დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 01.10.2026
საქმის ნომერი
ას-272-2026
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
01.10.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-272-2026 1 ოქტომბერი, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი _ ნ.ა–ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ მ.კ–ი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2025 წლის 12 ივნისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ სასაზღვრო მიჯნის დადგენა (თავდაპირველ სარჩელზე), ხელშეშლის აღკვეთა/ღობის დემონტაჟი (შეგებებულ სარჩელზე)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ნ.ა–ძემ (შემდეგში - მოსარჩელე ან აპელანტი ან კასატორი) სარჩელი აღძრა მ.კ–ის (შემდეგში: მოპასუხე ან შეგებებული სარჩელით მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ შემდეგი მოთხოვნით: მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის (ს/კ №.........) და მოპასუხის კუთვნილი მიწის ნაკვეთის (ს/კ №.......) სასაზღვრო მიჯნად მიჩნეულ იქნეს ნაკვეთებს შორის ფაქტობრივად არსებული კაპიტალური ღობე.

2. ამავე საქმეში მოპასუხემ მოსარჩელის მიმართ შეგებებული სარჩელი წარადგინა, რომლითაც მოითხოვა დაევალოს მოსარჩელეს, მოპასუხის საკუთრებაში არსებულ №........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 1 200 კვ.მ ფართში, მდებარე თბილისში, სოფელ ........., მის მიერ უკანონოდ აშენებული ბეტონის ღობის დემონტაჟი და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 07 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს დაევალა მოპასუხის საკუთრებაში არსებულ თბილისში, სოფელ ........., მდებარე №....... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 1 200 კვ.მ ფართში მის მიერ უკანონოდ აშენებული ბეტონის ღობის დემონტაჟი და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით მოსარჩელემ გაასაჩივრა, რომელმაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით აპელანტის შუამდგომლობა სასამართლო სხდომის გადადების შესახებ არ დაკმაყოფილდა; მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა აპელანტის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე დაკმაყოფილდა; მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება აპელანტის სააპელაციო საჩივრის უარყოფის შესახებ; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 07 მარტის გადაწყვეტილება.

5. სააპელაციო პალატის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით აპელანტმა საჩივარი წარადგინა, რომელიც არ დაკმაყოფილდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 12 ივნისის განჩინებით და დარჩა უცვლელად ამავე სასამართლოს 2025 წლის 13 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

6. სააპელაციო პალატის განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

7. სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას, რომელიც დანიშნული იყო 2025 წლის 13 თებერვალს 10.00 საათზე და გაიხსნა 10.33 საათზე, აპელანტი არ გამოცხადდა, რომელიც სხდომის დღის თაობაზე ინფორმირებული იყო. მოსამართლის თანაშემწის მიერ შედგენილი სატელეფონო შეტყობინების აქტით დასტურდებოდა, რომ აპელანტს სხდომის თაობაზე პირადად ეცნობა ტელეფონით 2025 წლის 17 იანვარს.

8. გამოუცხადებელი აპელანტის წარმომადგენელმა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით სხდომის დღეს 09.28 საათზე წარმოადგინა განცხადება, რომელიც სააპელაციო სასამართლოს კანცელარიის რეგისტრაციაში 10.19 საათზე გატარდა. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ სასამართლო სხდომის თაობაზე მან შეიტყო სხდომამადე ერთი დღით ადრე, მაშინ როდესაც სხვა მოსამართლესთან სხდომის დღის შესახებ ორი კვირით ადრე ეცნობა, აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვა სხდომის გადადება სხვა დროისთვის, ვინაიდან აპელანტი საქართველოში არ იმყოფება.

9. აპელანტის წარმომადგენლის შუამდგომლობას სხდომის გადადების თაობაზე მოწინააღმდგე მხარე არ დაეთანხმა. მან იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა და სააპელაციო საჩივრის უარყოფა.

10. მოწინააღმდეგე მხარემ განაცხადა, განცხადება ემსახურება საქმის გაჭიანურებას. აპელანტის შუამდგომლობით სხდომა ერთხელ უკვე გადადებული იყო.

11. პალატამ მიუთითა, აპელანტი სხდომის და გამოუცხადებლობის შედეგების თაობაზე სათანადო წესით იყო გაფრთხილებული. თუმცა, იგი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა. 10.00 საათზე დანიშნული სხდომის დღეს 09.28 საათზე (კანცელარიის რეგისტრაციაში 10.19 საათზე გატარდა) ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გამოგზავნილი განცხადებით განმცხადებელი - ადვოკატი მ.გ–ია იუწყებოდა, რომ სააპელაციო საჩივრის განხილვა დანიშნულია 10.00 საათზე, რის შესახებ მან ერთი დღით ადრე შეტყო, ხოლო იმავე დღეს 11.00 საათზე დანიშნული იყო სასამართლო სხდომა სხვა მოსამართლესთან, რომლის თაობაზეც მან ორი კვირით ადრე შეიტყო. აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვა სხდომის გადადება სხვა დროისათვის, ვინაიდან არც აპელანტი იმყოფებოდა საქართველოში. განცხადებას ერთვოდა ორდერი გაცემული 2025 წლის 11 თებერვალს ადვოკატ მ.გ–იას მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში სააპელაციო საჩივრის ვადაში წარმომადგენლობისთვის.

12. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სხდომის გადადების თაობაზე აპელანტის შუამდგომლობის დაკმაყოფილების წინაპირობები არ არსებობდა. ასევე, იმსჯელა მოწინააღმდგე მხარის შუამდგომლობაზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე და მიიჩნია, რომ მიღებული უნდა ყოფილიყო დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით აპელანტის წარმომადგენელმა მ.გ–იამ საჩივარი წარადგინა, რომელშიც აღნიშნა, სხდომის დღის შესახებ ეცნობა წინა დღით საღამოს 20.00 საათზე, როცა უკვე აღარ შეიძლებოდა სასამართლოში განცხადების შეტანა, რადგან სამუშაო საათები დამთავრებული იყო, ხოლო მეორე დღეს 09.28 საათზე წარადგინა განცხადება რომლითაც ითხოვდა სხდომის გადადებას, რადგან უკვე ორი კვირით ადრე დანიშნული იყო სასამართლო სხდომა სხვა მოსამართლესთან. სასამართლოსათვის ცნობილი იყო რომ თავად აპელანტი საქართველოში არ ცხოვრობს. ამდენად, საჩივრის ავტორი მიიჩნევდა რომ აპელანტი და მისი წარმომადგენელი სათანადო წესით არ იყვნენ გაფრთხილებული სასამართლო სხდომის თაობაზე.

14. საჩივრის განხილვა 2025 წლის 12 ივნისს დაინიშნა. იმავე წლის 20 მაისს პალატას წარედგინა აპელანტის წარმომადგენლის - გ.ვ–ძის განცხადება, რომელიც მიჩნეულ იქნა საჩივრად. წარმომადგენელმა განმარტა, რომ აპელანტი დაინტერესებული იყო საქმის განხილვის პროცესით. სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა განაპირობა საზღვარგარეთ ყოფნამ, კერძოდ, აპელანტი იტალიაში სწავლობს და პროცესის დღე ემთხვეოდა საგამოცდო პერიოდს. ამასთან, აპელანტს იტალიაში ტელეფონით დაურეკეს და მისთვის ნაწილობრივ გაურკევევლი იყო სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგები, რამდენადაც უწყება წერილობით არ ქონდა ჩაბარებული, სადაც მითითებული იქნებოდა პროცესზე გამოუცხადებლობის შედეგები. თუმცა, საუბრისას აპელანტმა მოსამართლის თანაშემწეს განუმარტა, რომ გამოცდა ჰქონდა და ვერ გამოცხადდებოდა პროცესზე (იხ., ტ.2 ს.ფ. 256-268).

15. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 387-ე, 239-ე, 240-ე, 241-ე, 233-ე და 215.3 მუხლებით და საჩივარი არ დააკმაყოფილა. უცვლელად დარჩა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

16. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, აპელანტის წარმომადგენელი ადვოკატი - მ.გ–ია საჩივარში განმარტავდა, არც აპელანტი და არც მისი წარმომადგენელი არ იყვნენ სათანადო წესით ინფორმირებული სხდომის თაობაზე, ხოლო აპელანტის წარმომადგენელი გ.ვ–ძის განცხადებით აპელანტის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, საზღვარგარეთ ყოფნით და საზღვარგარეთის უნივერსიტეტში საგამოცდო პერიოდით, რაც ურთიერთწინააღმდეგობრივი იყო.

17. განსახილველ საქმეზე დადგენილი იყო ფაქტობრივი გარემოებები, რომ აპელანტი სატელეფონო შეტყობინებით იყო გაფრთხილებული როგორც სხდომის დღის, ასევე, სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგების შესახებ. კერძოდ, მას პირადად ჩაბარდა მობილური ტელეფონზე შეტყობინება რაც დასტურდებოდა სატელეფონო შეტყობინების აქტით, რაც სრულიად შესაბამისობაში იყო საპროცესო კანონმდებლობასთან.

18. ის გარემოება, რომ აპელანტისთვის ცნობილი იყო სასამართლო სხდომის დღე, დასტურდებოდა მისივე წარმომადგენლის მიერ სხდომის დღეს წარმოდგენილი საქმის გადადების შესახებ განცხადებითაც, ხოლო ის გარემოება, რომ აპელანტის წარმომადგენელ - ადვოკატ მ.გ–იას უშუალოდ აპელანტის მიერ კი არა, არამედ სასამართლო მოხელის მიერ ეცნობა 12 თებერვალს რაიმე მტკიცებულებით არ დასტურდებოდა. აღნიშნულს ისიც ამყარებდა, რომ განცხადებას ორდერი ერთვოდა, რომელიც 2025 წლის 11 თებერვალს იყო გამოწერილი მ.გ–იას მიერ (იხ., ტ.2. ს.ფ. 227, 228). გარდა ამისა, მითითება რომ განმცხადებელი - ადვოკატი მ.გ–ია სხვა სასამართლო სხდომაზე იღებდა მონაწილებას იმავე დღეს, რაიმე მტკიცებულებით არ დასტურდებოდა.

19. რაც შეეხება აპელანტის მეორე ადვოკატის - გ.ვ–ძის მითითებას აპელანტის საზღვარგარეთ სწავლის და საგამოცდო პერიოდის შესახებ, იმ ვითარებაში, როდესაც აპელანტს უწყება 17 იანვარს პირადად ჩაბარდა საკმარისი დრო ჰქონდა სასამართლოში დროულად წარედგინა მტკიცებულებები და განცხადება სხდომის გადადებაზე თუკი უშუალოდ სურდა მონაწილეობა ან ეშუამდგომლა სხდომაზე დისტანიურად მონაწილეობა. ამასთან შეეძლო დროულად უზრუნველეყო ადვოკატის აყვანა რომელიც მის ინტერესს წარადგენდა სხდომაზე. შესაბამისად, წარმოდგენილი განცხადება და საჩივრები სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზებს არ ადასტურებდა.

20. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინებაზე აპელანტმა საკასაციო საჩივარი წარმოადგინა, მოითხოვა მათი გაუქმება და საქმის არსებითად განსახილველად დაბრუნება.

21. კასატორი სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად უთითებს, რომ იმყოფებოდა და სწავლობდა საზღვარგარეთ - იტალიის უნივერსიტეტში, სადაც მას საუნივერსიტეტო გამოცდები ჰქონდა დანიშნული. საგამოცდო პერიოდისა (2025 წლის 20 იანვრიდან - 28 თებერვლის ჩათვლით) და მგზავრობის დროითი შეზღუდვების გათვალისწინებით ფიზიკურად ვერ ჩამოვიდოდა პროცესზე მონაწილეობის მისაღებად და დროულად უკან დაბრუნებას ვერ შეძლებდა. ამასთან, აქტიურად ემზადებოდა გამოცდებისთვის, რაც ართულებდა მის გადაადგილებას.

22. კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს მითითებას, რომ მან წინასწარ არ შეატყობინა სასამართლოს ზემოაღნიშნულის შესახებ, იგი მიუთითებს, რომ მოსამართლის თანაშემწესთან სატელეფონო საუბრისას წინასწარ იცოდა რა გამოცდების გრაფიკი, ითხოვა სხდომა არა უგვიანეს 20 იანვრისა ჩანიშნულიყო, ასევე სასამართლოში წარადგინა განცხადება, რომელშიც ითხოვა სხდომა არ ჩანიშნულიყო საგამოცდო პერიოდში, თუმცა, მისი თხოვნა არ იქნა გათვალისწინებული და სხდომა მაინც საგამოცდო პერიოდში დაინიშნა. შესაბამისად, სასამართლოსათვის აღნიშნული დამაბრკოლებელი გარემოება სიტყვიერად ცნობილი იყო.

23. გარდა ზემოაღნიშნულისა კასატორი დავობს, რომ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი წინაპირობები არ არსებობდა (დეტალურად იხ., საკასაციო საჩივარი).

24. კასატორმა საკასაციო პალატაში 26.06.2026წ. წარმოადგინა განცხადება, რომელსაც დაურთო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2026 წლის 25 ივნისის ორი განჩინება საქმეზე N3/4406-26 და აღნიშნა, რომ მათ მიერ აღძრულია ადმინისტრაციული სარჩელი, სადაც სადავოა საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შედეგად საკადასტრო საზღვრები (ე.წ. წითელი ხაზები), რეგისტრირებული მონაცემემები არ შეესაბამება ადგილზე არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას და იწვევს მოსარჩელის ტერიტორიის ნაწილზე მოწინააღმდეგე მხარის რეგისტრირებული უფლების გავრცელებას. სწორედ ამ გარემოებების სასამართლო წესით შემოწმების მიზნით მიმდინარეობს ადმინისტრაციული სამართალწარმოება, სარჩელი დასაშვებად იქნა ცნობილ და გამოყენებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. წინამდებარე დავაზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება სწორედ საკადასტრო მონაცემებს და რეგისტრირებულ საზღვრებს დაუკავშირა, რომელთა კანონიერება და სისწორე დავის საგანია. შესაბამისად, თუ ადმინისტრაციული წესით სასამართლო დაადგენს რომ საკადასტრო საზღვრები არ შეესაბამება ფაქტობრივ და ისტორიულ მდგომარეობას ეს პირდაპირ გავლენას მოახდენს იმ ფაქტობრივ საფუძველზე რომელსაც ემყარება გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილებები. აქვე კასატორი განმარტავს, რომ ზემომითითებულით იგი არც ახალ მოთხოვნას აყენებს და არც საკასაციო საჩივრის ფარგლებს აფართოვებს, მისი მიზანია საკასაციო პალატამ ყურადღება გაამახვილოს იმ ახალ გარემოებებზე რომელიც წარმოიშვა საკასაციო საჩივრის წარდგენის შემდეგ და რომელიც უკავშირდება იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებსაც მოცემულ დავაზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლო ეფუძნება (იხ., 29.06.2026 წლის განცხადება).

25. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო ამავე სასამართლოს 2026 წლის 21 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილი იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

26. საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

27. მოცემულ შემთხვევაში, შესაფასებელია სააპელაციო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისა და მისი უცვლელად დატოვების კანონიერება.

28. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

29. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის იმ მსჯელობებს რაც ასახულია გასაჩივრებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინებაში, კერძოდ:

30. აპელანტის სააპელაციო საჩივრის განხილვა 2025 წლის 13 თებერვალს 10:00 საათზე დაინიშნა.

31. სატელეფონო აქტით დასტურდება, რომ 2025 წლის 17 იანვარს მოსამართლის თანაშემწე პირადად დაუკავშირდა აპელანტს მის მიერ მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერზე, მიიღო დასტური, რომ ნამდვილად აპელანტს ესაუბრებოდა და შეატყობინა საქმის განხილვის თარიღი, ამასთან, განუმარტა არასაპატიო მიზეზით სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგები (იხ. ტ.2, ს.ფ. 226).

32. სხდომის დღეს 09.28 საათზე გამოუცხადებელი აპელანტის წარმომადგენელმა - მ.გ–იამ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გამოაგზავნა განცხადება, რომელიც სააპელაციო სასამართლოს კანცელარიის რეგისტრაციაში 10.19 საათზე გატარდა. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ სხდომა დანიშნულია 10.00 საათზე, რაც მან 1 დღით ადრე შეიტყო, ხოლო 11.00 საათზე დანიშნულია სხვა სასამართლო სხდომა სხვა მოსამართლესთან, რომლის შესახებაც ორი კვირით ადრე ეცნობა. აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვა სხდომის გადადება სხვა დროისთვის, ვინაიდან არც აპელანტი იმყოფებოდა საქართველოში (იხ., ტ.2. ს.ფ. 227).

33. დადგენილია, რომ მოწინააღმდეგე მხარე არ დაეთანხმა სხდომის გადადებას და იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა.

34. სააპელაციო სასამართლომ თხოვნა სხდომის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა. მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა აპელანტის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე დააკმაყოფილა და მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება აპელანტის სააპელაციო საჩივრის უარყოფის შესახებ; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 07 მარტის გადაწყვეტილება.

35. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნორმატიულად სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წესსა და წინაპირობებს სსსკ-ის 387-ე მუხლი აწესრიგებს. ნორმით გაუთვალისწინებელ შემთხვევებში კი, გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

36. სსსკ-ის 387.1 მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. დასახელებული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, მიიღოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუ აპელანტი, რომელსაც საქმის განხილვის დრო კანონით დადგენილი წესით ეცნობა, არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სხდომაზე და არც გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე არ აცნობა სასამართლოს. ასეთ შემთხვევაში სასამართლო, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, დაუსწრებელი გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილებს სააპელაციო საჩივარს. ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა არსებობდეს 387-ე მუხლის პირველი ნაწილის შემადგენლობის ყველა ელემენტი: ა) აპელანტის გამოუცხადებლობა; ბ) გამოუცხადებლობის არასაპატიო მიზეზი; გ) მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

37. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს ამ კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. დასახელებული ნორმა განსაზღვრავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებს. ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს ამ გადაწყვეტილებას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.

38. სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველ ნაწილი ადგენს მხარის გამოუცხადებლობისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელ გარემოებებს, ესენია: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ არსებობდა დაუძლეველი ძალა ან სხვა მოვლენები, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.

39. ზემოაღნიშნულ შემთხვევათაგან ერთ-ერთის არსებობისას, სასამართლო არაა უფლებამოსილი, გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ხოლო, თუ ასეთი გადაწყვეტილება მაინც იქნება მიღებული, იგი უნდა გაუქმდეს.

40. სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილია, თუ რა განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების მიზნებისათვის საპატიო მიზეზად – მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას.

41. მითითებული ნორმის დანაწესი ადგენს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარის მიერ კონკრეტული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა ჩათვალოს საპატიოდ, თუკი აღნიშნული მოქმედება მან ვერ შეასრულა რაიმე ობიექტური გარემოების გამო. ამასთან, ამგვარი საპატიო გარემოების დადასტურების ვალდებულებასთან დაკავშირებულ მტკიცების სტანდარტს აწესებს სსსკ-ის 102-ე მუხლი, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

42. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად უთითებს, რომ იმყოფებოდა და სწავლობდა საზღვარგარეთ - იტალიის უნივერსიტეტში, სადაც მას ჰქონდა დანიშნული საუნივერსიტეტო გამოცდები. საგამოცდო პერიოდისა (2025 წლის 20 იანვრიდან - 28 თებერვლის ჩათვლით) და მგზავრობის დროითი შეზღუდვების გათვალისწინებით მას ფიზიკურად არ შეეძლო მოეხერხებინა იტალიიდან ჩამოსვლა, პროცესზე მონაწილეობა და დროულად კვლავ უკან დაბრუნება. ამასთან, აქტიურად ემზადებოდა გამოცდებისთვის, რაც ართულებდა მისი გადაადგილების შესაძლებლობას. კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს მითითებას, რომ მან წინასწარ არ შეატყობინა სასამართლოს აღნიშნულის შესახებ და მიუთითებს, რომ მოსამართლის თანაშემწეს აცნობა გამოცდების გრაფიკი, ითხოვა სხდომა არა უგვიანეს 20 იანვრისა ჩანიშნულიყო, ასევე მან წარადგინა განცხადება სასამართლოში, რომელშიც ითხოვა სხდომა არ დამთხვეოდა საგამოცდო პერიოდს, თუმცა, მისი თხოვნა არ იქნა გათვალისწინებული და მაინც საგამოცდო პერიოდში დაინიშნა.

43. მოცემულ საქმეზე საგულისხმოა, რომ აპელანტი უშუალოდ იყო ინფორმირებული სხდომის დღის და სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგების შესახებ (იხ., სატელეფონო აქტი - ტ.2. ს.ფ. 226). რაც შეეხება მითითებას მისი საზღვარგარეთ სწავლის და საგამოცდო პერიოდის შესახებ, იმ ვითარებაში, როდესაც აპელანტს უწყება 17 იანვარს პირადად ჩაბარდა, თუკი უშუალოდ სურდა სასამართლო პროცესზე მონაწილეობა, გონივრულ ვადაში შეეძლო წარედგინა რელევანტური მტკიცებულებების თანხლებით განცხადება სხდომის გადადების შესახებ, შეეძლო ასევე, ეშუამდგომლა სხდომაზე დისტანციურად მონაწილეობის შესახებ. საკასაციო პალატა სააპელაციო პალატის იმ მოსაზრებასაც იზიარებს რომ შეეძლო დროულად უზრუნველეყო ადვოკატის აყვანა რომელიც მის ინტერესს წარადგენდა დანიშნულ სასამართლო სხდომაზე.

44. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზები, კასატორმა ვერ დაასაბუთა.

45. რაც შეეხება ამ განჩინების პ.23 ში მითითებულ კასატორის პრეტენზიას, რომ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი წინაპირობები არ არსებობდა (დეტალურად იხ., საკასაციო საჩივარი), ასევე, საქართველოს უზენაეს სასამართლოში 26.06.2026წ. წარმოდგენილ განცხადებას, აღნიშნული ვერ გახდება წინამდებარე საკასაციო საჩივრის ფარგლებში მსჯელობის საგანი.

46. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. ის ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებასა და პროცესის გამარტივებას. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით დადგენილი სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია (იხ. სუსგ. №ას-964-929-16, 06.03.2017წ.).

47. დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტიან საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე, 387-ე მუხლები) ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს (პრეზუმფცია). ასეთ შემთხვევაში მტკიცებულებათა გამოკვლევა არ ხდება, არამედ, კანონის ძალით სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 17.03.2016წ. განჩინება საქმეზე №ას-121-117-2016).

48. კასატორი დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების წინააღმდეგ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით არსებითად ედავება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ წინამდებარე დავის გადაწყვეტის მართებულობას. საკასაციო პალატა ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ მხარეს, რომელსაც სურს მისი სააპელაციო პრეტენზიების შინაარსობრივი კვლევა, ევალება სასამართლო სხდომაზე გამოცხადების მოვალეობის შესრულება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გადასინჯვის მოთხოვნის უფლებას, ხოლო სასამართლო, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის არსებობისას უპირობოდ ეტყვის უარს სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებელ აპელანტს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ისე, რომ სასარჩელო მოთხოვნის/შეგებებული სარჩელის საფუძვლიანობის ხელახლა კვლევის საკითხი დღის წესრიგში აღარ დადგება.

49. ამრიგად, პალატის განსჯით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის ყველა ზემოაღნიშნული წინაპირობა შესრულებულია, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მართებულად უთხრა უარი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებას.

50. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2025 წლის 12 ივნისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

51. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

52. ვინაიდან საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე კასატორს ეთქვა უარი, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი არ ანაზღაურდება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ.ა–ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2025 წლის 12 ივნისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება. თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე