დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-1259-2025 16 ივლისი, 2026 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
პირველი კასატორი – შპს „ჩ–ა“ (მოპასუხე)
მეორე კასატორი – შპს „ყ.ბ–ა“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილება
პირველი კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა
მეორე კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრების არსებითი განხილვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს ,,ყ.ბ–ა“ წარმოადგენს რძის მწარმოებელ კომპანიას, რომელიც საქმიანობას ახორციელებს 2013 წლიდან. კომპანიის საკუთრებაშია ყვარელში, სოფელ ........... მდებარე მეცხოველეობის ფერმა. კომპანიის ძირითადი საქმიანობაა ნედლი რძის რეალიზაცია, რომლის მყიდველებს წარმოადგენენ საქართველოს ბაზარზე არსებული მსხვილი კომპანიები.
2. 2019 წლის 4 იანვარს შპს ,,ჩ–ას“ (შემდგომში ,,გამყიდველი“) და შპს ,,ყ.ბ–ას“ (შემგომში ,,მყიდველი’’) შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, გამყიდველს მყიდველისათვის უნდა მიეწოდებინა - ქათმის ნაკელი (საქონელი).
3. ნასყიდობის ხელშეკრულების 2.1.3 პუნქტის შესაბამისად, გამყიდველს ევალებოდა მყიდველისათვის მიეწოდებინა საქონელი, რომელიც არ შეიცავდა აკრძალულ ვეტ-პრეპარატების ნარჩენებს.
4. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2019 წლის 31 დეკემბრამდე.
5. 2019 წლის 22 მარტს მხარეთა შორის დაიდო შეთანხმება, რომლითაც ცვლილება შევიდა 2019 წლის 4 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულებაში, კერძოდ გახანგრძლივდა ხელშეკრულების მოქმედების ვადა და მისი მოქმედება განისაზღვრა - 2020 წლის 01 აპრილამდე ვადით.
6. 2019 წლის 24 იანვარს შპს ,,ჩ–ასა“ (შემდგომში ,,გამყიდველი“) და შპს ,,ყ.ბ–ას“ (შემგომში ,,მყიდველი’’) შორის დაიდო დამატებითი ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, გამყიდველი მყიდველს საკუთრებაში გადასცემდა ფრინველის ბუმბულსა და სისხლის ფქვილს, ხოლო მყიდველს უნდა გადაეხადა მიღებული პროდუქციის ღირებულება.
7. ნასყიდობის ხელშეკრულების 2.1.1. პუნქტით გამყიდველს ევალებოდა მიეწოდებინა მყიდველისათვის ვარგისი პროდუქცია შეთანხმებული რაოდენობის და პერიოდულობის შესაბამისად. ამავე ხელშეკრულების 2.1.4. პუნქტით კი, იმ შემთხვევაში, თუ საქონელი იქნებოდა ნაკლის მქონე, გამყიდველი ვალდებული იქნებოდა დაებრუნებინა აღნიშნული პროდუქცია და შეეცვალა ახალი საქონლით, მყიდველის წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 3 დღის ვადაში.
8. თავის მხრივ, ხელშეკრულების 2.2.2. პუნქტის თანახმად, მყიდველი ვალდებული იყო პროდუქციის მიღებამდე შეემოწმებინა მისი ხარისხი და რაოდენობა, ხოლო 2.2.5. პუნქტის თანახმად, ევალებოდა დაეცვა პროდუქციის შენახვისა და რეალიზაციის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, გადაემუშავებინა/გამოეყენებინა მიღებული პროდუქცია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
9. აღნიშნული ხელშეკრულების მოქმედების ვადაც განისაზღვრა 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათლით.
10. მყიდველმა შპს ,,ყ.ბ–ამ“ 2019 წლის 4 იანვრის ხელშეკრულების საფუძველზე, სასაქონლო ზედნადებებით მიიღო შეთანხმებული პროდუქცია (ქათმის ნაკელი) დადგენილი წესით და რაოდენობით.
11. შპს ,,ჩ–ას’’ პროდუქციის მიღებისა და საკვები დანამატის სახით გამოყენების შემდგომ, შპს ,,ყ.ბ–ამ’’ მალევე შენიშნა რძის ხარისხის გაუარესება, კერძოდ პარტნიორმა კომპანიებმა რამდენჯერმე უკან დააბრუნეს რძე, ვინაიდან რძეში აღმოჩენილი იქნა ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკები.
12. რძის ხარისხის გაუარესებიდან გამომდინარე, შპს ,,ყ.ბ–ამ’’ 2019 წლის 6 აგვისტოს წერილობით მიმართა შპს ,,ჩ–ას’’ და აცნობა, რომ შპს ,,ყ.ბ–ა“ ერთ წელზე მეტია კომპანიისგან ყიდულობდა ქათმის ნაკელს, სისხლისა და ბუმბულის ფქვილს. ამავე მიწერილობის ფარგლებში აღნიშნულია, რომ შპს ,,ჩ–ასათვის’’ ცნობილი იყო, რომ შემსყიდველი კომპანია ქათმის ნაკელს, ასევე სისხლისა და ბუმბულის ფქვილს გამოიყენებდა მსხვილფეხა პირუტყვისათვის საკვები დანამატის მისაღებად. შესაბამისად, არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა, რომ მიღებული პროდუქტის შემცველობაში არ ყოფილიყო ანტიბიოტიკები, რათა გამორიცხულიყო იმ ნივთიერებების/პრეპარატების მოხვედრა რძეში, რაც რძეს უვარგის პროდუქტად გადააქცევდა. შპს ,,ყ.ბ–ამ’’ ასევე განუმარტა შპს ,,ჩ–ას’’, რომ 2018 წლის 3 სექტემბრიდან მოსარჩელე კომპანიას მყიდველებისგან შეექმნა პრობლემა რძის ხარისხთან დაკავშირებით, ვინაიდან რძეში აღმოჩნდა ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკები. შპს ,,ყ.ბ–ამ’’ მოკვლევის ფარგლებში, მიმართა შპს ,,ჩ–ას’’ წარმომადგენელსა და საკონტაქტო პირს (ი. ლ–ძე), რომელმაც 2019 წლის 6 მაისის მიწერილობით დაადასტურა, რომ ანტიბიოტიკს არ იყენებდნენ. აღნიშნულის შემდგომ, შპს ,,ჩ–ასგან’’ შეძენილი ქათმის ნაკელის შესწავლის მიზნით, მოსარჩელე კომპანიამ მიმართა ლაბორატორიას, საიდანაც მიიღო დასტური, რომ ნაკელი შეიცავს ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკებს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა შემსყიდველ კომპანიას.
13. ამავე მიწერილობის ფარგლებში, შპს ,,ყ.ბ–ამ’’ მოითხოვა ზიანის ანაზღაურება - 1 631 823 ლარის ოდენობით და დეტალურად მიუთითა მოთხოვნილი თანხის წარმომავლობა, კერძოდ: - 2018 წლის ივლისიდან - 2019 წლის ივლისის ჩათვლით შეძენილია 2692 ტონა ქათმის ნაკელი, რომლის შესყიდვასა და ტრანსპორტირებაში კომპანიის მიერ გადახდილია - 242 426 ლარი, შესყიდული პროდუქტი უვარგისია. ამავე პერიოდში შეძენილია სისხლისა და ბუმბულის ფქვილი, საერთო ღირებულებით - 98 230 ლარი; - გაუარესდა 75 440 ტონა რძის ხარისხი და მისი რეალიზაცია განხორციელდა შეთანხმებულ ან/და საბაზრო ფასზე დაბალ ფასად, ზიანმა ამ ნაწილში შეადგინა - 15 414.90 ლარი, რასაც ემატება უკან ტრანსპორტირების ხარჯი 570 ლარი, ჯამში - 15 984.90 ლარი. - მთლიანად უვარგისი და გადასაღვრელი აღმოჩნდა 40 ტონა რძე, რომლის ღირებულება შეადგენს - 48 800 ლარს; - საკვებ დანამატში ზემოაღნიშნული ანტიბიოტიკის არსებობამ მნიშვნელოვნად გაზარდა პირუტყვის სიკვდილიანობა (2019 წლის 1 იანვრიდან - 25 ივლისამდე შეადგინა - 115 ძროხა, 8 დეკეული, 22 ხბო) და თითქმის გაორმაგდა აბორტი. ამ ნაწილში კომპანიამ განიცადა 746 312.24 ლარის ღირებულების ზიანი; - ასევე, 2018 წლის 1 აგვისტოდან - წლის ბოლომდე, პირუტყვის სიკვდილიანობამ შეადგინა: 79 ძროხა, 8 დეკეული, 36 ხბო. ამ ნაწილში კომპანიამ განიცადა 450 971.53 ლარის ღირებულების ზიანი; - ლაბორატიული შემოწმებისათვის გაწეული იქნა ხარჯი - 1500 ევრო (5 026 ლარი); - შემოსავლების სამსახურის მიერ კომპანიას დაეკისრა ჯარიმა - 24 071.82 ლარის ოდენობით.
14. 2019 წლის 26 ივლისის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე დგინდება, რომ შპს ,,ყ.ბ–ა“ სსკ-ის 279 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე დაჯარიმდა 24 071.82 ლარის ოდენობით. [შემოსავლების სამსახურის 23.07.2019 წ. Nსმფ-2168 ბრძანების საფუძველზე განხორციელებული ს.მ.ფ. ჩამოწერისას დადგინდა, რომ შპს ,,ყ.ბ–ას’’ მიერ დაირღვა სსკ-ს მოთხოვნები (ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების გაზრდის მიზნით, პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის არასრორი ინფორმაციის მიწოდება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის თაობაზე 24071.82 ლარის ოდენობით), რაც სსკ-ს 379-ე მუხლის მე-3 ნაწლის შესაბამისად, იწვევს პირის დაჯარიმებას წარდგენილი ინფორმაციის შედეგად დაუდასტურებელი სასაქონლო მატერიალური ფასეულობების სააღრიცხვო ღირებულებით)].
15. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაში იყო შპს ,,ყ.ბ–ას“ სარჩელი მოპასუხე შპს ,,ჩ–ას“ მიმართ უხარისხო ნასყიდობის საგნით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით;
16. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 25 მარტის განჩინებით დაკმაყოფილდა შპს ,,ყ.ბ–ას“ წარმომადგენლის განცხადება სარჩელის გამოხმობის შესახებ.
17. სასარჩელო მოთხოვნა
17.1. შპს „ყ.ბ–ამ“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე შპს „ჩ–ას“ მიმართ და მოითხოვა: მოპასუხე შპს ,,ჩ–ასათვის“ მოსარჩელე ,,ყ.ბ–ას“ სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების - 1 631 823 ლარის დაკისრება; მოპასუხე შპს ,,ჩ–ასათვის“ მოსარჩელე ,,ყ.ბ–ას“ სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების (მიუღებელი შემოსავალი) 3 068 500 ლარის დაკისრება.
17.2. მოსარჩელის განმარტებით, შპს ,,ყ.ბ–ა“ წარმოადგენს რძის მწარმოებელ კომპანიას, რომელიც საქმიანობას ახორციელებს 2013 წლიდან. კომპანიის საკუთრებაშია ყვარელში, სოფელ ........... მდებარე მეცხოველეობის ფერმა. კომპანიის ბალანსზეა 1763 მსხვილფეხა საქონელი. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ნედლი რძის რეალიზაცია, რომლის მყიდველებს წარმოადგენენ საქართველოს ბაზარზე არსებული მსხვილი კომპანიები. მოსარჩელე წლის განმავლობაში აწარმოებს 8 მილიონ ტონა ნედლ რძეს, ყოველდღიური წარმადობა კი 23-24 ტონა რძეს შეადგენს. კომპანიას სჭირდებოდა ფრინველის სისხლი, ბუმბულის ფქვილი და ქათმის ნაკელი, როგორც პროტეინებით მდიდარი საკვების დანამატი, რის გამოც მოსარჩელემ ამ პროდუქციის შესყიდვის მიზნით ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა შპს ,,ჩ–ასთან“. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 2.1.1 მუხლის თანახმად, გამყიდველი ვალდებულია მყიდველს მიაწოდოს ვარგისი პროდუქცია შეთანხმებული რაოდენობის და პერიოდულობის შესაბამისად. 2019 წლის 4 იანვარს მხარეთა შორის ასევე გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება ქათმის ნაკელის შესყიდვის თაობაზე. ხელშეკრულების 2.1.3 მუხლის თანახმად, გამყიდველი ვალდებული იყო მყიდველისათვის მიეწოდებინა საქონელი, რომელიც არ შეიცავს აკრძალული ვეტ-პრეპარატების ნარჩენებს.
17.3. მოსარჩელემ შპს ,,ჩ–ასგან” შეიძინა 2692 ტონა ქათმის ნაკელი და დიდი ოდენობით სისხლისა და ბუმბულის ფქვილი. ქათმის ნაკელის შესყიდვისა და ტრანსპორტირებაში კომპანიამ გადაიხადა 242 426 ლარი, ხოლო სისხლისა და ბუმბულის ფქვილში - 98 230 ლარი. შპს ,,ჩ–ასთან” ხელშეკრულების დადებისა და მისი პროდუქციის გამოყენებიდან მალევე, რამდენჯერმე შეინიშნა რძის ხარისხის გაუარესება, პარტნიორმა კომპანიებმა უკან დაუბრუნეს რძე მოსარჩელეს, ვინაიდან რძეში აღმოჩენილი იქნა ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკები და აღნიშნულის თაობაზე შედგა პროდუქციის არაერთი დაწუნების აქტი. გაუარესდა 75 440 ტონა რძის ხარისხი და მისი რეალიზაცია განხორციელდა შეთანხმებულ ან/ და საბაზრო ფასზე დაბალ ფასად. ზიანმა ამ ნაწილში შეადგინა 15 414.90 ლარი, რასაც ემატება ტრანსპორტირების ხარჯი 570 ლარი. მითითებულის გარდა, მთლიანად უვარგისი და გადასაღვრელი აღმოჩნდა 40 ტონა რძე, რომლის ღირებულებამ შეადგინა 48 800 ლარი. აღნიშნულის შედეგად კომპანიას მიადგა ზიანი, ჯამში 64 784.90 ლარის ოდენობით. ამდენად, მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობების დარღვევამ გამოიწვია მთელი რიგი კონტრაქტების მოშლა და ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.
17.4. მხარეთა შორის მიმოწერაში, მოსარჩელე კომპანიის დირექტორმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ როგორც შპს ,,ჩ–ასათვის“ იყო ცნობილი, მოსარჩელე შეძენილ პროდუქციას იყენებდა საკვებ დანამატად მსხვილფეხა პირუტყვისათვის, ამიტომ არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საკვებ დანამატში არ ყოფილიყო ანტიბიოტიკი და გამორიცხულიყო რძეში ანტიბიოტიკის ამ გზით მოხვედრა, რათა თავიდან აერიდებინათ რძის ხარისხის გაფუჭება. შპს ,,ჩ–ას“ წარმომადგენელმა წერილობით დაადასტურა, რომ ანტიბიოტიკებს არ იყენებდნენ.
17.5. მოსარჩელის კონტრაქტორი კომპანიებისგან, რომლებიც მუდმივად ახორციელებდნენ რძის შესყიდვას და გააჩნდათ რძის ხარისხის შესამოწმებლად სათანადო ლაბორატორიები რამდენჯერმე ლაბორატორიულად და დოკუმენტურად დადასტურებულ იქნა რძეში ანტიბიოტიკის არსებობა. მითითებული გარემოებების გამო, კომპანიამ დაიწყო მოკვლევა რძეში ანტიბიოტიკის არსებობის საფუძვლის დასადგენად. მოსარჩელემ შეამოწმა შპს ,,ჩ–ასგან“ მიღებული პროდუქცია ორ სხვადასხვა დამოუკიდებელ ლაბორატორიაში, საიდანაც მიღებული იქნა უტყუარი დასტური, რომ შპს ,,ჩ–ასგან“ ნაყიდი ქათმის ნაკელი შეიცავდა ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკებს, ეს კი ეწინააღმდეგება მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობებს. შეძენილ პროდუქციაში ანტიბიოტიკების არსებობის დადასტურებისთანავე, კომპანიის დამფუძნებელმა მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიაწოდა ინფორმაცია შპს ,,ჩ–ას“ დირექტორსა და დამფუძნებელს. შეხვედრაზე შპს ,,ჩ–ას“ დირექტორმა მითითებული ანტიბიოტიკების გამოყენება დაადასტურა. მოპასუხის მხრიდან ინფორმაციის დამალვამ და გაუმჟღავნებლობამ კიდევ უფრო დაამძიმა შედეგი. გარდა იმისა, რომ კომპანიას მიადგა უდიდესი მატერიალური ზიანი, ასევე, მას მიადგა მნიშვნელოვანი რეპუტაციული ზიანი, რაც საფრთხეს უქმნის სამომავლოდ კომპანიის პროდუქციის რეალიზაციას და შეუძლებელს ხდის კონტრაქტორების შენარჩუნებას. საკვებ დანამატში ანტიბიოტიკის არსებობამ მნიშვნელოვნად გაზარდა პირუტყვის სიკვდილიანობა. 2018 წლის 1 აგვისტოდან წლის ბოლომდე პირუტყვის სიკვდილიანობამ შეადგინა 79 ძროხა, 8 დეკეული და 36 ხბო. ამ ნაწილში კომპანიამ განიცადა 450 971.53 ლარის ღირებულების ზიანი, ხოლო მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 25 ივლისამდე შეადგინა 115 ძროხა, 8 დეკეული და 22 ხბო. ამ ნაწილში კომპანიამ განიცადა 746 312.24 ლარის ოდენობით ზიანი. ასეთ შემთხვევაში, ანტიბიოტიკის არაეფექტური, არამიზნობრივი გამოყენება (საკვებში შერევა) უკურეაქციებს იწვევს და საქონლის მიერ ასეთი საკვების მიღების შედეგად მცირდება მარტივი ინფექციური დაავადებასთან გამკლავების შესაძლებლობაც კი, რადგან მისი მიღება ამცირებს და საბოლოოდ სავალალო შედეგამდე მიჰყავს საქონელი.
17.6. 2019 წლის 6 აგვისტოს შპს ,,ყ.ბ–ამ’’ წერილობით მიმართა შპს ,,ჩ–ას“, მიუთითა მისი პრეტენზიისა და ზიანის საერთო ოდენობის შესახებ, აგრეთვე მისი გაანგარიშების თაობაზე, რასაც შპს ,,ჩ–ას“ მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. უფრო მეტიც, მათ სადავოდ არ გაუხდიათ მათი მხრიდან მოსარჩელის გაანგარიშებული ზიანი 1 631 823 ლარის ოდენობით, თუმცა ნებაყოფლობით არ განახორციელეს ზიანის ანაზღაურება.
17.7. მოპასუხის ბრალით მოსარჩელეს მიუღებელი შემოსავლის სახით მიადგა 3 068 500 ლარის ოდენობით ზიანი. პირუტყვის სიცოცხლისათვის საშიშმა საკვებ-დანამატმა გამოიწვია საქონლის სიკვდილიანობა, რამაც გამოიწვია კომპანიისათვის დაახლოებით 2.3 მილიონი ლიტრი რძის მიუღებლობა. მისი ღირებულება კი შეადგენს მინიმუმ 2 872 000 ლარს. კომპანია იძულებული გახდა დამატებით შეესყიდა საქონელი, რომლის ღირებულებამაც შეადგინა 1 204 000 ლარი, რის გამოც კომპანიას მოუხდა დამატებით სესხის მიღება, სესხის მომსახურების პროცენტმა შეადგინა 84 000 ლარი. საერთო ჯამში მოსარჩელეს მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 3 068 500 ლარი.
18. მოპასუხის შესაგებელი
18.1. მოპასუხის განმარტებით, შპს ,,ჩ–ას“ მოსარჩელისათვის არ მიუწოდებია ტეტრაციკლინის შემცველი საქონელი, მაგრამ ასეთ შემთხვევას რომც ჰქონოდა ადგილი, სადავო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ტეტრაციკლინი არ წარმოადგენდა და არც ამჟამად წარმოადგენს აკრძალული ვეტ-პრეპარტის ნარჩენს. მოსარჩელე არის მეწარმე სუბიექტი, იგი ვალდებული იყო დაუყოვნებლივ შეემოწმებინა მიღებული საქონელი. მოპასუხის მითითებით, ტეტრაციკლინი არის არა აკრძალული ვეტ-პრეპარატების ნარჩენი, არამედ ფარმაკოლოგიურად აქტიური ნივთიერება, კერძოდ, ანტიბიოტიკის კონკრეტული სახეობა, რომლის გამოყენება მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ვეტ-პრეპარატებში აკრძალული არასდროს ყოფილა. მოქმედი კანონმდებლობა განსაზღვრავს ტეტრაციკლინის მაქსიმალურად დასაშვებ ზღვარს არა ნაკელში (რომელიც არის ბიოლოგიური ნარჩენი), არამედ სურსათში.
18.2. მოპასუხის მითითებით, მოსარჩელე ვერ ადასტურებს შპს ,,ჩ–ას“ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე ვალდებულების დარღვევას. მისი განმარტება, რომ მოპასუხემ მიაწოდა უვარგისი საქონელი უსაფუძვლოა. წარმოდგენილი ლაბორატორიული დასკვნები არის არასრულფასოვანი და არაფრით დასტურდება, რომ კვლევა ჩატარდა სწორედ მოპასუხისგან მიღებულ საქონელზე. ზიანის ფაქტი და მისი ოდენობა არ დასტურდება არც ერთი მტკიცებულებით, ხოლო შპს ,,ყ.ბ–ას“ მიერ დამზადებული ცხოველის საკვებით გამოწვეულ არასასურველ შედეგებზე პასუხისმგებლობის მოპასუხისათვის დაკისრების მცდელობა სამართლებრივ საფუძველს არის მოკლებული. არამართებულია ცხოველების სიკვდილიანობის დაკავშირება შპს ,,ჩ–ასთან“, რამდენადაც ხსენებული პირუტყვის საკვების მწარმოებელია შპს ,,ყ.ბ–ა“. მოსარჩელე ამზადებდა საკვებს თავისი ცხოველისათვის ისე, რომ არ ამოწმებდა მიღებული საკვების უვნებლობას.
18.3. მოპასუხე არ ეთანხმება მოთხოვნას მიუღებელ შემოსავალზე. იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ შპს ,,ჩ–ას“ მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევა არ დასტურდება. წარმოდგენილი სარჩელი იმის დასტურია, რომ შპს ,,ყ.ბ–ამ“ მიიღო გარკვეული არასასურველი შედეგი თავისი ბრალეულობით, კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად.
19. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით: მოსარჩელე შპს „ყ.ბ–ას“ სარჩელი მოპასუხე შპს „ჩ–ა“ მიმათ დაკმაყოფილდა: 1.1. მოპასუხე შპს „ჩ–ას“ მოსარჩელე შპს „ყ.ბ–ას“ სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 1 631 823 ლარის ოდენობით; 1.2. მოპასუხე შპს „ჩ–ას“ მოსარჩელე შპს „ყ.ბ–ას“ სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლის სახით 3 068 500 ლარის ოდენობით;
20. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე შპს „ჩ–ამ“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
21. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება
21.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს „ჩ–ას“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.2 და მე-2 პუნქტები და ამ ნაწილებში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; 3. სასარჩელო მოთხოვნა - მოპასუხე შპს „ჩ–ას“ მოსარჩელე შპს „ყ.ბ–ას“ სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლის სახით 3 068 500 ლარის ოდენობით, - არ დაკმაყოფილდა; 4. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.1. პუნქტი, რომლითაც მოპასუხე შპს „ჩ–ას“ მოსარჩელე შპს „ყ.ბ–ას“ სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 1 631 823 ლარის ოდენობით.
21.2. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ უნდა შეფასებულიყო, რამდენადაა სახეზე ხელშეკრულებით განსაზღვრული საქონლის მიწოდება სახეზე, ასევე, უნდა დადგენილიყო თუკი დადასტურდებოდა უხარისხო პროდუქტის მიწოდება, იარსებებდა თუ არა ზიანის ანაზღაურების საფუძვლები და რა მოცულობით. აღნიშნულის დასადგენად, სააპელაციო პალატამ შეაფასა მოპასუხის მიერ 2019 წლის 4 იანვრისა და 2019 წლის 24 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების ფაქტი.
21.3. სააპელაციო პალატამ მიუთითა 2019 წლის 4 იანვრის [ქათმის ნაკელის] ნასყიდობის ხელშეკრულების 2.1.3 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, გამყიდველს ევალებოდა მყიდველისათვის მიეწოდებინა საქონელი, რომელიც არ შეიცავდა აკრძალულ ვეტ-პრეპარატების ნარჩენებს, ხოლო, 2019 წლის 24 იანვრის [ფრინველის ბუმბულისა და სისხლის ფქვილის] ნასყიდობის ხელშეკრულების 2.1.1. პუნქტის თანახმად, გამყიდველს ევალებოდა მიეწოდებინა მყიდველისათვის ვარგისი პროდუქცია შეთანხმებული რაოდენობის და პერიოდულობის შესაბამისად.
21.4. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მართალია, კვლევის განხორციელებისა და აღნიშნული კვლევის შედეგების გაზიარებისათვის მნიშვნელოვანია შესაბამისი ლაბორატორიის აკრედიტაციის არსებობა, თუმცა იმ მოცემულობაში, რომ მოწინააღმდეგე მხარეს არ აქვს წარმოდგენილი სხვა შემხვედრი/ საპირისპირო მტკიცებულება, მათ შორის კვლევა ანტიბიოტიკის არ არსებობასთან მიმართებით, მხოლოდ ზეპირი შედავება კონკრეტული ლაბორატორიის არააკრედიტირებულობასთან და მის მიერ ჩატარებული კვლევის არასანდოობასთან მიმართებით დაუსაბუთებელია. მით უფრო, საქმეზე წარმოდგენილია ასევე ისრაელში განხორციელებული კვლევა, პროდუქციის დაწუნების აქტები და რძის პროდუქციის შემძენი კომპანიების მხრიდან ჩატარებული კვლევის შედეგები, რომლებიც ერთობლიობაში მოწმობს ანტიბიოტიკების არსებობას. პალატა ასევე ყურადღებას მიაქცევს მხარეთა წერილობით მიმოწერაზე, რომლის ფარგლებშიც შემსყიდველმა არაერთხელ მიუთითა ანტიბიოტიკის სავარაუდო მოხმარებაზე, შესაბამისად მოპასუხე მხარეს ამ მხრივაც ჰქონდა შესაძლებლობა ჩაეტარებინა ალტერნატიული კვლევა და დაედასტურებინა, რომ მათი მხრიდან ანტიბიოტიკის მიწოდებას ადგილი არ ჰქონია, რისი განუხორციელებლობაც, საქმეზე წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში განაპირობებს მოწინააღმდეგე მხარის მტკიცების გაზიარების საფუძველს.
21.5. სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება ნასყიდობის საგანში (პროდუქციაში) ანტიბიოტიკის შემცველობასთან მიმართებით, რამაც თავის მხრივ განაპირობა რძის მწარმოებელი კომპანიისათვის ზიანის მიყენება. კერძოდ, ექსპერტიზის წარმოების პროცესში ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ დაუშვებელია სისტემატურად ხვდებოდეს ანტიბიოტიკებით (ტეტრაცკლინით ან მისი ნარჩენებით) მნიშვნელოვნად გაჯერებული საკვებით განგრძობით პერიოდში მერძეული პირუტყვის გამოკვება. მით უმეტეს, თუ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით (საქართველოს მთავრობის დადგენილება N639, 2015 წ. 18 დეკემბერი) ანტიბიოტიკების (მათ შორის ტეტრაცეკლინის) ან მათი ნარჩენების არსებობა ცხოველური წარმოშობის სურსათში ლიმიტირებულია ან ზოგის არსებობა საერთოდ აკრძალულია. ნედლ რძეში და მისგან წარმოებულ პროდუქტებში ანტიბიოტიკების არსებობა ხდის ამ პროდუქტს უვარგისს, ხოლო ტეტრაციკლინის არსებობა საერთოდ დაუშვებელია. ანტიბიოტიკების ნარჩენებით ძლიერ დაბინძურებული საკვებ დანამატების განგრძობით პერიოდში რეგულარულად მოხმარებას შეუძლია გამოიწვიოს საქონლის ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი დაზიანება, რეზისტენტული შტამების წარმოქმნა, რაც არაეფექტურს ხდის მკურნალობას ანტიბიოტიკებით.
21.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ გაიზიარა ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული მოსაზრება, რომ ფერმაში საქონლის გაზრდილი დაავადებები, მეწველი ფურების გაშრობა (არამეწველად ქცევა), იძულებით ზარალით რეალიზაცია განპირობებული იყო შპს ,,ჩ–ასგან“ შესყიდული პროდუქციით. ასევე, ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი გართულებებით დასუსტებული ცხოველების სიკვდილი შესაძლოა გამოეწვია ანტიბიოტიკების არაეფექტიაონობას.
21.7. ექსპერტიზის დასკვნით კონკრეტულად არის განსაზღვრული ზიანის წარმოშობის საფუძვლები და მითითებულია ის შესაძლო შედეგები, რაც ანტიბიოტიკებით გაჯერებული საკვების განგრძობით დროში პირუტყვის გამოკვებას მოჰყვებოდა. საქმეში წარმოდგენილია მხარეთა ელექტრონული ფოსტის მიმოწერა, სადაც მოპასუხე უარყოფს ანტიბიოტიკების გამოყენებას მიწოდებულ საქონელში, თუმცა საქმეზე წარმოდგენილი ლაბორატორიული კვლევებით დადგენილია, რომ მოპასუხისგან შეძენილ პროდუქციაში აღმოჩენილი იქნა ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკები. მოპასუხის აპელირება იმ გარემოებაზე, რომ ნიმუში აღებულია ერთი კონკრეტული მასალიდან და აღნიშნული არ შეიძლება მოიაზრებდეს სრულ პროდუქციასთან მიმართებით ანტიბიოტიკის შემცველობას, ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მხრიდან, რადგანაც იმ პირობებში, როდესაც კონკრეტულ შესასწავლ ნიმუშში აღმოჩნდა ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკის შემცველობა, არსებული ზიანიდან გამომდინარე, ივარაუდება, რომ აღნიშნულ ნივთიერებას შეიცავდა სრულად მიწოდებული პროდუქცია, რისი გაქარწყლება მოპასუხე მხარის ვალდებულებას შეადგენდა და რაც მისი მხრიდან არ განხორციელებულა, შემხვედრი კვლევის ჩატარების გზით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ მიწოდებული პროდუქცია არ იყო შეთანხმებული ხარისხის, რამაც შედეგად მყიდველი კომპანიისათვის გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.
21.8. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის მითითება, რომ მისთვის ცნობილი ვერ იქნებოდა პროდუქტის მოხმარების მიზნობრიობა. კერძოდ, მოსარჩელე კომპანია საქართველოს ბაზარზე წარმოადგენს რძის მწარმოებელ ერთ-ერთ მსხვილ კომპანიას და მისი საქმიანობის თაობაზე ცნობილი იყო ასევე თავად მოპასუხე კომპანიისათვის. ასევე, შესყიდული პროდუქტის რაოდენობიდან გამომდინარე, აპელირება მისი სასუქის სახით გამოყენებასთან დაკავშირებით, დაუსაბუთებელია, მით უფრო ხელშეკრულება შეიცავდა დათქმას აკრძალული ვეტ-პრეპარატების გამოყენების დაუშვებლობასთან მიმართებით და არსებობდა მხარეთა შორის აქტიური წერილობითი კომუნიკაცია ანტიბიოტიკების მოხმარების დაუშვებლობასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკების აკრძალვის არ არსებობას, როგორც ზემოთ მოხმობილ ექსპერტიზის დასკვნაში განიმარტა, ხანგრძლივი პერიოდით საკვების სახით ანტიბიოტიკის მიღება უარყოფითი გავლენის მომხდენია. ასევე, აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში წერილობითი კომუნიკაციის სახით შეკითხვა დაესვა მოპასუხე კომპანიას ანტიბიოტიკის მოხმარებასთან დაკავშირებით, რაც უარყოფილი იქნა მოპასუხე კომპანიის უფლებამოსილი წარმომადგენლის მხრიდან. ყოველივე აღნიშნული კი, სააპელაციო პალატის შეფასებით წარმოადგენს მოპასუხე კომპანიის მხრიდან ანტიბიოტიკის მოხმარების ფაქტის დამალვას, რასაც შედეგად მოყვა მოსარჩელე კომპანიისათვის ზიანის მიყენება. მხოლოდ ის გარემოება, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული არ იყო, რა დანიშნულებით იქნა შეძენილი პროდუქცია, ვერ გახდება მოპასუხის ვალდებულებისგან გათავისუფლების საფუძველი. შეძენილი პროდუქტის საკვებ დანამატად გამოყენების აკრძალვა კანონმდებლობით განსაზღვრული არ ყოფილა, რის გამოც შპს ,,ჩ–ას’’, როგორც მეწამე სუბიექტს, სულ მცირე ევალებოდა შესაბამისი გაფრთხილების მიცემა შემსყიდველი კომპანიისათვის ანტიბიოტიკის შემცველობასთან დაკავშირებით, მით უფრო შპს ,,ყ.ბ–ას’’ საქმიანობიდან გამომდინარე, არსებობდა აღნიშნული ანტიბიოტიკის რძეში მოხვედრის საფრთხე.
21.9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის შედავება, რომ ვინაიდან პროდუქციის გამყიდველისათვის (შპს ,,ჩ–ა“) არ იყო ცნობილი, რომ საკვებ დანამატად ყიდულობდა მოსარჩელე პროდუქციას და ამასთან, ამ უკანასკნელის მიერ არ იქნა დაცული ნედლეულის გადამუშავებისათვის კანონით დადგენილი მოთხოვნები, მოპასუხე უნდა გათავისუფლდეს პასუხისმგებლობისგან. პალატის მითითებით, . ის გარემოება, რომ ტეტრაციკლინი არ წარმოადგენს აკრძალულ ვეტ-პრეპარატების ნარჩენს (საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს 23.06.2020 წლის წერილი), არ ცვლის იმ მოცემულობას, რომ მოპასუხემ ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკების შემცველი დიდი რაოდენობის პროდუქცია მიაწოდა მოსარჩელეს და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია დაუმალა მყიდველს. მით უფრო, საგულისხმოა, რომ ხელშეკრულება შეიცავდა სპეციალურ დათქმას აკრძალულ ვეტ.პრეპარატის გამოყენების დაუშვებლობასთან მიმართებით, რაც მეტყველებდა იმ გარემოებაზე, რომ პროდუქციის შემსყიდველისათვის მნიშვნელოვანი იყო დამატებითი ნივთიერებებისაგან თავისუფალი პროდუქტის შეძენა, რაც თავის მხრივ, კეთილსინდისიერებისა და გულისხმიერების პრინციპიდან გამომდინარე, გამსხვისებელს წარმოუშობდა სულ მცირე ინფორმირების ვალდებულებას, ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკის მოხმარებასთან დაკავშირებით.
21.10. რაც შეეხება ზიანის ოდენობის დადგენას, სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო მოსარჩელის დასაბუთებას და მიიჩნია, რომ შპს ,,ყ.ბ–ასთვის“ მიყენებული ზიანის ოდენობამ შეადგინა - 1 631 823 ლარი, რაც მოიცავს: - 2018 წლის ივლისიდან - 2019 წლის ივლისის ჩათვლით შეძენილ 2692 ტონა უვარგისი ქათმის ნაკელის და მისი ტრანსპორტირების ღირებულებას - 242 426 ლარს, ასევე სისხლისა და ბუმბულის ფქვილის, საერთო ღირებულებას - 98 230 ლარს; - 75 440 ტონა რძის ხარისხის გაუარესებისა და მისი საბაზრო ფასზე დაბალ ფასად რეალიზაციიდან გამომდინარე დამდგარ ზიანს - 15 414.90 ლარს, უკან ტრანსპორტირების ხარჯს - 570 ლარს (ჯამში - 15 984.90 ლარი); - უვარგისი და გადასაღვრელი 40 ტონა რძის ღირებულებას - 48 800 ლარს; - საკვებ დანამატში ანტიბიოტიკის არსებობით განპირობებული პირუტყვის სიკვდილიანობიდან (2019 წლის 1 იანვრიდან - 25 ივლისამდე შეადგინა - 115 ძროხა, 8 დეკეული, 22 ხბო) და აბორტიდან გამომდინარე, ზიანს - 746 312.24 ლარს; - ასევე, 2018 წლის 1 აგვისტოდან - წლის ბოლომდე, პირუტყვის სიკვდილიანობიდან (79 ძროხა, 8 დეკეული, 36 ხბო) გამომდინარე ზიანს - 450 971.53 ლარს; - ლაბორატიული შემოწმებისათვის გაწეულ ხარჯს - 1500 ევროს (5 026 ლარი); - შემოსავლების სამსახურის მიერ კომპანიისათვის დაკისრებულ ჯარიმას - 24 071 ლარს. რაც შეეხება მიუღებელი შემოსავლის სახით განცდილი ზიანის არსებობას, აღნიშნულ ნაწილში სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოთხოვნა და შესაბამისად არ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა მიუღებელი შემოსავლის სახით განცდილი ზიანის - 3 068 500 ლარის დაკისრებასთან მიმართებით.
21.11. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ხანდაზმულობის შედავება და მიუთითა, რომ თავდაპირველად სარჩელი წარდგენილი იყო რუსთავის საქალაქო სასამართლოში, რომლის 2023 წლის 25 მარტის განჩინებით დაკმაყოფილდა შპს ,,ყ.ბ–ას“ წარმომადგენლის განცხადება სარჩელის გამოხმობის შესახებ, რის შემდგომაც კანონი განსაზღვრულ ვადაში წარმოდგენილია წინამდებარე სარჩელი და არ არსებობს ხანდაზმულობის საფუძვლით მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი წინაპირობები.
22. პირველი კასატორის (მოპასუხის) საკასაციო საჩივარი
22.1. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
22.2. კასატორის მითითებით, სააპელაციო პალატამ საქმე განიხილა მატერიალური და საპროცესო ნორმების დარღვევით, მაშინ, როდესაც წარდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდებოდა მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევა. საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომლითაც დადგინდებოდა, რომ მოპასუხის მიერ მიწოდებულ ნაკელში იქნებოდა აკრძალული ვეტ-პრეპარატის ნარჩენები. ასეთი აკრძალული ნარჩენი არ არის ტეტრაციკლინი. აღნიშნულს ადასტურებს სურსათის ეროვნული სააგენტოს წერილი და სპეციალისტი თ.ო–ი.
22.3. სასამართლოებმა დაუსაბუთებლად მიიჩნიეს, რომ თითქოს მოპასუხემ დაარღვია 2019 წლის 24 იანვრის ხელშეკრულება. მოპასუხის ვალდებულება ამ ხელშეკრულების ფარგლებში იყო ფრინველის ბუმბულისა და სისხლის ფქვილის, როგორც ნედლეულის მიწოდება მოსარჩელისთვის. აღნიშნული ნედლეული ხელშეკრულების თანახმად, უნდა შეემოწმებინა თავად მყიდველს. „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის“ თანახმად, მწარმოებელია ვალდებული ნედლეულის ხარისხის შემოწმებაზე. სწორედ ამ სტატუსით მოქმედ მოსარჩელეს ეკისრებოდა ნედლეულის უსაფრთხო გადამუშავება და მისი უვნებლობის უზრუნველყოფა. შესაბამისად, კოდექსი პასუხისმგებლობას უშუალოდ მწარმოებელს აკისრებს. აღნიშნული ვალდებულება მოპასუხეს 173-ე დადგენილებიდან გამომდინარე არა მხოლოდ დასახელებულ, არამედ ნებისმიერ სახელშეკრულებო ურთიერთობაში წარმოეშობა, მათ შორის ნაკელის ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებშიც.
22.4. სასამართლომ დაუსაბუთებლად გამოიყენა შპს „ვ–ის“ დასკვნა, რომელიც იზიარებს მოსარჩელის პოზიციას. დასკვნაში დაუსაბუთებლადაა მითითებული საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 დეკემბრის N639-ე დადგენილება, რომ არ შეიძლებოდა პირუტყვის გამოკვება ანტიბიოტიკებით გაჯერებული საკვებით მით უფრო ნედლ რძეში ანტიბიოტიკის არსებობა ლიმიტირებული ან აკრძალულია. მოპასუხეს არ ჰქონდა არანაირი ინფორმაცია თუ რა მიზნით აპირებდა მოსარჩელე ქათმის ნაკელის გამოყენებას. ამის შესახებ მოპასუხემ პრეტენზიის წაყენებისა და ხელშეკრულებიდან გასვლის მომენტში გაიგო. თავად პროდუქტის ტრადიციული გამოყენების დანიშნულებიდან გამომდინარე, მოპასუხეს მიაჩნდა, რომ მოსარჩელე მას გამოიყენებდა ნიადაგის განაყოფიერებისთვის, მხარეთა ხელშეკრულებაც კი სპეციალურ დათქმას ამ კუთხით არ შეიცავს. ამავდროულად, არც სხვა სახის მტკიცებულება წარდგენილა, რომელიც მოპასუხის ინფორმირებულობას დაადასტურებდა. თავის მხრივ, ხელშეკრულება თავად მოსარჩელეს აკისრებდა მიწოდებული ნაწარმის გადამუშავების ვალდებულებას, ხოლო ტერმინი „გადამუშავება“ „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსისა“ და მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის N173 დადგენილების მიხედვით მოსარჩელეს აკისრებდა პასუხისმგებლობას ამ კუთხით. დასახელებული N639-ე დადგენილება მართალია რძეში ანტიბიოტიკის ლიმიტირებაზე აქცენტირებს, თუმცა როგორც სასამართლოს, ისე ექსპერტს არ მიუთითებიათ, რომ მოპასუხემ არა რძე, არამედ ქათმის ნაკელი მიაწოდა, რომელშიც ვერანაირად იქნებოდა ანტიბიოტიკი, რამდენადაც შპს „ჩ–ა“ არ იყენებდა. მიუხედავად ამისა, ანტიბიოტიკის არსებობა ქათმის ნაკელში თუნდაც დადასტურებულიყო, ეს ხელშეკრულების დარღვევა ვერ იქნებოდა, რადგან თავად ხელშეკრულებაში (როგორც ზოგადად, ნორმატიულ აქტშიც) ასეთი სახის აკრძალვა/შეთანხმება მხარეებს შორის არ ყოფილა.
22.5. სააპელაციო პალატა დაუსაბუთებლად უთითებს სსკ-ის 318-ე მუხლზე, რომელიც ვალდებულების შინაარსის გათვალისწინებით, მხარეებს ამა თუ იმ ინფორმაციის მიღების უფლებას აძლევს. ასეთი ინფორმაციის გაცემა სავალდებულოა, როდესაც მას მნიშვნელობა აქვს ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე. აღნიშნული ნორმით სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად მიუთითა, რომ თითქოს მოპასუხემ მოსარჩელეს დაუმალა ანტიბიოტიკების გამოყენების ფაქტი, მაშინ როდესაც, პირიქით, ნორმა უნდა განმარტებულიყო მოსარჩელის საპირისპიროდ, რომ რადგან მისთვის შესასყიდი მასალის გამოყენებას ჰქონდა არაორდინარული ხასიათი, ამის შესახებ ინფორმაცია უნდა მიეწოდებინა მოპასუხისთვის. კასატორის მტკიცებით კი მოსარჩელის მიზანი - შესყიდული ნაკელით გამოეკვება ცხოველი - ცნობილი რომ ყოფილიყო, ხელშეკრულების დადებაზე იტყოდა უარს.
22.6. სააპელაციო პალატამ რამდენადაც არასწორად დაადგინა ხელშეკრულების დარღვევის ფაქტი, ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნია ზიანის ანაზღაურება საფუძვლიანად. კასატორი აღნიშნავს, რომ ერთი პარტიით ვერ დადგინდებოდა ზიანის ფაქტი, რამდენადაც სახელშეკრულებო ურთიერთობა წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა და საქონლის პარტიების მიღება ხდებოდა პერიოდულად. პარტიები მოსარჩელემ მიიღო 2018 წლის ივლისიდან, მხოლოდ საქონლის ლაბორატორიული კვლევა 2019 წლის ივლისამდე არ ჩატარებულა. ამიტომ დაუსაბუთებელია სასამართლომ რის საფუძველზე გაავრცელა ზიანი მთელს გასულ სახელშეკრულებო პერიოდზე.
22.7. სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო სსკ-ის 495-ე მუხლის დანაწესი, რომლის მიხედვით, მეწარმე მყიდველი ვალდებულია მიწოდებული ნივთის ვარგისიანობა შეამოწმოს რათა ნაკლის არსებობის შემთხვევაში წარუდგინოს მოთხოვნა გამყიდველს. სხვაგვარად მას ერთმევა უფლება ნივთის ნაკლიდან წარმოშობილ მოთხოვნებზე. სწორედ აღნიშნული მოწესრიგება ვრცელდება მოსარჩელეზეც, როგორც გამოცდილ მეწარმე სუბიექტზე. გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც თავად გამყიდველი დუმს ნივთის ნაკლზე, თუმცა ასეთი შემთხვევა სახეზე არაა, რამდენადაც სახელშეკრულებო ურთიერთობით განსაზღვრული ნივთობრივად უნაკლო საქონელი მიეწოდა მოსარჩელეს. ამიტომ, შესყიდული მასალის გამოყენება თუ კი დანიშნულებისამებრ არ მოხდებოდა, ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონია მოპასუხეს, ეს თავად მოსარჩელემ დამალა, ხოლო მოპასუხეს არ შეეძლო განჭვრიტა დანიშნულებისამებრ გამოიყენებდა თუ არა მოსარჩელე მასალას.
22.8. სააპელაციო პალატა არ მსჯელობს მოსარჩელის მიერ სამ წლიანი ხანდაზმულობის ვადის დარღვევაზე. მოსარჩელემ თავდაპირველად მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს, თუმცა არასაკმარისი მტკიცებულებების წარდგენის გამო მოითხოვა სარჩელის გახმობა, რაც სასამართლომ უსაფუძვლოდ დააკმაყოფილა, რამდენადაც მოსამზადებელი ეტაპი დასრულებული იყო, ხოლო საქმის გახმობა ასეთ დროს მხოლოდ მოსარჩელის უფლებამოსილებას არ წარმოადგენს. ამის საპირისპიროდ, სასამართლომ მოსარჩელის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ახალი მტკიცებულებებით მოსარჩელემ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა განსჯადობის წესების დარღვევით.
22.9. სააპელაციო პალატა უთითებს კონტრაქტორების მიერ შპს „ყ.ბ–ასთვის“ მიწოდებული რძის დაბრუნების შესახებ ტეტრაციკლინის აღმოჩენის გამო. აღნიშნული ფაქტი სააპელაციო პალატამ პირდაპირ დაუკავშირა შპს „ჩ–ას“, მაშინ, როდესაც უნდა გამოკვლეულიყო რძის დაბრუნების ფაქტებს ჰქონდა თუ არა ადგილი სადავო ხელშეკრულების დადებამდე, ანუ იმ პერიოდში, როდესაც შპს „ჩ–ა“ არ აწვდიდა მასალას მოსარჩელეს. თავად მოსარჩელის წარმომადგენელმა ნ.გ–მაც დაადასტურა, რომ მოსარჩელე თავად იყენებდა ტეტრაციკლინის შემცველ ანტიბიოტიკებს, ამიტომ პირდაპირ მიზეზ-შედეგობრივობის დადგენა რძის დაბრუნებასა და შპს „ჩ–ას“ მიერ ანტიბიოტიკიანი პროდუქციის მიწოდებას შორის შეუძლებელია. აქვე მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ანტიბიოტიკით საქონლის ვაქცინაციიდან იცავდნენ 2 კვირიან ვადას, რათა ანტიბიოტიკი გადასულიყო რძეში, თუმცა ამის შესახებ დამადასტურებელი მტკიცებულება მხარეს არ წარმოუდგენია, მაშინ, როდესაც არსებობდა იმის რისკი, რომ სწორედ ამ 2 კვირიან ვადაში მიღებული რძე მიეწოდებინა თავად მოსარჩელეს დამკვეთებისთვის. აღნიშნული რისკი არ გაქარწყლებულა მოსარჩელის მიერ.
22.10. კასატორის მითითებით, სააპელაციო პალატა არასწორად აღნიშნავს ექსპერტიზის დასკვნებზე. კერძოდ, მოსარჩელემ უზრუნველყო პროდუქციის ლაბორატორიული ექსპერტიზა ისრაელსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის ლაბორატორიებში, სადაც დადგინდა, რომ შპს „ჩ–ას“ პროდუქციებში დადასტურდა ანტიბიოტიკის - ტეტრაციკლინის კვალის არსებობა, კერძოდ, ის დადასტურდა მხოლოდ ქათმის ნაკელში და არა სისხლსა და ბუმბულში. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნები აზრსმოკლებულია, რამდენადაც ხელშეკრულების პირობები არ ზღუდავდა ნაკელში ტეტრაციკლინის არსებობას. ხელშეკრულება მხოლოდ განსაზღვრავდა იმას, რომ ნაკელში აკრძალული ვეტ-პრეპარატების ნარჩენები არ უნდა ყოფილიყო, ასეთი აკრძალვა კი ტეტრაციკლინს არ აქვს კანონმდებლობით.
22.11. რაც შეეხება ექსპერტიზებს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში წარდგენილ ნიმუშებს არ აქვთ კონკრეტული აღწერა თუ რა დალუქული მასალა წარედგინა ლაბორატორიას, ამავდროულად, მასალის წარმდგენი თავად მოსარჩელეა. ამასთან, დასკვნაში არ არის მითითებული თუ რა სახის არასტანდარტული ნაერთი მიიღო ლაბორატორიამ, ამიტომ აღნიშნული დასკვნა არაფრისმომცემია. ასევე, მეორე ოქმში მითითებული ტერმინოლოგია სრულად გაუგებარია და არ არის განმარტებული რა იგულისხმება მიღებულ რაოდენობებში - 20.5 და 4.8, ასევე რა მნიშვნელობით იქნა გამოყენებული ტერმინები “M/z H+445”. რამდენადაც არ განმარტებულა აღნიშნულ ტერმინთა მნიშვნელობები, შესაბამისად გაუგებარია დასკვნის შინაარსიც, მით უმეტეს მაშინ, როდესაც დასკვნა სულ მცირე, მიუთითებს ფრაზაზე - „სტანდარტული ნაერთი არ გვაქვს“. დამატებით, კასატორი აღნიშნავს, რომ დასკვნაში არ არის მითითებული არანაირი სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავს ნორმატიულად ნივთიერების დასაშვებ ოდენობას. ამიტომ, კვლევის სიზუსტე აღნიშნული სტანდარტის მითითების გარეშე შეუძლებელია დადგინდეს. ასევე, კასატორი უთითებს, რომ აღნიშნულ ლაბორატორიას არ აქვს შესაბამისი აკრედიტაცია მინიჭებული, ამიტომ მისი დასკვნა ვერ ჩაითვლება აღიარებულად.
22.12. სასამართლომ დაუსაბუთებლად მიუთითა, რომ ლაბორატორიაში წარდგენილი ნიმუშებიდან ერთი აუცილებლად ქათმის ბუმბულის ფქვილი, ხოლო მეორე - ნაკელია, რაც სრულად დაუსაბუთებელია, რადგან არანაირი მტკიცებულება არ არსებობს თუ რა მასალა იყო რეალურად ნიმუშებში. აქედან გამომდინარე, კასატორი უთითებს, რომ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით ვერც ნიმუშების ნამდვილობა დგინდება, ვერც თავად დასკვნით დგინდება ტეტრაციკლინის არსებობის ფაქტი ნიმუშებში, თავად ლაბორატორია არააკრედიტებულია, შესაბამისად, აღნიშნული მტკიცებულება საერთოდ არ უნდა იყოს მხედველობაში მიღებული.
22.13. რაც შეეხება მეორე ლაბორატორიულ ტესტებს, რომელიც მომზადებულია „EH SMALLER”-ის მიერ, ორივე ტესტში მითითებულია გამოსაკვლევი ნიმუშის გრაფაში ფრაზა - „მეწველი ძროხების TMR საქართველოდან“, ანუ შპს „ყ.ბ–ას“ დაკვეთით ლაბორატორიამ შეამოწმა მეწველი ძროხების TMR, რომლის მნიშვნელობა გაუგებარია და არ განმარტებულა მოსარჩელის მიერ აღნიშნული ფრაზა შესაბამისი მტკიცებულების საფუძველზე. ორივე ანალიზი მიუთითებს, რომ ჩ–ასთან დაუკავშირებელ ნიმუშში აღმოჩენილია ქოლრეტეტრაციკლინი. ერთ შემთხვევაში გ/ტონაში 29, ხოლო მეორეში - 36. აღნიშნული მონაცემების მიუხედავად, დასკვნაში აქაც არ არის მითითებული რას გულისხმობს აღნიშნული ტერმინოლოგია და არის თუ არა ეს ოდენობები დასაშვები. დამატებით, მოსარჩელეს დასახელებული ლაბორატორიის აკრედიტაციის მოწმობაც არ წარმოუდგენია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ლაბორატორიის შედეგები გაუგებარია, ასევე არააკრედიტებული, რაც მის არასარწმუნოებაზე მიუთითებს და არ უნდა გაზიარდეს.
22.14. რაც შეედება ნიმუშების აღების აქტს, მართალია, ლუქის ნომრები მეორდება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის ლაბორატორიის ოქმებში, მაგრამ არსადაა მითითებული რომელი ლუქი რომელ ნივთიერებას შეიცავდა - დაუდგენელია და გაუგებარი, კონკრეტულად სად აღმოჩნდა აკრძალული ნივთიერება. ასევე, ოქმი არ არის სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური დოკუმენტი, ანუ მ.ბ–ი ოქმს ხელს აწერს როგორც კერძო პირი. ასევე არ არის დაცული საქართველოს მთავრობის 2015 წლის 16 ოქტომბრის N533-3 დადგენილებით განსაზღვრული წესები. ასევე, კასატორისთვის არ იყო ცნობილი ნიმუშების აღების შესახებ, ნიმუშები აღებულია მოსარჩელესთან არსებული მასალიდან, რაც მასალაზე ზემოქმედების შესაძლებლობას არ გამორიცხავს, ამიტომ ყ.ბ–ას პოზიცია არ არის გამყარებული სათანადო მტკიცებულებებით.
22.15. ასევე დაუსაბუთებელია პირუტყვის დაავადებებთან მოპასუხის ნაწარმის დაკავშირება, რამდენადაც პირდაპირი მიზეზობრიობა არ დგინდება. კერძოდ, სამეცნიერო-პრაქტიკული გამოცდილებით დასახელებული დაავადებების (მასტიტი, ენდომეტრიტი, დიარეა და სხვა) გამოწვევა შესაძლებელია სხვა გარემო-ფაქტორების საფუძველზეც, რაც მტკიცებულებით არ გამორიცხულა, ასევე ად დადგენილა პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი მიწოდებულ ნაწარმთან.
22.16. კასატორის მითითებით, ექსპერტიზა ჩატარდა ისე, რომ მის შემსრულებელს არ ჰქონდა აკრედიტაცია გავლილი, მაშინ, როდესაც აღნიშნული სახელმწიფოს მიერ მკაცრი აღრიცხვის წესითაა რეგულირებული „პროდუქციის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ თანახმად. მართალია, აკრედიტაცია არ არის სავალდებულო, მაგრამ ასეთი კუსტარული ლაბორატორიის მიერ გაცემულ დოკუმენტს არ აქვს იურიდიული ძალა. კანონი მიუთითებს, რომ ლაბორატორიისთვის აუცილებელია ორი ძირითადი კომპონენტის დაცვა - კომპეტენცია და მიუკერძოებლობა. აღნიშნულის გარეშე, ლაბორატორიას არ ექნება აკრედიტაცია და შესაბამისად, იურიდიულად მისი დასკვნა არაფრისმომცემია.
22.17. ასევე დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა მოპასუხის მიერ ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის შესახებ, რამდენადაც მოპასუხეს არ ჰქონდა საქონელი და მტკიცებულებების არარსებობის დადასტურება მხარეს ვერ მოეთხოვება.
22.18. სასამართლოს მსჯელობა ნაწარმში ანტიბიოტიკის აღმოჩენის შესახებ არ დგინდება. კასატორის მტკიცებით, მხარეებს შორის არანაირი კომუნიკაცია ყოფილა ანტიბიოტიკების მოხმარების დაუშვებლობასთან დაკავშირებით. ცხოველის საკვებად ნაკელის გამოყენება აკრძალულია. ეს აკრძალვა გამომდინარეობს ევროკავშირის დირექტივიდან. ასევე, დასახელებული მთავრობის 173-ე დადგენილების თანახმად, მწარმოებელს, ანუ მოსარჩელეს ჰქონდა ცალსახა ვალდებულება ცხოველის საკვების დამზადებამდე შეემოწმებინა ყველა ნედლეულის და ინგრედიენტის უსაფრთხოება, ხოლო მისი დამზადების შემდეგ, კიდევ ერთხელ შეემოწმებინა მისი ხარისხი. თუ კი სააპელაციო პალატის მსჯელობა იქნება გაზიარებული, მაშინ გამოდის, რომ ნაწარმის მიმწოდებელმა უნდა განსაზღვროს საქონლის გამოყენების ყველა შესაძლო გამოყენების შემთხვევები, რაც ეწინააღმდეგება სამოქალაქო ურთიერთობის პრინციპებს.
22.19. კასატორის მოსაზრებით, იმის გარდა, რომ ზიანი მოპასუხეს არ გამოუწვევია, სასამართლომ ვარაუდის საფუძველზე განსაზღვრა მისი ოდენობაც, რამდენადაც არ არსებობს პირდაპირი კავშირი მიწოდებული საქონლის მოხმარებასა და პირუტყვის დაავადებებს შორის. ექსპერტიზის დასკვნაც კი მიუთითებს, რომ დაავადება გამოწვეულია ტეტრაციკლინის ხანგრძლივი დროით მოხმარების შედეგად, მაშინ, როდესაც ლაბორატორიული კვლევა მხოლოდ 2019 წლის მონაცემებს ეხება - გამოკვლეულ ერთ პარტიაზე, ხოლო მხარეთა სახელშეკრულებო ურთიერთობა ერთ წელზე მეტი დროით იყო დადებული და მიწოდებული იყო სხვა 185 პარტია. აქედან გამომდინარე, დაუდგენელია რატომ უნდა გავრცელებულიყო სხვა შემთხვევებზეც ექსპერტიზის მხოლოდ ერთი იზოლირებული მონაცემი. ასევე, დაუსაბუთებელია ისიც, თუ რატომ უნდა აანაზღაუროს მოპასუხემ 2018 წლის ზიანი 2019 წელს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. ამასთან, შემფასებელი ვერ ხსნის მატერიალური ზიანის შედეგად მიღებული ზარალი 1 631 823 და მიუღებელი შემოსავალი - 3 068 500 რა ფაქტობრივი გარემოებების შედეგად იქნა დათვლილი.
23. მეორე კასატორის (მოსარჩელის) საკასაციო საჩივარი
23.1. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემაც, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
23.2. კასატორის მითითებით, სააპელაციო პალატამ არასწორად იმსჯელა მიუღებელი შემოსავლის ნაწილზე. კასატორის მითითებით, მიუღებელი შემოსავლის დაკმაყოფილების როგორც იურიდიული, ისე ფაქტობრივი გარემოებები არსებობდა, რამდენადაც ის გამოწვეული იყო უშუალოდ იმ ზიანით, რაც მოსარჩელეს მიადგა.
24. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 6 და 27 ოქტომბრის განჩინებებით, საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2026 წლის 23 აპრილის განჩინებით დასაშვებად იქნა ცნობილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
25. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრების საფუძვლები და მიიჩნევს, რომ ისინი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
26. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
27. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა სსსკ-ის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას სწორედ საკასაციო საჩივარში გამოთქმული პრეტენზიების შესაბამისად შეამოწმებს.
28. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.
29. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი - კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). საქმის გარემოებათა ანალიზის საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის დადგენა და მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მოძიება კი, სასამართლოს ვალდებულებაა.
30. სსსკ-ის მე-4 (1) მუხლი ადგენს სამართალწარმოების ისეთ ფუნდამენტურ პრინციპს, როგორიცაა შეჯიბრებითობა და განსაზღვრავს, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამ წესისაგან გამონაკლისი (ნორმის მე-2 ნაწილი) გამართლებულია, თუ ეს შესაბამისი საპროცესო მოქმედების მარეგულირებელი ნორმითაა გათვალისწინებული, ასევე, მხარეთა თანასწორობის საყოველთაო უფლების დაცვის მიზანს ემსახურება. შეჯიბრებითობა, როგორც სამართლიანი სასამართლოს ქვაკუთხედი, არაერთ საპროცესო ნორმაშია გადმოცემული და იგი, ბუნებრივია, მათ შორის მტკიცების ტვირთზე ახდენს გავლენას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიარებულია რა ფაქტზე მიმთითებლური მხარის ვალდებულება, წარადგინოს ამ ფაქტის დამადასტურებელი განკუთვნადი მტკიცებულებები, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერთოს ამ პროცესში, რამეთუ აქსიომატურია, რომ მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები (იხ., სსსკ-ის 83-ე, ასევე, 102-ე მუხლები).
31. საკასაციო პალატა აღნიშნავს, ექსპერტის დასკვნა მტკიცებულების ერთ-ერთი სახეა, რომელიც შესაძლებელია გამოყენებული იქნეს საქმის გარემოებათა დასადგენად. სსსკ-ის 162-ე მუხლის ნორმატიული გაგებით, მტკიცების ამ საშუალებით შესაძლებელია საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტის დადგენა, ხოლო ამგვარი მტკიცებულების გარეშე, ზოგიერთ შემთხვევაში, საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. საბოლოოდ, როგორც სხვა მტკიცებულებების, ასევე, ექსპერტის დასკვნის იურიდიული ძალას აფასებს სასამართლო. ექსპერტის დასკვნის შეფასება ხდება ზოგადად მტკიცებულებების შეფასებისათვის დადგენილი ყოველმხრივი სრული და ობიექტური განხილვის კრიტერიუმებით, რის შედეგადაც, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ექსპერტიზის დასკვნის შეფასება გულისხმობს თავდაპირველად ექსპერტიზის დასკვნის შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას. ექსპერტიზის დასკვნის შეფასებისას (იმდენად, რამდენადაც იგი სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კომპეტენციას ეფუძნება), ყურადღება უნდა მიექცეს რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: გამოსაკვლევად მიწოდებულ მასალას, მის კვლევით ნაწილს, რადგან სწორედ კვლევითი ნაწილია ასახული საბოლოო დასკვნაში. ამასთანავე, ექსპერტის დასკვნა კრიტიკულად უნდა შეფასდეს, როგორც ცალკე აღებული, ასევე საქმეზე მოპოვებულ ყველა სხვა მტკიცებულებასთან ერთობლიობაში (იხ. ილონა გაგუა, „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე“, თბილისი, 2020 წელი, გვ: 97-122. რედაქტორები: ზურაბ ძლიერიშვილი, ნუნუ კვანტალიანი).
32. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავოა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გამყიდველის მიერ მყიდველისთვის მიწოდებული პროდუქციის ნაკლის არსებობის საკითხი, რამაც სავარაუდოდ გამოიწვია შემსყიდველის (მოსარჩელის) როგორც ფაქტობრივად დამდგარი, ისე მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი. საკასაციო პალატის კვლევის საგანი ერთი (მოპასუხის) საკასაციო საჩივრის კვლევის საგანია რამდენად იყო სახეზე ვალდებულების დარღვევა და, აქედან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურების საფუძველი, ანუ უნდა დადგინდეს მიწოდებული პროდუქცია რამდენად იყო ნაკლიანი და გამოიწვია თუ არა მისმა ნაკლმა ზიანი. რაც შეეხება მეორე (მოსარჩელის) საკასაციო საჩივრის პრეტენზიას, საკასაციო პალატამ უნდა იმსჯელოს, რამდენად იყო სახეზე მიუღებელი შემოსავლის ნაწილში ზიანის ანაზღაურების საფუძველი, ანუ რამდენად იყო სახეზე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ისეთი დარღვევა, რამაც გამოიწვია მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების საფუძველი.
33. ზემოაღნიშნული საკითხის შეფასებამდე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მთავარი სამართლებრივი საკითხი, რაც პირველ რიგში უნდა გადაწყდეს არის ის, თუ რამდენად ნივთობრივად უნაკლო, ხელშეკრულებით შეთანხმებული ხარისხის ნივთი მიაწოდა გამყიდველმა მყიდველს. თუ კი დადგინდება, რომ ნაკლიანი შესრულება სახეზე არაა, გამოირიცხება დანარჩენი მოთხოვნების საფუძვლიანობა.
34. სსკ-ის 408-ე მუხლის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც პირს არ მიუღია და რომელსაც იგი მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ნორმალურად განვითარების შემთხვევაში ანუ ვალდებულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო (შდრ. გიორგი რუსიაშვილი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, მუხლი 408-ე, ველი 10, თბილისი, 2019).
35. ზიანის ანაზღაურების საკითხთან მიმართებით, როგორც კონტინენტური ევროპის, ისე საერთო სამართლის სისტემის ქვეყნები ადგენენ საერთო ზოგად პრინციპებს: ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ფულადი ანაზღაურების მიზანია დაზარალებული მხარის ქონებრივი დანაკარგების კომპენსაცია. კრედიტორი არ უნდა დაზარალდეს მატერიალურად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში. მოვალის მხრიდან ზიანის ანაზღაურებამ უნდა გამოიწვიოს კრედიტორის აღდგენა იმ მდგომარეობაში, რომელშიც იგი იქნებოდა, თუკი მოვალე ვალდებულებას ჯეროვნად შეასრულებდა. დოქტრინაში ასეთ მიდგომას უწოდებენ დადებით სახელშეკრულებო ინტერესების დაცვას, განსხვავებით უარყოფითი სახელშეკრულებო ინტერესების დაცვისაგან, რომლის მიზანსაც წარმოადგენს კრედიტორის იმ მატერიალური მდგომარეობის უზრუნველყოფა, რომელშიც იგი იქნებოდა, თუკი ხელშეკრულება საერთოდ არ დაიდებოდა და რომლის დაცვაც, როგორც წესი, ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშეკრულება ბათილად იქნება აღიარებული.
36. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ერთმანეთისაგან განასხვავებს ქონებრივ და არაქონებრივ ზიანს. ქონებრივი ზიანი ქონებრივი სიკეთის ხელყოფით შემოიფარგლება. ქონებრივ ზიანში იგულისხმება არა მხოლოდ დაზარალებულის ქონებრივი აქტივების შემცირება, არამედ პასივების გაზრდაც (შდრ. გიორგი რუსიაშვილი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, მუხლი 408-ე, ველი 9, თბილისი, 2019).
37. ამასთან, მიზეზობრივი კავშირი სამართალდარღვევის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია. ანაზღაურდება მხოლოდ ისეთი ზიანი, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედებით იყო გამოწვეული. იმისათვის, რომ მოვალეს დაეკისროს პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გაირკვეს, წარმოადგენს თუ არა ზიანი მოვალის მოქმედების უშუალო შედეგს. სსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურდება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. პირი მხოლოდ მაშინ აგებს პასუხს ზიანისათვის, როცა მისი ქმედება ადეკვატურ კავშირშია დამდგარ შედეგთან/ზიანთან (causa principalis sine qua non) ანუ, დამდგარი ზიანი დარღვეული ვალდებულების რეალური და მოსალოდნელი შედეგია და მისი მიზეზობრივი კავშირი ქმედებასთან ობიექტური გადმოსახედიდან დასტურდება. სავარაუდობა სახეზეა, თუ შედეგის დაშვება შეგნებული მოვალის პერსპექტივიდან ობიექტურად შესაძლებელი იყო (შდრ. ჰ.ბიოილინგი, პ.ლუტრინგჰაუსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ცალკეული მოთხოვნის საფუძვლების სისტემური ანალიზი, თბილისი, 2009, გვ. 48). პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება მხოლოდ მაშინაა ზიანის მიზეზი, როცა ის უშუალოდაა დაკავშირებული დამდგარ ზიანთან. ამგვარად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მისი გამომწვევი ქმედების უშუალო, აუცილებელი, პირდაპირი შედეგია.
38. საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ზიანის ბრალეული მიყენების ფაქტი, ასევე განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი ეკისრება დაზარალებულ მხარეს ანუ კრედიტორს.
39. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2019 წლის 4 იანვარს შპს ,,ჩ–ას“ და შპს ,,ყ.ბ–ას“ შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც, გამყიდველს მყიდველისათვის უნდა მიეწოდებინა - ქათმის ნაკელი (საქონელი), ასევე 2019 წლის 24 იანვარს მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „ჩ–ას“ და შპს ,,ყ.ბ–ასათვის“ უნდა მიეწოდებინა ფრინველის ბუმბულისა და სისხლის ფქვილი. სწორედ აღნიშნული ნაწარმის ხარისხის შესახებ წარმოიშვა დავა მხარეებს შორის, რამდენადაც მოსარჩელემ სადავოდ გახადა შეძენილი პროდუქტის ვარგისიანობა მისი მოხმარების მიზნით.
40. ვარგისიანობის კვლევის ნაწილში მოსარჩელემ წარმოადგინა დასკვნები. კერძოდ, შპს დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი „ვ–ის“ კვლევა, რომლითაც დადგენილია, რომ შპს ,,ჩ–ასთან“ ხელშეკრულების დადებიდან და მათი პროდუქციის გამოყენებიდან მალევე, რამდენჯერმე შეინიშნა რძის ხარისხის გაუარესება, პარტნიორმა კომპანიებმა უკან დაუბრუნეს რძე შპს „ყ.ბ–ას“, ვინაიდან რძეში აღმოჩენილი იქნა ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკი.
41. დადგენილია, მოპასუხეს ზემოაღნიშნული მიზეზით წარედგინა პროდუქციის არაერთი წუნდების აქტი შპს „ყ.ბ–ას“ კონტრაქტორი კომპანიებისგან, რომლებიც მუდმივად ახორციელებდნენ რძის შესყიდვას და აქვთ რძის ხარისხის შესამოწმებლად სათანადო ლაბორატორიები. მათ რამდენჯერმე ლაბორატორიულად და დოკუმენტურად დაადასტურეს რძეში ანტიბიოტიკის არსებობა, რაზეც წარმოდგენილია დოკუმენტაცია: შპს ,,ს.ჯ.პ–ის“ მიერ რძის წუნდების და უკან დაბრუნების აქტები, შპს ,,ვ.ს–ოს“ მიერ რძის დაწუნების და უკან დაბრუნების აქტები, შპს ,,ვ.ს–ოს“ მენეჯერის ს.ვ–ძის წერილი დაბრუნებულ რძესთან დაკავშირებით და შპს ,,ვ.ბ.დ–ის“ კვლევითი ცენტრის მოსკოვის საგამოცდო ლაბორატორიის მიერ გაცემული გამოცდის ოქმი.
42. საქმეზე მოსარჩელემ ასევე წარმოადგინა E. H. Smoler – Consulting, Research for Argicultural Science Ltd (ID: 512730714) და საქართველოში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლაბორატორიის ლაბორატორიული ანალიზები, რომელთა საფუძველზეც დადგინდა, რომ დასტურდება მოპასუხის პროდუქციაში ტეტრაციკლინის კვალი.
43. ასევე დადგენილია, რომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამოცდო ლაბორატორიაში საანალიზოდ გადაგზავნილი ნიმუში 1 - ლუქი N83327590 - არის ბუმბულის ფქვილი, ხოლო ნიმუში 2 - ლუქი N83327640 არის ,,ქათმის ნაკელი“. ანალიზი ჩატარებულია მაღალი სიზუსტის აპარატურაზე (ულტრა ეფექტურ სითხურ ქრომატოგრაფზე - მას - სპექტრული დეტექტორით UPLC-MS), სადაც ტეტრაციკლინის ანტიბიოტიკის არსებობა ნიმუში 2-ში (ქათმის ნაკელში) დადასტურდა, ხოლო ბუმბულისა და სისხლის ნიმუშში ტეტრაციკლინის ნარჩენები არ აღმოჩნდა.
44. დადგენილია, რომ მოსარჩელემ 1 წლის განმავლობაში, 2018 წლის 17 ივლისიდან 2019 წლის 21 ივლისამდე, შპს ,,ჩ–ასგან“ შეიძინა 3669.2 ტონა პროდუქცია (ქათმის ნაკელი, სისხლი და ბუმბულის ფქვილი), აქედან 2692 ტონა ქათმის ნაკელი იყო ანტიბიოტიკებით მნიშვნელოვნად დაბინძურებული. კვების პროტოკოლის თანახმად, საკვებ დანამატად მოიხმარდა 6.7 კგ პროდუქტს/1 სულ საქონელზე/დღეში.
45. ზემოაღნიშნული გარემოებების საფუძველზე, მოსარჩელე მიუთითებს რომ ანტიბიოტიკის გაუთვითცნობიერებლად მოხმარებამ, არამხოლოდ უვარგისად აქცია რძე, არამედ შესაძლებელი გახადა თვითონ საქონლის ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი დაზიანება, გახშირდა მათი ზარალით რეალიზაცია, მკურნალობის არაეფექტიანობა და სიკვდილი. სწორედ ამიტომ, მოსარჩელის მოსაზრებით, ფერმაში საქონლის გაზრდილი დაავადებები (მასტიტები, ენდომეტრიტრები, დიარეები, პნევნომიები, აბორტები, ჩლიქის აბცესი და სხვა), მათ შორის გაშრობა (არამეწველად ქცევა) განაპირობა შპს ,,ჩ–ასგან“ შესყიდულმა პროდუქციამ.
46. პროდუქციაში/საკვებ დანამატში ანტიბიოტიკის არსებობამ, ამასთანავე აღნიშნული საკვები დანამატის რეგულარულად გამოყენებამ გამოიწვია რეზისტენტობის განვითარება, რამაც ჩატარებული მკურნალობა არაეფექტური გახადა, საბოლოოდ კი განაპირობა საქონლის სიკვდილიანობა ან/და გაშრობა (არამწეველად ქცევა). დამკვეთმა განმარტა, რომ აღნიშნულ პერიოდში ფერმაში პროდუქტიული საქონლის იძულებითი ჩანაცვლება არ დაემთხვა გეგმიურს. საქონლის გამოხშირვა და ზარალით რეალიზება მოხდა მათი გაუარესებული ჯანმრთელობის გამო. გეგმიური გამოხშირვა საშუალოდ 15-20%-ის ფარგლებში მერყეობდა, მოცემულ პერიოდში მონაცემები გაიზარდა 35-40%-მდე. პრობლემის დადგომამდე, მეცხოველეობის ფერმაში ანტიბიოტიკებით მკურნალობის დროული და ადეკვატური დაწყებით, სიკვდილიანობის მაჩვენებელი აღწევდა 9.5%-ს, ხოლო კოლიბაქტერიოზის, დიარეების, მასტიტების და სხვა დაავადებებით ინფიცირებისას სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაიზარდა - 35.8%-მდე.
47. წარმოდგენილი კვლევებით ზემოაღნიშნული გარემოებების საფუძველზე დადგინდა, რომ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ტეტრაციკლინით ან სხვა ანტიბიოტიკების ნარჩენებით მნიშვნელოვნად დაბინძურებული საკვების გამოყენება მერძეული პირუტყვის გამოსაკვებად დაუშვებელია. ასეთმა პროდუქტმა შესაძლოა გამოიწვიოს როგორც რძისა და მისგან წარმოებული პროდუქტების უვარგისობა, ისე ცხოველებში ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები და ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის განვითარება. შესაბამისად, ფერმაში დაავადებების გახშირება, მეწველი ფურების პროდუქტიულობის დაკარგვა, მათი იძულებითი რეალიზაცია და დასუსტებული ცხოველების სიკვდილი შესაძლოა დაკავშირებული ყოფილიყო შპს „ჩ–ასგან“ შესყიდული ანტიბიოტიკების ნარჩენებით დაბინძურებული პროდუქციის გამოყენებასთან.
48. აღნიშნულის საპირისპიროდ, მოპასუხის შედავება არსებითად გამორიცხავს მის ბრალეულობას მიწოდებული ნაწარმის სახელშეკრულებო ხარისხთან შეუსაბამობის კუთხით, რამდენადაც, უარყოფს ანტიბიოტიკის არსებობას პროდუქტში და ამავდროულად ტეტრაციკლინს არ მიიჩნევს აკრძალულ ანტიბიოტიკად. დამატებით, მოპასუხე მიუთითებს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა არ განსაზღვრავდა მოსარჩელისთვის მიწოდებული პროდუქციის გამოყენების მიზნებს, რაც შეუძლებელი იყო სცოდნოდა მოპასუხეს. დამატებით, კასატორი სადავოდ ხდის მოსარჩელის მიერ წარდგენილ ექსპერტიზის დასკვნებს. კასატორის შედავება ასევე ლაბორატორიის აკრედიტაციის არარსებობაზეც მიუთითებს (დამ. იხ. პირველი კასატორის საჩივარი).
49. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას და მიიჩნევს, რადგან დადგენილია, რომ 2019 წლის 24 ივლისს შპს ,,ყ.ბ–ას“ ფერმაში შპს ,,ჩ–ასგან“ შეძენილი ქათმის ნაკელისა და ბუმბულისა და სისხლის ფქვილისგან ლაბორატორიული კვლევისთვის ნიმუშები აიღო ლაბორატორიამ, რა დროსაც დაცული იყო კვლევის განხორციელების შესაბამისი წესები, რომელთა დარღვევის შესახებ მტკიცების ტვირთი მოპასუხეს ჰქონდა გადაკისრებული, თუმცა იყო თუ არა რეალურად დარღვევა სახეზე და რაში გამოვლინდა, მოპასუხეს არ მიუთითებია სათანადოდ. ასევე დადგენილია, რომ ნიმუშები დაილუქა შესაბამისი ლუქებით, ნომრებით: 1. 83327590; 2. 83327640; ნიმუშის აღების პროცესს ესწრებოდნენ შპს ,,ყ.ბ–ას“ ვეტერინარი და სსიპ სურსათის უვნებლობის სააგენტოს ყვარლის ინსპექტორი (ვეტერინარი).
50. აღნიშნული კუთხით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხის შედავება წარდგენილი დასკვნების მტკიცებითი ღირებულების შესახებ არ უნდა იქნეს გაზიარებული, რამდენადაც მისი მარტოოდენი მითითება შესაბამისი სახის შემხვედრი მტკიცების გარეშე ვერ შექმნის შეპასუხების საკმარის ძალას იმისთვის, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები გაბათილდეს. კერძოდ, იმ ვითარებაში, როდესაც მოპასუხეს არ წარმოუდგენია მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულების გამაბათილებელი თანაბარმნიშვნელოვანი მტკიცებულება, იქნებოდა ეს ექსპერტიზის დასკვნა, სპეციალისტის მოსაზრება თუ სხვაგვარი პროფესიული ანალიზი (მაგ. ნაწარმში დასახელებული ნივთიერებების არარსებობის შესახებ), მხოლოდ ზეპირსიტყვიერი პოზიცია, რომელიც არაფერს ამტკიცებს და მხოლოდ ვარაუდებზეა დამოკიდებული, ვერ უგულებელყოფს მოსარჩელის მიერ წარდგენილ კვლევას, თუნდაც შედავება მიუთითებდეს მისი ჩამტარებელი სუბიექტის აკრედიტაციის არარსებობაზე. ასეც რომ არა, საქმეზე მოსარჩელემ პარალელურად წარადგინა ისრაელური კომპანიის კვლევა, პროდუქციის დაწუნების აქტები და რძის პროდუქციის შემძენი კომპანიების მხრიდან ჩატარებული კვლევის შედეგები, რომელთა კუმულაციური ანალიზით დგინდება სადავო ნაწარმში ანტიბიოტიკის არსებობა. დამატებით გასათვალისწინებელია ისიც, რომ მხარეებს შორის არსებულ მიმოწერაში მოსარჩელე მოპასუხეს ინფორმაციას აწვდის ანტიბიოტიკების სავარაუდო არსებობაზე, რის შემდგომაც, მოპასუხეს შეეძლო თავადვე მოემზადებინა ალტერნატიული კვლევა და გაექარწყლებინა მოსარჩელის მტკიცება, რომ რეალურად, მოპასუხე არ იყენებდა ანტიბიოტიკს და შესაბამისად, შეუძლებელი იქნებოდა მისი აღმოჩენა ნაწარმში. რამდენადაც მოპასუხე მხარეს არ ჰქონდა წარმოდგენილი შესაბამისი სახის თანაბარმნიშვნელოვანი მტკიცებულება, განსხვავებით მოსარჩელისგან, რომელმაც სხვადასხვა სახის მტკიცებულება წარადგინა, სააპელაციო პალატას უნდა შეეფასებინა მის ხელთ არსებული მოსარჩელის მტკიცებულებები, რაც მან მართლზომიერად განახორციელა. კერძოდ, სააპელაციო პალატამ სწორად მიუთითა, რომ ექსპერტიზის დასკვნის შეფასებისას, (იმდენად რამდენადაც იგი სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კომპეტენციას ეფუძნება) ყურადღება უნდა მიექცეს რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: გამოსაკვლევად მიწოდებულ მასალას, მის კვლევით ნაწილს, რადგან სწორედ კვლევითი ნაწილია ასახული საბოლოო დასკვნაში. მტკიცებულების გამოკვლევა უპირველესად გულისხმობს მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას. სასამართლო ვალდებულია, საქმეში არსებული მტკიცებულებები შეაფასოს მათი შინაარსის და იურიდიული დამაჯერებლობის კუთხით, რაც გულისხმობს ყველა იმ ობიექტური თუ სუბიექტური კრიტერიუმების განხილვას და გამორიცხვას, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მტკიცებულების სისწორეზე. ზემოაღნიშნული სტანდარტის გათვალისწინებით, საკასაციო პალატაც მიიჩნევს, რომ წარდგენილი მტკიცებულებებით ნამდვილად დადგენილია ნასყიდობის საგანში ანტიბიოტიკის არსებობა. კვლევაში მითითებულია, რომ დაუშვებელია ანტიბიოტიკით მნიშვნელოვნად გაჯერებული საკვებით სისტემატურად იკვებებოდეს პირუტყვი. განსაკუთრებით იმ ვითარების გათვალისწინებით, როდესაც საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 დეკემბრის N639 დადგენილება კრძალავს როგორც ზოგადად ანტიბიოტიკის, ისე ტეტრაციკლინის ან მათი ნარჩენის არსებობას ცხოველური წარმოშობის სურსათში (ან ლიმიტირებულად უშვებს). თუ კი დადასტურდება, რომ აღნიშნული პრეპარატები შედის რძის ან რძის პროდუქტების შემადგენლობაში, პროდუქტი ხდება საკვებად უხარისხო. ამასთან, დადგენილია, რომ ასეთი პროდუქტებით დაბინძურებული საკვები დანამატების განგრძობადი გამოყენება იწვევს საქონლის ჯანმრთელობის მნიშვნელოვან დაზიანებას. სწორედ აღნიშნული დასაბუთების საფუძველზე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ ექსპერტიზის კვლევებში მითითებული დასკვნები დასაბუთებულია, მოსარჩელემ შეძლო საკუთარი მტკიცების სტანდარტის ამ ნაწილში დაკმაყოფილება განსხვავებით მოპასუხისგან, რომელიც მხოლოდ ზეპირსიტყვიერად შემოიფარგლა დაეცვა საკუთარი პოზიცია. აქედან გამომდინარე, ცალსახაა, რომ მოპასუხის მიერ გადაცემულმა ნაწარმმა გამოიწვია მოსარჩელის საკუთრებაში არსებული საქონლის მოწამვლა/დაავადება, არამეწველად ქცევა, ასევე, სიკვდილიანობის პროცენტულობის ზრდაც სწორედ აღნიშნულ ნაწარმის გამოყენებას ემთხვევა, ამიტომ გონივრულად მაღალია იმის ალბათობა, რომ მოპასუხის მიერ გადაცემული პროდუქტით გამოკვებილი პირუტყვის კვდომა სწორედ აღნიშნულმა მიზეზმა განაპირობა. ამ კუთხით, მოპასუხეს არ წარუდგენია საპირისპირო არგუმენტირებული რელევანტური მტკიცებულება.
51. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ ექსპერტიზის დასკვნაში კონკრეტულად არის მითითებული ზიანის წარმოშობის განმაპირობებელი გარემოებები და აღწერილია ის შესაძლო შედეგები, რომლებიც პირუტყვის ანტიბიოტიკებით გაჯერებული საკვებით ხანგრძლივად გამოკვებას შეიძლება მოჰყოლოდა. საქმის მასალებით (მხარეთა შორის ელექტრონული ფოსტის მიმოწერა) ასევე დასტურდება, რომ მოპასუხე უარყოფდა მის მიერ მიწოდებულ საქონელში ანტიბიოტიკების გამოყენებას. მოპასუხის აპელირება იმ გარემოებაზე, რომ ნიმუში აღებულია ერთი კონკრეტული მასალიდან და აღნიშნული არ შეიძლება მოიაზრებდეს სრულ პროდუქციასთან მიმართებით ანტიბიოტიკის შემცველობას, ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მხრიდან, რამდენადაც იმ პირობებში, როდესაც კონკრეტულ შესასწავლ ნიმუშში აღმოჩნდა ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკის შემცველობა, არსებული ზიანიდან გამომდინარე, ივარაუდება, რომ აღნიშნულ ნივთიერებას შეიცავდა სრულად მიწოდებული პროდუქცია, რისი გაქარწყლება მოპასუხე მხარის ვალდებულებას შეადგენდა და რაც მისი მხრიდან არ განხორციელებულა, შემხვედრი კვლევის ჩატარების გზით.
52. რაც შეეხება კასატორის შედავებას პრეპარატის ლეგალურობაზე, რომ საქართველოს კანონმდებლობით ტეტრაციკლინის შემცველი ვეტერინარული პრეპარატები არ არის აკრძალული, ასევე, შედავება, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის დროს მოსარჩელის მიერ ნაწარმის გამოყენების მიზნობრიობა მოპასუხისთვის უცნობი იყო - ვერ იქნება გაზიარებული. საკასაციო პალატა იზიარებს მოსარჩელის მტკიცებას და მიიჩნევს, რომ წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა პროდუქციის ნაკლი - სახელშეკრულებო ხარისხის არარსებობა (ხელშეკრულების ხელშეკრულების 2.1.3 პუნქტის შესაბამისად, გამყიდველს ევალებოდა მყიდველისათვის მიეწოდებინა საქონელი, რომელიც არ შეიცავდა აკრძალულ ვეტ-პრეპარატების ნარჩენებს), რაც საბოლოოდ გახდა კიდეც მოსარჩელის ზიანის მიყენების საფუძველი. ამ კონტექსტში, მოპასუხის შედავება გულისხმობს იმას, რომ მან არ იცოდა პროდუქტის გამოყენების მიზნობრიობა, რაც მისი მოსაზრებით ბრალეულობის გამომრიცხველი გარემოებაა. აღნიშნულ პოზიციას საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, რამდენადაც მოსარჩელის საქმიანობის სპეციფიკა და ის შესაბამისი ბაზარი, რაზეც ოპერირებს, როგორც მსხვილი ბიზნესსუბიექტი, მოპასუხისთვის ცნობილი იყო, მით უმეტეს იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ თავად მოპასუხეც მსხვილი ბიზნესოპერატორია. აქედან გამომდინარე, სასამართლოსთვის ნაკლებსარწმუნოა მტკიცება, რომ თითქოს შპს „ჩ–ამ“ არ იცოდა რა ინტერესი, რა მიზანი ჰქონდა შესყიდული პროდუქციით მოსარჩელეს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც დადასტურებულია, რომ ხელშეკრულება ზღუდავდა აკრძალული ვეტ-პრეპარატების გამოყენებას, რის შესახებაც დამატებითი მიმოწერა ჰქონდათ მხარეების ანტიბიოტიკების გამოყენების დაუშვებლობის შესახებ. კასატორი უთითებს, რომ ტეტრაციკლინი არ მოიაზრება აკრძალულ ანტიბიოტიკად, თუმცა წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაში ნათლადაა მითითებული, რომ ანტიბიოტიკის ხანგრძლივი დროით გამოყენება საკვებში დაუშვებელი და უარყოფითი ზემოქმედების მომხდენია. აქვე ხაზგასასმელია ისიც, რომ მოსარჩელემ თავის დაზღვევის მიზნით გადაამოწმა კიდეც ნაწარმის სანდოობა მოპასუხესთან კომუნიკაციის გზით, როდესაც წერილით კითხვა გაუგზავნა ანტიბიოტიკების მოხმარების შესახებ, რაც უარყო მოპასუხემ. აღნიშნული გარემოებები ერთობლიობაში მეტყველებს იმაზე, რომ მოსარჩელეს ჰქონდა ინტერესი მიეღო ნებისმიერი შესაბამისი სახის ანტიბიოტიკისგან თავისუფალი პროდუქტი, რომლის შესახებაც იცოდა მოპასუხემ, თუმცა აღმოჩნდა, რომ მოსარჩელის ინტერესისა და მიზნის უგულებელყოფით, მოპასუხემ სახელშეკრულებო ვალდებულება არ შეასრულა პირნათლად. მის მიმართ წარდგენილი წერილის შემდგომ (ნაწარმის სანდოობის შესახებ) კვალიფიციური ბიზნესსუბიექტი გადაამოწმებდა ნაწარმის ხარისხის შესაბამისობას და კრედიტორს გადასცემდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სტანდარტის მიხედვით, რაც, როგორც ჩანს, მან არ გააკეთა, შედეგად სახეზეა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ცხოველების კვდომა/მოწამვლა/დაავადება, რაც მიღებული ნაწარმის უხარისხობასთან მიზეზობრივ კავშირშია. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე როგორც სახელშეკრულებო, ისე კანონისმიერი შეზღუდვებით, ასევე კრედიტორთან აქტიური კომუნიკაციით იყო ვალდებული არ გამოეყენებინა ანტიბიოტიკი ნაწარმში, მან გამოყნების ფაქტი უარყო და მოსარჩელეს არ მიაწოდა პროდუქციის რეალური შემადგენლობის შესახებ სრული ინფორმაცია, რაც გახდა ზიანის დადგომის საფუძველი, ამიტომ მითითება, რომ ხელშეკრულებაში პროდუქციის გამოყენების მიზანი არ იყო განმარტებული, ბრალეულობის გამორიცხვის არასაკმარისი საფუძველია. ამ კუთხით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას, რომლის მიხედვით, შეძენილი პროდუქტის საკვებ დანამატად გამოყენების აკრძალვა კანონმდებლობით განსაზღვრული არ ყოფილა, რის გამოც შპს ,,ჩ–ას’’, როგორც მეწამე სუბიექტს, სულ მცირე ევალებოდა შესაბამისი გაფრთხილების მიცემა შემსყიდველი კომპანიისათვის ანტიბიოტიკის შემცველობასთან დაკავშირებით, მით უფრო შპს ,,ყ.ბ–ას’’ საქმიანობიდან გამომდინარე, არსებობდა აღნიშნული ანტიბიოტიკის რძეში მოხვედრის საფრთხე.
53. პირველი კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ ლაბორატორიული კვლევისთვის ნიმუში აღებული იყო მხოლოდ ერთი კონკრეტული მასალიდან და, შესაბამისად, აღნიშნული შედეგი ვერ გავრცელდებოდა მთლიანად მიწოდებულ პროდუქციაზე, სასამართლოს მიერ გაზიარებულ ვერ იქნება. იმ პირობებში, როდესაც გამოკვლეულ ნიმუშში დადასტურდა ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკის არსებობა და აღნიშნული გარემოება მიზეზობრივ კავშირშია დადგენილ ზიანთან, საფუძვლიანადა მიჩნეული, რომ შესაბამისი ნივთიერების შემცველობა არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ გამოკვლეული ნიმუშით. ამგვარი ვარაუდის გაქარწყლება კი, კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, მოპასუხე მხარის მტკიცების საგანს წარმოადგენდა. მიუხედავად ამისა, მოპასუხეს არ წარმოუდგენია შესაბამისი სახის მტკიცებულება, მათ შორის, შემხვედრი ლაბორატორიული კვლევის შედეგები, რომელიც აღნიშნულ გარემოებას ეჭვქვეშ დააყენებდა.
54. საკასაციო პალატა სამოქალაქო კოდექსის 318-ე (ვალდებულებიდან შეიძლება გამომდინარეობდეს ამა თუ იმ ინფორმაციის მიღების უფლება. ინფორმაციის გაცემა უზრუნველყოფილი უნდა იყოს მაშინ, როცა მას მნიშვნელობა აქვს ვალდებულების შინაარსის განსაზღვრისათვის და კონტრაჰენტს შეუძლია საკუთარი უფლების შელახვის გარეშე გასცეს ეს ინფორმაცია. ინფორმაციის გაცემის ხარჯები ვალდებულ პირს უნდა აუნაზღაუროს მისმა მიმღებმა.), მე-8 მუხლის მე-3 (სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი.) და 316-ე მუხლის მე-2 ნაწილების (თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას), ასევე სსკ-ის 1009-ე მუხლის პირველი (წუნდებული პროდუქტის მწარმოებელი პასუხს აგებს ამ პროდუქტით გამოწვეული ზიანისათვის, მიუხედავად იმისა, იმყოფებოდა თუ არა იგი სახელშეკრულებო ურთიერთობაში დაზარალებულთან) და 1010-ე მუხლის პირველი ნაწილების (პროდუქტი წუნდებულად მიიჩნევა, თუ იგი არ უზრუნველყოფს იმ საიმედოობას, რომელიც, ყველა გარემოების გათვალისწინებით, მოსალოდნელი იყო ამ პროდუქტისაგან) შესაბამისად მოცემული საქმის ფარგლებში განმარტავს, რომ მოპასუხე მხარემ დადასტურებულად მიაწოდა მოსარჩელეს ტეტრაციკლინის შემცველი ნაწარმი ისე, რომ ამის შესახებ ინფორმაცია დამალა მაშინ, როდესაც როგორც ხელშეკრულებისა და მხარეთა კომუნიკაციით აშკარად ჩანდა მოსარჩელის ინტერესი - მიეღო მსგავსი ნივთიერებებისგან თავისუფალი ნაწარმი. აღნიშნული ინტერესი ცალსახად ცნობილი იყო მოპასუხისთვის, ამიტომ კეთილსინდისიერების სამოქალაქო სამართლებრივი ვალდებულება მოპასუხეს სულ მცირე ინფორმაციის სრულად მიწოდებას ავალდებულებდა, რაც მან არ შეასრულა. აქედან გამომდინარე, ცალსახაა, რომ სახეზეა ზიანის გამომწვევი უხარისხო პროდუქციის მიწოდების ფაქტი, რამაც რეალურად წარმოშვა კიდეც ზიანი მოსარჩელის მიმართ.
55. რაც შეეხება ზიანის ოდენობის შეფასებას, ამ კუთხით საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს პირველი კასატორის შედავებას, რამდენადაც კასაციური არგუმენტაცია არ ქმნის სააპელაციო პალატის მსჯელობის გაქარწყლების საკმარის დასაბუთებას: მოსარჩელეს ზიანის ოდენობის განსაზღვრისთვის წარდგენილი ჰქონდა აუდიტორის 2020 წლის 19 ივნისის დასკვნა, რომლის მიხედვით, დადგინდა, რომ შპს ,,ყ.ბ–ასთვის“ მიყენებული ზიანის ოდენობამ შეადგინა - 1 631 823 ლარი, რაც მოიცავს: - 2018 წლის ივლისიდან - 2019 წლის ივლისის ჩათვლით შეძენილ 2692 ტონა უვარგისი ქათმის ნაკელის და მისი ტრანსპორტირების ღირებულებას - 242 426 ლარს, ასევე სისხლისა და ბუმბულის ფქვილის, საერთო ღირებულებას - 98 230 ლარს; - 75 440 ტონა რძის ხარისხის გაუარესებისა და მისი საბაზრო ფასზე დაბალ ფასად რეალიზაციიდან გამომდინარე დამდგარ ზიანს - 15 414.90 ლარს, უკან ტრანსპორტირების ხარჯს - 570 ლარს (ჯამში - 15 984.90 ლარი); - უვარგისი და გადასაღვრელი 40 ტონა რძის ღირებულებას - 48 800 ლარს; - საკვებ დანამატში ანტიბიოტიკის არსებობით განპირობებული პირუტყვის სიკვდილიანობიდან (2019 წლის 1 იანვრიდან - 25 ივლისამდე შეადგინა - 115 ძროხა, 8 დეკეული, 22 ხბო) და აბორტიდან გამომდინარე, ზიანს - 746 312.24 ლარს; - ასევე, 2018 წლის 1 აგვისტოდან - წლის ბოლომდე, პირუტყვის სიკვდილიანობიდან (79 ძროხა, 8 დეკეული, 36 ხბო) გამომდინარე ზიანს - 450 971.53 ლარს; - ლაბორატიული შემოწმებისათვის გაწეულ ხარჯს - 1500 ევროს (5 026 ლარი); - შემოსავლების სამსახურის მიერ კომპანიისათვის დაეკისრებულ ჯარიმას - 24 071 ლარს.
56. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი აღნიშნული დასაბუთება საკმარისი საფუძველია იმისთვის, რომ აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს, რამდენდაც საპირისპირო, გამაქარწყლებელი მტკიცებულება მოპასუხეს ამ კუთხითაც არ წარუდგენია, ხოლო სასამართლომ გამართლებულად მიიჩნია მოთხოვნის დაკმაყოფილება წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე.
57. რაც შეეხება მეორე კასატორის (მოსარჩელის) შედავებას მიუღებელი შემოსავლის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, საკასაციო პალატა ვერც აღნიშნულ პრეტენზიას გაიზიარებს, რამდენადაც სახეზე არ არის სსკ-ის 411-ე მუხლით განსაზღვრული მიუღებელი შემოსავლის დამადასტურებელი ნიშნები.
58. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
59. მიუღებლად მიიჩნევა შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. საკასაციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში ასახული განმარტების თანახმად, ზემოაღნიშნული ნორმის მიხედვით, სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, იგულისხმება მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება. ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ განაცდური მოგება (lucrum cessans). მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელიც არ იარსებებდა, ხელშეკრულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირი კავშირი გულისხმობს მოვლენების, მოქმედებისა და შედეგის იმ ლოგიკურ ბმას, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს (იხ.: სუსგ. №ას-754-2021, 02.12.2021წ.).
60. მოცემულ შემთხვევაში, მეორე კასატორი (მოსარჩელე) მიუთითებს, რომ მიუღებელი შემოსავალი გამომდინარეობს იმ ფაქტიდან, რომ უხარისხო ნაწარმით გამოწვეულმა პირუტყვის კვდომამ კომპანიისთვის დაახლოებით 2.3 მილიონი ლიტრი რძის მიუღებლობა გამოიწვია. მისი ღირებულება კი შეადგენს მინიმუმ 2 872 000 ლარს. კომპანია იძულებული გახდა დამატებით შეესყიდა საქონელი, რომლის ღირებულებამაც შეადგინა 1 204 000 ლარი, რის გამოც კომპანიას მოუხდა დამატებით სესხის მიღება, სესხის მომსახურების პროცენტმა შეადგინა 84 000 ლარი. საერთო ჯამში მოსარჩელეს მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 3 068 500 ლარი.
61. საკასაციო პალატა მიუთითებს სსკ-ის 412-ე მუხლის დანაწესზე (ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.) და მიიჩნევს, მოსარჩელეს უნდა დაედასტურებინა, რომ სწორედ აღნიშნულ შემოსავალს მიიღებდა, რომ არა ზიანის არსებობა. აღნიშულის დასადასტურებლად, მოცემულ შემთხვევაში, არ არის საკმარისი მტკიცებულებები წარდგენილი, მით უმეტეს მაშინ, როდესაც მიუღებელი შემოსავლის დადასტურებას სჭირდება შედარებით მაღალი სტანდარტით დაცული მტკიცების ტვირთის დაკმაყოფილება. ამ შემთხვევაში კი მიუღებელი შემოსავლის ოდენობა არ არის მკაფიოდ დადასტურებული, რაც ვერ ქმნის დასახელებული ნორმის საფუძველზე მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. მიუღებელი შემოსავლის, როგორც მართლსაწინააღმდეგო ქმედების თანამდევი შედეგის, არსებობა ობიექტურ მონაცემებს უნდა ემყარებოდეს და არ უნდა შორდებოდეს სამართლებრივ და ეკონომიკურ განსაზღვრულობას. ზიანის არსებობის ფაქტი მიუღებელი შემოსავლის მტკიცების პროცესშიც მაკვალიფიცირებელი გარემოებაა, კერძოდ, მან გამოხატვა უნდა ჰპოვოს ეკონომიკურ ერთეულში და მისი მიღება შესაძლებელი უნდა იყოს ობიექტურად, სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების საფუძველზე. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით უნდა განისაზღვროს ზიანის ანაზღაურება ისე, რომ ამას არ მოჰყვეს მეორე მხარის უსაფუძვლო გამდიდრება. მიუღებელი შემოსავლის დასადასტურებლად აუცილებელია მტკიცებულებების არსებობა აშკარა ქონებრივი დანაკლისის დასასაბუთებლად, უსაფუძვლო გამდიდრების გამორიცხვისთვის. ამდენად, მიუღებელი შემოსავლის განსაზღვრულობის კრიტერიუმებით შემოფარგვლა უსაფუძვლო გამდიდრების და სამოქალაქო ბრუნვის სუბიექტთა ინტერესთა წონასწორობის რღვევის პრევენციას ახდენს.
62. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზიანის ოდენობის განსაზღვრა იმ განცდილი ზიანის კომპენსირებაში მდგომარეობს, რომელიც მოსარჩელეს მიადგა მოპასუხის ქმედებით. განცდილი ზიანის ოდენობა კი, განეკუთვნება არა სამართლის, არამედ ფაქტის საკითხს. ფაქტობრივ გარემოებებზე მითითება და რელევანტური მტკიცებულებების წარდგენა კი, მოსარჩელის საპროცესო ვალდებულება იყო, რაც მოცემულ შემთხვევასი არასათანადოდ იქნა მითითებული.
63. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის საკასაციო საჩივრები და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ჩ–ას“, ასევე შპს „ყ.ბ–ას“ საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილება;
3. შპს „ჩ–ას“, ასევე შპს „ყ.ბ–ას“ მიერ საკასაციო ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
ა. კოჭლამაზაშვილი