დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-938-2026 22 სექტემბერი, 2026 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნიკოლოზ მარსაგიშვილი (თავმჯდომარე),გოჩა ჯეირანაშვილი (მომხსენებელი), ლაშა ქოჩიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ა.კ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ტ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 08 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 08 აპრილის განჩინებით ა.კ–ძის (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც სს „ტ–ის“ (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „ბანკი“) სარჩელი დაკმაყოფილდა; დადგინდა, რომ მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნეს და მესაკუთრე მოსარჩელეს გამოთავისუფლებული სახით გადაეცეს უძრავი ქონება, მდებარე - ქ. ბათუმი, ქუჩა ........, საკადასტრო კოდი: ...........
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. უძრავი ქონება, მდებარე - ქ. ბათუმი, ქუჩა ........, საკადასტრო კოდი: .........., 11/04/2023 წლიდან წარმოადგენს ბანკის საკუთრებას (ს.ფ. 13-14). უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია სააუქციონო სახლის 10/04/2023 წლის N230456359 განკარგულება;
2.2. ბანკის მიერ შეძენილ სადავო უძრავ ქონებას ფაქტობრივად ფლობს ქონების წინა მესაკუთრე მოპასუხე, რის გამოც მოსარჩელეს ხელი ეშლება საკუთრებით სარგებლობაში და ვერ ახერხებს ქონების გამოყენებას;
2.3. მოპასუხეს უძრავი ქონების, მდებარე - ქ. ბათუმი, ქუჩა .........., საკადასტრო კოდი: ........., მართლზომიერი ფლობის უფლება არ გააჩნია.
3. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხის ძირითად პრეტენზიას წარმოადგენდა სადავო უძრავი ქონების მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრაციის საფუძველი, კერძოდ, მისი საკუთრების გასხვისება მოხდა მისივე ინფორმირების გარეშე, მისთვის არ უცნობებიათ უძრავი ქონების გასხვისების შესახებ და, ვინაიდან იხდიდა სესხის პროცენტს, უნდა სცოდნოდა ბანკის მოთხოვნის ოდენობა.
4. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობდა სანივთო უფლებიდან, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის ფარგლებში სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენდა იმ საკითხის გარკვევა-შეფასება, მოპასუხეს გააჩნდა თუ არა სადავო უძრავი ქონების მართლზომიერი ფლობის უფლება და არსებობდა თუ არა რეგისტრირებული მესაკუთრის - ბანკის ვინდიკაციური მოთხოვნის გამომრიცხავი გარემოება.
5. სააპელაციო პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოება, რომ მოპასუხეს არ აქვს მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონების ფლობის უფლება, რადგან საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ უძრავი ნივთის კანონისმიერი ფლობა შეწყვეტილია და უძრავი ნივთი თავისუფალია ყოველგვარი შეზღუდვისაგან, საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რაც მოპასუხის მხრიდან უძრავი ნივთის მართლზომიერად ფლობის ფაქტს დაადასტურებდა, საქმეში არ არის წარმოდგენილი. მოპასუხე მიუთითებდა მხოლოდ იმის შესახებ, რომ უძრავი ნივთის გასხვისება მისთვის არ უცნობებიათ, რაც სასამართლომ სარჩელის განხილვის დროს არ შეაფასა და არ გამოიკვლია. პალატამ აღნიშნული მსჯელობის წინააღმდეგ მიუთითა სსკ-ის 312-ე მუხლზე და განმარტა, რომ საჯარო რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. მართალია, მოპასუხე მიუთითებდა, რომ მისი საკუთრების გასხვისების შესახებ არ უცნობებიათ, თუმცა აღნიშნული ვერ გახდებოდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული დავის განხილვის ეტაპზე, მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული საჯარო რეესტრის ჩანაწერი გაუქმებული არ იყო.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგ საფუძვლებზე მითითებით:
6.1. კასატორს სჭირდება გარკვეული დრო მოსარჩელესთან არსებული დავალიანების დაფარვის მიზნით. იგი აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებს ახალი სესხის მიღების თაობაზე, მაგრამ აღნიშნული ვერ ხორციელდება მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაციის ხარვეზის გამო, რის გამოსწორებასაც სჭირდება გარკვეული დრო;
6.2. კასატორის ქონება გასხვისდა მისი ჩართულობის გარეშე. მას არ აცნობეს ქონების განკარგვის შესახებ. მას უნდა სცოდნოდა, რომ ბანკს პრეტენზია და მოთხოვნა ჰქონდა მისი ქონების მიმართ და რა იყო ამ მოთხოვნის ოდენობა. კასატორი თვეების განმავლობაში იხდიდა პროცენტს, მაგრამ ბოლოს ბანკმა უარი უთხრა თანხის მიღებაზე;
6.3. კასატორს არ გააჩნია სხვა საცხოვრებელი სახლი.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 30 ივლისის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
9. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
10. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
11. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია სსკ-ის 172.1. მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა [სსკ-ის 170.1 მუხლი: მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. 172.1 მუხლი: მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება]. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
12. დადგენილია, რომ უძრავი ქონება, მდებარე - ქ. ბათუმი, ქუჩა .........., საკადასტრო კოდი: ......., 11/04/2023 წლიდან წარმოადგენს ბანკის საკუთრებას (ს.ფ. 13-14). უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია სააუქციონო სახლის 10/04/2023 წლის N230456359 განკარგულება. ბანკის მიერ შეძენილ სადავო უძრავ ქონებას ფაქტობრივად ფლობს ქონების წინა მესაკუთრე მოპასუხე, რის გამოც მოსარჩელეს ხელი ეშლება საკუთრებით სარგებლობაში და ვერ ახერხებს ქონების გამოყენებას. მოპასუხეს უძრავი ქონების, მდებარე - ქ. ბათუმი, ქუჩა .........., საკადასტრო კოდი: ........, მართლზომიერი ფლობის უფლება არ გააჩნია (იხ. წინამდებარე განჩინების 2.1.-2.3 ქვეპუნქტები).
13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო საქმის წარმოება მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე ხორციელდება [სსსკ-ის 4.1. მუხლი: სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები]. აღნიშნული პრინციპის რეალიზება მოდავე მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის სწორი განაწილების პირობებშია შესაძლებელი.
14. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით [სსსკ-ის 102-ე მუხლი].
15. მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოპასუხის მხოლოდ ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.
16. დადგენილია, რომ მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (იხ. ს. ფ. 13), რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა, ხოლო მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერების დამადასტურებელი რაიმე რელევანტური და სათანადო მტკიცებულება.
17. საკასაციო საჩივარში კასატორი აღნიშნავს, რომ მას სხვა საცხოვრისი არ გააჩნია, რასთან დაკავშირებითაც საკასაციო სასამართლო კასატორს განუმარტავს, რომ პირის უფლება სოციალურ უზრუნველყოფაზე, მათ შორის, საცხოვრებელი ბინით, სახელმწიფოსა და თავად ამ პირის ურთიერთობის ფარგლებში ექცევა და ვერ გახდება სხვა პირის უფლებების შეზღუდვის საფუძველი (იხ. სუსგ საქმე №ას-897-2020, 23 აპრილი, 2021 წელი; №ას-1017-2024, 28 ნოემბერი, 2024 წელი). მესაკუთრის ინტერესი, არ დაუშვას სხვა პირის მიერ ქონების უკანონოდ სარგებლობა, აღემატება მფლობელის ინტერესს, რომელიც ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის საფუძვლიანობას ვერ ადასტურებს (შედ. იხ. სუსგ საქმე №ას-1315-2018, 31 იანვარი, 2019 წელი). ამ საკითხისადმი სხვაგვარი მიდგომა წინააღმდეგობაში მოვიდოდა „საკუთრების მშვიდობიანი სარგებლობის უფლების“ პრინციპთან, რაც ევროკონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლით მესაკუთრის მიერ ქონების საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგვის უფლებას გარანტირებულს ხდის. გარდა ამისა, საწინააღმდეგო შემთხვევაში, შეუსაბამობა გამოიკვეთებოდა მოქმედ ეროვნულ კანონმდებლობასთანაც, რომლითაც საკუთრებით სარგებლობის თაობაზე მესაკუთრის უფლება აღიარებულია და მფლობელს მესაკუთრის პირისპირ უპირატესობა მხოლოდ მაშინ შეიძლება მიენიჭოს, თუკი მისი მფლობელობა მართლზომიერად იქნება მიჩნეული (სსკ-ის 159-ე და 162-ე მუხლები) (იხ. სუსგ საქმე №ას-577-2019, 28 თებერვალი, 2020 წელი).
18. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, იმისათვის, რომ პირმა შეძლოს საკუთრების უფლებით პრაქტიკული სარგებლობა, არ არის საკმარისი მისთვის აბსტრაქტული საკუთრებითი გარანტიის მინიჭება. მან ასევე უნდა ისარგებლოს იმგვარი სამოქალაქო, კერძოსამართლებრივი წესრიგით, რომელიც შესაძლებელს გახდის საკუთრების უფლებით შეუფერხებელ სარგებლობას და, შესაბამისად, სამოქალაქო ბრუნვის განვითარებას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-33). საკუთრება უპირობოდ დაცული ფასეულობაა, იმის მიუხედავად, თუ რა ღირებულების მფლობელობაა სახეზე და რა სოციალური ტვირთის მატარებელია იგი (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის N1/2/411 გადაწყვეტილება საქმეზე შპს „რუსენერგოსერვისი“, შპს „პატარა კახი“, სს „გორგოტა“, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო „ფერმერი“ და შპს „ენერგია“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ”, II-23).
19. ამდენად, ვინდიკაციური სარჩელის შემთხვევაში მოპასუხის არგუმენტი, რომ არ აქვს სხვა საცხოვრისი, არ არის საკმარისი მტკიცებულება საიმისოდ, რომ შეაფერხოს სასარჩელო მოთხოვნის განხორციელება ან საერთოდ გამორიცხოს მისი დაკმაყოფილება. რაც შეეხება კასატორის სხვა პრეტენზიებს, ისინი სცდება ვინდიკაციური სარჩელის დავის საგნის ფარგლებს.
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
21. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ა.კ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორს ა.კ–ძეს დაუბრუნდეს ზ.გ–ძის მიერ 2026 წლის 17 ივლისს №47786933246 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის 70% – 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. მარსაგიშვილი
მოსამართლეები: გ. ჯეირანაშვილი
ლ. ქოჩიაშვილი