დაკმაყოფილდა

სამოქალაქო 23.09.2026
საქმის ნომერი
ა-3389-შ-116-2026
კატეგორია
დავის ტიპი
შუამდგომლობა
თარიღი
23.09.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ა-3389-შ-116-2026

23 სექტემბერი, 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ ჯინჯოლია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),არჩილ კოჭლამაზაშვილი, ლევან ნემსაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ნ.ყ–ი

მოწინააღმდეგე მხარე - რ.ტ.ვ–ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – ათენის ერთპიროვნული პირველი ინსტანციის სასამართლოს 2026 წლის 4 მარტის N503/2026 გადაწყვეტილება

დავის საგანი – მეურვედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ათენის ერთპიროვნული პირველი ინსტანციის სასამართლოს 2026 წლის 4 მარტის N503/2026 გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მხარეთა არასრულწლოვანი შვილის ქ.ვ–ას პიროვნების მეურვეობის განხორციელება მიენიჭა ექსკლუზიურად მის მოსარჩელე დედას (ნ.ყ–ს).

2. 2026 წლის 9 ივლისს ნ.ყ–მა (შემდგომში - „შუამდგომლობის ავტორი“) შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ათენის ერთპიროვნული პირველი ინსტანციის სასამართლოს 2026 წლის 4 მარტის N503/2026 გადაწყვეტილების (შემდგომში ასევე - „საცნობი გადაწყვეტილება“) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. შუამდგომლობაზე თანდართული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ათენის ერთპიროვნული პირველი ინსტანციის სასამართლოს 2026 წლის 4 მარტის N503/2026 გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.

4. საცნობი გადაწყვეტილების თანახმად, მოპასუხე - რ.ტ.ვ–ი სასამართლო პროცესზე კანონისა და ვადების დაცვით იქნა მოწვეული, თუმცა სასამართლო პროცესზე არ გამოცხადებულა, შესაბამისად სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქმე განეხილა მოწინააღმდეგე მხარის დაუსწრებლად.

5. საცნობი გადაწყვეტილების თანახმად:

5.1. მხარეებმა 27.05.16 წელს იქორწინეს საქართველოში, ქალაქ ქუთაისში, გააფორმეს სამოქალაქო ქორწინება, რომლისგანაც შეეძინათ ერთი შვილი - ქ.ვ–ა, რომელიც დაიბადა 26.09.2019 წელს ათენში, სადაც მხარეებს გააჩნდათ ოჯახური საცხოვრებელი;

5.2. მხარეთა საქორწინო თანაცხოვრება ჰარმონიულად არ განვითარებულა და იგი ჯერ კიდევ 2020 წლიდან შეწყდა, როდესაც მოპასუხემ მიატოვა ათენში მდებარე მათი საცხოვრებელი სახლი. მას შემდეგ მოპასუხეს არანაირი ინტერესი არ გამოუჩენია მეუღლისა და შვილის მიმართ, რომლებთანაც ყოველგვარი კომუნიკაცია შეწყვიტა;

5.3. მოპასუხეს ალკოჰოლიზმთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები ჰქონდა;

5.4. მოსარჩელემ და არასრულწლოვანმა შვილმა დღემდე არ იციან მოპასუხის მისამართი;

5.5. მხარეთა არასრულწლოვანი ქალიშვილი დაბადებიდან დღემდე ათენში ცხოვრობს დედასთან (მოსარჩელესთან) ერთად, რომელიც მუდმივად და ექსკლუზიურად ახორციელებდა ბავშვზე ფაქტობრივ ზედამხედველობასა და ზრუნვას.

6. საქმის მასალებიდან დგინდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 14 ივლისის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად. დადგინდა განჩინების, შუამდგომლობისა და თანდართული მასალების მოპასუხისათვის გაგზავნა და ამ უკანასკნელს განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის განმავლობაში მიეცა პოზიციის წარდგენის უფლება, ასევე, განემარტა, რომ ჰქონდა საქმის ზეპირი განხილვის მოთხოვნის უფლება.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 30 ივლისის განჩინებით მოწინააღმდეგე მხარეს ეცნობა ამავე სასამართლოს 2026 წლის 14 ივლისის განჩინების შინაარსი (იხ. წინამდებარე განჩინების მე-7 პუნქტი), ასევე, განემარტა რომ შუამდგომლობის განხილვა მოხდებოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის შემდეგი მოსამართლეების შემადგენლობით: მიხეილ ჯინჯოლია (თავმჯდომარე, მომხსენებელი), მოსამართლეები: ლევან ნემსაძე, არჩილ კოჭლამაზაშვილი.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 30 ივლისის განჩინება გასაჯაროვდა 2026 წლის 6 აგვისტოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

10. საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ე.ჭ–ძის შუამდგომლობა ათენის ერთპიროვნული პირველი ინსტანციის სასამართლოს 2026 წლის 4 მარტის N503/2026 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

11. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. კანონის აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს ის საკითხი, სახეზე ხომ არ გვაქვს მოთხოვნის გამომრიცხავი კანონით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ საერთაშორისო სამართლებრივ ბრუნვაში მრავალი ქვეყანა მისდევს revizion au fond-ის აკრძალვის სახელით ცნობილ პრინციპს, რომელიც უარყოფს უცხო ქვეყნის სასამართლოს (არბიტრაჟის) მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსობრივ გადამოწმებას (იხ. სუსგ №ა-952-შ-23-2016, 6 ივლისი, 2015 წელი).

13. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვა კანონის ფორმალურ დანაწესებთან ამ გადაწყვეტილების შემოწმების გზით ხორციელდება, იმგვარად, რომ საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს, რაიმე ფორმით განმარტოს ან შესწორება შეიტანოს თავად გადაწყვეტილებაში ან მისი სარეზოლუციო ნაწილის რომელიმე პუნქტში.

14. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ წესებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა ამ კანონით განსაზღვრულ წესებთან შედარებით.

15. საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებში სამართლებრივი დახმარების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულების (შემდეგში: საერთაშორისო ხელშეკრულება) 22-ე მუხლის თანახმად, თითოეული ხელშემკვრელი მხარის სასამართლო გადაწყვეტილებების ცნობა და აღსრულება იმ მხარის ტერიტორიაზე, რომელშიც უნდა მოხდეს ცნობა და აღსრულება ხორციელდება შემდეგი პირობებით: ა) თუ იმ მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც უნდა მოხდეს სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება, ამ მხარის სასამართლო ორგანოს გააჩნია საქმის განხილვის განსაკუთრებული კომპეტენცია; ბ) თუ სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება არ ხელყოფს იმ მხარის კანონმდებლობის ძირითად პრინციპებს ან საზოგადოებრივ წესრიგს, რომლის ტერიტორიაზეც უნდა მოხდეს სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება.

16. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრულია საქართველოს სასამართლოების საერთაშორისო კომპეტენცია, კერძოდ, მეურვეობისა და მზრუნველობის საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ მეურვე, მზრუნველი ან პირი, რომელსაც მეურვეობა ან მზრუნველობა ესაჭიროება, საქართველოს მოქალაქეა ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს.

17. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო უწყების ჩაბარების საკითხი რეგულირდება იმ ქვეყნის საპროცესო კანონმდებლობით, რომელიც განიხილავს მხარეთა შორის წარმოშობილ დავას. მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის შესახებ ინფორმაციის არარსებობისა, საბერძნეთის რესპუბლიკამ მიიჩნია, რომ მოწინააღმდეგე მხარე კანონისა და ვადების სრული დაცვით იქნა მოწვეული სასამართლო განხილვაზე, შესაბამისად განიხილა საქმე და მიიღო გადაწყვეტილება.

18. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც, რაც ასახულია ეროვნულ კანონმდებლობაში, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის ბოლო წინადადების თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. მართალია, საერთაშორისოდ აღიარებული ეს უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურს, თუმცა ზემოხსენებული სამართლებრივი აქტები თავადვე იძლევიან ჩარევის ლეგიტიმურ დეფინიციას და განსაზღვრავენ, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა გამოწვეულია დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით, ამასთან, ჩარევის სტანდარტად, გამოყენებულ უნდა იქნას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი, რაც ცალსახადაა ასახული „ბავშვის უფლებათა კონვენციაში“.

19. „ბავშვის უფლებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში, იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას, ამავე კონვენციის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ პატივი სცენ ბავშვის უფლებას შეინარჩუნოს თავისი ინდივიდუალობა, მათ შორის, მოქალაქეობა, სახელი და ოჯახური ურთიერთობა, როგორც გათვალისწინებულია კანონით, ამასთან, არ დაუშვან კანონსაწინააღმდეგო ჩარევა.

20. ზემოაღნიშნული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლით დადგენილია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ. მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით (სკ-ის 1198.1 მუხლი). მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს (სკ-ის 1199-ე მუხლი). მითითებული საკანონმდებლო დანაწესების ანალიზი იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება, შესაბამისად, ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმისი უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის/მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში (იხ. სუსგ საქმე №ა-1285-შ-29-2016, 29 ივლისი 2016 წელი).

21. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით დაცული ოჯახური ცხოვრების პატივისცემა გულისხმობს ოჯახის წევრებს შორის კონტაქტისა და ურთიერთობების დაცვას. სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ - Elsholz v. Germany, № 25735/94, 31.07.2000, par. 52 და TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TK and KM v. UK, №28945/95, 10.05.2001, პარ.72) შდრ. ასევე,სუსგ №ას-967-916-2015, 25.02.2016 წ.)

22. ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ბავშვს უფლება აქვს, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭოს მის საუკეთესო ინტერესებს, რომლებიც ბავშვისთვის ინდივიდუალურად, ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად განისაზღვრება, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესი გათვალისწინება) სავალდებულოა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას; სამართლის ნორმის განმარტებისას გამოყენებული უნდა იქნეს ის განმარტება, რომელიც ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ყველაზე მეტად შეესაბამება, ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად (მუხლი 5.4); სახელმწიფო იღებს ყველა საჭირო ზომას, რათა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოებმა, ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა ბავშვის საუკეთესო ინტერესები განსაზღვრონ და მათი სავალდებულო შეფასება განახორციელონ შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: ა) ბავშვის აზრის მოსმენა და სათანადოდ გათვალისწინება (მუხლი 5.5).

23. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი (Gnahore v. France, n. 40031/98, § 59, ECHR 2000-IX) და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადაწონოს მშობლების ინტერესი (Sahin v. Germany [GC], no. 30943/96, § 66, ECHR 2003-VIII). კერძოდ, კონვენციის მე-8 მუხლიდან გამომდინარე, მშობელს არა აქვს ისეთი ღონისძიებების მოთხოვნის უფლება, რომელთა განხორციელებამ შესაძლებელია, ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებას (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014, Scozzar and Giunta v. Italy [GC], no. 39211/98 and 41963/98, § 169, ECHR 2000-VIII, and P., C. And S. v. the United Kingdom. no. 56547/00, § 177, ECHR 2002-VI). სასამართლოსათვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასა და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვა და ინდივიდუალური შეფასება, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში იქ, სადაც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს ეხება სადავო საკითხი, უპირატესობა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს (იხ. სუსგ საქმე Nა-38-3818-შ-98-2024, 12 სექტემბერი 2024 წელი; საქმე Nა-5189-შ-139-2017 27 ივლისი, 2018 წელი).

24. საქართველოს უზენაესი სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ გარემოებებზე:

24.1. მხარეებმა 27.05.16 წელს იქორწინეს საქართველოში, ქალაქ ქუთაისში, გააფორმეს სამოქალაქო ქორწინება, რომლისგანაც შეეძინათ ერთი შვილი - ქ.ვ–ა, რომელიც დაიბადა 26.09.2019 წელს ათენში, სადაც მხარეებს გააჩნდათ ოჯახური საცხოვრებელი;

24.2. მხარეთა საქორწინო თანაცხოვრება ჰარმონიულად არ განვითარებულა და იგი ჯერ კიდევ 2020 წლიდან შეწყდა, როდესაც მოპასუხემ მიატოვა ათენში მდებარე მათი საცხოვრებელი სახლი. მას შემდეგ მოპასუხეს არანაირი ინტერესი არ გამოუჩენია მეუღლისა და შვილის მიმართ, რომლებთანაც ყოველგვარი კომუნიკაცია შეწყვიტა;

24.3. მოპასუხეს ალკოჰოლიზმთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები ჰქონდა;

24.4. მოსარჩელემ და არასრულწლოვანმა შვილმა დღემდე არ იციან მოპასუხის მისამართი;

24.5. მხარეთა არასრულწლოვანი ქალიშვილი დაბადებიდან დღემდე ათენში ცხოვრობს დედასთან (მოსარჩელესთან) ერთად, რომელიც მუდმივად და ექსკლუზიურად ახორციელებდა ბავშვზე ფაქტობრივ ზედამხედველობასა და ზრუნვას.

25. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე შუამდგომლობის განსახილველად მიღების, ასევე, განხილვის თარიღისა და საქმის განმხილველი მოსამართლეთა შემადგენლობის შესახებ მოწინააღმდეგე მხარეს ეცნობა საჯარო შეტყობინების გზით. ამასთანავე, წინამდებარე განჩინების 24-ე პუნქტში აღნიშნული აგრემოებებისა და ბავშვის საუკეთესო ინტერესებისა მხედველობაში მირებით, არსებობს შუამდგომლობის განხილვის წინაპირობები.

26. ზემოაღნიშნული განმარტებების, ბავშვის საუკეთესო ინტერესებისა და საქმის შინაარსის სპეციფიკის გათვალისწინებით საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც არ არსებობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები.

27. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ უნდა იქნას ათენის ერთპიროვნული პირველი ინსტანციის სასამართლოს 2026 წლის 4 მარტის N503/2026 გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა და მხარეთა არასრულწლოვანი შვილის ქ.ვ–ას პიროვნების მეურვეობის განხორციელება მიენიჭა ექსკლუზიურად მის მოსარჩელე დედას (ნ.ყ–ს).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებში სამართლებრივი დახმარების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულების 22-ე მუხლით, ასევე, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ნ.ყ–ის შუამდგომლობა ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2026 წლის 4 მარტის N503/2026 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე ათენის ერთპიროვნული პირველი ინსტანციის სასამართლოს 2026 წლის 4 მარტის N503/2026 გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა და მხარეთა არასრულწლოვანი შვილის ქ.ვ–ას პიროვნების მეურვეობის განხორციელება მიენიჭა ექსკლუზიურად მის მოსარჩელე დედას (ნ.ყ–ს);

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მიხეილ ჯინჯოლია

მოსამართლეები: არჩილ კოჭლამაზაშვილი

ლევან ნემსაძე