, ხსენებული გარემოება ქმნის წინამდებარე დავაში მის მართლზომიერ მფლობელად მიჩნევის საფუძველს.

17.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

17.2. შესაბამისად, მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება (იხ. სუსგ. №ას-914-2019, 25.07.2019წ.; №ას-246-246-2018; 20.03.2018წ.).

17.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

18.1. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და არც საკასაციო საჩივრით არ არის შედავებული, რომ მოსარჩელის საკუთრებაში აღრიცხულ სადავო უძრავ ქონებას ფლობს კასატორი.

18.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.

18.3. კასატორი თავს მართლზომიერ მფლობელად მიიჩნევს იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სადავო ქონების მოსარჩელის ერთპიროვნულ საკუთრებად რეგისტრაციამდე ხსენებული ქონება მოსარჩელისა და კასატორის თანასაკუთრება იყო აღრიცხული. კასატორის მოსაზრებით, სადავო ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების ერთპიროვნული უფლების შესახებ სარეგისტრაციო ჩანაწერი უკანონოა, რაც მას, როგორც მფლობელს, ნივთის მართლზომიერად ფლობის უფლებას ანიჭებს.

18.4. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სადავო გარემოებების მტკიცების გარკვეულ სტანდარტს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

18.5. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებსა და მათი დადასტურების მიზნით წარდგენილ მტკიცებულებებს, რათა აირიდოს უარყოფითი მატერიალურ-სამართლებრივი შედეგი დავის მის საწინააღმდეგოდ დასრულების თვალსაზრისით.

18.6. უძრავი ნივთის ფლობის სამართლებრივი საფუძვლის დადასტურება სწორედ მოპასუხე მხარის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენს. ამასთან, მყარად დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, მართლზომიერი მფლობელია პირი, რომელიც სამართლებრივი საფუძვლით ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას. მაშასადამე, მართლზომიერი მფლობელობა მიუთითებს ობიექტურად არსებულ ფაქტორებზე, რაც ვლინდება მფლობელობის სამართლებრივი საფუძვლის არსებობაში (იხ. სუსგ. №ას-1574-2019, 28.04. 2020წ.).

18.7. საკასაციო პალატა საქმეზე წარმოდგენილი მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და სადავო ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ი.გ–ძის მიერ სადავო ნივთის მართლზომიერი ფლობა წინამდებარე საქმეში დადასტურებული არ არის. როგორც ეს ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლოებმაც მართებულად განმარტეს, მიუხედავად მოსარჩელის საკუთრების უფლების კანონიერების მიმართ მოპასუხის პრეტენზიის არსებობისა, იმ პირობებში, როდესაც აღძრულია ვინდიკაციური სარჩელი და მოსარჩელეს, საკუთრების უფლების დასადასტურებლად, წარმოდგენილი აქვს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლი ნამდვილობისა და სისრულის პრეზუმფციას ადგენს, მოსარჩელის მიერ საკუთრების უფლების მოპოვების კანონიერების შემოწმება სცდება სავინდიკაციო დავის საგანს.

18.8. ამასთან, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის განხილვისას, თუკი საქმის მასალებით უტყუარად არ დგინდება საჯარო რეესტრის ჩანაწერის უზუსტობა, მოპასუხის აპელირება მოსარჩელის მიერ სადავო ქონებაზე საკუთრების უფლების არაკეთილსინდისიერად და უკანონოდ მოპოვების შესახებ, არ კმარა მოპასუხის მტკიცების საგანში შემავალი სადავო ფაქტობრივი გარემოების - უძრავი ქონების მართლზომიერად ფლობის - დასადასტურებლად. (იხ. სუსგ. №ას-183-183-2018, 23.06.2025წ.).

18.9. საკასაციო სასამართლო მხარეს დამატებით განუმარტავს, რომ მართლზომიერ მფლობელად მიიჩნევა პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებაც კასატორს სასამართლოში საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე არ წარუდგენია. პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მართლზომიერი მფლობელია მესაკუთრე და ის პირები, რომელთა მფლობელობა მესაკუთრის მფლობელობიდანაა წარმოქმნილი. ნივთის მართლზომიერი მფლობელობა ვრცელდება მანამ, სანამ არსებობს მართლზომიერების სამართლებრივი საფუძველი (იხ. სუსგ. №ას-153-2025, 30.04.2025წ.) მხოლოდ ის გარემოება, რომ სადავო ქონება კასატორის ოჯახის ერთადერთ საცხოვრისს წარმოადგენს, არ არის საკმარისი საფუძველი საიმისოდ, რომ შეაფერხოს სასარჩელო მოთხოვნის განხორციელება ან საერთოდ გამორიცხოს მისი დაკმაყოფილება (იხ. სუსგ. №ას-1578-2022, 26.01.2023წ.; №ას-709-2022, 30.09.2022წ.; №ას-870-2021, 06.07.2022წ.). სავინდიკაციო სარჩელის დაკმაყოფილების ბარიერს არ ქმნის არც ის გარემოება, რომ ნივთის მფლობელი წარსულში ამავე ნივთის თანამესაკუთრედ იყო აღრიცხული, არამედ, როგორც აღინიშნა, სხვისი მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის ბედს განაპირობებს მესაკუთრედ ყოფნის შესახებ ძალაში მყოფი სარეგისტრაციო მონაცემები.

19.1. საქმის წარმოების შეჩერების შუამდგომლობასთან მიმართებით პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქმის წარმოების შეჩერების აუცილებლობა უნდა ვლინდებოდეს იმაში, რომ სხვა სხვა სასარჩელო წარმოების ფარგლებში აღძრული საქმისთვის მნიშვნელობის მქონე დასადგენ გარემოებათა წრეში უნდა შედიოდეს იმგვარი ფაქტები, რომლებიც, ამავდროულად, წინამდებარე საქმისთვისაც მტკიცების საგანში შემავალ გარემოებებად განიხილება. სხვა სიტყვებით რომ ითქვას, სხვა საქმის განხილვა-გადაწყვეტამდე შეუძლებელი უნდა იყოს წინამდებარე საქმის გადაწყვეტა (მრავალთა შორის, იხ. სუსგ.-ები №ას-112-2022, 01.04.2022წ.; №ას-432-2021, 13.10.2021წ.; №ას-1009-2022, 09.03.2023წ.).

19.2. უძრავი ნივთების მიმართ მოქმედ საჯარო რეესტრის ჩანაწერების სისრულის პრეზუმფციას ვერ აქარწყლებს მარტოოდენ ის გარემოება, რომ ვინდიკაციური სარჩელით მოპასუხემ სადავოდ აქცია მოსარჩელის მიერ სადავო უძრავი ნივთის ერთპიროვნულად შეძენის კანონიერება, ვინაიდან ასეთი დავის ინიციირების შესაძლებლობა, თეორიულად, ყველა მოპასუხეს გააჩნია შემძენისათვის ნივთზე მფლობელობის გადაცემის გასაჭიანურებლად. იმ პირობებში, როდესაც საკუთრების მოპოვების უკანონობის პრეტენზიას საფუძველს არ უმყარებს სარჩელის სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება (თუნდაც კანონიერ ძალაში შეუსვლელი), მხოლოდ სარჩელის წარდგენის ფაქტი ვერ გადასწონის კანონმდებლის ნორმატიული ნებით დაცულ ფაქტს _ რეგისტრირებული საკუთრების სისწორესა და უტყუარობას.

19.3. განსახილველ შემთხვევაში კასატორი საკასაციო საჩივარში თავად ადასტურებს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით წარდგენილი სარჩელი პირველი ინსტანციის სასამართლოში მისი საწინააღმდეგო შედეგით არის დასრულებული, მაშასადამე, სსკ 312-ე მუხლით განმტკიცებული რეგისტრირებული მესაკუთრის უფლების უხარვეზობის პრეზუმფციის გამაქარწყლებელი ან შემასუსტებელი გარემოება, არსებული მდგომარეობით, არ ვლინდება. ხსენებულ სამართლებრივ მოცემულობაში კი, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, გაიზიაროს კასატორის მოსაზრება წინამდებარე საქმესა და დასახელებულ ადმინისტრაციულ საქმეს შორის იმგვარად მჭიდრო ურთიერთკავშირის შესახებ, რომ ადმინისტრაციული სარჩელის ფარგლებში დასადგენი გარემოებების გარეშე შეუძლებელი იყოს ვინდიკაციური მოთხოვნის საფუძვლიანობის განხილვა-გადაწყვეტა. ამრიგად, შუამდგომლობას საქმის წარმოების შეჩერების შესახებ უსაფუძვლოდ მიიჩნევს საკასაციო სასამართლოც (იხ. სუსგ. №ას-1544-2022, 13.04.2023წ.; №ას-705-2025, 15.07.2025წ.; №ას-912-2025, 26.09.2025წ.).

20. ამრიგად, კასატორმა, სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო იმ გარემოების დამტკიცება, რომ მართლზომიერად ფლობს სადავო უძრავ ქონებას.

21. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინებების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინებების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

22. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

23. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებები კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

24. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შედეგის გათვალისწინებით, კასატორს საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე გადახდილი სახელწიფო ბაჟის - 150 ლარის 70%, რაც შეადგენს 105 ლარს, უკან უნდა დაუბრუნდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი.გ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. ი.გ–ძეს (პ/ნ ...........) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის -150 ლარის (საგადასახადო დავალება № 5344, გადახდის თარიღი: 20.04.2026წ., გადამხდელი: შ.კ–ძე (პ/ნ ..........), გადამხდელის ბანკი: ს.ს. „თიბისი ბანკი“) 70% - 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. არ დაკმაყოფილდეს ი.გ–ძის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი