დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-150-2026 3 ივნისი, 2026 წელი,თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან მიქაბერიძე,ბადრი შონია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
I კასატორი – შპს „ტ.პ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ა.ჭ–ძე (მოსარჩელე)
II კასატორი – ს.ნ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ა.ჭ–ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 9 დეკემბრის განჩინება
კასატორთა მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფა, მორალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 23 იანვრამდე ა.ჭ–ძე (შემდეგში - მოსარჩელე ან საჯარო პირი) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. ამჟამად, მოსარჩელე ბიზნესსაქმიანობით არის დაკავებული.
2. 2024 წლის 4 თებერვალს, 13:00 საათზე, შპს „ტ.პ–ის’’ (შემდეგში - პირველი მოპასუხე, ტელემაუწყებელი ან ტელეკომპანია) პროგრამა „პირველების’’ პირდაპირ ეთერში ჟურნალისტმა ს.ნ–მა (შემდეგში - მეორე მოპასუხე ან ჟურნალისტი) შემდეგი განცხადება ჩამოაყალიბა: ,,ჩნდება კითხვა, ყველაზე მნიშვნელოვანია, ისინი დაადებენ თუ არა ხელს იმ მთავარ ფიგურანტს საქმის, რომელიც დგას ამ ,,ქოლცენტრების’’ უკან, ამ საქმიანობის უკან, რომელმაც დააფუძნა ეს კომპანიები და მიანდო კომპანიების მართვა მის ნდობით აღჭურვილ პირს. საუბარია ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრზე ა.ჭ–ძეზე, და ყველაზე მნიშვნელოვანია, ახლა ისაუბრებენ თუ არა მასზე თავად დაკავებულები’’.
3. ე.წ. „ქოლცენტრების საქმეზე’’ ტელეკომპანიის სატელევიზიო ეთერში სიუჟეტები გადაცემა ,,პირველებში“ 2024 წლის 2 თებერვალს, 20:00 საათზე, 2024 წლის 4 თებერვალს 13:00, 15:00 და 20:00 საათებზე გავიდა.
4. 2024 წლის 2 თებერვლის გამოშვებაში ჟურნალისტებმა შემდეგი განცხადება გააკეთეს: „მივა თუ არა „ქოლცენტრების’’ გამოძიების კვალი ა.ჭ–ძემდე? ყველა ფიგურანტს, ვინც თაღლითური სქემის მონაწილეა პროკურატურაში მალე დაკითხავენ. იქნება თუ არა მათ შორის ოცნების ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ჯერ უცნობია. მანამდე კი, პირველებმა ახალი დეტალები დაადგინა. კომპანიები, სადაც გუშინ სპეცოპერაცია ჩატარდა ფიქტიურ პირებზეა გაფორმებული, რეალურად კი მას ი.მ–ი მართავდა - ყოფილი პოლიციელი, რომელიც სისტემაში ჭ–ძის მინისტრობის დროს მუშაობდა. პირველებს წყარო უყვება, რომ ყოფილი ძალოვანი (იგულისხმება ი.მ–ი) შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ა.ჭ–ძის ნდობით აღჭურვილი პირია. ადგილზე, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა ყვებიან, რომ მჭედლიშვილი ოფისში ხშირად მიდის, თუმცა ოფიციალურ დოკუმენტებში თავად არ ჩნდება. საეჭვო კომპანიები ფიქტიურ პირებზე აქვს დარეგისტრირებული". ე.წ. „ქოლცენტრების საქმეზე’’ სიუჟეტები ასევე გავრცელდა მოპასუხე ტელეკომპანიის კუთვნილი სოციალური ქსელისა და „YouTube’’ არხის მეშვეობით.
5. საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის 2024 წლის 22 თებერვლის წერილში მითითებულია, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმოებაში არსებულ ე.წ. „ქოლცენტრების საქმეზე’’ მოსარჩელის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არ მიმდინარეობს.
6. ,,სიტყვისა და გამოხატვის შესახებ’’ საქართველოს კანონის (შემდეგში - სპეციალური კანონი) მიზნებისთვის მოსარჩელე საჯარო პირია, პირველი მოპასუხე - ტელემაუწყებელი, ხოლო მეორე მოპასუხე - მისი ჟურნალისტი.
7. მოპასუხეთა წინააღმდეგ მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი შემდეგი მოთხოვნებით შეიტანა:
7.1. მოცემულ სამოქალაქო საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილების შესახებ მოპასუხე ტელეკომპანიის გადაცემა ,,პირველებში’’ ცნობის გამოქვეყნება მოპასუხეებს დაევალოთ შემდეგი ფორმით: 2024 წლის 4 თებერვალს, 13 საათზე, გადაცემა ,,პირველების’’ ეთერში ჟურნალისტ მიერ გაკეთებული განცხადება - ,,ჩნდება კითხვა, ყველაზე მნიშვნელოვანია, ისინი დაადებენ თუ არა ხელს იმ მთავარ ფიგურანტს საქმის, რომელიც დგას ამ ,,ქოლცენტრების’’ უკან, ამ საქმიანობის უკან, რომელმაც დააფუძნა ეს კომპანიები და მიანდო კომპანიების მართვა მის ნდობით აღჭურვილ პირს. საუბარია ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრზე ა.ჭ–ძეზე, და ყველაზე მნიშვნელოვანია, ახლა ისაუბრებენ თუ არა მასზე თავად დაკავებულები’’ - სინამდვილეს არ შეესაბამება.
7.2. მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეებს 100 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის სოლიდარულად ანაზღაურება დაეკისროთ.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით:
8.1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
8.2. მოპასუხე ტელეკომპანიის გადაცემა ,,პირველებში’’ მოპასუხეებს მოცემულ სამოქალაქო საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილების შესახებ ცნობის შემდეგი ფორმით გამოქვეყნება დაევალათ: ,,2024 წლის 4 თებერვალს, 13 საათზე, გადაცემა ,,პირველების“ ეთერში ჟურნალისტ ს.ნ–ის მიერ გაკეთებული განცხადება - ,,ჩნდება კითხვა, ყველაზე მნიშვნელოვანია, ისინი დაადებენ თუ არა ხელს იმ მთავარ ფიგურანტს საქმის, რომელიც დგას ამ ,,ქოლცენტრების“ უკან, ამ საქმიანობის უკან, რომელმაც დააფუძნა ეს კომპანიები და მიანდო კომპანიების მართვა მის ნდობით აღჭურვილ პირს. საუბარია ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრზე ა.ჭ–ძეზე, და ყველაზე მნიშვნელოვანია, ახლა ისაუბრებენ თუ არა მასზე თავად დაკავებულები“ - არ შეესაბამება სინამდვილეს“.
8.3. მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეებს 10 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის სოლიდარულად ანაზღაურება დაეკისრათ.
9. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სრჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 9 დეკემბრის განჩინებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
10.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები და შემდეგზე მიუთითა:
10.1.1. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში - სპეციალური კანონი) 7.6 მუხლის თანახმად, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისას მტკიცების ტვირთი შეზღუდვის ინიციატორს ეკისრება. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონით დადგენილი წესით ვერ დადასტურდება, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ უნდა გადაწყდეს.
10.1.2. მოპასუხეთა მითითებით, სადავო განცხადება მისი შეფასებითი მსჯელობაა - აზრია, რომელიც აბსოლუტური პრივილეგიით არის დაცული. ამასთან, აღნიშნული განცხადება აღქმული უნდა იყოს ე.წ. „ქოლცენტრების საქმეზე’’ მომზადებულ სიუჟეტებთან ერთიანობაში, რადგან ერთი კვირის განმავლობაში ტელეკომპანიაში მომზადებული სიუჟეტები საზოგადოებას მოსარჩელესთან მიმართებით განცდას უტოვებს, რომ ისაა „საქმის სავარაუდო ფიგურანტი’’.
10.1.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 (პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისგან. თუ პირის პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის ან პირადი ცხოვრების საიდუმლოების შემლახველი ცნობები გავრცელებულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, მაშინ მათი უარყოფაც უნდა მოხდეს ამავე საშუალებებით. თუ ამგვარ მონაცემებს შეიცავს ორგანიზაციის მიერ გაცემული საბუთი, მაშინ ეს საბუთი უნდა შეიცვალოს და ამის შესახებ ეცნობოს დაინტერესებულ პირებს), სპეციალური კანონის მე-14 (პირს ეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა საჯარო პირის ცილისწამებისთვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ, ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა და განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისთვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება), 1.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის (ცილისწამება არის არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება), საქართველოს კონსტიტუციის 17.1 მუხლის (აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო), ამავე მუხლის მე-5 პუნქტის (ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად), ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 10.1 მუხლის (ყველას აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება. ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას, გააჩნდეს საკუთარი შეხედულება, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია ან იდეები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. ეს მუხლი ვერ დააბრკოლებს სახელმწიფოს, მოახდინოს რადიომაუწყებლობის, ტელევიზიისა და კინემატოგრაფიულ საწარმოთა ლიცენზირება), 10.2 მუხლის (ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ისინი განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისგან, შეიძლება დაექვემდებაროს კანონით დადგენილ ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისთვის, საზოგადოებრივი უწესრიგობის თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა უფლებების ან ღირსების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად, ანდა სასამართლოს ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად) შინაარსიდან გამომდინარე, შეზღუდვის გამართლებულად მიჩნევისთვის აუცილებელია, რომ იგი ლეგიტიმურ მიზნებს ემსახურებოდეს, ესენია: სახელმწიფო უშიშროება, დანაშაულის თავიდან აცილება, სასამართლოს ავტორიტეტი, სხვათა რეპუტაცია, სხვა უფლებები და ა.შ. თუ გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევას შესაბამისი კანონის გარეშე აქვს ადგილი, ასევე, ეს ჩარევა ზემოაღნიშნული ლეგიტიმური მიზნებიდან ერთ-ერთს არ ემსახურება, სასამართლო თავისთავად ადგენს კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევას (ისე, რომ აღარც გადადის ჩარევის აუცილებლობისა და თანაზომიერების შეფასებაზე). აზრი, რომელიც შეფასებითი კატეგორიაა და მტკიცებას ნაკლებად ექვემდებარება, შედარებით უფრო დაცულია. თუმცა არც ეს დაცვაა აბსოლუტური: ევროპის სასამართლო განმარტავს, რომ რაც უფრო უხეში და სერიოზული ბრალდების შემცველია აზრი, და ამავე დროს რაც უფრო დაუცველი პირის მიმართ არის ის გამოთქმული, მით მეტია ალბათობა ასეთი გამოხატვის შეზღუდვისა. მეორე მხრივ, შედარებით ნაკლებად შეიძლება იყოს დაცული ფაქტების გავრცელება. თუმცა აბსოლუტური და ერთობლივი მიდგომა არც აქ არსებობს. დასახელებული ნორმები ითვალისწინებენ ამა თუ იმ სუბიექტის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას სასამართლო სამართალწარმოების გზით.
10.1.4. საქმეზე წარმოდგენილია მოპასუხე ტელეკომპანიის გადაცემა ,,პირველების“ 2024 წლის 2 თებერვლისა და 2024 წლის 4 თებერვლის სიუჟეტები, საიდანაც სადავო განცხადებას წინ უძღვოდა მხოლოდ 2024 წლის 2 თებერვლის სიუჟეტი, რომელშიც ე.წ. „ქოლცენტრების საქმესთან’’ მოსარჩელის კავშირზე გარკვეული ვარაუდები გამოითქვა, თუმცა, ვინაიდან იგი უშუალოდ მოპასუხის მიერ გაკეთებულ განცხადებებს შეიცავს, საქმის პრეისტორიის საკვლევად გათვალისწინებული ვერ იქნება. ამასთან, 2024 წლის 2 თებერვლიდან სადავო განცხადებამდე რაიმე ფაქტობრივი საფუძვლის ცვლილების დამადასტურებელი დოკუმენტი საქმეში არ არსებობს. რაც შეეხება ტელეკომპანია „ფორმულას’’ მიერ მომზადებულ სიუჟეტს, საქმის პრეისტორიის კვლევისას იგი მხედველობაში ვერ მიიღებოდა, რადგან მისი მომზადების დროის შესახებ სიუჟეტი მითითებას არ შეიცავს. შესაბამისად, შეუძლებელია დადგინდეს, უძღოდა თუ არა წინ სადავო განცხადებას ხსენებული სიუჟეტი.
გამონათქვამის ფაქტად ან შეფასებით მსჯელობად მიჩნევისთვის აუცილებელია სადავო განცხადების წარმოთქმის მთლიანი კონტექსტის შეფასება, განცხადების ზოგადი ტონის ანალიზი, რადგან მხოლოდ ცალკეულ სიტყვებსა და წინადადებების განცალკევებულად განხილვა გამონათქვამის შინაარსის დაკარგვას იწვევს.
გამონათქვამის ინტერპრეტაცია „აზრად’’ თუ „ფაქტად’’ კვალიფიკაციის თვალსაზრისით ხდება მისი სრული ტექსტის შინაარსის ერთიანი აზრობრივი დატვირთვის ჭრილში, რამდენადაც გამონათქვამის ფაქტობრივ და შეფასებით ელემენტებად დაყოფით, ლინგვისტური თვალსაზრისითაც, მთლიანად იკარგება მისი შინაარსი, ნამდვილი აზრი და შეუძლებელი ხდება გამონათქვამის ტექსტის ადეკვატურად აღქმა. გამონათქვამის კონტექსტი აქტუალურია მაშინ, როდესაც სადავო განცხადება არაპირდაპირ მიუთითებს ისეთ გარემოებებზე, რასაც მოსარჩელე სადავოდ ხდის.
10.1.5. მოცემულ შემთხვევაში გაზიარებული ვერ იქნება მოპასუხეთა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სადავო განცხადება მოპასუხე ტელეკომპანიის მიერ 2024 წლის თებერვალში ე.წ. „ქოლცენტრების საქმეზე’’ მომზადებულ ყველა სიუჟეტთან ერთობლიობაში უნდა განვიხილოთ.
იმ შემთხვევაშიც კი, თუკი სადავო განცხადების საერთო ფონს განვიხილავდით, სადავო განცხადებას წინ უძღვოდა მხოლოდ 2024 წლის 2 თებერვლის 20:00 საათიან გამოშვებაში გასული სიუჟეტი, ისიც მოპასუხე ტელეკომპანიის მიერ მომზადებული, სადაც მოსარჩელესთან მიმართებით გამოითქვა გარკვეული ვარაუდები და სადავო განცხადების გაკეთებამდე რაიმე ფაქტობრივი საფუძვლის ცვლილებას ადგილი არ ჰქონია.
2024 წლის 4 თებერვლის სიუჟეტში კი, ჟურნალისტი სადავო განცხადების გაკეთებამდე საუბრობს სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულ პირებზე, განხორციელებულ საგამოძიებო მოქმედებებზე, დანაშაულის ჩადენის სქემაზე, რის შემდეგაც მტკიცებით ფორმატში მოსარჩელეს „საქმის მთავარ ფიგურანტად’’ მოიხსენიებს. ყოველივე ზემოაღნიშნული ადასტურებს, რომ ჟურნალისტი იმ ეტაპისთვის ფლობდა საკმარის ინფორმაციას სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობისა თუ დაკავებული პირების შესახებ, შესაბამისად, იცოდა, რომ მცდარ ინფორმაციას ავრცელებდა და მისი კომენტარები ამ არასწორი ფაქტების გავრცელების მიზანს ემსახურებოდა.
ამრიგად, აღნიშნულის საფუძველზე, შეგვიძლია ცალსახად დავასკვნათ, რომ მოპასუხისთვის წინასწარ იყო ცნობილი გავრცელებული ცნობების მცდარი ხასიათის შესახებ.
განცხადებით გაჟღერებული სიტყვა ,,ფიგურანტი“, მთლიანი განცხადების (,,ჩნდება კითხვა, ყველაზე მნიშვნელოვანია, ისინი დაადებენ თუ არა ხელს იმ მთავარ ფიგურანტს საქმის, რომელიც დგას ამ ,,ქოლცენტრების’’ უკან, ამ საქმიანობის უკან, რომელმაც დააფუძნა ეს კომპანიები და მიანდო კომპანიების მართვა მის ნდობით აღჭურვილ პირს. საუბარია ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრზე ა.ჭ–ძეზე, და ყველაზე მნიშვნელოვანია, ახლა ისაუბრებენ თუ არა მასზე თავად დაკავებულები’’) კონტექსტში აღიქმება, როგორც ,,მონაწილე“, ,,მოქმედი პირი“, ,,ეჭვმიტანილი“, ხოლო მის წინ ზედსართავი სახელი ,,მთავარი“ არის სიტყვის - ,,ძირითადი“ (და არა მაგალითად, სიტყვების: ,,შესაძლო" ან ,,სავარაუდო“) სინონიმი.
შესაბამისად, სადავო განცხადების გაცნობის შედეგად, ობიექტურ დამკვირვებელს ბუნებრივად დარჩება შთაბეჭდილება, რომ მოსარჩელე არის ამ დანაშაულებრივი ჯგუფის მთავარი მოქმედი პირი, ხელმძღვანელი, ორგანიზატორი. აღნიშნულ აღქმას მნიშვნელოვანწილად განაპირობებს სიტყვა - ,,მთავარის“ ფუნქცია ზემოაღნიშნულ წინადადებაში.
10.1.6. მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმეზე წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების შედეგად სადავო განცხადების შეფასებად მიჩნევასთან დაკავშირებით მოპასუხეთა მოსაზრება გაზიარებული ვერ იქნება. განცხადება, თავის არსით, წარმოადგენს, არა მოპასუხეთა პირად დამოკიდებულებასა და კომენტარს ტრანსნაციონალურ დანაშაულთან - თაღლითური ,,ქოლცენტრების საქმის’’ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან მოსარჩელის შესაძლო კავშირის შესახებ, არამედ იგი, შინაარსობრივი დატვირთვის, გამოთქმის ფორმითა (მტკიცებითი, კატეგორიული) და კონტექსტით, ფაქტის შესახებ მითითებაა, რითაც მოპასუხეებმა მოსარჩელეს მძიმე ბრალდება წაუყენეს ,,ქოლცენტრების’’ ანუ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების დაფუძნებისა და მათი ხელმძღვანელობის თაობაზე.
მნიშვნელოვანია დადგინდეს, თუ რა ზომები მიიღო ჟურნალისტმა, როდესაც ფაქტს ავრცელებდა. ამ მხრივ მასზე დაკისრებული მოვალეობის (ინფორმაციის გადამოწმების) შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები სწორედ ინფორმაციის გამავრცელებელმა უნდა წარმოადგინოს. მოსარჩელის მიმართ გავრცელებული ინფორმაციის სიმძიმიდან გამომდინარე სწორედ მოპასუხე იყო ვალდებული, დაესაბუთებინა ინფორმაციის უტყუარობა ან მიეთითებინა წყარო იმგვარად, რომ საზოგადოებისთვის ნათელი გამხდარიყო, რომ სადავო განცხადება წარმოადგენდა არა ჟურნალისტის სუბიექტურ აღქმას, არამედ შესაბამის მტკიცებულებებს ეყრდნობოდა.
სადავო განცხადებაში, მტკიცებითი ფორმით საუბრისას (ზოგადი ტონის გათვალისწინებით), მოსარჩელის ე.წ. „ქოლცენტრების საქმის’’ მთავარ ფიგურანტად მოხსენიებით, ჟურნალისტი ქმნის ფონს საზოგადოების დასარწმუნებლად გავრცელებული ინფორმაციის სისწორეში.
10.2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გამოკვეთილია სპეციალური კანონის მე-14 მუხლის ფაქტობრივი შემადგენლობა, რაც ამავე კანონის 17.1 მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას იწვევს, რომლის მიხედვით, ცილისწამებასთან დაკავშირებით მოპასუხეს შეიძლება სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება დაეკისროს.
10.3. ვინაიდან დადგინდა, რომ არაქონებრივი ზიანის მოთხოვნის წარმოშობისთვის განმსაზღვრელი არაქონებრივი უფლების ხელყოფის ფაქტის არსებობა მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, კერძოდ, პირველმა მოპასუხემ საჯაროდ გაავრცელა მოსარჩელისთვის პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ფაქტები, აქედან გამომდინარე, მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილშიც სარჩელი წარმატებულია, გამომდინარე სსკ-ის 413.1 (არაქონებრივი ზიანისთვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით) და 18.6 მუხლის (ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება, მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა. ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც. ზიანის ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს იმ მოგების სახით, რომელიც წარმოექმნა ხელმყოფს. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად) დანაწესებიდან.
11. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფას მოითხოვენ მოპასუხეები თავიანთი საკასაციო საჩივრით, რაც სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე წარმოადგინეს.
საკასაციო საჩივრის დასაბუთება შემდეგია:
- ტელეკომპანიის ეთერში გასული სიუჟეტი სააპელაციო სასამართლომ არასათანადოდ შეაფასა, საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე საკითხად არ მიიჩნია და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტების უგულებელყოფით უპირატესობა პირადი ცხოვრების უფლებას მიანიჭა, რაც არასწორია.
- მორალური ზიანის ანაზღაურების ოდენობა არაპროპორციულია. ქართული სასამართლო პრაქტიკით განსაზღვრული არ არის კრიტერიუმები, რომლებსაც მორალური ზიანის ანაზღაურებისას ყურადღება მიექცევა. სასამართლოები მიუთითებენ, რომ მორალური ზიანის ანაზღაურებისას დაცული უნდა იყოს გონივრული ბალანსი/პროპორციულობა, მიყენებულ ზიანსა და დაკისრებული კომპენსაციის ოდენობას შორის. ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, ცნობების საჯაროდ უარყოფა ამცირებს ფულადი კომპენსაციის ოდენობას, რადგან ფულადი ანაზღაურება მორალური ზიანის კომპენსაციაა, რაც ეკვივალენტური პრინციპით კი არ განისაზღვრება, არამედ მიყენებული ტანჯვისა და სულიერი განცდების შემსუბუქებისკენაა მიმართული. მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისას მოსარჩელემ იმ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე უნდა მიუთითოს, რომლებითაც დგინდება, რომ ცნობების საჯაროდ უარყოფა არ არის საკმარისი მიყენებული ზიანის ჯეროვნად ასანაზღაურებლად. ასეთ ქმედებას მოსარჩელის მხრიდან მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
- გარდა ამისა, კანონსაწინააღმდეგოა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 3 ნოემბრის განჩინება. კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს ამ განჩინების უცვლელად დატოვებით იმგვარ შედეგს მივიღებთ, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნის აღძვრისას საჩივრის წარმდგენ მხარეს შეეძლება თავი იმით იმართლოს, რომ მას დავის გაგრძელების ინტერესი ჰქონდა, რაც კანონთან შეუსაბამოა (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
12. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
13. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მოპასუხის სადავო გამონათქვამებმა მისი პატივი და ღირსება შელახა. მოსარჩელის ეს უფლებები აღიარებული და დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტით (გამოხატვის თავისუფლება შესაძლებელია კანონით შეიზღუდოს ისეთი პირობებით, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროების, ტერიტორიალური მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად), კონვენციის მე-10 მუხლითა (ყველას აქვს უფლება, გამოხატვის თავისუფლებისა. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია თუ მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. ეს მუხლი ხელს არ უშლის სახელმწიფოებს, განახორციელონ რადიომაუწყებლობის, სატელევიზიო ან კინემატოგრაფიულ საწარმოთა ლიცენზირება. ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ის განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება, დაექვემდებაროს ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად) და სსკ-ის მე-18 მუხლით, რომლის მე-2 ნაწილის (პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან) ჩანაწერი პატივისა და ღირსების „კანონით დადგენილი წესით“ დაცვასთან დაკავშირებით „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ სპეციალურ კანონს მოიაზრებს. ამრიგად, არაქონებრივი უფლებების დაცვის საფუძვლით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე მსჯელობისას მითითებული კანონი გამოიყენება.
14. პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების უარყოფის თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა სპეციალური კანონის მე-14 მუხლს ეფუძნება.
კანონის ზემომითითებული ნორმის მიხედვით, პირს ეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა საჯარო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ, ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა და განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება.
ამავე კანონის პირველი მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად:
ცილისწამება არის არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება.
15. დასახელებული ნორმა მტკიცების ტვირთს მთლიანად მოსარჩელეს აკისრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოში სარჩელის წარდგენისას, მოსარჩელეა ვალდებული, ამტკიცოს, რომ შესრულებულია ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებლი ყველა წინაპირობა, კერძოდ:
ა). მოპასუხემ მის შესახებ გაავრცელა სადავო განცხადება;
ბ). სადავო განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს, ანუ იგი მცდარი ფაქტების შემცველია;
გ). სადავო განცხადება ზიანს აყენებს მის პატივს, ღირსებასა ან/და საქმიან რეპუტაციას.
16. დიფამაციური სარჩელის აღძვრისას, მოსარჩელის ინტერესი მისი არაქონებრივი უფლების ხელყოფის აღკვეთაა. ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით აღნიშნული განხორცილებადია: სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ცნობის გამოქვეყნებით; გავრცელებული ცნობების უარყოფით; ცილისწამებისას, ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში, მოპასუხეს შეიძლება დაეკისროს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც (იხ. ი.გაგუა, მტკიცების ტვირთი არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებისას, ჟურნ. მართლმსაჯულება და კანონი, #4(72) 2021, გვ. 83).
17. განსახილველ შემთხვევაში, სადავოა, 2024 წლის 4 თებერვალს, 13.00 საათზე, გადაცემა ,,პირველების“ ეთერში ჟურნალისტის (მეორე მოპასუხე) მიერ ჩამოყალიბებული შემდეგი განცხადება: ,,ჩნდება კითხვა, ყველაზე მნიშვნელოვანია, ისინი დაადებენ თუ არა ხელს იმ მთავარ ფიგურანტს საქმის, რომელიც დგას ამ ,,ქოლცენტრების“ უკან, ამ საქმიანობის უკან, რომელმაც დააფუძნა ეს კომპანიები და მიანდო კომპანიების მართვა მის ნდობით აღჭურვილ პირს. საუბარია ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრზე ა.ჭ–ძეზე, და ყველაზე მნიშვნელოვანია, ახლა ისაუბრებენ თუ არა მასზე თავად დაკავებულები“.
18. სადავო განცხადების შეფასებისას, საყურადღებოა, რომ მათი გავრცელების პერიოდში მოსარჩელე არ იყო სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი - თუმცა, სპეციალური კანონის მიზნებიდან გამომდინარე იგი საჯარო პირია, მის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია და თმენის ვალდებულების მაღალი სტანდარტი მოქმედებს.
19. ამავდროულად, საგულისხმოა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა. საკასაციო პალატის არაერთ განჩინებასა თუ გადაწყვეტილებაში, დიფამაციის სარჩელების განხილვისას, წამოჭრილია აზრისა და ფაქტის მცნების გამიჯვნის პრობლემა. შედეგად, სასამართლო პრაქტიკაში განისაზღვრა მათი გამიჯვნის სტანდარტი.
დასახელებული საქმეებიდან ერთ-ერთზე, საკასაციო პალატამ განმარტა, რომ: „სიტყვა „აზრი“ ფართოდ განმარტებისას გულისხმობს განსჯას, დამოკიდებულებასა თუ შეფასებას, რომლის სისწორე თუ მცდარობა დამოკიდებულია მთლიანად ინდივიდზე, მის სუბიექტურ დამოკიდებულებაზე. „ფაქტები“ კი, ჩვეულებრივ, მოკლებულია სუბიექტურ დამოკიდებულებას, იგი ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარეობს, ანუ გვაქვს იმისი შესაძლებლობა, რომ ფაქტი შევამოწმოთ და ვნახოთ, ის რეალურად არსებობდა თუ არა. სწორედ ამიტომ, ფაქტების გადამოწმება და მისი ნამდვილობასთან შესაბამისობის დადგენა შესაძლებელია. ხშირ შემთხვევაში, აზრები და ფაქტები ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდება და მათი გამიჯვნა რთულია. ეს განპირობებულია იმით, რომ გამოთქმის ორივე ფორმა იშვიათად გვხვდება სუფთა სახით. უმთავრესად, ჭარბობს სწორედ ისეთი გამონათქვამები, რომლებშიც თავს იყრის როგორც შეფასებითი, ასევე ფაქტობრივი ელემენტები. აზრი ხშირად ეყრდნობა და ეხება ფაქტებს, ფაქტები კი, თავის მხრივ, აზრის საფუძველია, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს მათ, ამიტომაც ხშირად საკამათო გამონათქვამის, როგორც შეხედულების ან როგორც ფაქტის გადმოცემის, კვალიფიცირების დროს შესაძლებელია გამოთქმის კონტექსტის მიხედვით მისი ცალკეული ნაწილების იზოლირება, მაგრამ ეს მეთოდი გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც ამით არ იკარგება ან არ ყალბდება გამონათქვამის შინაარსი და ნამდვილი აზრი. თუკი ასეთი იზოლირება შეუძლებლია გამონათქვამის შინაარსის გაყალბების გარეშე, მაშინ ეს გამონათქვამი უნდა ჩაითვალოს მთლიანად აზრის გამოთქმად, ანუ შეხედულებად, შეფასებით მსჯელობად და, შესაბამისად, მთლიანად უნდა იქნეს შეყვანილი ძირითადი უფლებით დაცულ სფეროში“ (იხ. სუსგ: №ას-496-496-2018, 12.04.2019; №ას-1278-1298-2011, 20.02.2012).
სხვა საქმეზე საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ „სადავო გამონათქვამის სწორი კვალიფიკაციისათვის უნდა შემოწმდეს მისი შინაარსი, გამოთქმის ფორმა და გამოთქმის კონტექსტი, რა ფაქტობრივი ელემენტებისაგან შედგება გამონათქვამი“ (იხ. სუსგ: №ას-569-540-2014, 11.03.2016; №ას-1477-1489-2011, 3.04.2012).
კიდევ ერთ საქმეზე უზენაესმა სასამართლომ განმარტა შემდეგი: „ცილისწამების მაკვალიფიცირებელი ერთ-ერთი მთავარი ნიშანია განმცხადებლის მიერ იმ ფაქტების მითითება, რომლებიც რეალობასთან არც ისე შორსაა, უფრო კონკრეტულია და არა ზოგადი ხასიათის, უფრო მეტად ობიექტური შინაარსისაა, ვიდრე სუბიექტური, და, რაც მთავარია, მისი დადასტურება (დამტკიცება) შესაძლებელია“ (იხ. სუსგ №ას-179-172-2012, 1.10.2014).
20. ადამიანის უფლებათა ევრპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად: გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საფუძველს და ერთ-ერთ ძირითად პირობას მისი პროგრესისა და თითოეული ინდივიდის თვითრეალიზაციისათვის. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, იგი ეხება არა მხოლოდ „ინფორმაციას“ ან „იდეებს“, რომლებიც დადებითი, არაშეურაცხმყოფელი ან უმნიშვნელოა, არამედ შეურაცხმყოფელ, შოკისმომგვრელ ან შემაწუხებელ ინფორმაციას, ან იდეებს. ასეთია პლურალიზმის, შემწყნარებლობისა და ლიბერალური აზროვნების მოთხოვნები, რომელთა გარეშე „დემოკრატიული საზოგადოება“ არ არსებობს. მე-10 მუხლის შესაბამისად, თავისუფლება ექვემდებარება გამონაკლისებს, რომლებიც .... უნდა განიმარტოს მკაცრად, თუმცა რაიმე სახის შეზღუდვის საჭიროება დამაჯერებლად უნდა დასაბუთდეს....
ზედსართავი სახელი „აუცილებელი“, 10.2 მუხლის მნიშვნელობით, გულისხმობს „გადაუდებელი სოციალური საჭიროების“ არსებობას. ხელშემკვრელ სახელმწიფოებს გააჩნიათ დისკრეციული უფლებამოსილების გარკვეული ფარგლები ამგვარი საჭიროების არსებობის შესაფასებლად, თუმცა ეს მჭიდროდ არის დაკავშირებული ევროპულ ზედამხედველობასთან, რომელიც ეხება როგორც კანონმდებლობას, ისე კანონმდებლობის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებებს, თუნდაც ისინი დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ იყოს გამოტანილი.
სასამართლომ უნდა განიხილოს სადავო ჩარევა მთლიანი საქმის კონტექსტის ჭრილში და დაადგინოს, იყო თუ არა ის „ლეგიტიმური მიზნის თანაზომიერი“ და რამდენად „სათანადო და საკმარისია“ ეროვნული ხელისუფლების ორგანოების მიერ აღნიშნული ჩარევის დასაბუთებისათვის მოყვანილი მიზეზები. სასამართლომ უნდა გადაამოწმოს და დარწმუნდეს, რომ ეროვნული ხელისუფლების ორგანოებმა გამოიყენეს სტანდარტები, რომლებიც შეესაბამებოდა მე-10 მუხლით განსაზღვრულ პრინციპებს და დაეყრდნენ შესაბამისი ფაქტების მისაღებ შეფასებას...“ (იხ. სუსგ №ას-1366-2019, 06.04.2020)
ამდენად, მნიშვნელოვანია მიმოვიხილოთ ანალოგიურ საკითხთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიღებული არაერთი პრეცედენტული გადაწყვეტილება, რომლებშიც მიმოხილულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთნ დაკავშირებული პრობლემები:
სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, იმისათვის, რომ ფაქტობრივი ბრალდება შეფასებითი მსჯელობისაგან გაიმიჯნოს, აუცილებელია საქმის გარემოებებისა და განცხადების ზოგადი ტონის ანალიზი, იმის მხედველობაში მიღებით (Brasilier v. France, no. 71343/01, 11 April 2006, § 37), რომ გამონათქვამები საჯარო ინტერესის საკითხზე, შესაძლებელია, სწორედ აღნიშნულ საფუძველზე (სწორედ აღნიშნულის გამო), უფრო შეფასებით მსჯელობას წარმოადგენდეს, ვიდრე ფაქტის შესახებ განცხადებას (Paturel v. France, no. 54968/00, 22 December 2005, § 37).
ერთ-ერთ საქმეზე ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ: მოსაზრების (შეფასებითი მსჯელობის) ფაქტებით დამტკიცება შეუძლებელია, ამიტომ არც ის შეიძლება, რომ ვინმეს ამ მოსაზრების სისწორის დამტკიცება დაევალოს. შეფასებითი მსჯელობის სიმართლის დამტკიცება გადაუჭრელი ამოცანაა. ფაქტის არსი შეიძლება დემონსტრირებულ იქნას, მაგრამ შეფასებითი მსჯელობის სიმართლე არ შეიძლება მტკიცების საგანი იყოს. შეფასებითი მსჯელობის სიმართლის დამტკიცების მოთხოვნა წარმოადგენს იერიშის მიტანას აზრის თავისუფლებაზე ("ლინგენსი ავსტრიის წინააღმდეგ").
სხვა საქმეზე ადამიანის უფლებათა სასამართლოს შეფასებით, იმ დროს, როდესაც შესაძლებელია ფაქტების არსებობის დემონსტრირება, სუბიექტური შეფასების ჭეშმარიტების დამტკიცება შეუძლებელია. სუბიექტური შეფასების ჭეშმარიტების დამტკიცების მოთხოვნა შეუსრულებელია და ეს მოთხოვნა არღვევს თვით აზრის თავისუფლებას. როდესაც გამონათქვამი სუბიექტურ შეფასებას უთანაბრდება, შეზღუდვის პროპორციულობა შეიძლება, დამოკიდებული იყოს იმაზე, არსებობს თუ არა საკმარისი ფაქტობრივი საფუძველი განსახილველი გამონათქვამისათვის, ვინაიდან სუბიექტური შეფასებაც კი, ყოველგვარი ფაქტობრივი საფუძვლით გამყარების გარეშე შეიძლება, ზედმეტი იყოს („დიჩანდი და სხვები ავსტრიის წინააღმდეგ“).
როგორც კასატორი მიუთითებს, მოპასუხის განცხადების სადავო ნაწილი შედგება არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი და მისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი რეპუტაციის შემლახველი გამონათქვამებისაგან, შესაბამისად იგი წარმოადგენს ცილისწამებას. სარჩელით შედავებული განცხადების შინაარსიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია სწორად შეფასდეს, არის თუ არა ეს განცხადება ცილისწამება და, დადებით შემთხვევაში, შეილახა თუ არა კანონით დაცული მოსარჩელის უფლებები.
აღნიშნულთან დაკავშირებით კვლავ უნდა გაანალიზდეს გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის „აუცილებელობის“ ძირითადი პრინციპები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის კონტექსტში. ამავე საკითხთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებში სასამართლომ აღნიშნა, რომ გამოხატვის თავისუფლება ვრცელდება არა მხოლოდ იმ „ინფორმაციისა“ და „იდეების“ მიმართ, რომლებიც კეთილგანწყობით მიიღება, არაშეურაცხმყოფელად არის მიჩნეული ან ინდიფერენტული დამოკიდებულების საგანია, არამედ იმათ მიმართაც, რომლებიც შეურაცხმყოფელი, გამაოგნებელი ან შემაშფოთებელია. ამიტომ გამოხატვის თავისუფლების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა განსაზღვრული იყოს მკაცრად და მისი გამოყენების საჭიროება სარწმუნოდ უნდა იყოს დადასტურებული. შეზღუდვის გამოყენება უნდა იყოს „აუცილებელი“ დემოკრატიულ საზოგადოებაში სხვა პირთა რეპუტაციის დასაცავად. „აუცილებელი“ კი, სასამართლოს განმარტებით, ნიშნავს „მწვავე საზოგადოებრივ საჭიროებას“ როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირთა რეპუტაციის დაცვის უფლება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული უფლებაა. სტრასბურგის სასამართლომ არაერთ საქმეში აღნიშნა, რომ ორივე უფლება - გამოხატვის თავისუფლებაც და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაც - თანაბარ დაცვას იმსახურებს. თუმცა, იმისათვის, რომ მე-8 მუხლით დაცული უფლების დარღვევა დადგინდეს, თავდასხმამ პირის რეპუტაციაზე სერიოზულობის განსაზღვრულ ხარისხს უნდა მიაღწიოს. (იხ. სუსგ №ას-1366-2019, 06.04.2020)
რაც შეეხება სპეციალური ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმის დანაწესს, კანონში - "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" ტერმინი “აზრი“ განმარტებულია როგორც „შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს“ (პ–ი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი), შესაბამისად, “ცილისწამება“ განმარტებულია როგორც არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება (დასახელებული კანონის პ–ი მუხლის „ე“ ქვეპუნქტი).
21. საკასაციო სასამართლოს დასკვნით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დადასტურდა გადაცემა ,,პირველების“ ეთერში მეორე მოპასუხის მიერ ჩამოყალიბებულ განცხადებაში მითითებული და/ან სხვა რაიმე სახის დანაშაულის ან ისეთი ქმედების ჩადენის ფაქტი, რაც შექმნიდა არათუ დასაბუთებული ვარაუდის, არამედ ეჭვის საფუძველსაც კი, სადავო ცნობებში მითითებულ დანაშაულთან მოსარჩელის შესაძლო კავშირის შესახებ. მოცემული დასკვნის საფუძველს ქმნის აღნიშნული განცხადების მთლიანი კონტექსტი და, არა ცალკეული სიტყვების თუ ფრაზების ანალიზი. საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმოებაში არსებულ ე.წ. „ქოლცენტრების საქმეზე’’ მოსარჩელის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არ მიმდინარეობს. ამდენად, ე.წ. „ქოლცენტრების საქმის’’ მთავარ ფიგურანტად მოსარჩელის მტკიცებითი ფორმით მოხსენიება მიეკუთვნება არა „აზრის’’, არამედ „ფაქტის კონსტატაციის’’ კატეგორიას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს სპეციალური კანონის მე-14 მუხლის ფაქტობრივი შემადგენლობა, რაც ამავე კანონის 17.1 მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას განაპირობებს, კერძოდ, ცილისწამებასთან დაკავშირებით მოპასუხეს უნდა დაეკისროს, სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება.
22. შექმნილ ფაქტობრივ მოცემულობაში მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილშიც სარჩელი წარმატებულია, გამომდინარე სსკ-ის 413.1 (არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით) და 18.6 (ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება, მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა, ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც. ზიანის ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს იმ მოგების სახით, რომელიც წარმოექმნა ხელმყოფს. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად) მუხლების დანაწესებიდან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანცის სასამართლოების მიერ მოპასუხეებისთვის დაკისრებული თანხის მოცულობა გონივრული ოდენობით განისაზღვრა იმ მორალური ზიანისთვის, რომელიც მოსარჩელეს მიადგა და მისი რაოდენობა ესადაგება საკასაციო ინსტანციის მიერ ანალოგიური შინაარსის საქმეებთან დაკავშირებით განსაზღვრულ ნიშნულს (იხ. სუსგ: №ას-177-2025, 18.06.2025; №ას-366-2022, 31.05.2023).
23. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 3 ნოემბრის განჩინებასთან მიმართებით კასატორთა პრეტენზიას საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლობის გამო ვერ გაიზიარებს და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასახელებულ განჩინებაში მითითებულ მსჯელობას. სახელდობრ, საქმეზე გამოკვეთილი გარემოებების (სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შემდეგ, 2025 წლის 17 თებერვალს, მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლოში სააპელაციო შესაგებელი წარადგინეს, სადაც სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლებზე მიეთითა; პროცესის თარიღის განსაზღვრისა და საქმეზე ინფორმაციის მიღების მიზნით საქმის მომზადების შემდეგ ამ უკანასკნელის წარმომადგენლებს სასამართლოს შემადგენლობასთან არაერთი კომუნიკაცია ჰქონდათ, მათვე, განახლებული მინდობილობაც წარადგინეს, რითაც საქმის მიმართ მხარის ინტერესი დასტურდებოდა) გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ დავის მიმართ მოსარჩელეს ინტერესი არ დაუკარგავს. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა სსსკ-ის 241-ე (დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის) და 215.3 (ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე) მუხლებზე და მართებულად განმარტა, რომ სსსკ-ის 233.1 მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც დაუსწრებელი გადაწყვეტილებაა გამოტანილი, სხვა გარემოებებზეც შეუძლია მიუთითოს, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსთვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საპროცესოსამართლებრივი საფუძველი, რომლითაც სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
24. სსსკ-ის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 399-ე, 372-ე, 264.3, 407-ე, 408.3, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ტ.პ–ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ს.ნ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 9 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
ბადრი შონია