დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 27.05.2026
საქმის ნომერი
ას-148-2026
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
27.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ას-148-2026

27 მაისი, 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები - შპს „ვ–“, შპს „გ–ე“ (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ქ.ღ.ც–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 18 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით, შპს „ქ.ღ.ც–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა: 1) შპს „გ–ეს“ უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა შპს „ქ.ღ.ც–ის“ კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ........, საკადასტრო კოდით: ........ და ...........; 2) შპს „ვ–ის“ უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა შპს „ქ.ღ.ც–ის“ კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ........., საკადასტრო კოდით: ..........; 3) შპს „ვ–ს“ შპს „ქ.ღ.ც–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა საიჯარო ქირის _ 35 981,9 აშშ დოლარის გადახდა; 4) შპს „ვ–ის“ შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ვ–მა“ და შპს „გ–ემ“. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 2 ივლისის განჩინებით, შპს „ვ–ის“ და შპს „გ–ეს“ შუამდგომლობა, სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან აპელანტების გათავისუფლების შესახებ, არ დაკმაყოფილდა. შპს „ვ–ს“ და შპს „გ–ეს“ სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდათ ხარვეზი და აღმოსაფხვრელად განესაზღვრათ 10 დღე.

3. 2025 წლის 28 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ იქნა აპელანტების დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი, ასევე სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან აპელანტების გათავისუფლების ან ბაჟის გადახდის გადავადების შესახება შუამდგომლობა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 4 აგვისტოს განჩინებით, სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან აპელანტების გათავისუფლების შესახებ შპს „ვ–ის“ და შპს „გ–ეს“ შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და აპელანტებს განესაზღვრათ 10 დღიანი ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად.

5. 2025 წლის 15 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარმდგენილ იქნა სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან აპელანტების გათავისუფლების ან ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ აპელანტების წარმომადგენლის შუამდგომლობა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 სექტემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან აპელანტების გათავისუფლების შესახებ შპს „ვ–ის“ და შპს „გ–ეს“ შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და აპელანტებს განესაზღვრათ 10 დღიანი ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად.

7. 2025 წლის 6 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ იქნა სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ, აპელანტების წარმომადგენლის შუამდგომლობა.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 14 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ შპს „ვ–ის“ და შპს „გ–ეს“ წარმომადგენელის ს.მ–ძის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და აპელანტებს განესაზღვრათ 10 დღიანი ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად.

9. 2025 წლის 8 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ იქნა სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ აპელანტების წარმომადგენლის შუამდგომლობა.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 18 დეკემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ შპს „ვ–ის“ და შპს „გ–ეს“ წარმომადგენელის ს.მ–ძის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. შპს „ვ–ის“ და შპს „გ–ეს“ სააპელაციო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

11. სააპელაციო სასამართლოს ზემოთ ხსენებულ განჩინებაზე შპს „ვ–მა“ და შპს „გ–ემ“ წარადგინეს კერძო საჩივარი და მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის სტადიიდან.

12. კერძო საჩივრის ავტორთა განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს არ მიუთითებია, თუ რა სახის მნიშვნელოვანი და სარწმუნო მტკიცებულება უნდა წარედგინა აპელანტს მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დასადასტურებლად, რომ დადებითად გადაწყვეტილიყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საკითხი. ხარვეზის შევსების მიზნით წარდგენილია არაერთი მტკიცებულება, რომლითაც უდავოდ დასტურდება, რომ აპელანტები ცდილობენ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპზე სახელმწიფო ბაჟის გადახდასთან დაკავშირებული სირთულეების დასაბუთებას, რაც შეფასების გარეშე დარჩა იმ დასაბუთებით, რომ იმავე შინაარსის შუამდგომლობაზე სააპელაციო პალატამ განჩინებებში უკვე იმსჯელა. კერძო საჩივრის თანახმად, არ არსებობს არანაირი საფუძველი, რომელიც სასამართლოს შეუქმნის შინაგან რწმენას, აპელანტების მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების მოთხოვნის გზით საქმის განხილვის გაჭიანურების მცდელობაზე.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 9 მარტის განჩინებით, შპს „ვ–ის“ და შპს „გ–ეს“ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

14. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 399-ე მუხლით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს; სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

17. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სააპელაციო სასამართლოს მიერ, დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის საფუძვლით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.

18. საქარველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს აღნიშნული ნორმის მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს ხარვეზის შევსებას და ამისათვის განუსაზღვრავს ვადას. თუ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება და, იმავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დაუშვებლობის გამო განუხილველად დარჩება, შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი წარდგენილია ხარვეზებით, სასამართლო განსაზღვრავს კონკრეტულ საპროცესო მოქმედებებს, რომლის შესრულებაც აუცილებელია ხარვეზის აღმოსაფხვრელად და აპელანტს უნიშნავს ვადას აღნიშნული მოქმედებების განსახორციელებლად. ვადის დარღვევის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი რჩება განუხილველად.

19. სადავო არ არის, რომ სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 2 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან აპელანტების გათავისუფლების შესახებ შპს „ვ–ის“ და შპს „გ–ეს“ შუამდგომლობა, არ დაკმაყოფილდა. შპს „ვ–ს“ და შპს „გ–ეს“ სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდათ ხარვეზი და მისი შევსების მიზნით, დაევალათ მიეთითებინათ რაში მდგომარეობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების უსწორობა, მიეთითებინათ იმ გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებდნენ სააპელაციო საჩივარს და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებდნენ ამ გარემოებას, შპს „გ–ეს“ დაევალა 160 ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა, ხოლო შპს „ვ–ს“ დაევალა 7000 ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა, აპელანტებს ასევე დაევალათ სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის წარდგენა. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის დაცვით აპელანტებმა სასამართლოში წარადგინეს დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი და იშუამდგომლეს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან აპელანტების გათავისუფლების ან ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 4 აგვისტოს განჩინებით, სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან აპელანტების გათავისუფლების შესახებ შპს „ვ–ის“ და შპს „გ–ეს“ შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. ასევე არ დაკმაყოფილდა აპელანტების შუამდგომლობა სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ. აპელანტებს განესაზღვრათ 10 დღიანი ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ხარვეზის შევსების მიზნით კი შპს „გ–ეს“ დაევალა 160 ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა, ხოლო შპს „ვ–ს“ დაევალა 7000 ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა, აპელანტებს ასევე დაევალათ სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის წარდგენა.

20. 2025 წლის 15 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ იქნა აპელანტების წარმომადგენლის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან აპელანტების გათავისუფლების ან ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 სექტემბრის განჩინებით, შპს „ვ–ის“ და შპს „გ–ეს“ შუამდგომლობა, სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან აპელანტების გათავისუფლების და სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა და აპელანტებს განესაზღვრათ 10 დღიანი ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ხარვეზის შევსების მიზნით კი შპს „გ–ეს“ დაევალა 160 ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა, ხოლო შპს „ვ–ს“ დაევალა 7000 ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა.

21. 2025 წლის 6 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ იქნა აპელანტების წარმომადგენლის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 14 ნოემბრის განჩინებით, შპს „ვ–ს“ და შპს „გ–ეს“, ხარვეზის შევსების მიზნით, დაევალათ წარედგინათ შპს „ვ–ის“ და შპს „გ–ეს“ განახლებული ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან, მხარეთა მძიმე ფინანსური მდგომარეობის ამსახველი დამატებითი მტკიცებულებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ან შპს „გ–ეს“ წარედგინა 160 ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, ხოლო შპს „ვ–ს“ 7000 ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

22. 2025 წლის 8 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ იქნა აპელანტების წარმომადგენლის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ და ფოტომასალა, რომელიც წარმომადგენლის განმარტებით მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ კომპანიები აღარ ფუნქციონირებენ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 18 დეკემბრის განჩინებით, შპს „ვ–ის“ და შპს „გ–ეს“ წარმომადგენელის ს.მ–ძის შუამდგომლობა, სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ, არ დაკმაყოფილდა. შპს „ვ–ის“ და შპს „გ–ეს“ სააპელაციო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრის ავტორების პრეტენზია შემოიფარგლება იმით, რომ სააპელაციო სასამართლომ არასათანადოდ შეაფასა საქმეში წარდგენილი ცნობები სსიპ შემოსავლების სამსახურიდან, დამატებითი ღირებულების გადასახადის დეკლარაციები, სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობები, საბანკო ცნობები, რომლითაც დასტურდება, რომ კომპანიების ანგარიშებს ადევს ყადაღა და საგადასახადო ინკასო, არასათანადოდ შეაფასა ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ აპელანტები, აკრძალვის გამო, 01.07.2023 წლიდან არ ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას და არ ფუნქციონირებენ, არასათანადოდ შეაფასა წარდგენილი ფოტო- მასალა.

24. პალატა აღნიშნულ პრეტენზიას არ იზიარებს და მიუთითებს, რომ მხარის მიმართ საპროცესო შეღავათის გამოყენების საკითხი, კანონით იმპერატიულად განსაზღვრული წინაპირობების გარდა (სსსკ-ის 46-ე მუხლი, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლი), სასამართლოს შეხედულებით წყდება, რა დროსაც სასამართლო საკითხს ე.წ. „პროპორციულობის ტესტის“ გამოყენებით აფასებს. ამ დროს სასამართლო იკვლევს მხარის ქონებრივ მდგომარეობას (რომელიც პირდაპირ და უტყუარ მტკიცებულებებს ემყარება) და დარღვეული უფლების დაცვის ინტერესს. ამგვარი საგამონაკლისო წესი დადგენილია საპროცესო კანონმდებლობით, კერძოდ, პირის უფლების შეზღუდვასა და სახელმწიფო ინტერესს შორის სამართლიან ბალანსს ადგენს საპროცესო კოდექსი (სსსკ-ის 47-ე და 48-ე მუხლები). კანონმდებლობით დადგენილი და გათვალისწინებული გამონაკლისები (სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, მისი ოდენობის შემცირება ან გადახდის გადავადება) დასაშვებია მხოლოდ ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დადასტურების შემთხვევაში (იხ. სუსგ №ას-66-62-2017, 06.04.2017წ.).

25. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესში მოქმედი დისპოზიციურობისა (სსსკ-ის მე-3 მუხლი) და შეჯიბრებითობის (სსსკ-ის მე-4 მუხლი) პრინციპების გათვალისწინებით, დავის ფაქტობრივი გარემოებების განსაზღვრა, მტკიცებულებათა წარდგენა, ცალკეული საპროცესო მოქმედებების განხორციელება და მათი სამართლებრივი მნიშვნელობის შეფასებისათვის აუცილებელი პროცესუალური აქტიურობის გამოვლენა მხარეთა უფლებამოსილებასა და ვალდებულებას წარმოადგენს. შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილია და, ამავდროულად, ვალდებულია, გადაწყვეტილება მიიღოს მხოლოდ მხარეთა მიერ წარმოდგენილი პოზიციების, არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძველზე, მათი ერთობლივი შეფასების შედეგად (იხ. სუსგ №ას-382-2026, 15.05.20126წ.).

26. მოცემულ შემთხვევაში, სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობის დასადასტურებლად აპელანტები ეყრდნობოდნენ სსიპ შემოსავლების სამსახურის ცნობებს, ასევე - შპს ,,ვ–ის’’ დეკლარაციას, ცნობებს სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ და სს ,,თ.ბ–დან’’ ცნობებს.

27. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დღგ-ის დეკლარაციებში ასახული მონაცემები, თავისთავად, არ ქმნის მოპასუხის ქონებრივი და ფინანსური მდგომარეობის სრულ სურათს. ნულოვანი ბრუნვა მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ შესაბამის პერიოდში კომპანიას არ განუხორციელებია დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები. თუმცა, მხოლოდ ამ გარემოებაზე დაყრდნობით შეუძლებელია დავასკვნათ, რომ კომპანია გადახდისუუნაროა ან ობიექტურად არ ძალუძს სახელმწიფო ბაჟის გადახდა. კომპანიის მიერ გარკვეული პერიოდის განმავლობაში თუნდაც სამეწარმეო საქმიანობის შემცირება ან შეჩერება, ისევე როგორც შესაბამის პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების განუხორციელებლობა, თავისთავად არ ნიშნავს, რომ კომპანიას არ გააჩნია ფინანსური რესურსები, ფულადი სახსრები ან სხვა აქტივები, რომელთა გამოყენებითაც შესაძლებელია სახელმწიფო ბაჟის გადახდა. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საბანკო სექტორიდან წარმოდგენილ ცნობებზე, რომელიც ასახავს მხოლოდ სს ,,თ.ბ–ში'' არსებულ მონაცემებს, რაც არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ კომპანიებს ჰქონდეთ სხვა ანგარიშები საქართველოში ლიცენზირებულ სხვა ბანკში. აპელანტებს არ წარუდგენიათ განახლებული ამონაწერები სამეწარმეო რეესტრიდან, ხოლო წარდგენილი ამონაწერების მიხედვით, რომელიც თარიღდება 2023 წლით, კომპანიებს აქვთ ,,აქტიური’’ სტატუსი, რაც სასამართლოს არ აძლევს იმ დასკვნის შესაძლებლობას, რომ კომპანიები არ ფუნქციონირებენ. ამდენად, საკასაციო პალატის განსჯით, აპელანტებს არ წარუდგენიათ მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა კომპანიების რეალურ ქონებრივ მდგომარეობას.

28. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ სსსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, საპროცესო შეღავათის გამოყენების წინაპირობაა მხარის ქონებრივი მდგომარეობის სათანადო მტკიცებულებებით დადასტურება. ასეთი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, დააკმაყოფილოს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების, მისი ოდენობის შემცირების ან გადავადების შესახებ მოთხოვნა. სააპელაციო სასამართლომ საწყის ეტაპზე კანონიერად დაუდგინა აპელანტებს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზი, ხოლო მას შემდეგ, რაც ხარვეზის შესავსებად წარდგენილ დაზუსტებულ სააპელაციო საჩივარში და შემდგომში წარდგენილ განცხადებებში, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ მოთხოვნა, კვლავ არ იყო სათანადოდ დასაბუთებული და არც შესაბამისი მტკიცებულებებით იყო გამყარებული, კანონიერად განუსაზღვრა დამატებითი ვადები ხარვეზის გამოსასწორებლად. ხოლო, ვინაიდან აპელანტებს დადგენილი ვადის დაცვით ხარვეზი არ გამოუსწორებიათ, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება განხორციელდა კანონით დადგენილი წესისა და სამართლებრივი საფუძვლების სრული დაცვით.

29. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ თავდაპირველი განჩინების მიღებიდან (02.07.2025წ.) სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებამდე (18.12.2025წ.) გასულია ხუთი თვე და ამ დროის განმავლობაში სააპელაციო საჩივარი დასაშვებობის შემოწმების ეტაპზეა, მიუხედავად სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის რამდენჯერმე გადავადებისა, აპელანტების მიერ ხარვეზი არ გამოსწორებულა, შესაბამისად, საკასაციო პალატის განსჯით, აპელანტების შუამდგომლობები იწვევდა საქმის განხილვის გაუმართლებელ გაჭიანურებას, რაც უპირობოდ ლახავდა მოწინააღმდეგე მხარის კანონით დაცულ ინტერესებს, მიეღო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულება.

30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების შეფასებებსა და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ იგი სსსკ-ის 368-ე მუხლის სწორ გამოყენება-განმარტებას ემყარება, რის წინააღმდეგაც კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია ამავე კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული დასაბუთებული პრეტენზია, რაც ამ განჩინების გაუქმებაზე უარის თქმის საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ვ–ის“ და შპს „გ–ეს“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 18 დეკემბრის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ბადრი შონია

ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე