არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ა-4445-შ-118-2023 9 ივლისი, 2026 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენით
შუამდგომლობის ავტორი – უ.მ.ჰ–ი
მოწინააღმდეგე მხარე - ა.ჰ–ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – ამერიკის შეერთებული შტატების მიჩიგანის შტატის ოუკლენდის წრიული სასამართლოს 2023 წლის 11 მაისის ორდერი ერთპიროვნული სამართლებრივი და ფიზიკური მეურვეობის შესახებ და ბრძანება არასრულწლოვნის შეერთებულ შტატებში დაბრუნების შესახებ საქმეზე N 21-507117-DM
დავის საგანი – მშობლისთვის ერთპიროვნული მეურვის უფლებამოსილების მინიჭება, არასრულწლოვანი შვილის აშშ-ში დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ამერიკის შეერთებული შტატების მიჩიგანის შტატის ოუკლენდის წრიული სასამართლოს 2023 წლის 11 მაისის ორდერით ერთპიროვნული სამართლებრივი და ფიზიკური მეურვეობის შესახებ და ბრძანებით არასრულწლოვნის შეერთებულ შტატებში დაბრუნების შესახებ საქმეზე N 21-507117-DM, შუამდგომლობის ავტორს, უ.მ.ჰ–ს არასრულწლოვან შვილზე - 2013 წლის 10 დეკემბერს დაბადებულ ნ.კ.ჰ–ზე მიენიჭა მშობლის ერთპიროვნული სამართლებრივი და ფიზიკური მეურვეობის უფლებამოსილება, ასევე, ნებისმიერ კომპეტენტურ სასამართლოს, რომელსაც აქვს იურისდიქცია არასრულწლოვან ბავშვზე, დაევალა დაუყოვნებლივ დააბრუნოს არასრულწლოვანი ბავშვი ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს რესპუბლიკაში მდებარე აშშ-ის საკონსულოს მეშვეობით.
2. 2023 წლის 18 აგვისტოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შუამდგომლობით მომართა უ.მ.ჰ–მა, რომელმაც მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების ცნობა.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით დაკმაყოფილდა უ.მ.ჰ–ის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების მიჩიგანის შტატის ოუკლენდის წრიული სასამართლოს 2023 წლის 11 მაისის ორდერის ერთპიროვნული სამართლებრივი და ფიზიკური მეურვეობის შესახებ და ბრძანების არასრულწლოვნის შეერთებულ შტატებში დაბრუნების შესახებ საქმეზე N 21-507117-DM საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
4. 2023 წლის 06 ნოემბერს სასამართლომ მომართა მოწინააღმდეგე მხარის, ა.ჰ–ის წარმომადგენელმა, რომელმაც ზემოაღნიშნული განჩინების ბათილად ცნობა მოითხოვა.
5. განმცხადებლის მითითებით, ცნობა-აღსრულების შესახებ საქმის განხილვა მოხდა ისე, რომ საქმის მიმდინარეობის შესახებ მოწინააღმდეგე მხარისთვის არ იყო ცნობილი. შუამდგომლობის ავტორის (უ.მ.ჰ–ის) მიერ ა.ჰ–ის საცხოვრებელ ადგილად მითითებული მისამართი არ შეესაბამებოდა სინამდვილეს, შესაბამისად, ყველა დოკუმენტაცია გაგზავნილი ა.ჰ–ის სახელზე, მას ვერ ჩაბარდებოდა. აქედან გამომდინარე, სახეზეა განჩინების ბათილად ცნობის საფუძველი.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 10 დეკემბრის განჩინებით ა.ჰ–ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 ოქტომბრის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ დაკმაყოფილდა, გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 ოქტომბრის განჩინება და განახლდა საქმის წარმოება.
7. განახლებული საქმის წარმოების ფარგლებში, მოწინააღმდეგე მხარემ მიუთითა, რომ საქმის განხილვის შესახებ არ იყო ინფორმირებული მიჩიგანის სასამართლოს მიერ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
8. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შუამდგომლობის განხილვის პროცესში უნდა დადგინდეს, დაცულია თუ არა ამ კანონის 68-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები.
11. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
12. გადაწყვეტილების ცნობის (აღიარების) საგანს წარმოადგენს არა ზოგადად კონკრეტული სასამართლო გადაწყვეტილება, როგორც მართლმსაჯულების აქტი, არამედ მისი გარკვეული სამართლებრივი თვისების მოქმედების გავრცელება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე (იხ. ბაკურ ლილუაშვილი, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება საქართველოში, თბილისი, 2009). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სამართალში მოქმედი „გათანაბრების თეორიის“ თანახმად, უცხოური აქტი უნდა აღქმულ იქნეს და იურიდიულად გაუთანაბრდეს შიდასახელმწიფოებრივ სასამართლო გადაწყვეტილებას, შესაბამისად, ამ სახის სასამართლო გადაწყვეტილებების საპროცესო შედეგებიც შიდასახელმწიფოებრივი სამართლის მიხედვით უნდა გადაწყდეს. ეს კონცეფცია ნოსტრიფიკაციის სახელით არის ცნობილი და ემყარება ყველა სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემის თანასწორუფლებიანობის მოსაზრებას. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ან უცხოური საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისას, საქმე გვაქვს მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოური აქტის მოქმედების გაფართოებასთან, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს მის ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები.
13. საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ე.წ. ზემდგომ ინსტანციას უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობის შემოწმების თვალსაზრისით, რადგან კიდევ ერთი დამატებითი ინსტანციით არსებითად არ იხილავს საქართველოს ტერიტორიაზე საცნობ გადაწყვეტილებას, არამედ - მისი მსჯელობა მხოლოდ იმ საფუძვლების გარკვევით შემოიფარგლება, თუ რამდენად არსებობს უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების იურიდიული ძალის სხვა ქვეყანაში გავრცელებისათვის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივ საფუძველში იგულისხმება უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების შედეგების გავრცელება იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელმაც უნდა ცნოს ეს გადაწყვეტილება, ხოლო სამართლებრივ საფუძველში მოიაზრება საერთაშორისო კერძო სამართლის ნორმები, რომლითაც ხორციელდება ცნობა/აღსრულების შემოწმება/განხილვა. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღიარებით ახდენს ამ გადაწყვეტილებით დაცული მხარის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ცნობას, რომლის რეალიზაციის იურიდიული შედეგი უნდა გავრცელდეს საქართველოში (შდრ. ს.უ.ს.გ. N ა-3968-შ-107-2019, 14.02.2020წ.).
14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვა კანონის ფორმალურ დანაწესებთან ამ გადაწყვეტილების შემოწმების გზით ხორციელდება, რაც იმას გულისხმობს, რომ საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს, რაიმე ფორმით განმარტოს ან შესწორება შეიტანოს თავად გადაწყვეტილებაში ან მისი სარეზოლუციო ნაწილის რომელიმე პუნქტში.
15. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის 1-ელი და მე-2 პუნქტების თანახმად, მეურვეობისა და მზრუნველობის საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ მეურვე, მზრუნველი ან პირი, რომელსაც მეურვეობა ან მზრუნველობა ესაჭიროება, საქართველოს მოქალაქეა ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს. საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ იმ შემთხვევაშიც, თუ მეურვე, მზრუნველი ან მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირი ამას საქართველოს სასამართლოს მეშვეობით მოითხოვს. წინამდებარე შუამდგომლობაზე თანდართული მასალებით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორის არასრულწლოვანი შვილები აღნიშნული ნორმის დისპოზიციის შესაბამისობაში მოდიან, შესაბამისად, საერთაშორისო კომპეტენცია დადგენილია.
16. განსახილველ შემთხვევაში, უცხო ქვეყნის სასამართლოს იმ გადაწყვეტილების შინაარსი, რომლის ცნობა-აღსრულებაცაა მოთხოვნილი გულისხმობს დავას არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისა და მშობლის უფლებების შეზღუდვის შესახებ. დავა უცხო ქვეყნის სასამართლოში გადაწყვეტილია შუამდგომლობის ავტორის სასარგებლოდ, კერძოდ, უ.მ.ჰ–ს არასრულწლოვან შვილზე - 2013 წლის 10 დეკემბერს დაბადებულ ნ.კ.ჰ–ზე მიენიჭა მშობლის ერთპიროვნული სამართლებრივი და ფიზიკური მეურვეობის უფლებამოსილება, ასევე, ნებისმიერ კომპეტენტურ სასამართლოს, რომელსაც აქვს იურისდიქცია არასრულწლოვან ბავშვზე, დაევალა დაუყოვნებლივ დააბრუნოს არასრულწლოვანი ბავშვი ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს რესპუბლიკაში მდებარე აშშ-ის საკონსულოს მეშვეობით.
17. საკასაციო სასამართლო მოწინააღმდეგე მხარის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ იგი უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ საქმის განხილვაზე მიწვეული არ ყოფილა, მიუთითებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევა.
18. ზემოაღნიშნული ნორმა ცალსახად განსაზღვრავს გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარის გაფრთხილების ვალდებულებას, აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს დასახელებული ქვეყნის პროცესუალური კანონმდებლობის მოწესრიგებაზე და განმარტავს შემდეგს: უპირველეს ყოვლისა, სასამართლო განსაზღვრავს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღიარების დამაბრკოლებელი გარემოება იმ შემთხვევაში შეიძლება არსებობდეს, თუ მხარე გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად არ იქნა გაფრთხილებული უწყების ჩაბარების გზით სასამართლოში გამოძახების თაობაზე.
19. განსახილველ შემთხვევაში, რამდენადაც სახეზეა აშშ-ის მიჩიგანის აღმოსავლეთ ოლქის სასამართლოს გადაწყვეტილება, სპეციალური კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე უზენაესი სასამართლო ხელმძღვანელობს აღნიშნულ იურისდიქციაში მოქმედი პროცესუალური კანონმდებლობის შესაბამისად, სადაც დასახელებული საკითხი რეგულირდება ფედერალურ დონეზე - სამოქალაქო პროცესის ფედერალური კანონის მე-4 მუხლით (Federal Rules of Civil Procedure, Rule 4. <<chrome-extension://efaidnbmnnnibpcajpcglclefindmkaj/https://www.uscourts.gov/sites/default/files/document/federal-rules-of-civil-procedure.pdf>> [09.07.2026]), ხოლო შტატის დონეზე - მიჩიგანის აღმოსავლეთ ოლქის ლოკალური კანონის 4.1 მუხლით (Eastern District of Michigan Local Rule 4.1. <<https://www.mied.uscourts.gov/attorneys/localrules/?ruleno=4.1>>[09.07.2026]), რომელიც ფედერალური კანონის ადგილობრივ იმპლემენტაციას წარმოადგენს და მასთან არ მოდის კოლიზიაში. კერძოდ, ფედერალური კანონის 4(c)(1) მუხლი მოითხოვს, რომ მოპასუხეს ჩაბარდეს და ეცნობოს საქმის მასალები და სხდომაზე გამოძახების უწყება (summons და complaint), ასევე, ლოკალური კანონის 4(k)(1) მუხლი ადგენს ზემოაღნიშნული წესის განხორციელების იგივე პროცედურას, შესაბამისად, მოპასუხისთვის საქმის არსებობის შესახებ სათანადო პროცესუალური შეტყობინება წარმოადგენს საქმის მის მიმართ გაგრძელების აუცილებელ საპროცესო წინაპირობას.
20. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე, განსახილველი შუამდგომლობის დასაბუთებულობის კვლევის დროს, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოება, მხარისათვის მოწვევის/ინფორმირებისათვის განხორციელებული საპროცესო მოქმედებების თაობაზე, ქმნის გაქარწყლებად პრეზუმფციას, რომლის გაბათილება, ამ შემთხვევაში, სტანდარტული მტკიცებულებით ვერ მოხდება. მნიშვნელოვანია, რომ მოწინააღმდეგე მხარეს მიეცეს საკუთარი პოზიციის დამტკიცების, ანუ პრეზუმფციის, როგორც ვარაუდის, გაქარწყლების შესაძლებლობა, რაც მოცემულ შემთხვევაში, სრულად იქნა უზრუნველყოფილი მოპასუხისათვის (მოწინააღმდეგე მხარისათვის). მოპასუხის სათანადო წესით მოწვევასთან მიმართებით მნიშვნელოვანია, რომ, როდესაც შუამდგომლობას თან ერთვის მოპასუხის მოწვევის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი, წარმოიშობა გაბათილებადი პრეზუმფცია (rebuttable presumption), რომ მოპასუხე მოწვეული იყო სასამართლო განხილვაზე. მოპასუხეს აქვს შესაძლებლობა, წარმოადგინოს დამატებითი მტკიცებულებები, რათა ეს პრეზუმფცია გააბათილოს და მტკიცების ტვირთი კვლავ მოსარჩელეზე გადაიტანოს (საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთდახმარება სამოქალაქო საქმეებზე, პრაქტიკული სახელმძღვანელო, თბილისი, 2018 წ. გვ. 110).
21. განსახილველ შემთხვევაში, მოწინააღმდეგე მხარე მიუთითებს, რომ მას არ ჩაბარებია უწყება, რის გამოც, მიჩიგანის აღმოსავლეთ ოლქის სასამართლომ შეტყობინების გარეშე განიხილა საქმე. საქმის მასალებით დგინდება, რომ სასამართლომ უწყება გააგზავნა, თუმცა არ დასტურდება მოპასუხე მხარისთვის მისი ჩაბარების ფაქტი, ამიტომ, ვერ დგინდება სასამართლოს მხრიდან განხორციელებულ ქმედებებსა და დასახელებულ პროცესუალურ ნორმებს შორის შესაბამისობა. თავად გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ „მოსარჩელე... ...გაიქცა არასრულწლოვანთან ერთად დაახლოებით 2022 წლის 26 ოქტომბერს, საქართველოს რესპუბლიკაში ამ სასამართლოს წინა ბრძანებ(ებ)ის და სასამართლოს საწინააღმდეგოდ, სასამართლო სრულად გაეცნო რა ბრძანებებს და მიიღო გადაწყვეტილება...“ რაც მეტყველებს იმაზე, რომ სასამართლოსთვის 2022 წლიდან უცნობი იყო ა.ჰ–ის მისამართი და ვერ შეძლო გადაწყვეტილების მიღებამდე მისი სათანადო ინფორმირება. დამატებით საგულისხმოა ისიც, რომ საქმეში წარმოდგენილია ა.ჰ–ის წინააღმდეგ 2024 წლის 13 აგვისტოს შედგენილი დაკავების ორდერი, რომელიც ნებისმიერ უფლებამოსილ სამართალდამცავ ოფიცერს უბრძანებს დაუყოვნებლივ დააპატიმრონ და მაგისტრატი მოსამართლის წინაშე წარადგინონ ა.ჰ–ი. აღნიშნული მოცემულობათა ერთობლიობა მეტყველებს იმაზე, რომ საქმის განხილვის შესახებ მოწინააღმდეგე მხარისთვის არ იყო ცნობილი, რაც წინააღმდეგობაში მოდის გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის დასახელებულ კანონმდებლობასთან, რამდენადაც, მოწინააღმდეგე მხარე სათანადო წესით არ იყო ინფორმირებული საქმის განხილვის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არაუფლებამოსილია დააკმაყოფილოს შუამდგომლობა.
22. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ ზემოთ განვითარებული მსჯელობა არც ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრეცედენტულ პრაქტიკას ეწინააღმდეგება. ერთ-ერთ საქმეზე (Avotins v. Latvia [GC]) ადამიანის უფლებათა ევროსასამართლომ ევროკონვენციის მე-6 მუხლი დარღვეულად არ მიიჩნია უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვისას. ხსენებული გადაწყვეტილების თანახმად: კვიპროსის სასამართლომ მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მომჩივანს, ლატვიის მოქალაქეს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, კომპანიისთვის დავალიანების გადახდა დააკისრა. მომჩივანის განცხადებით, მას სათანადოდ არ შეატყობინეს კვიპროსში მიმდინარე სამართალწარმოების შესახებ. მოსარჩელემ მოითხოვა კვიპროსის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ლატვიის ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება ბრიუსელის I რეგულაციის შესაბამისად. აპლიკანტი შეეცადა ლატვიის სასამართლოებისთვის ხელი შეეშალა გადაწყვეტილების აღსრულებაში იმ საფუძვლით, რომ კონვენციის სხვა ხელშემკვრელ სახელმწიფოში მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ცნობა ვერ მოხდება თუ მოპასუხეს დროულად არ ჩაბარდა სარჩელი და მას არ მიეცა საპასუხო არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობა. თუმცა ლატვიის უზენაესმა სასამართლომ არ გაიზიარა აღნიშნული არგუმენტი და განაცხადა, რომ ვინაიდან მომჩივანმა გადაწყვეტილების წინააღმდეგ საჩივარი არ წარადგინა კვიპროსში, მისი პრეტენზიები იმ დროისთვის აღარ იყო რელევანტური. მომჩივანი დავობდა, რომ დაირღვა კონვენციის 6.1 მუხლით უზრუნველყოფილი საქმის სამართლიანი განხილვის უფლება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ 6.1 მუხლის დარღვევა არ დაადგინა. მან მიიჩნია, რომ არსებობდა ხარვეზები უზენაესი სასამართლოს მხრიდან მომჩივნის მიერ წარდგენილი „prima facie“ მნიშვნელოვანი საკითხის განხილვის ფორმის გამო. მიუხედავად ამისა, აღნიშნულმა ხარვეზმა არ განაპირობა კონვენციის 6.1 მუხლის დარღვევა, ვინაიდან მომჩივანს ჰქონდა რეალური შესაძლებლობა, მის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება კვიპროსში გაესაჩივრებინა. განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, მოწინააღმდეგე მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომ ესპანეთის სასამართლოს გადაწყვეტილება სადავოდ გახადა ან მის მიმართ სამართლებრივი დაცვის შესაბამისი საშუალება გამოიყენა.
23. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ დასახელებული გადაწყვეტილება შეეხება არასრულწლოვანი ბავშვების სამართლებრივ მდგომარეობასაც. გადაწყვეტილების ცნობაზე უარის თქმა არ უზრუნველყოფს ბავშვების სამართლებრივი სტატუსის განუსაზღვრელობას საქართველოს ტერიტორიაზე, რაც მნიშვნელოვანია არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესებისა და სამართლებრივი სტაბილურობის თვალსაზრისით. საქმეში არსებული მასალებით არ ვლინდება, რომ გადაწყვეტილების ცნობაზე უარის თქმა ეწინააღმდეგებოდეს ბავშვების ინტერესებს ან საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვან დებულებებს შეიცავს „ბავშვის უფლებათა კონვენცია“, რომლის მე-3 მუხლის მიხედვით, ბავშვთა მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური დაცვის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება უნდა დაეთმოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია, რაც იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება (იხ. ს.უ.ს.გ: N ას-1062-996-2012, 22.01.2013წ.; N ას-53-51-2016, 06.07.2016წ.; N ას-1139-1095-2016, 25.09.2017წ.; N ას-604-563-2017, 13.10.2017წ.; N ას-163-2021, 28.05.2021წ.).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. უ.მ.ჰ–ის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების მიჩიგანის შტატის ოუკლენდის წრიული სასამართლოს 2023 წლის 11 მაისის ორდერის ერთპიროვნული სამართლებრივი და ფიზიკური მეურვეობის შესახებ და ბრძანების არასრულწლოვნის შეერთებულ შტატებში დაბრუნების შესახებ საქმეზე N 21-507117-DM საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
ა. კოჭლამაზაშვილი