დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 10.09.2026
საქმის ნომერი
ა-2323-შ-86-2026
კატეგორია
დავის ტიპი
შუამდგომლობა
თარიღი
10.09.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ ა-2323-შ-86-2026

10 სექტემბერი, 2026 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე - მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – პ.ა–ი

მოწინააღმდეგე მხარე - ი.ა–ი

განხილვის საგანი – შვეიცარიის კონფედერაციის ზოლოტურნის კანტონის უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შვეიცარიის კონფედერაციის ზოლოტურნის კატონის უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით ო.ა–ს პ.ა–ის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის გადახდა 7 961.6 შვეიცარული ფრანკის ოდენობით.

2. 2026 წლის 14 მაისს პ.ა–ის წარმომადგენელმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა შვეიცარიის კონფედერაციის ზოლოტურნის კატონის უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 21 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება, კომპენსაციის 7 961.6 შვეიცარული ფრანკის დაკისრების ნაწილში.

3. შუამდგომლობაზე თანდართული მასალებით ირკვევა, რომ ო.ა–ი ცხოვრობს და მუშაობს საქართველოში. აღნიშნული გადაწყვეტილებიდან, ასევე ირკვევა, რომ გადაწყვეტილება ექვემდებარება აღსრულება.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 25 მაისის განჩინებით შუამდგომლობაზე დადგინდა ხარვეზი და პ.ა–ს დაევალა აღნიშნული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 20 (ოცი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა ცნობა, რომელშიც მითითებული იქნება მისი გაცემის თარიღი და რომლითაც დადასტურდება, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში პ.ა–ის შუამდგომლობის შემოსვლის დროისათვის შვეიცარიის კონფედერაციის ზოლოტურნის კატონის უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება შვეიცარიის კონფედერაციის ტერიტორიაზე აღსრულებული არ არის. ამავე განჩინებით განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში შუამდგომლობა დარჩებოდა განუხილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

4. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეხუთე პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნების გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოებში სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.

5. დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 25.05.2026 წლის განჩინება გაეგზავნა შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელს შუამდგომლობის ტექსტში მითითებულ მისამართზე და ჩაჰბარდა პირადად 2026 წლის 16 ივნისს.

6. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. სსსკ-ის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

7. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

8. მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობის ავტორისთვის ხარვეზის შევსების 20 - დღიანი ვადის დენა დაიწყო 2026 წლის 17 ივნისს და ამოიწურა ამავე წლის 06 ივლისს. ამდენად, შუამდგომლობის ავტორს ხარვეზი 06.07.2026 წლის ჩათვლით უნდა შეევსო. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში შუამდგომლობის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.

9. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. კანონის დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე სწორედ კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაშია ვალდებული განახორციელოს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ (სუსგ №ა-324-შ-6-2020, 9 მარტი, 2020 წელი; №ა-2180-შ-56-2019, 16 სექტემბერი, 2019 წელი).

10. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შუამდგომლობის ავტორს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად. სასამართლო დამატებით აქვე განმარტავს, რომ იმ გარემოების აღმოფხვრის შემთხვევაში, რომელიც საფუძვლად დაედო შუამდგომლობის განუხილველად დატოვებას, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს კვლავ მიმართოს სასამართლოს საერთო წესის დაცვით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, სსსკ-ის 63-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. პ.ა–ის შუამდგომლობა შვეიცარიის კონფედერაციის ზოლოტურნის კანტონის უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 21 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე: მირანდა ერემაძე