დაკმაყოფილდა

სამოქალაქო 23.09.2026
საქმის ნომერი
ა-4042-შ-133-2026
კატეგორია
დავის ტიპი
შუამდგომლობა
თარიღი
23.09.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ა-4042-შ-133-2026

23 სექტემბერი, 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ ჯინჯოლია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),არჩილ კოჭლამაზაშვილი, ლევან ნემსაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – მ.ე–ი

დაინტერესებული პირი - ა.ტ–ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს - საბერძნეთის რესპუბლიკის ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2025 წლის 2 სექტემბრის N4276/2025 გადაწყვეტილება

დავის საგანი – შვილად აყვანა, გვარის მინიჭება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. საბერძნეთის რესპუბლიკის ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2025 წლის 2 სექტემბრის N4276/2025 გადაწყვეტილებით (შემდგომში ასევე-„საცნობი გადაწყვეტილება“) მეორე განმცხადებელი (მ.ე–ი) გამოცხადდა პირველი განმცხადებლის (ა.ტ–ის) მიერ ნაშვილებად, ასევე, მეორე განმცხადებელს (მ.ე–ს) მიენიჭა გვარი „ტ-ე–ი“.

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს 2026 წლის 11 აგვისტოს შუამდგომლობით მომართა მ.ე–ის წარმომადგენელმა და მოითხოვა საბერძნეთის რესპუბლიკის ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2025 წლის 2 სექტემბრის 4276/2025 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულება.

3. საბერძნეთის რესპუბლიკის ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს სამოქალაქო სააპელაციო დეპარტამენტის (სერთიფიკატის ნომერი: 9071/2026) მიერ გაცემული ცნობით ირკვევა, რომ საბერძნეთის რესპუბლიკის ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2025 წლის 2 სექტემბრის N4276/2025 გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.

4. შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 21 აგვისტოს განჩინებით შუამდგომლობა საბერძნეთის რესპუბლიკის ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2025 წლის 2 სექტემბრის N4276/2025 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

6. ზემოაღნიშნული განჩინების, შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები გაეგზავნა ა.ტ–ს და ჩაბარდა 2026 წლის 4 სექტემბერს. განჩინებით მას განემარტა, რომ განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის განმავლობაში ჰქონდა აღნიშნულ შუამდგომლობაზე თავისი აზრის გამოთქმის უფლება, ასევე მას შეეძლო მოეთხოვა საქმის ზეპირი განხილვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ საქმე განიხილებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე. 2026 წლის 4 სექტემბერს დაინტერესებულმა პირმა მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და აღნიშნა, რომ გაეცნო სასამართლო გზავნილს და სრულად ეთანხმება მასში არსებულ ინფორმაციას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

7. საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართულ მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ მ.ე–ის შუამდგომლობა საბერძნეთის რესპუბლიკის ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2025 წლის 2 სექტემბრის N4276/2025 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვა კანონის ფორმალურ დანაწესებთან ამ გადაწყვეტილების შემოწმების გზით ხორციელდება, იმგვარად, რომ საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს, რაიმე ფორმით განმარტოს ან შესწორება შეიტანოს თავად გადაწყვეტილებაში ან მისი სარეზოლუციო ნაწილის რომელიმე პუნქტში.

9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ წესებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა ამ კანონით განსაზღვრულ წესებთან შედარებით.

10. საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებში სამართლებრივი დახმარების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულების (შემდეგში: საერთაშორისო ხელშეკრულება) 22-ე მუხლის თანახმად თითოეული ხელშემკვრელი მხარის სასამართლო გადაწყვეტილებების ცნობა და აღსრულება იმ მხარის ტერიტორიაზე, რომელშიც უნდა მოხდეს ცნობა და აღსრულება ხორციელდება შემდეგი პირობებით: ა) თუ იმ მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც უნდა მოხდეს სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება, ამ მხარის სასამართლო ორგანოს გააჩნია საქმის განხილვის განსაკუთრებული კომპეტენცია; ბ) თუ სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება არ ხელყოფს იმ მხარის კანონმდებლობის ძირითად პრინციპებს ან საზოგადოებრივ წესრიგს, რომლის ტერიტორიაზეც უნდა მოხდეს სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება.

11. „საერთაშორისო კერძო სასამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის თანახმად, შვილად აყვანის საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ მშვილებლები, ერთ-ერთი მშვილებელი ან ბავშვი საქართველოს მოქალაქეა ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს.

12. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. კანონის აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს ის საკითხი, სახეზე ხომ არ გვაქვს მოთხოვნის გამომრიცხავი კანონით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა.

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოაღნიშნულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, ამასთან საცნობი გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს (სამოქალაქო კოდექსის 1239-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით: სრულწლოვანი პირის შვილება შესაძლებელია, თუ მშვილებელსა და შვილად ასაყვანს შორის უკვე არსებობდა მშობლისა და შვილის ფაქტობრივი ურთიერთობა, იგი არ ეწინააღმდეგება მშვილებლის ან შვილად ასაყვანის ინტერესებს და შვილება ზნეობრივად გამართლებულია, ასევე სამოქალაქო კოდექსის 1250-ე მუხლის პირველ ნაწილის გათვალისწინებით - მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის ასაკობრივი სხვაობა არ უნდა იყოს 16 წელზე ნაკლები).

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე არსებობს საბერძნეთის რესპუბლიკის ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2025 წლის 2 სექტემბრის N4276/2025 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საფუძველი.

15. რაც შეეხება საბერძნეთის რესპუბლიკის ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2025 წლის 2 სექტემბრის N4276/2025 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას. მოცემულ შემთხვევაში, საცნობი გადაწყვეტილებით შუამდგომლობის ავტორი იშვილა დაინტერესებულმა პირმა და ასევე მოხდა განმცხადებლისათვის გვარის მინიჭება. შესაბამისად, საცნობი გადაწყვეტილება შინაარსობრივად არ წარმოადგენს იმ სახის გადაწყვეტილებას, რომელიც საჭიროებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ აღსრულების შესახებ რაიმე აქტის (განჩინება, გადაწყვეტილება) გამოტანას. შესაბამისად ამ ნაწილში შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. მ.ე–ის შუამდგომლობა საბერძნეთის რესპუბლიკის, ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2025 წლის 2 სექტემბრის, N4276/2025 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას საბერძნეთის რესპუბლიკის, ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2025 წლის 2 სექტემბრის, N4276/2025 გადაწყვეტილება, რომლითაც მეორე განმცხადებელი (მ.ე–ი) გამოცხადდა პირველი განმცხადებლის (ა.ტ–ის) მიერ ნაშვილებად, ასევე, მეორე განმცხადებელს (მ.ე–ს) მიენიჭა გვარი „ტ-ე–ი“;

3. მ.ე–ის შუამდგომლობა საბერძნეთის რესპუბლიკის, ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2025 წლის 02 სექტემბრის, N4276/2025 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების ნაწილში დარჩეს განუხილველად;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მიხეილ ჯინჯოლია

მოსამართლეები არჩილ კოჭლამაზაშვილი

ლევან ნემსაძე