დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 01.10.2026
საქმის ნომერი
ას-1006-2026
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
01.10.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-1006-2026 1 ოქტომბერი, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),თეა ძიმისტარაშვილი, მირანდა ერემაძე

კასატორი – ი/მ ჯ.მ–ვი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – „ა.ა.“, „ა.ი.მ.ბ.“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 10 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – სასაქონლო ნიშნების შესახებ საქართველოს კანონით მოსარჩელეთათვის უზრუნველყოფილი უფლებების ხელყოფის აღკვეთა, კონტრაფაქციული საქონელის განადგურება

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სარჩელის მოთხოვნა

1.1. „ა.ა.“, „ა.ი.მ.ბ“-ის წარმომადგენლებმა 2025 წლის 21 მაისს სარჩელით მიმართეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ი/მ ჯ.მ–ვის მიმართ შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით: 1.1. მოპასუხე ი/მ ჯ.მ–ვს აეკრძალოს მოსარჩელე „ა.ა“-ის და „ა.ი.მ.ბ“-ს კუთვნილი სასაქონლო ნიშნების - სამი ზოლი (რეგ. ნომერი 16691 და 38435, საერთაშორისო რეგისტრაციის ნომერი 699437) აგრეთვე, მათი აღრევამდე მსგავსი ნიშნების გამოყენება საქართველოს ტერიტორიაზე (მათ შორის ასეთი ნიშნებით მარკირებული საქონლის იმპორტი და რეალიზაცია) იმ საქონლის მიმართ, რომელიც არ არის დამზადებული მოსარჩელეთა მიერ ან მათი ნებართვით. 1.2. მოპასუხის ხარჯით განადგურდეს მისი კუთვნილი და შემოსავლების სამსახურის მიერ შეჩერებული კონტრაფაქციული 1 320 წყვილი რეზინის ფეხსაცმელი.

2. მოპასუხის შესაგებელი

2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ სცნო და მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის საქონელზე არ არის დატანილი მოსარჩელეების კუთვნილი სასაქონლო ნიშნების აღრევამდე მსგავსი ნიშანი, ვინაიდან მოსარჩელეებს - ა.ა-ს და ადიდას ინტერნეიშნელ მარკეტინგ ბ.ვ-ს, როგორც სარჩელზე თანდართული მასალებით დასტურდება, რეგისტრირებული აქვთ სამი ზოლის გამოსახულებითი ნიშნები რეგ. ნომრებით 16691; 38435; 699437, ხოლო მის მიერ იმპორტირებულ საქონელზე დატანილია ოთხი ზოლი.

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

3.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2026 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების „ა.ა“-ის და „ა.ი.მ.ბ“-ს სარჩელი მოპასუხე ი/მ ჯ.მ–ვის მიმართ დაკმაყოფილდა; აეკრძალა მოპასუხე ი/მ ჯ.მ–ვს „ა.ა“-ის და „ა.ი.მ.ბ“-ს გამოსახულებითი სასაქონლო ნიშნების (სამი ზოლის გამოსახულება, რეგ. ნომერი: 16691) და (სამი ზოლის გამოსახულება, რეგ. ნომერი 38435, საერთაშორისო რეგისტრაციის ნომერი 699437) გამოყენება, აგრეთვე, მათ აღრევამდე მსგავსი ნიშნების გამოყენება საქართველოს ტერიტორიაზე (მათ შორის, ასეთი ნიშნებით მარკირებული საქონლის იმპორტი და რეალიზაცია) იმ საქონლის მიმართ, რომელიც არ არის დამზადებული მოსარჩელე „ა.ა“-ის და „ა.ი.მ.ბ“-ს მიერ ან მათი ნებართვით. ასევე, მოპასუხეს დაევალა მისი ხარჯით გაანადგუროს მისი კუთვნილი და შემოსავლების სამსახურის მიერ 2025 წლის 10 მაისს შეჩერებული 1320 ცალი მამაკაცის რეზინის ფეხსაცმელი, რომლებიც ნიშანდებულია მოსარჩელე ,,ა.ა“-ის და „ა.ი.მ.ბ“-ს კუთვნილი სასაქონლო ნიშნებით და რომლებიც განთავსებულია გეზ "თბილისის" კონტროლის ზონაში (მდებარე: გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი ......, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ.).

4. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი

4.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2026 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 10 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

5.2. „ა.ა“ არის საქპატენტში დარეგისტრირებული შემდეგი სასაქონლო ნიშნების მფლობელი: სიტყვიერი სასაქონლო ნიშანი - adidas, გამოსახულებითი სასაქონლო ნიშანი (სამი ზოლი), რეგ. ნომერი: 16691, რეგ. თარიღი: 26.06.2006, კლასი 25-ე, საქონელი (25-ე კლასი) ფეხსაცმელი, სპორტული ფეხსაცმლისა და ყოველდღიური ფეხსაცმლის ჩათვლით. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია ძალაშია 26.06.2026 წლამდე. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის 2024 წლის 24 დეკემბრის №27148 ბრძანებით რეგისტრაციის ვადა გაგრძელდა ორი წლით 2026 წლის 26 ივნისამდე და მათზე ხორციელდება დაცვის სასაზღვრო ღონისძიებები.

5.3. მოსარჩელე „ა.ი.მ.ბ.“ არის საქპატენტში დარეგისტრირებული შემდეგი სასაქონლო ნიშნების მფლობელი: გამოსახულებითი სასაქონლო ნიშანი (სამი ზოლი), რეგ. ნომერი: 38435, რეგ. თარიღი: 2024-06-26, კლასი 03,09, საქონელი (03 კლასი) ფეხსაცმლის მოვლისთვის განკუთვნილი ნაწარმი და საშუალებები. საქონელი (09 კლასი) მობილური ტელეფონებისათვის განკუთვნილი საკუთნო და აქსესუარები. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია ძალაშია 26-06-2034 წლამდე.

5.4. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 10 მაისის №9267 ბრძანებით შეჩერებულ იქნა მოპასუხე ი/მ ჯ.მ–ვის 08.05.2025 წლის №C53587/11111 საბაჟო დეკლარაციით მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში დეკლარირებული adidas სასაქონლო ნიშნით ნიშანდებული 1320 წყვილი რეზინის ფეხსაცმლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურა 10 სამუშაო დღის ვადით. ბრძანებაში აღნიშნულია, რომ სავარაუდოდ ადგილი აქვს შემოსავლების სამსახურის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეესტრში საბაჟო დეპარტამენტის 24.12.2024 წლის №27148 ბრძანებით რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშანზე უფლების დარღვევას.

5.5. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის მტკიცების საგანს წარმოადგენს მის მიერ ამა თუ იმ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია, მესამე პირის მხრიდან განსაკუთრებული უფლების მქონე პირის თანხმობის გარეშე მსგავსი სასაქონლო ნიშნისა და მსგავსი საქონლის სამოქალაქო ბრუნვაში გამოყენება და ამ მსგავსების შედეგად მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის ალბათობა. ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი დადასტურდა მითითებული უფლების დარღვევა და ამასთანავე კონტრაფაქციული საქონლისგან სადავო ნიშანის განცალკევება შეუძლებელია, კანონი მოსარჩელეს ანიჭებს საქონლის განადგურების მოთხოვნის უფლებას.

5.6. სააპელაციო სასამართლომ მხარეთა შორის არსებული დავის საგნის გათვალისწინებით, ყურადღება გაამახვილა სადავო საქონელზე დატანილ ნიშნებზე და განმარტა, რომ ერთი შეხედვით, დაკვირვებისა და დეტალური ანალიზის გარეშე, მოპასუხის სარეალიზაციო სპორტულ ფეხსაცმელზე გამოსახული ნიშანი ცალსახად ჰგავს მოსარჩელეთა - განსაკუთრებული უფლების მქონე პირების მიერ რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშნებს იმდენად, რომ ქმნის აღრევის საფრთხეს და იწვევს ასოციაციას „ა.ა“-ის და „ა.ი.მ.ბ“-ს მიერ რეგისტრირებულ ნიშნებთან (სამი ზოლი ( რეგ. ნომერი: 16691 და რეგ. ნომერი: საერთაშორისო რეგისტრაციის ნომერი: 699437), რაც 38435, წარმოადგენს მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის წინაპირობას. სასაქონლო ნიშნის მფლობელის უფლებების დარღვევას ადგილი არ ექნებოდა იმ შემთხვევაში, თუ საქონელზე დატანილი ოთხი ზოლი პირდაპირ არ მიბაძვდა სამზოლიან, პარალელურ, ვერტიკალურ ან „პოზიციურ“ გამოყენებას, რომელსაც Adidas იყენებს თავის სპორტულ ტანსაცმელზე. მოცემულ შემთხვევაში, ოთხზოლიანი სასაქონლო ნიშანი არღვევს მფლობელის უფლებებს, რადგან ოთხი ზოლი ვერტიკალურად არის განთავსებული Adidas-ის პროდუქციის ერთსა და იმავე პოზიციაზე. ამდენად, სააპელაციო პალატა თვლის, რომ წარმოდგენილი სასაქონლო ნიშნები არ არის ერთმანეთისგან საკმარისად განსხვავებული იმდენად, რომ დასაშვები იყოს ორივე მათგანის ბაზარზე თანაარსებობა და სამოქალაქო ბრუნვაში გამოყენება.

5.7. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელეებმა სათანადო მტკიცებულების წარდგენით დასძლიეს სასაქონლო ნიშნებზე განსაკუთრებული უფლების არსებობის ფაქტის მტკიცების ტვირთი, რადგანაც სასამართლოში წარადგინეს საკუთარი უფლების ნამდვილობის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება ინტელექტუალური საკუთრების უფლების რეგისტრაცია შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში. საპირისპიროდ კი, მოპასუხეს რაიმე ვარგისი მტკიცებულება, მოსარჩელეთა უფლების ნამდვილობის გამოსარიცხად არ წარუდგენია, არც ისეთი მტკიცებულება წარმოუდგენია, რომელიც გამორიცხავდა სადავო საქონლისა და მოსარჩელეების საქონლის აღრევამდე მსგავსებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მქონე სუბიექტის უფლების გამოყენების მართლზომიერება აუკრძალოს ნებისმიერ სხვა პირს მისი სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი ნიშნის უნებართვო გამოყენება, რეალიზაცია, ვინაიდან, საქართველოს ტერიტორიაზე მოპასუხის მიერ იმპორტირებულ საქონელზე გამოსახულია მოსარჩელეთა რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნების აღრევამდე მსგავსი ნიშანი.

6. მოპასუხის საკასაციო საჩივარი

6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 10 ივნისის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ, რომლითც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 31 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

12. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, სასაქონლო ნიშანზე უფლების ხელყოფის აღკვეთის კანონიერების და კონტრაფაქციული საქონლის განადგურების წინაპირობების არსებობის შემოწმება.

13. სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციასთან, დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს არეგულირებს სასაქონლო ნიშნების შესახებ საქართველოს კანონი. მისი მე-3 მუხლის თანახმად, სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს ან/და მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლისა ან/და მომსახურებისაგან (შემდგომში – საქონელი). სიმბოლო შეიძლება იყოს: სიტყვა ან სიტყვები, აგრეთვე ადამიანის სახელი; ასოები; ციფრები; ბგერები; გამოსახულება; სამგანზომილებიანი ფიგურა, მათ შორის, საქონლის ფორმა ან შეფუთვა ისევე, როგორც საქონლის სხვა გარეგნული გაფორმება ფერის ან ფერთა კომბინაციის გამოყენებით. სასაქონლო ნიშანი დაცულია „საქპატენტში“ მისი რეგისტრაციის ან საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე.

14. „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლიდან გამომდინარე, განსაკუთრებული უფლების მქონე პირს შეუძლია მესამე პირს აუკრძალოს, მისი თანხმობის გარეშე სამოქალაქო ბრუნვაში გამოიყენოს ისეთი ნიშანი, რომელიც განსაკუთრებული უფლების მქონე პირის დაცული სასაქონლო ნიშნის: ა) იდენტურია და საქონელიც იდენტური; ბ) იდენტურია, ხოლო საქონელი იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა; გ) მსგავსია, ხოლო საქონელი იდენტური ან იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა; დ) იდენტური ან მსგავსია და დაცულია სასაქონლო ნიშნის საქართველოში კარგი რეპუტაციის გამო, ამ ნიშნის გამოყენება მესამე პირს დაუმსახურებლად უქმნის ხელსაყრელ პირობებს ან ზიანს აყენებს სასაქონლო ნიშნის რეპუტაციას ან მის განმასხვავებელუნარიანობას. თავის მხრივ, რეგისტრაციით დაცულ სასაქონლო ნიშანზე მფლობელის განსაკუთრებული უფლება წარმოიშობა ამ ნიშნის რეგისტრაციის დღიდან. ამავე კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევისას სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მფლობელს აძლევს შესაძლებლობას მოითხოვოს სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით ნიშანდებული საქონლის განადგურება, თუ საქონლის სასაქონლო ნიშნისაგან განცალკევება შეუძლებელია ან თუ სასაქონლო ნიშანი საქონელზეა დატანილი.

15. ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ.ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, კონტრაფაქციული პროდუქცია არის სასაქონლო ნიშანზე, მომსახურების ნიშანზე, კოლექტიურ ნიშანზე ან/და სასერტიფიკაციო ნიშანზე (შემდგომ – სასაქონლო ნიშანი) უფლების დარღვევით წარმოებული საქონელი, მათ შორის, შესაფუთი საქონელი, რომელზედაც უნებართვოდაა მოთავსებული იმ სასაქონლო ნიშნის იდენტური სასაქონლო ნიშანი, რომელიც ამ საქონელთან დაკავშირებით კანონიერად არის რეგისტრირებული ან არსებითად არ განსხვავდება აღნიშნული სასაქონლო ნიშნისგან და, ამდენად, არღვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სასაქონლო ნიშნის მფლობელის განსაკუთრებულ უფლებას. ამავე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით, განადგურება არის საქონლის ფიზიკური განადგურება, გადამუშავება ან განკარგვა იმგვარად, რომ არ მოხდეს საქონლის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება. ამასთანავე, აუცილებელია, თავიდან იქნეს აცილებული უფლების მფლობელისათვის ზიანის მიყენება.

16. დადგენილია, რომ „ა.ა.“ არის საქპატენტში დარეგისტრირებული შემდეგი სასაქონლო ნიშნების მფლობელი: სიტყვიერი სასაქონლო ნიშანი - adidas, გამოსახულებითი სასაქონლო ნიშანი (სამი ზოლი), რეგ. ნომერი: 16691, რეგ. თარიღი: 26.06.2006, კლასი 25-ე, საქონელი (25-ე კლასი) ფეხსაცმელი, სპორტული ფეხსაცმლისა და ყოველდღიური ფეხსაცმლის ჩათვლით. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია ძალაშია 26.06.2026 წლამდე. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის 2024 წლის 24 დეკემბრის №27148 ბრძანებით რეგისტრაციის ვადა გაგრძელდა ორი წლით 2026 წლის 26 ივნისამდე და მათზე ხორციელდება დაცვის სასაზღვრო ღონისძიებები.

17. „ა.ი.მ.ბ.“ არის საქპატენტში დარეგისტრირებული შემდეგი სასაქონლო ნიშნების მფლობელი: გამოსახულებითი სასაქონლო ნიშანი (სამი ზოლი), რეგ. ნომერი: 38435, რეგ. თარიღი: 2024-06-26, კლასი 03,09, საქონელი (03 კლასი) ფეხსაცმლის მოვლისთვის განკუთვნილი ნაწარმი და საშუალებები. საქონელი (09 კლასი) მობილური ტელეფონებისათვის განკუთვნილი საკუთნო და აქსესუარები. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია ძალაშია 26-06-2034 წლამდე.

18. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 10 მაისის №9267 ბრძანებით შეჩერებულ იქნა მოპასუხე ი/მ ჯ.მ–ვის 08.05.2025 წლის №C53587/11111 საბაჟო დეკლარაციით მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში დეკლარირებული adidas სასაქონლო ნიშნით ნიშანდებული 1320 წყვილი რეზინის ფეხსაცმლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურა 10 სამუშაო დღის ვადით. ბრძანებაში აღნიშნულია, რომ სავარაუდოდ ადგილი აქვს შემოსავლების სამსახურის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეესტრში საბაჟო დეპარტამენტის 24.12.2024 წლის №27148 ბრძანებით რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშანზე უფლების დარღვევას.

19. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, სასაქონლო ნიშანი, ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით მისი რეგისტრაციის მომენტიდან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით დაცულ „ქონებას“ წარმოადგენს. შესაბამისად, რეგისტრაციის პროცედურების დასრულების შემდგომ სასაქონლო ნიშანი ხდება საკუთრების ობიექტი და მასზე ვრცელდება საკუთრების დაცვის ყველა სამართლებრივი რეგულაცია. ზოგიერთ შემთხვევაში არა მხოლოდ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია, არამედ თავად რეგისტრაციის განაცხადი და სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მაძიებლის სამართლებრივი სტატუსიც კი უკვე შესაძლებელია წარმოშობდეს ისეთ ქონებრივ უფლებებს, რომლებიც ექცევა პირველი ოქმის პირველი მუხლით გათვალისწინებული „ქონების“ ცნებაში (იხ. Anheuser-Busch Inc. v. Portugal [GC], no. 73049/01, §§ 66-72, §§ 73-78, ECHR 2007-I) (სუსგ Nას-1285-1223-2014, 01.12.2015წ.).

20. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ განსაკუთრებული უფლების მფლობელის მიერ საქონლის განადგურების მოთხოვნით აღძრული სარჩელის საფუძვლიანობის კვლევისას უნდა დადგინდეს, რამდენად არსებობს ასეთი მოთხოვნის დაკმაყოფილების ყველა სამართლებრივი წინაპირობა. ამ უკიდურესი ზომის გამოყენებისთვის აუცილებელია არსებობდეს ისეთი შემთხვევა, რომელიც მიუთითებს სასაქონლო ნიშნის საქონლისაგან განცალკევების შეუძლებლობაზე (შდრ. სუსგ. Nას-1285-1223-2014, 01.12.2015წ.). პალატა მიუთითებს, რომ სასაქონლო ნიშნის განცალკევება არა მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ სასაქონლო ნიშნის საქონლისგან მოცილება უნდა მოხდეს იმგვარად, რომ საქონელი და სასაქონლო ნიშანი ორივე ცალ-ცალკე დარჩეს, არამედ, საქონლისა და მასზე დატანილი (აღბეჭდილი) სასაქონლო ნიშნის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, რაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალური შეფასებისა და მსჯელობის საგანი უნდა იყოს, მართლზომიერი მფლობელის კუთვნილი სასაქონლო ნიშანი იმგვარად უნდა მოცილდეს (დაიფაროს, ამოიშალოს, წაიშალოს, გადამუშავდეს ან განიკარგოს), რომ არ მოხდეს უკანონოდ გამოყენებული ნიშნით საქონლის ბრუნვაში გაშვება, რაც, ერთი მხრივ, იცავს სასაქონლო ნიშნის მართლზომიერ მფლობელს არაკეთილსინდისიერი კონკურენტებისაგან და მართლზომიერი მფლობელის ავთენტიკურ საქონელს, მეორე მხრივ კი - მომხმარებლის ღირს ინტერესს, იცოდეს შესაძენი საქონლის შესახებ ლეგალური ინფორმაცია და ის მახასიათებლები, რაც საქონელს ახლავს და მნიშვნელოვანია მომხმარებლისთვის (სუსგ №ას-1513-2022, 04.04.2023წ.).

21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

23. სასაქონლო ნიშნის სარგებლობასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები რეგლამენტირებულია ასევე 1994 წლის 14 აპრილს დადებული საერთაშორისო შეთანხმებით „ინტელექტუალური საკუთრების უფლების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ“, რომლის მე-15 მუხლის შესაბამისად, „სასაქონლო ნიშანს შეიძლება წარმოადგენდეს ნებისმიერი სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელსაც უნარი შესწევს ერთი საწარმოს საქონელი და მომსახურება სხვა საწარმოს საქონლისა და მომსახურებისაგან განასხვაოს“. ამავე შეთანხმების მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მფლობელს აქვს განსაკუთრებული უფლება აუკრძალოს ყველა მესამე პირს მისი თანხმობის გარეშე ვაჭრობის პროცესში იდენტური ან მსგავსი ნიშნის გამოყენება ისეთი საქონელთან ან მომსახურებასთან დაკავშირებით, რომელთა მიმართაც რეგისტრირებულია სასაქონლო ნიშანი და როდესაც ასეთმა გამოყენებამ შეიძლება წარმოქმნას აღრევის ალბათობა. აღრევის ალბათობა მტკიცდება მაშინ, როდესაც იდენტური ნიშნის გამოყენება ხდება საქონელთან ან მომსახურებასთან დაკავშირებით.

24. სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენციის მე-2 მუხლის შესაბამისად, სასაქონლო ნიშნის მფლობელს ენიჭება ერთგვაროვან ან მსგავს საქონელზე ამ ნიშნის ან მისი ვარიანტების გამოყენების განსაკუთრებული უფლება. ამავე კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად კი, სასაქონლო ნიშნებზე განსაკუთრებული უფლებების მოპოვებისა და დამცავი დოკუმენტების ძალაში შენარჩუნების წესებს არეგულირებს მხოლოდ ეროვნული კანონმდებლობა. სამოქალაქო საქმეთა პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობიდან და საერთაშორისო აქტების შინაარსიდან გამომდინარე, სასაქონლო ნიშნის მთავარი დანიშნულებაა განასხვაოს საქონელი სხვა საქონლის ან მომსახურებისაგან ან განასხვაოს ერთი მეწარმე მეორე მეწარმისაგან. იგივე კონვენციის მე-10bis მუხლის თანახმად „(1) კავშირის ქვეყნები ვალდებული არიან უზრუნველყონ კავშირის ქვეყნების მოქალაქეები არაკეთილსინდისიერი კონკურენციისაგან ეფექტიანი დაცვით. (2) არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აქტს შეადგენს კონკურენციის ნებისმიერი აქტი, რომელიც ეწინააღმდეგება სამეწარმეო ან კომერციული საქმიანობის პატიოსან ჩვევებს. (3) კერძოდ, აკრძალულია: 1. ისეთი ხასიათის მქონე ყველა ქმედება, რომელსაც შეუძლია რაიმე გზით გამოიწვიოს აღრევა კონკურენტის დაწესებულების, საქონლის, სამეწარმეო ან კომერციული საქმიანობის მიმართ; 2. კომერციული საქმიანობისას ისეთი ხასიათის ყალბი განცხადებების გაკეთება, რომლებიც იწვევს კონკურენტის დაწესებულების, საქონლის, სამეწარმეო ან კომერციულ საქმიანობის დისკრედიტაციას; 3. ისეთი აღნიშვნების გამოყენება ან განცხადებების გაკეთება, რამაც კომერციული საქმიანობისას შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება საქონლის გვარეობის, დამზადების ხერხის, მახასიათებლების, დანიშნულებით გამოსაყენებლად ვარგისიანობის შესაბამისობის, ან რაოდენობის მიმართ“.

25. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ განსაკუთრებული უფლების მფლობელის მიერ საქონლის განადგურების მოთხოვნით აღძრული სარჩელის საფუძვლიანობის კვლევისას უნდა დადგინდეს, რამდენად არსებობს ასეთი მოთხოვნის დაკმაყოფილების ყველა სამართლებრივი წინაპირობა. ამ უკიდურესი ზომის გამოყენებისთვის აუცილებელია არსებობდეს ისეთი შემთხვევა, რომელიც მიუთითებს სასაქონლო ნიშნის საქონლისაგან განცალკევების შეუძლებლობაზე (შდრ. სუსგ. Nას-1285-1223-2014, 01.12.2015წ.). პალატა მიუთითებს, რომ სასაქონლო ნიშნის განცალკევება არა მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ სასაქონლო ნიშნის საქონლისგან მოცილება უნდა მოხდეს იმგვარად, რომ საქონელი და სასაქონლო ნიშანი ორივე ცალ-ცალკე დარჩეს, არამედ, საქონლისა და მასზე დატანილი (აღბეჭდილი) სასაქონლო ნიშნის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, რაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალური შეფასებისა და მსჯელობის საგანი უნდა იყოს, მართლზომიერი მფლობელის კუთვნილი სასაქონლო ნიშანი იმგვარად უნდა მოცილდეს (დაიფაროს, ამოიშალოს, წაიშალოს, გადამუშავდეს ან განიკარგოს), რომ არ მოხდეს უკანონოდ გამოყენებული ნიშნით საქონლის ბრუნვაში გაშვება, რაც, ერთი მხრივ, იცავს სასაქონლო ნიშნის მართლზომიერ მფლობელს არაკეთილსინდისიერი კონკურენტებისაგან და მართლზომიერი მფლობელის ავთენტიკურ საქონელს, მეორე მხრივ კი - მომხმარებლის ღირს ინტერესს, იცოდეს შესაძენი საქონლის შესახებ ლეგალური ინფორმაცია და ის მახასიათებლები, რაც საქონელს ახლავს და მნიშვნელოვანია მომხმარებლისთვის (სუსგ №ას-1513-2022, 04.04.2023წ.).

26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტირებული საქონელი - სპორტული ფეხსაცმელი, რომელზეც დატანილია მოსარჩელეთა მიერ რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნების მსგავსი ნიშანი და რომელიც ასოცირების შედეგად იძლევა აღრევის შესაძლებლობას, წარმოადგენს კონტრაფაქციულ საქონელს. ამასთან, უდავოა, რომ სასაქონლო ნიშანი უშუალოდ საქონელზეა დატანილი, რაც გამორიცხავს მისი განცალკევების შესაძლებლობას და აუცილებელს ხდის საქონლის განადგურებას.

27. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03, 24.02.2009წ. (საბოლოო გახდა 24.05.2009წ.), §71; Van de Hurk v. The Netherlands, №16034/90, 19.04.1994წ., §61; García Ruiz v. Spain [GC], №30544/96, 21.01.1999წ., §26; Jahnke and Lenoble v. France (dec.), №40490/98, 29.08.2000წ; Perez v. France [GC], №47287/99, 12.02.2004წ., §81).

28. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

29. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

30. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება/განჩინება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

31. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

32. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

34. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396-ე და 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი/მ ჯ.მ–ვის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. ი/მ ჯ.მ–ვს (.....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 400 ლარის (საგადახდო დავალება N9778, გადახდის თარიღი 28/07/2026) 70% – 280 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. კოჭლამაზაშვილი

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

მ. ერემაძე