დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 23.07.2026
საქმის ნომერი
ას-977-2026
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
23.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-977-2026

23 ივლისი, 2026 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ქ.ო–ი (შპს „ე–ის" უფლებამონაცვლე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „U. S .H.“ (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხე - თ.გ–უ

გასაჩივრებული განჩინებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 06 აპრილის განჩინება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 28 აპრილის საოქმო განჩინება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 28 აპრილის განჩინება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 სექტემბრის განჩინებები, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის წარმოების განხილვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 დეკემბრის განჩინებით საქმეზე №2/16463-14 მოპასუხე შპს „ე–ის“ უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ქ.ო–ი. ამასთანავე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელე შპს „U S H“-ის განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსრულების წესისა და ვადის დადგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 და 19 დეკემბრის განჩინებები, ორივე მხარემ გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 სექტემბრის განჩინებებით თ.გ–უსა და შპს „ე–ის“ უფლებამონაცვლის ქ.ო–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო შპს „U S H“-ის კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 დეკემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსრულების წესისა და ვადის დადგენაზე უარის თქმის შესახებ და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი განჩინების მიღებით შპს „U S H“-ის განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსრულების წესისა და ვადის დადგენის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დადგენილ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსრულების განსაზღვრული წესი და ვადა, დაევალათ მოპასუხეებს: თ.გ–უსა და შპს „ე–ის“ უფლებამონაცვლეს - ქ.ო–ს, ქვაბულის ამოვსება წინამდებარე განჩინების (აღსრულების წესისა და ვადის დადგენის თაობაზე) ჩაბარებიდან ორი კვირის ვადაში. თუ მოპასუხეები გადაწყვეტილებას არ შეასრულებენ მითითებულ ვადაში, მოსარჩელეს უფლება ექნება, ეს მოქმედება შეასრულოს მოპასუხეებისგან აუცილებელი ხარჯების ანაზღაურებით, არაუმეტეს 2024 წლის 8 აპრილის ხარჯთაღრიცხვის საფუძველზე განსაზღვრული ღირებულებისა - 173 712,46 ლარისა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2025 წლის 10 სექტემბერს მიღებული განჩინებები იყო საბოლოო და არ ექვემდებარებოდა გასაჩივრებას.

5. 2025 წლის 21 ნოემბერს ქ.ო–ის წარმომადგენელმა ხ. გ–მა მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 სექტემბრის განჩინებების, უფლებამონაცვლედ ცნობისა და აღსრულების წესისა და ვადის დადგენის თაობაზე, გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო და საქმის წარმოების განახლება.

6. ამასთანავე, 2026 წლის 26 იანვარს ქ.ო–ის წარმომადგენელმა ხათუნა გრიგლაშვილმა მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 სექტემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნტის განმარტება.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 06 აპრილის განჩინებით, არ დაკმაყოფილდა ქ.ო–ის წარმომადგენლის ხ.გ–ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის განმარტების შესახებ.

8. ასევე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 28 აპრილის საოქმო განჩინებით, არ დაკმაყოფილდა ხ.გ–ის შუამდგომლობა მტკიცებულებათა დართვის თაობაზე. ამავე თარიღში მიღებული განჩინებით, ასევე, არ დაკამყოფილდა ქ.ო–ის წარმომადგენლის ხ.გ–ის განცხადება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 სექტემბრის განჩინებების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე.

9. აღნიშნული განჩინებები ქ.ო–ის წარმომადგენლმა, ხ.გ–მა, კერძო საჩივრებით გაასაჩივრა საქართველოს უზენაეს სასამართლოში და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კერძო საჩივრები განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

10. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

11. სსსკ-ის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი/კერძო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს წყვეტს ერთპიროვნულად, ზეპირი განხილვის გარეშე.

12. დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 სექტემბრის განჩინებებით თ.გ–უსა და შპს „ე–ის“ უფლებამონაცვლის ქ.ო–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო შპს „U S H“-ის კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 დეკემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსრულების წესისა და ვადის დადგენაზე უარის თქმის შესახებ და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი განჩინების მიღებით შპს „U S H“-ის განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსრულების წესისა და ვადის დადგენის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ (ტ.4 ს.ფ. 500-512).

13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 06 აპრილისა და 2026 წლის 28 აპრილის განჩინებებით, ამავე სასამართლოს 2025 წლის 10 სექტემბრის განჩინებებზე, ქ.ო–ის წარმომადგენლის ხ.გ–ის განცხადებები ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო და საქმის წარმოების განახლებისა და აღსრულების წესისა და ვადის დადგენის თაობაზე მიღებული განჩინების განმარტების შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა განჩინების საქართველოს უზენაეს სასამართლოში კერძო საჩივრის შეტანის გზით გასაჩივრების უფლება (ტ. 5, ს.ფ. 386-392; 471; 500-508).

14. ზემოაღნიშნულ განჩინებებზე მოპასუხემ საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა კერძო საჩივარები.

15. საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 414-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

16. სსსკ-ის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.

17. ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების ფარგლები შეზღუდულია, კერძოდ, კერძო საჩივრის შეტანა დასაშვებია მხოლოდ იმ განჩინებებზე, რომელზეც პირდაპირ უთითებს კანონი, ამასთან, კერძო საჩივრის თაობაზე ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება. კანონი ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავს, რომ კერძო საჩივარზე ზემდგომი სასამართლოს განჩინებით წარმოება სრულდება (შდრ. სუსგ №ას-21-2019, 21.01.2019წ; №ას-1587-2019, 04.11.2019წ; №ას-478-2020, 03.07.2020წ; №ას-303-2023, 24.03.2023წ; შდრ. ასევე სუსგ №ას-1007-2018, 23.07.2018წ; № ას-134-2021, 22.02.2021წ; №ას-12-2022, 17.01.2022წ.).

18. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი კერძო საჩივრები შეეხება იმ განჩინებების კანონიერებას, რომლითაც სააპელაციო სასამართლოს მიერ არ დაკმაყოფილდა კერძო საჩივრის განხილვის ფარგლებში მიღებული განჩინების განმარტების შუამდგომლობა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება. (მოპასუხე მხარის ორივე მოთხოვნა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ეხებოდა სააპელაციო სასამართლოს მიერ 2025 წლის 10 სექტემბერს მიღებულ განჩინებებს.) შესაბამისად, აღნიშნული განჩინების კანონიერების შემოწმება საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი ვერ გახდება, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებაზე წარდგენილ კერძო საჩივარზე ყოველგვარი წარმოება სრულდება სააპელაციო ინსტანციაში და კერძო საჩივარზე წარმოების ფარგლებში მიღებული მეორე ინსტანციის განჩინებები, მაგალითად, იქნება ეს დამატებითი განჩინების გამოტანაზე უარისა თუ კერძო საჩივარზე მიღებულ განჩინებაში უსწორობის გასწორების განჩინება, დამატებით კერძო საჩივრით საკასაციო ინსტანციის სასამართლოში არ საჩივრდება. (სუსგ. №ას-13-2024, 22.01.2024წ.)

19. ამდენად, დაუშვებელია ამ გზით რაიმე ცვლილება/დამატება იქნეს შეტანილი პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებაზე წარდგენილ კერძო საჩივარზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს (ანუ ზემდგომი სასამართლოს) განჩინებაში. ზემოაღნიშნულ მსჯელობას ვერ შეცვლის გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილში მისი გასაჩივრების შესაძლებლობაზე მითითება (შდრ. სუსგ №ას-21-2019, 21.01.2019წ.).

20. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს, ასევე, იმ გარემოებას, რომ, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 სექტემბრის განჩინებებისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 დეკემბრის განჩინების გაუქმებას (ტ.5. ს.ფ. 549). აღნიშნულ მოთხოვნებთან მიმართებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 დეკემბრის განჩინება, კერძო საჩივრის ავტორის მიერ გასაჩივრდა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში შესაბამისად, 2025 წლის 10 სექტემბრის განჩინებები წარმოადგენს სსსკ-ის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას, რომლის კანონიერების შემოწმების საკითხის განხილვაში შეუძლებელია, რაიმე ფორმით შევიდეს საკასაციო სასამართლო. (ტ.4 ს.ფ.500-512).

21.დამატებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ წარმოდგენილ კერძო საჩივრებს ხელს აწერს ხ.გ–ი, როგორც თ.გ–უსა და ქ.ო–ის წარმომადგენელი, თუმცა საქმის მასალებში წარმოდგენილია, მხოლოდ ქ.ო–ის მიერ გაცემული ვადიანი მიდნობილობა, შესაბამისად, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების არარსებობის პირობებში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს წარდგენილ კერძო საჩივარზე.

22. როგორც საკასაციო სასამართლო თავის არაერთ განჩინებაში განმარტავს, სამოქალაქო საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული (იხ. სუსგ-ები: № ას-1033-2018, 30.10.2018წ; №ას-1025-986-2016, 13.01.2017წ; №ას-851-817-2016, 04.11.2016წ; №ას-303-2023, 24.03.2023წ.). ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრები უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 396-ე, 419-ე, 420-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ.ო–ის (შპს „ე–ის" უფლებამონაცვლე) კერძო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 06 აპრილის განჩინების, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 28 აპრილის საოქმო განჩინების, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 28 აპრილის განჩინების, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 სექტემბრის განჩინებებისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე : მირანდა ერემაძე