დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-985-2026 30 სექტემბერი, 2026 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – შპს „მ.მ.“, მ.ა.(მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „პ.ბ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 18 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს „პ.ბ–ის“ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი შპს „მ.მ.ისა“ და მუზაფფერ ალთინტაშის (შემდგომში - „მოპასუხეები“ ან „აპელანტები“) მიმართ, საკრედიტო და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდევინების, გირავნობის უფლებით დატვირთული მოძრავი ნივთების რეალიზაციის შესახებ დაკმაყოფილდა.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 18 მაისის განჩინებით მოპასუხეების 2026 წლის 11 მაისის შუამდგომლობა (განცხადება) სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა და მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველად შემდეგი საფუძვლებით:
2.1. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 13 მარტის განჩინებით, აპელანტებს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდათ ხარვეზი და ხარვეზის შევსების მიზნით დაევალათ წარმოედგინათ: ა. სსსკ-ის 368.1-ე მუხლის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების თანახმად, შედგენილი სააპელაციო საჩივარი; ბ. 3191.25 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი; გ. სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია. აპელანტებს აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად განესაზღვრათ 07 დღე, განჩინების ასლის გადაცემიდან;
2.2. ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან, განჩინებით განსაზღვრულ ვადაში - 30.03.2026წ., სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა აპელანტების წარმომადგენელმა, წარადგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი, ასევე 500 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის დამადასტურებელი დოკუმენტი და იშუამდგომლა ხარვეზის სრულად შესავსებად დამატებითი დროის განსაზღვრა (იხ. ს.ფ. 249);
2.3. სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 07 აპრილის განჩინებით: 1. აპელანტების შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა და აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან აპელანტებს დამატებით განესაზღვრათ 07-დღიანი ვადა, რათა სააპელაციო სასამართლოში წარედგინათ დამატებით 2691.25 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი (იხ. ს.ფ. 280-282);
2.4. ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების ჩაბარებიდან, განჩინებით განსაზღვრულ ვადაში - 14.04.2026წ., სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა აპელანტების წარმომადგენელმა და კვლავ იშუამდგომლა ხარვეზის სრულად შესავსებად დამატებითი დროის განსაზღვრის თაობაზე. აპელანტების წარმომადგენელმა მიუთითა, რომ აპელანტები სასამართლოს მიერ დამატებით განსაზღვრულ ვადაში უზრუნველყოფდნენ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელი ნაწილის გადახდას და ხარვეზის შევსებას (იხ. ს.ფ. 284);
2.5. სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 20 აპრილის განჩინებით: აპელანტების შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა და აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან მათ დამატებით განესაზღვრათ 03-დღიანი ვადა, რათა სააპელაციო სასამართლოში წარედგინათ დამატებით 2 691.25 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი (იხ. ს.ფ. 285-287);
2.6. ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან განჩინებით განსაზღვრულ ვადაში სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა აპელანტების წარმომადგენელმა, წარადგინა 500 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის დამადასტურებელი დოკუმენტი და აპელანტების მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო იშუამდგომლა დარჩენილი - 2 191.25 ლარის ნაწილში სახელმწიფო ბაჟის გადავადება სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დასრულებამდე (იხ.ს.ფ. 289);
2.7. სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 30 აპრილის განჩინებით, აპელანტების შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადავადებასთან დაკავშირებით, დაუსაბუთებულობის გამო არ დაკმაყოფილდა და აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან აპელანტებს დამატებით განესაზღვრათ 5-დღიანი ვადა, სააპელაციო სასამართლოში წარედგინათ 2 191.25 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი (იხ.ს.ფ. 291-295);
2.8. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში (11.05.2026), აპელანტების წარმომადგენელმა - ნ.კ–ამ (იხ. მინდობილობა, ს.ფ 142 -145) მიმართა სააპელაციო სასამართლოს და კვლავ მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება 1 (ერთი) თვით, რადგან აპელანტებს არ დაუკარგავთ ინტერესი საქმის მიმართ და სჭირდებათ მოთხოვნილი დრო, სახელმწიფო ბაჟის დაფარვის მიზნით აუცილებელი სახსრების მოსაძიებლად. განმცხადებელმა მიუთითა, რომ აპელანტების თხოვნის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ რამდენჯერმე გადაუვადა მათ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსება და აპელანტებს მისცა დამატებითი ვადა მის შესავსებად, თუმცა აპელანტების მხრიდან არაერთი მცდელობის მიუხედავად, სამწუხაროდ ვერ მოხერხდა განსახილველ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ბაჟის სრულად გადახდა, ამასთან აპელანტებს არ დაუკარგავთ ინტერესი მიმდინარე დავისადმი (იხ. ს.ფ. 297);
2.9. სააპელაციო პალატის მითითებით, საქმეში არსებული სატელეფონო აქტით ირკვევა, რომ ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ სასამართლოს 2026 წლის 20 აპრილის განჩინება აპელანტების წარმომადგენელს ნ.კ–ას (იხ. მინდობილობა, ს.ფ 142-145) სატელეფონო შეტყობინებით სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად ჩაბარდა 2026 წლის 06 მაისს (იხ. ს.ფ. 296). ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრული 05-დღიანი საპროცესო ვადის ათვლა დაიწყო 2026 წლის 07 მაისს და ამოიწურა 2026 წლის 11 მაისს, რა ვადაშიც აპელანტებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ;
2.10. რაც შეეხება აპელანტების წარმომადგენლის 2026 წლის 11 მაისის შუამდგომლობას (განცხადება) ხარვეზის შევსების ვადის კვლავ გაგრძელების თაობაზე, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სასამართლო უფლებამოსილია მხარეს გაუგრძელოს სასამართლოს მიერ დადგენილი ვადა მხოლოდ ობიექტური გარემოებების არსებობისას. შესაბამისად, დაუშვებელია საპროცესო ვადის გაგრძელებამ გამოიწვიოს საქმის განხილვის გაჭიანურება და პროცესუალური ეკონომიის პრინციპის უგულებელყოფა (იხ. სუსგ №ას-237-225-2017, 16 მარტი, 2017 წელი). სააპელაციო პალატის განმარტებით, საპროცესო ვადის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს რა შესასრულებელი საპროცესო მოქმედების სიმძიმით, მხარეს მიეცემა დრო, რომელიც ობიექტურად საკმარისია საამისოდ. თავის მხრივ, საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნის უფლების მხარისათვის მინიჭება არ გულისხმობს უარგუმენტო, დაუსაბუთებელი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, არამედ, თუ მხარე, რომელსაც განესაზღვრა ვადა ამა თუ იმ მოქმედების შესასრულებლად, დათქმულ დროში მის შესრულებას ვერ უზრუნველყოფს, საამისოდ, სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილი წესით უნდა ასაბუთოს საპროცესო მოქმედების დროულად შეუსრულებლობის საპატიო მიზეზის არსებობა (იხ. სუსგ №ას-349-2023, 03 მაისი, 2023 წ., პ.16.6.);
2.11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტების 2026 წლის 11 მაისის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილებულიყო და სსსკ-ის 368.5 მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩენილიყო განუხილველად აპელანტების მიერ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
3. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა წარადგინეს კერძო საჩივარი და მოითხოვეს მისი გაუქმება შემდეგ საფუძვლებზე მითითებით:
3.1. საქმის მასალებით ნათლად ჩანს, რომ აპელანტებს ჰქონდათ ინტერესი საქმის მიმართ და მაქსიმალურად მოწადინებული იყვნენ უზრუნველეყოთ მათი დარღვეული უფლების სასამართლო წესით დაცვა. იმ პირობებში, როდესაც აპელანტებს უკვე გადახდილი ჰქონდათ სახელმწიფო ბაჟის არცთუ უმნიშვნელო ნაწილი - 1000 ლარი, მხარემ მიმართა სასამართლოს დარჩენილი ნაწილის პროცესის დასრულებამდე გადახდის გადავადების შუამდგომლობით. სასამართლომ არ დააკმაყოფილა რა აღნიშნული შუამდგომლობა, მხარეს მისცა 5 დღის ვადა მის შესავსებად. იმ პირობებში, როცა მხარე ითხოვს გადაუხდელი სახელმწიფო ბაჟის პროცესის დასრულებამდე გადავადებას და სასამართლო არ აკმაყოფილებს მას, ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის მხოლოდ 5 დღით გაგრძელება ფაქტიურად ეწინააღმდეგება დარღვეული უფლების სასამართლო წესით დაცვის საყოველთაოდ გარანტირებულ პრინციპს. აღნიშნულით მხარეს რეალურად წაერთვა სასამართლო ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა, რაც ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს განჩინების უკანონობაზე;
3.2. სსსკ-ის მე-2 მუხლის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით დაირღვა მხარის სამართლიანი სასამართლოს უფლება;
3.3. აპელანტები მზად არიან გადაიხადონ სააპელაციო საჩივარზე დარჩენილი გადაუხდელი სახელმწიფო ბაჟი, რათა სრულად უზრუნველყონ დარღვეული უფლების დაცვა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 30 ივლისის განჩინებით მოპასუხეთა კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
5. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით [სსსკ-ის 420-ე მუხლი]. საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას [სსსკ-ის 410-ე მუხლი].
7. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების კანონიერება, რომლითაც აპელანტების შუამდგომლობა სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
8. სსსკ-ის 368.5 მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს დასახელებულ ნორმაში მითითებულ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება და ამავე კოდექსის 374.1 მუხლის შესაბამისად [სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა], დარჩება განუხილველი დაუშვებლობის გამო. ამდენად, თუ სააპელაციო საჩივარი ხარვეზიანია, სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისათვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა კი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
9. წინამდებარე საქმეში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივარი პირველი ინსტანციის სასამართლოში შეტანილია 29.12.2025წ. (იხ. ს.ფ. 223). საქმე სააპელაციო საჩივართან ერთად სააპელაციო სასამართლოს განსახილველად გადაეგზავნა 04.03.2026წ. (იხ. ს.ფ. 241). სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 13 მარტის განჩინებით აპელანტებს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდათ ხარვეზი. სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 07 აპრილის განჩინებით, აპელანტების შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა და აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან აპელანტებს დამატებით განესაზღვრათ 07-დღიანი ვადა, რათა სააპელაციო სასამართლოში წარედგინათ დამატებით 2 691.25 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი (იხ. ს.ფ. 280-283). სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 20 აპრილის განჩინებით, აპელანტების შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა და აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან აპელანტებს დამატებით განესაზღვრათ 03-დღიანი ვადა, რათა სააპელაციო სასამართლოში წარედგინათ დამატებით 2 691.25 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი (იხ. ს.ფ. 285-287). სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 30 აპრილის განჩინებით, აპელანტების შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადავადებასთან დაკავშირებით, დაუსაბუთებულობის გამო არ დაკმაყოფილდა და აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან აპელანტებს დამატებით განესაზღვრათ 5-დღიანი ვადა, სააპელაციო სასამართლოში წარედგინათ 2 191.25 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი (იხ. ს.ფ. 291-295). სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში (11.05.2026), აპელანტების წარმომადგენელმა - ნ.კ–ამ მიმართა სააპელაციო სასამართლოს და კვლავ მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება 1 (ერთი) თვით, რადგან აპელანტებს არ დაუკარგავთ ინტერესი საქმის მიმართ და სჭირდებათ მოთხოვნილი დრო სახელმწიფო ბაჟის დაფარვის მიზნით აუცილებელი სახსრების მოსაძიებლად.
10. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე გამოტანილ განჩინებას კერძო საჩივრის ავტორები უკანონოდ მიიჩნევენ იმ თვალსაზრისით, რომ მათ არ მიეცათ საჭირო დრო სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესავსებად.
11. სსსკ-ის 59.2 მუხლის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. საპროცესო ვადის ხანგრძლივობის განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს იმ საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობა, რისთვისაც ეს ვადა დაინიშნა. საკასაციო პალატის განმარტებით, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დავალება მხოლოდ მაშინ შეიძლება პირის უფლებების დარღვევად იქნეს განხილული, თუკი სასამართლო მხარეს უკანონოდ ეტყვის უარს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების/ გადავადების/ შემცირების შესაძლებლობაზე ან არაგონივრულად მცირე ვადას დაუწესებს ხარვეზის შესავსებად (იხ. სუსგ საქმე №ას-1455-2022, 27 იანვარი, 2023 წელი).
12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის გამოსასწორებლად ვადის განსაზღვრა სწორედ სასამართლო პრეროგატივას წარმოადგენს, რა დროსაც სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ხარვეზის შინაარსი, მისი გამოსწორებისთვის აუცილებელი, გონივრული დრო და დაიცვას ბალანსი აპელანტისა და მოწინააღმდეგე მხარის ინტერესებს შორის. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368.7 მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით (შდრ. იხ. სუსგ საქმე №ას-1455-2022, 27 იანვარი, 2023 წელი). თუმცა სასამართლო უფლებამოსილია, მხარეს გაუგრძელოს მის მიერ დადგენილი ვადა მხოლოდ ობიექტური გარემოებების არსებობისას. შესაბამისად, დაუშვებელია საპროცესო ვადის გაგრძელებამ გამოიწვიოს საქმის განხილვის გაჭიანურება და პროცესუალური ეკონომიის პრინციპის უგულებელყოფა (შდრ. იხ. სუსგ საქმე №ას-237-225-2017, 16 მარტი, 2017 წელი). ამასთან, ობიექტური გარემოებების არსებობის დადასტურება თავად მხარის ვალდებულებას წარმოადგენს. აღნიშნული ვალდებულება გამომდინარეობს სსსკ-ის 102-103-ე მუხლებიდან, რომელთა თანახმად, თითოეულმა მხარემ, მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (იხ. სუსგ საქმე №ას-265-2022, 01 ივნისი, 2022 წელი). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ დაუდგენელი ვადების განსაზღვრისას სასამართლოს მართებს სიფრთხილის გამოჩენა, რათა ერთი მხრივ, სწრაფი მართლმსაჯულების ინტერესიდან გამომდინარე, მხარეს არ განუსაზღვროს იმდენად მოკლე ვადა, რომელიც არსებითად შეუძლებელს გახდის მოთხოვნილი საპროცესო მოქმედების შესრულებას, ან პირიქით, მეორე მხარის ინტერესების გადაჭარბებულად გათვალისწინების გამო, არ დაადგინოს იმდენად გრძელი საპროცესო ვადა, რომ ეჭვქვეშ დადგეს სასამართლოსა და კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტური ღირებულება. როგორც ერთი, ისე მეორე ვითარების თავიდან არიდების კრიტერიუმად კანონმდებელი გონივრულობის პრინციპს განიხილავს (იხ. სუსგ საქმე №ას-1415-2022, 15 მარტი, 2023 წელი).
13. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ 2026 წლის 30 აპრილის განჩინებით აპელანტების შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადავადებასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა. აღნიშნულის საფუძვლად სააპელაციო სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ საქმეში არ მოიპოვებოდა აპელანტის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც სასამართლოს შეეძლო სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე მსჯელობა. აღნიშნული საკითხი აპელანტთა მიერ სადავოდ არ არის გამხდარი. კერძო საჩივრის ავტორთა პრეტენზია ისაა, რომ, ვინაიდან მათ უკვე გადახდილი ჰქონდათ სახელმწიფო ბაჟის არცთუ უმნიშვნელო ნაწილი - 1000 ლარი და ითხოვდნენ გადაუხდელი სახელმწიფო ბაჟის პროცესის დასრულებამდე გადავადებას, ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის მხოლოდ 5 დღით გაგრძელება ფაქტიურად ეწინააღმდეგება დარღვეული უფლების სასამართლო წესით დაცვის საყოველთაოდ გარანტირებულ პრინციპს.
14. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ზემოაღნიშნულ პრეტენზიას ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის არასაკმარისობის თაობაზე და მიუთითებს იმ გარემოებებზე, რომ აპელანტებს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა ჯამში სამჯერ გაუგრძელდათ, ამასთან, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ თავდაპირველი განჩინების მიღებიდან (13.03.2026წ.) სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებამდე (18.05.2026წ.) გასულია ორ თვეზე მეტი და ამ დროის განმავლობაში სააპელაციო საჩივარი დასაშვებობის შემოწმების ეტაპზეა. ამასთან, 2026 წლის 11 მაისით დათარიღებულ ბოლო შუამდგომლობაში (ისევე როგორც წარმოდგენილ კერძო საჩივარში) არ იყო მითითებული კონკრეტული არგუმენტაცია, რამაც 2026 წლის 30 აპრილის განჩინებით დადგენილი ხარვეზის სრულფასოვან შევსებას ხელი შეუშალა.
15. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საპროცესო ვადის დადგენისას, სასამართლო ხელმძღვანელობს რა შესასრულებელი საპროცესო მოქმედების სიმძიმით, მხარეს მიეცემა დრო, რომელიც ობიექტურად საკმარისია საამისოდ. თავის მხრივ, საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნის უფლების მხარისათვის მინიჭება არ გულისხმობს უარგუმენტო, დაუსაბუთებელი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, არამედ თუ მხარე, რომელსაც განესაზღვრა ვადა ამა თუ იმ მოქმედების შესასრულებლად, დათქმულ დროში მის შესრულებას ვერ უზრუნველყოფს, საამისოდ, სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილი წესით უნდა ასაბუთოს საპროცესო მოქმედების დროულად შეუსრულებლობის საპატიო მიზეზის არსებობა (იხ. სუსგ საქმე №ას-349-2023, 03 მაისი, 2023 წელი).
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტებს ხარვეზის შესავსებად საკმარისი ვადა მიეცათ, ხოლო ვადის დამატებით ერთი თვით გაგრძელება, საქმის განხილვის დაუსაბუთებელ გაჭიანურებას გამოიწვევდა, რაც ეწინააღმდეგება სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების პრინციპს და ლახავს მოწინააღმდეგე მხარის კანონით დაცულ უფლებებსა და ინტერესებს.
17. განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ აპელანტებს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი სრულად არ შეუვსიათ, შესაბამისად, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა მათი შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე, სსსკ-ის 63-ე და 374.1-ე მუხლების შესაბამისად, სახეზე იყო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობები.
18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული პირის უფლება, თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, არ არის აბსოლუტური და სამოქალაქო პროცესში შეიძლება შეიზღუდოს სამართალწარმოების ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, №. 8225/78, გვ, 20, §57, 28 მაისი, 1985 წელი) (იხ. სუსგ საქმე №ას-1959-2018, 19 აპრილი, 2019 წელი).
19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას (სსსკ-ის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლი) და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით (სსსკ-ის 372-ე მუხლი, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილი და 368-ე მუხლის პირველი ნაწილი), რომელთა შესრულება სავალდებულოა აპელანტისთვის. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებს და სასამართლოს მითითებებს, იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სსსკ-ის 59-ე და 63-ე მუხლები, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი და 374-ე მუხლის პირველი ნაწილი).
20. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „მ.მ–ისა“ და მ.ა–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 18 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი
ა. ძაბუნიძე