დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
08 სექტემბერი 2026 წელი
საქმე №ას-1022-2026 ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები - ლ.გ–ძე (მოპასუხე)
ვ.ს–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ლ.ხ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 02 ივლისის განჩინება სააპელაციო საჩივრების განუხილველად დატოვების შესახებ
მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2026 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით ლ.ხ–ძის სარჩელი ვ.ს–ძისა და ლ.გ–ძის მიმართ დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ზიანის ანაზღაურება 7911.81 ლარი, ასევე ხარჯთაღრიცხვის საფასური - 376.75 ლარი, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 177.35 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი. ამავე განჩინებით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 24 იანვრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დარჩა ძალაში.
2. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრებით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა ლ.გ–ძემ და ვ.ს–ძემ, მოითხოვეს მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ სააპელაციო საჩივრები მიღებული იქნა წარმოებაში და მათი განხილვის მიზნით, დაინიშნა საქმის ზეპირი მოსმენა 2026 წლის 02 ივლისს, 11:00 საათზე.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 02 ივლისის განჩინებით ლ.გ–ძის და ვ.ს–ძის სააპელაციო საჩივრები რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2026 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი აპელანტების სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, შემდეგი ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთებით:
4.1. 2026 წლის 20 მაისს აპელანტებს ლ.გ–ძესა და ვ.ს–ძეს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობათ, რომ სააპელაციო საჩივრების განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენით - 2026 წლის 02 ივლისს 11:00 საათზე. ამასთან, მხარეები გაფრთხილებული იქნენ არასაპატიო მიზეზით სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგებზე.
4.2. 2026 წლის 02 ივლისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას, სასამართლოს სხდომაზე გამოცხადდა მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარე. სხდომაზე არ გამოცხადებულან აპელანტები და არც გამოუცხადებლობის რაიმე საპატიო მიზეზის თაობაზე უცნობებიათ სასამართლოსთვის. მოწინააღმდეგე მხარემ სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.
4.3. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ვლინდებოდა შუამდგომლობის დაკმაყოფილებისა და სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 387.3 და 229.2 მუხლების შესაბამისად. პალატის განმარტებით, თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება აპელანტი და მოწინააღმდეგე მხარე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას, არამედ მოითხოვს მის (სააპელაციო საჩივრის) განუხილველად დატოვებას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თობაზე, თუკი გამოუცხადებელი მხარე მოწვეული იყო საქმის განხილვაზე და მას დროულად და კანონით დადგენილი წესით ეცნობა სასამართლო სხდომის შესახებ.
4.4. სააპელაციო პალატის განსჯით, მოცემულ შემთხვევაში აპელანტები სასამართლომ სხდომაზე მიიწვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით. მიუხედავად სასამართლო უწყების ჩაბარებისა, აპელანტები სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულან და არც სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე უცნობებიათ სასამართლოსათვის, რაც მათ მოვალეობას წარმოადგენდა. ყოველივე ზემოაღნიშნული კი, პალატის მოსაზრებით, ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ აპელანტებმა დაკარგეს ინტერესი მოცემული დავის მიმართ.
5. ზემოაღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა ლ.გ–ძემ და ვ.ს–ძემ და მოითხოვეს მისი გაუქმება. კერძო საჩივრის თანახმად, აპელანტები სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ იმ მიზეზით, რომ ვ.ს–ძეს არასწორად ეცნობა სხდომის თარიღი, კერძოდ 2026 წლის 02 ივლისის ნაცვლად მას ეცნობა 2026 წლის 03 ივლისი, ხოლო ლ.გ–ძეს საერთოდ არ ეცნობა სხდომის თარიღი და ამის თაობაზე მან გაიგო ვ.ს–ძისაგან. შესაბამისად, აპელანტები წარმომადგენელ კ.კ–თან ერთად სასამართლოში მივიდნენ 2026 წლის 03 ივლისს, სადაც გაიგეს, რომ სხდომა 2026 წლის 02 ივლისს მათ გარეშე ჩატარებულა და სააპელაციო საჩივრები დარჩა განუხილველი. კერძო საჩივრის ავტორების აზრით, ტექნიკური შეცდომის საფუძველზე მხარეებს სხდომის სხვადასხვა თარიღი ეცნობათ. სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით კი არსებითად დაირღვა მათი უფლებები.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებული იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 399-ე მუხლით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.
10. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერების საკითხი, რომლითაც სააპელაციო საჩივრები დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტები არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდნენ სასამართლო სხდომაზე.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულია აპელანტის გამოუცხადებლობისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წესი, თუმცა კანონის ამ სპეციალური დათქმის პარალელურად, საკითხის რეგულირებისათვის განსაზღვრულია პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მომწესრიგებელი ნორმების გამოყენება.
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-ე-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. ხოლო 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილია ასევე სარჩელის განუხილველად დატოვების შესაძლებლობა, თუ საქმის განხილვაზე მოსარჩელე არ გამოცხადდება, ხოლო მოპასუხე თანახმაა, რომ სარჩელი დარჩეს განუხილველი.
13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გადასინჯვა და საქმის განახლება უნდა მოხდეს იმ წესების დაცვით, რაც გათვალისწინებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
15. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში.
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი გადაწყვეტილება მაინც იქნა მიღებული, იგი უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე. ეს წესი, როგორც ითქვა, ვრცელდება, ასევე, მხარის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მიმართაც.
17. კერძო საჩივრის ავტორები მიღებული განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით მოითხოვენ, რომ ისინი 2026 წლის 02 ივლისის სასამართლო სხდომის შესახებ არ იყვნენ ინფორმირებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად, რამდენადაც ვ.ს–ძეს ეცნობა სხდომის არასწორი თარიღი კერძოდ, 2026 წლის 02 ივლისის ნაცვლად, მას ეცნობა 2026 წლის 03 ივლისი, ხოლო ლ.გ–ძეს საერთოდ არ ეცნობა სხდომის თარიღი და მან ინფორმაცია სხდომის თაობაზე ვ.ს–ძისაგან მიიღო.
18. კერძო საჩივრის ავტორების პრეტენზიის გათვალისწინებით, უნდა დადგინდეს, იყვნენ თუ არა მოწვეულები აპელანტები საქმის განხილვაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მხარეები, მათი წარმომადგენლები, აგრეთვე მოწმეები, ექსპერტები, სპეციალისტები და თარჯიმნები შეიძლება დაიბარონ ტელეფონით, ფაქსით, სხვა ტექნიკური საშუალებით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ტექნიკური საშუალებით დაბარებისას მიეთითება ამ კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საკითხები, ხოლო 73 -ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში აგრეთვე დგება აქტი, რომელიც ჩაიკერება საქმეში. აქტს ადგენს სასამართლოს შესაბამისი მოხელე. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე. ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ტექნიკური საშუალებით გაგზავნილი სასამართლო უწყების ჩაბარება დასტურდება ტელეფონის შემთხვევაში – ტექნიკური საშუალებით დაბარების შესახებ შედგენილი აქტით.
20. ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარე ან მისი წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე დაიბაროს ტექნიკური საშუალების გამოყენებით, მათ შორის, ტელეფონის მეშვეობით. ამ დროს სავალდებულოა, რომ სასამართლოს შესაბამისმა მოხელემ შეადგინოს აქტი ტექნიკური საშუალებით დაბარების შესახებ. კანონის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი აქტით დასტურდება ტექნიკური საშუალების გამოყენებით (ტელეფონით) მხარის სასამართლოში დაბარების ფაქტი. შესაბამისად, თუ საქმეში არსებობს სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ კანონის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი ტექნიკური საშუალებით დაბარების შესახებ აქტი, სასამართლო უფლებამოსილია განახორციელოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება.
21. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ აპელანტებს 2026 წლის 02 ივლისის სასამართლო სხდომის თაობაზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, ეცნობათ. კერძოდ აპელანტებს სხდომის თაობაზე ინფორმაცია მიეწოდათ 2026 წლის 25 მაისს (იხ. აქტები ტელეფონით სასამართლო შეტყობინების შესახებ, ტ.2, ს.ფ. 58-59). ამასთან, მათ განემარტათ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის ნეგატიური შედეგები.
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ აპელანტებისათვის სასამართლო უწყება ჩაბარებულად ჩაითვალა კანონით დადგენილი წესით. ტელეფონით სასამართლო შეტყობინების შესახებ აქტების სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი ვერ გახდება კერძო საჩივრის ავტორების მითითება იმის შესახებ, რომ ერთი მხრივ ვ.ს–ძეს სასამართლო სხდომის არასწორი თარიღი ეცნობა, ხოლო მეორე მხრივ ლ.გ–ძეს საერთოდ არ ეცნობა სასამართლო სხდომის თარიღი. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილია სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტები საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და პრეზუმირებულია ამ აქტებში მითითებული ფაქტების სისწორე, რის გაქარწყლების მტკიცების ტვირთი აწევს მხარეს და ამისათვის მხოლოდ მხარის განმარტება არაა საკმარისი, საჭიროა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1 და 103.1 მუხლების თანახმად შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენა, რაც კერძო საჩივრის ავტორებს არ წარმოუდგენიათ. საქმეში წარმოდგენილია სატელეფონო საუბრის და მოკლე ტექსტური შეტყობინების ჩანაწერები, რომლის მიხედვით მხარე ინფორმირებული იყო სწორად სასამართლო სხდომის შესახებ, კერძოდ, რომ სააპელაციო საჩივრის განხილვა დანიშნული იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2026 წლის 02 ივლისს 11:00 საათზე მე-13 სხდომის დარბაზში.
23. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გარანტირებულია პირის უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, 62-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით კი, სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით (რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი პირის მიმართ ამა თუ იმ საპროცესო შეღავათის გაწევისას გასათვალისწინებელია მეორე მხარის ინტერესებიც). ცხადია, რომ ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლთან შესაბამისი. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს. აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება, თავისი ბუნებით, სახელმწიფო რეგულირებას ექვემდებარება. რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე (იხ.: Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the "Belgian Linguistic" judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para. 5). იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებსა და სასამართლოს მითითებას (მითითებებს), იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მიიღებს უარყოფით საპროცესო შედეგს, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის.
24. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების შეფასებებსა და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივრები. ამ განჩინების წინააღმდეგ კი, კერძო საჩივარი არ შეიცავს იმგვარ დასაბუთებულ პრეტენზიას (სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლები), რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას დაედებოდა საფუძვლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ.გ–ძის და ვ.ს–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 02 ივლისის განჩინება სააპელაციო საჩივრების განუხილველად დატოვების შესახებ.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი