დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 16.07.2026
საქმის ნომერი
ას-1606-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
16.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-1606-2025

16 ივლისი, 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან ნემსაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),არჩილ კოჭლამაზაშვილი, მიხეილ ჯინჯოლია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ.ზ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ლ. მ.ს.უ.ე.ც–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, კომპენსაციის დაკისრება, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ნ.ზ–ძემ (შემდეგში - მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში შპს „ლ. მ.ს.უ.ე.ც–ის“ მიმართ (შემდეგში - მოპასუხე, მოწინააღდეგე მხარე) გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობისა და კომპენსაციის დაკისრების თაობაზე.

2. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა სარჩელის ხანდაზმულობაზე.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით ნ.ზ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 6 მარტის განჩინებით ნ.ზ–ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

6. 2025 წლის 26 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნები და მოითხოვა შემდეგი:

6.1 ბათილად იქნას ცნობილი შპს „ლ. მ.ს.უ.ე.ც–ის“ 2023 წლის 20 სექტემბრის ბრძანება ნ.ზ–ძის გათავისუფლების შესახებ;

6.2 შპს „ლ. მ.ს.უ.ე.ც–ს“ ნ.ზ–ძის სასარგებლოდ დაეკისროს იძულებითი განაცდურის სახით ყოველთვიურად ხელზე მისაღები 4 111.18 ლარის გადახდა, 2023 წლის 20 სექტემბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე;

6.3 შპს „ლ. მ.ს.უ.ე.ც–ს“ ნ.ზ–ძის სასარგებლოდ დაეკისროს ორი თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით კომპენსაციის, ხელზე მისაღები 8 222.36 ლარის გადახდა;

6.4. შპს „ლ. მ.ს.უ.ე.ც–ს“ ნ.ზ–ძის სასარგებლოდ, უკანონოდ გათავისუფლების სანაცვლოდ, დაეკისროს ორი წლის შრომის ანაზღაურების ოდენობით კომპენსაციის, ხელზე მისაღები 98 668.32 ლარის ოდენობით.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

7.1 ნ.ზ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი შპს „ლ. მ.ს.უ.ე.ც–ის“ 2023 წლის 20 სექტემბრის ბრძანება ნ.ზ–ძის გათავისუფლების შესახებ; შპს „ლ. მ.ს.უ.ე.ც–ს“ ხელშეკრულების უკანონოდ შეწყვეტის გამო ნ.ზ–ძის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით დაეკისრა 4111.18 ლარის (ხელზე მისაღები) გადახდა; შპს „ლ. მ.ს.უ.ე.ც–ს“ ნ.ზ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის სახით ყოველთვიურად ხელზე მისაღები 4111.18 ლარის გადახდა, 2023 წლის 20 სექტემბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე; ნ.ზ–ძის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

8. პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

8.1 ნ.ზ–ძე უვადო შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა შპს „ლ. მ.ს.უ.ე.ც–თან“. იგი დასაქმებული იყო ექიმ-ორდინატორად, ანესთეზიოლოგის თანამდებობაზე.

8.2 სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 22/02/2023 წლის შეტყობინების თანახმად, პროფესიული განვითარების საბჭოს 2023 წლის 17 თებერვლის №4 სხდომის გადაწყვეტილებით, ნ.ზ–ძეს შეუჩერდა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება 6 (ექვსი) თვის ვადით, სპეციალობაში „ანესთეზიოლოგია“ (სუბსპეციალობა ბავშვთა ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგია სუბსპეციალობა „კლინიკური ტრანსფუზიოლოგია“) და დაევალა შესაბამისი ხანგრძლივობის პროფესიული რეაბილიტაციის კურსის გავლა. მოსარჩელეს აღნიშნული შეტყობინება ჩაბარდა პირადად, 23.02.2023 წელს

8.3 ნ.ზ–ძემ, 2023 წლის 17 მარტიდან - 17 ივლისის ჩათვლით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, პროფესიული რეაბილიტაციის კლინიკური მოდულით გაიარა ანესთეზიოლოგიის საფუძვლები. ხოლო 2023 წლის 18 ივლისიდან - 18 სექტემბრის ჩათვლით, პროფესიული რეაბილიტაციის კლინიკური მოდულით - მოზრდილთა რეანიმატოლოგია.

8.4 სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2023 წლის 06 ოქტომბრის მომართვის თანახმად, პროფესიული განვითარების საბჭოს 2023 წლის 29 სექტემბრის №26 სხდომის გადაწყვეტილებით, განახლებულ იქნა ნ.ზ–ძის სერთიფიკატის მოქმედება სპეციალობაში „ანესთეზიოლოგია“.

8.5 შპს „ლ. მ.ს.უ.ე.ც–ის“ 20.09.2023 წლის №21 კ-2 ბრძანებით, 2023 წლის 20 სექტემბრიდან, ექიმ-ანესთეზიოლოგ ნ.ზ–ძეს შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე. მოსარჩელეს აღნიშნული ბრძანება ჩაბარდა პირადად, 25.10.2023 წელს.

8.6 ნ.ზ–ძემ 2023 წლის 20 ნოემბერს შპს „ლ. მ.ს.უ.ე.ც–ს“ მიმართა განცხადებით, მისი გათავისუფლების შესახებ 2023 წლის 20 სექტემბრის ბრძანების N21 კ-2 წერილობითი დასაბუთების მოთხოვნით, რომელიც ადრესატს 2023 წლის 21 ნოემბერს ჩაბარდა. მოთხოვნის მიუხედავად, მოპასუხეს გათავისუფლების დასაბუთება მოსარჩელისთვის არ გადაუცია.

8.7 ნ.ზ–ძის პირადი ანგარიშიდან ამონაწერის მიხედვით, შპს „ლ. მ.ს.უ.ე.ც–ისგან“ ხელფასის დანიშნულებით ჩარიცხული აქვს:

05/08/2021 წელს - 155.51 ლარი;

24/08/2021 წელს - 5455.65 ლარი;

24/09/2021 წელს - 2355.14;

24/09/2021 წელს - 2819.82;

22/10/2021 წელს - 2811.69 ლარი;

01/11/2021 წელს - 1105.70 ლარი;

24/11/2021 წელს - 2786.33 ლარი;

22/12/2021 წელს - 4170.26 ლარი;

26/01/2022 წელს - 5013.14 ლარი;

24/02/2022 წელს - 2859 ლარი;

23/03/2022 წელს - 3968.9 ლარი;

19/04/2022 წელს - 4537.6 ლარი;

24/05/2022 წელს - 3300.03 ლარი;

23/06/2022 წელს - 4633.73 ლარი;

21/07/2022 წელს - 2751.84 ლარს;

24/08/2022 წელს - 3318.95 ლარი.

9. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

9.1 სასამართლომ დაადგინა, რომ სასარჩელო მოთხოვნები ხანდაზმული არ არის.

მოპასუხე მხარის განმარტებით, ნ.ზ–ძემ შეტყობინება, საქმიანობის უფლების აღდგენის თაობაზე 2023 წლის 12 ოქტომბერს მიიღო. შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებული იყო მომდევნო დღეს, 2023 წლის 13 ოქტომბერს გამოცხადებულიყო სამსახურში. მხარე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ აღნიშნულ თარიღში შესაძლოა მას ჰქონდა იმგვარი გეგმები, რასაც ვერ გადადებდა სხვა დროისთვის, მომდევნო ორი დღე იყო შაბათი და კვირა, შესაბამისად, ორშაბათი - 16 ოქტომბერი იყო აბსოლუტურად გონივრული დრო იმისთვის, რომ იგი სამსახურში გამოცხადებულიყო და წარედგინა შესაბამისი ბრძანება საქმიანობის უფლების აღდგენის თაობაზე. ასეთ შემთხვევაში იგი ამავე დღეს შეიტყობდა მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე მხარეს მიაჩნია, რომ ხანდაზმულობის 30 დღიანი ვადის დენა 2023 წლის 16 ოქტომბრიდან უნდა დაიწყოს და არა 25 ოქტომბრიდან როცა მან გადაწყვიტა მისულიყო სამსახურში.

სასამართლომ მიუთითა წინამდებარე საქმეზე მიღებულ 2024 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც დადგინდა, რომ ნ.ზ–ძის მოთხოვნები ხანდაზმულობის ვადის დარღვევით იყო წარმოდგენილი და შესაბამისად, სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მიუხედავად ხანდაზმულობის დადგენისა, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის პოზიცია და ამავე გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ დამსაქმებლის მიერ გამოვლენილი ნება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლით გათვალისწინებული ცალმხრივი გარიგებაა და ამავე კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, იგი ნამდვილია იმ მომენტიდან, როდესაც მეორე მხარეს მიუვა (იხ. სუსგ საქმე №ას-167-157-2017, 2 ივნისი, 2017 წელი). ამდენად, შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა ცალმხრივი მიღებასავალდებულო ნების გამოვლენაა და მისი ნამდვილობა ადრესატისთვის მის ჩაბარებაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის ის ნაწილი, რომლითაც კანონმდებელი მოთხოვნის წარმოშობას უკავშირებს იმ მომენტს, როდესაც „პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ“, მოცემულ შემთხვევაზე ვერ გავრცელდებოდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება მოსარჩელე მხარის მიერ გასაჩივრდა სააპელაციო საჩივრით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 06 მარტის განჩინებით, დადგინდა, რომ ნ.ზ–ძის მიერ სარჩელი წარმოდგენილი იყო საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებულ ვადაში და იგი ხანდაზმული არ იყო. შესაბამისად, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა აპელანტის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ამავე სასამართლოს. თბილისის სააპელაციო სასამარლოს 2025 წლის 06 მარტის განჩინებაში ასევე განმარტებულია შემდეგი: „ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი სააპელაციო შესაგებლით, ასევე საქმის ზეპირი მოსმენისას მოწინააღმდეგე მხარის/მოპასუხის წარმომადგენელი ნაწილობრივ დაეთანხმა სააპელაციო საჩივარს და აღნიშნა, რომ ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და მისი პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნების მოთხოვნას, გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობის გამო. მოწინააღმდეგე მხარემ აღნიშნა, რომ სასამართლოს არ უმსჯელია დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებზე. მხარე აღნიშნავს, რომ თუ ხანდაზმულობის ვადა 2023 წლის 25 ოქტომბრიდან აითვლება, სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმული არ არის. მისი პოზიციაა, რომ სასამართლოს ვადა 16 ოქტომბრიდან უნდა აეთვალა, რაც არ გაიზიარა სასამართლომ, ხოლო გადაწყვეტილება მის მიერ გასაჩივრებული არ არის“.

საქმის ხელახლა განხილვის მიზნით გამართულ სასამართლოს 2025 წლის 26 ივნისის სხდომაზე, მოპასუხე მხარემ კვლავ სარჩელის ხანდაზმულობაზე მიუთითა და განმარტა, რომ ხანდაზმულობის ვადის ათვლა არა გათავისუფლების ბრძანების ჩაბარებიდან, არამედ 2023 წლის 16 ოქტომბრიდან უნდა დაიწყოს, მომენტიდან, როდესაც სამსახურში გამოცხადების შემთხვევაში, მოსარჩელე დამსაქმებლის გადაწყვეტილების შესახებ შეიტყობდა.

სასამართლომ კვლავ მიუთითა, რომ შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა ცალმხრივი მიღებასავალდებულო ნების გამოვლენაა და მისი ნამდვილობა ადრესატისთვის მის ჩაბარებაზეა დამოკიდებული, შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის ის ნაწილი, რომლითაც კანონმდებელი მოთხოვნის წარმოშობას უკავშირებს იმ მომენტს, როდესაც „პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ“, მოცემულ შემთხვევაზე ვერ გავრცელდება. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ სარჩელის ხანდაზმულობის საკითხი სწორედ 2023 წლის 25 ოქტომბრიდან, გათავისუფლების ბრძანების ჩაბარებიდან, იქნა შემოწმებული და მის მიერ დადგინდა, რომ სარჩელი ხანდაზმული არ არის.

9.2 სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელე ნ.ზ–ძის ყოველთვიური საშუალო ხელფასი შეადგენს - 4111.18 ლარს.

მოსარჩელე მხარის განმარტებით, მისის სახელფასო სარგოს დაანგარიშება შესრულებული სამუშაოს შესაბამისად ხდებოდა. მისი ყოველთვიური საშუალო ხელფასის დაანგარიშების კუთხით წარმოდგენილი აქვს ამონაწერი სს „თ.ბ–ის“ ანგარიშიდან, სადაც მოპასუხის მხრიდან ხელფასის სახით ჩარიცხული თანხებია მითითებული 2021 წლის 5 აგვისტოდან - 2022 წლის 24 აგვისტოს ჩათვლით (იხ. ს.ფ.47-48), რომლის საფუძველზეც საშუალო ყოველთვიური ხელფასის ოდენობად 4111.18 ლარს უთითებს (იხ. სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტება, 2025 წლის 26 ივნისის სხდომის ოქმი).

ვინაიდან, მოპასუხე მხარეს არ დაუდასტურებია გარემოება, რომ მოსარჩელის ყოველთვიური შრომის ანაზღაურების ოდენობა საშუალოდ 4111.18 ლარს შეადგენდა, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, შეაფასოს აღნიშნული გარემოება.

სასამართლომ მიუთითა შრომით დავებში მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესზე, რომელიც მტკიცების ტვირთს დამსაქმებლის, როგორც შრომით ურთიერთობებში ძლიერი მხარისკენ გადახრის, ხოლო ამ შემთხვევაში დამსაქმებლის მხრიდან რაიმე მტკიცებულება, რითაც ხელფასის განსხვავებული ოდენობა დადასტურდებოდა, წარმოდგენილი არ არის. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე თავისი დაანგარიშების მეთოდისთვის საჭირო დოკუმენტად მისი ანგარიშიდან ამონაწერს იყენებს, რომელიც საქმის მასალებშიც წარმოდგენილია, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, წმინდა არითმეტიკული კუთხით მოახდინოს მოსარჩელის მხრიდან დასახელებული თანხის შესწორება, კერძოდ, როგორც ზემოთ აღინიშნა წარმოდგენილია 2021 წლის 05 აგვისტოდან 2022 წლის 24 აგვისტოს ჩათვლით - 13 თვის ხელფასის ჩარიცხვის მონაცემები, რაც ჯამში წარმოადგენს 53445.29 ლარს (1557,51+5455,65+2355,14+2819,82+2811,69+1105,70+2786,33+4170,26+5013,14+285+3968,90+4537,60+3300,03+4633,73+2751,84+3318,95) ლარს, საშუალო ხელფასი კი იქნება: 53445,29/13=4111.18 ლარი.

10. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

11.1 შპს „ლ. მ.ს.უ.ე.ც–ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნ.ზ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს „ლ. მ.ს.უ.ე.ც–ს“ ნ.ზ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა ორი თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით კომპენსაცია, ხელზე მისაღები 8 222.36 (რვაათასს ორასოცდაორი ლარი და ოცდათექვსმეტი თეთრი) ლარი; სხვა ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

12. სააპელაციო სასამართლოს განჩინების ფაქტობრივი დასაბუთება:

12.1 სააპელაციო პალატამ გაიზიარა 8.1; 8.2; 8.3; 8.4; 8.5; 9.2 პუნქტებში მითითებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სამართლებრივი დასაბუთება:

12. 2 სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლზე, რომლის 1-ლი ნაწილის თანახმადაც შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. 2. შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით.

12.3 პალატამ აღნიშნა, რომ სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, პირველ რიგში, სასამართლო ამოწმებს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. ამ საკითხის გამორკვევა კი, შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად. სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერების შემოწმებისას სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს მტკიცების ტვირთის განაწილების სწორედ იმ სტანდარტით, რომელსაც შრომის სამართალი აწესებს და რომლის თანახმად, სწორედ დამსაქმებელია ვალდებული ადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების (შრომითი ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის) კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა. ამგვარი დასკვნის საფუძველია კი პრინციპი, რომლის მიხედვითაც დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები.

12.4 სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა შრომითი დავის განხილვისას მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეულწილად „სპეციალურ“ წესზე და მიუთითა, რომ შრომითი ურთიერთობა თავისი არსით ბუნებრივად ეხება ისეთ მხარეებს, რომლებიც მთლად ჰორიზონტალურ სიბრტყეში ვერ იქნებიან აღქმულნი ერთურთის მიმართ. დამსაქმებელი, ასეთი შინაარსის სამართალურთიერთობაში წარმოადგენს ხელშეკრულების ძლიერ მხარეს. მას მიუწვდება ხელი ყველა იმ საჭირო მექანიზმსა და მონაცემზე, რომლითაც შრომითი ურთიერთობის რაიმე სახის ცვლილება უნდა დასაბუთდეს. სწორედ დამსაქმებელმა უნდა ამტკიცოს, რომ მის მიერ განხორციელებული ქმედებები შესაბამისობაშია როგორც შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელ სამართლის წყაროებთან, ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლთან, რომლის თანახმადაც, ყოველი სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად.

12.5 პალატა არ დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას მასზედ, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება უკანონოა.

12.6 სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის მსჯელობა და განმარტა, რომ მოსარჩელისთვის საექიმო საქმიანობის უფლების შეჩერების ვადა ამოიწურა 2023 წლის 17 აგვისტოს, მაგრამ მას საქმიანობის ლიცენზიის აღდგენისთვის შესაბამისი ორგანოსთვის არ მიუმართავს, ვინაიდან საქმიანობის უფლების აღდგენა ავტომატურად არ ხდება. ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს პროფესიული განვითარების საბჭო, დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი განცხადებისა და პროფესიული რეაბილიტაციის კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე. ასეთი განცხადების წარდგენის შესაძლებლობა მოსარჩელეს წარმოეშვა 2023 წლის 18 აგვისტოდან, საქმიანობის უფლების შეზღუდვის ვადის ამოწურვის შემდეგ. 2023 წლის 20 სექტემბრისთვის მოსარჩელეს არათუ აღდგენილი ჰქონდა საექიმო საქმიანობის უფლება, არამედ განცხადებაც კი არ ჰქონდა შეტანილი ასეთი მოთხოვნით.

12.7 პალატის მოსაზრებით 2023 წლის 18 აგვისტოდან მოსარჩელეს წარმოეშვა უფლება, განცხადებით მიემართა პროფესიული განვითარების საბჭოსთვის და აღედგინა საქმიანობის უფლება, თუმცა მან ამ უფლებით არ ისარგებლა. სააპელაციო პალატამ ასევე აღნიშნა, რომ რომ თვეების განმავლობაში დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის არ არსებობდა შრომითი ურთიერთობა, დასაქმებული არ ასრულებდა სამუშაოს და არ იღებდა ხელფასს. შესაბამისად, ვინაიდან საქმიანობის უფლების შეჩერების შემდეგ ნ.ზ–ძემ არ ისარგებლა თავისი უფლებით, აღედგინა საქმიანობის უფლება და გაეგრძელებინა შრომითი ურთიერთობა, აღნიშნული წარმოადგენს სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს და მოპასუხე კომპანიას ვერ მოეთხოვა უსასრულოდ ელოდოს, როდის ისარგებლებს საქმიანობის აღდგენის უფლების აღდგენით დასაქმებული და დაუბრუნდება სამუშაოს. პალატამ მიუთითა, რომ რომ მოპასუხე კომპანია სამედიცინო დაწესებულებაა, რომელსაც სამუშაო რესურსის არარსებობით ადგება ზიანი. შესაბამისად, სამსახურიდან გათავისუფლება მითუფრო საფუძვლიანია.

12.8 სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა კეთილსინდისიერების პრინციპზე (სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი) და ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ დასაქმებული სამსახურიდან არ გათავისუფლებულა სავარაუდო სამედიცინო შეცდომისთვის, რის გამოც მას სერტიფიკატის მოქმედება შეუჩერდა. დასაქმებული ასევე სამსახურიდან არ გაუთავისუფლებიათ პროფესიული საქმიანობის შეჩერებისთვის. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში დამსაქმებელი არაკეთილსინდისიერად არ მოქცეულა, ნ.ზ–ძის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ შპს „ლ. მ.ს.უ.ე.ც–ის“ 2023 წლის 20 სექტემბრის ბრძანება კანონიერია და მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

12.9 ვინაიდან სადავო ბრძანება კანონიერად იქ მიჩნეული პალატამ აღნიშნა, რომ არ არსებობს უკანონო გათავისუფლების მოტივით მოპასუხისთვის კომპენსაციის და იძულებითი განაცდურის დაკისრების წინაპირობები.

12.10 სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მეორე ნაწილზე (დამსაქმებლის მიერ შრომითი ხელშეკრულების ამ კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა", „ვ", „ი" ან „ო" ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეწყვეტისას დამსაქმებელი უფლებამოსილია დასაქმებული არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამ შემთხვევაში დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით) და განმარტა, რომ ვინაიდან მოსარჩელეს შპს „ლ. მ.ს.უ.ე.ც–ის“ 20.09.2023 წლის №21 კ-2 ბრძანებით, 2023 წლის 20 სექტემბრიდან შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება და მოსარჩელე აღნიშნულის თაობაზე ინფორმირებული არ ყოფილა, დამსაქმებელს მისთვის 2 თვის ხელფასის ოდენობის კომპენსაცია უნდა გადაეხადა, რაც ჯამში შეადგენს 8 222,36 ლარს.

13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 12 თებერვლის განჩინებით ნ.ზ–ძის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

15. საკასაციო მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

15.1 საკასაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, დასაქმებული იმიტომ გაათავისუფლეს, რომ იგი 2 კვირა არ გამოცხადდა სამსახურში, რითაც უპატივცემულობა გამოამჟღავნა დამსაქმებლის მიმართ. აღნიშნულ საფუძველს საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის 1-ლი ნაწილი არ ითვალისწინებს.

15.2 კასატორი გასაჩივრებული გადაწყვეტილების განმხილველ მოსამართლესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მას შემდეგ რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შემდეგ საქმე კვლავ მოსამართლე გ.ბ–ას დაუბრუნდა, მოსამართლეს თვითაცილება უნდა დაეყენებინა. კასატორი არ ეთანხმება მოსამართლის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მან თვითაცილება არ გამოაცხადა იმ საფუძვლით, რომ საქმის პირველად განხილვის დროს მხოლოდ ხანდაზმულობის საკითზე იმსჯელა. მიუხედავად იმისა, რომ საქმის ხელახლა განხილვის დროს სასამართლომ დასვა კითხვა ჰქონდა თუ არა რომელიმე მხარეს მოსამართლის აცილების საფუძველი, კასატორს აღნიშნულთან დაკავშირებით პოზიცია არ დაუფიქსირებია და არც მოსამართლის აცილება მოუთხოვია. აღნიშნულს კასატორი იმით ამართლებს, რომ, სარჩელის შეტანიდან ორ წელიწადზე მეტი იყო გასული და ძლივს მიაღწია სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ჩანიშნვას, მოსამართლის აცილების საკითხის დაყენება კი საქმის განხილვის პროცესის გაჭიანურებას გამოიწვევდა.

15.3 კეთილსინდისიერად არ შეიძლება ჩაითვალოს დამსაქმებლის ქცევა, როდესაც არ ეკითხება დასაქმებულს სარეაბილიტაციო კურსის გავლასთან დაკავშირებით. როცა დამსაქმებლისათვის 6 თვე დალოდება პრობლემას არ წარმოადგენდა, რატომ არ დაელოდა იგი დასაქმებულს კიდევ 9 დღე ან თუნდაც გათავისუფლებამდე რამდენიმე დღე რატომ არ მისცა, რომ შესაბამისი დოკუმენტი მხარეს დამსაქმებლისათვის მიეტანა, რატომ არ შესთავაზა ალტერნატიული სამსახური და ა.შ.

15.4 კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ როგორც გათავისუფლების ბრძანებაშია მითითებული, ბრძანების გამოცემის საფუძველი გახდა იურისტის წარდგინება, რომელიც საქმეში არ არის. ანუ არ აქვს დოკუმენტი, რომელიც გათავისუფლების საფუძველი გახდა. ამასთან, დამსაქმებელს ნ.ზ–ძისათვის არ მიუცია წერილობითი დასაბუთება, თუ რატომ გაუშვეს იგი სამსახურიდან.

15.5 სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად არის განმარტებული კეთილსინდისიერების პრინციპი. ანუ ის ფაქტი, რომ დამსაქმებელი არ დაუკავშირდა დასაქმებულს, გათავისუფლებამდე არ გაარკვია ჰქონდა თუ არა სარეაბილიტაციო კურსი გავლილი, არის არაკეთილსინდისიერება დამსაქმებლის მხრიდან, იმ ფონზე, როდესაც მას, სარეაბილიტაციო კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის წარსადგენად, დასაქმებულისათვის არანაირი ვადა არ ჰქონდა განსაზღვრული და ასეთ ვადას არც კანონი განსაზღვარს.

15.6 სააპელაციო პალატამ არაფრად ჩააგდო ის გარემოება, რომ დასაქმებულს არ ჰქონდა განსაზღვრული კონკრეტული ვადა, თუ როდის უნდა მიეტანა სერტიფიკატი დამსაქმებლისათვის. რატომ არ ჰკითხა დამსაქმებელმა დასაქმებულს გათავისუფლებამდე ჰქონდა თუ არა გავლილი სარეაბილიტაციო კურსი და როდის შეძლებდა სპეციალიზაციით მუშაობის აღდგენის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას დამსაქმებლისათვის.

15.7 კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ გათავისუფლების შესახებ ბრძანება იყო კანონიერი და დამსაქმებლის მხრიდან დაირღვა მხოლოდ პროცედურული საკითხები. კასატორის განმარტებით, სწორედ ეს პროცედურული დარღვევები გახდა იმის მიზეზი, რომ დასაქმებული უკანონოდ იქნა გათავისუფლებული სამსახურიდან.

15.8 კასატორისათვის გაუგებარია, თუ კი შესაძლებელი იყო დასაქმებულის სამუშაოზე არ ყოფნა 6 თვის განმავლობაში და დამსაქმებელს შეეძლო სხვა სპეციალისტებით დაერეგულირებინა დასაქმებულის სამუშაოზე არ ყოფნა, 18 აგვისტოდან 20 სექტემბრამდე პერიოდში, რა დროსაც დასაქმებული არ გამოცხადდა სამსახურში, რა ზიანი მიადგა დამსაქმებელს ისეთი, რომ 40 წლის სტაჟის მქონე სპეციალისტის გათავისუფლება საპირწონე იქნებოდა.

16. მოწინააღმდეგე მხარემ წარმოადგინა საკასაციო შესაგებელი, რომელშიც მიუთითა, რომ არ ეთანხმება კასატორის მიერ მითითებულ გარემოებებს. ნ.ზ–ძესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მიზეზი გახდა ის გარემოება, რომ საქმიანობის უფლების შეჩერების ვადის ამოწურვიდან გონივრული ვადის, 1 თვის გასვლის შემდეგაც მას არათუ აღდგენილი არ ჰქონდა საქმიანობის უფლება, არამედ შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში განცხადებაც კი არ ჰქონდა შეტანილი ასეთი მოთხოვნით. საქმიანობის უფლების აღუდგენლობა კი შეუძლებელს ხდიდა შრომითი ურთიერთობის გაგრძელებას და წარმოადგენდა ისეთ ობიექტურ გარემოებას, რომელიც ამართლებდა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

16.1 დამსაქმებელს ვერ მოეთხოვება უსასრულოდ ელოდოს როდის აღიდგენს დასაქმებული საქმიანობის უფლებას და დაუბრუნდება საქმიანობას.

16.2 მოპასუხე არ იზიარებს კასატორის მსჯელობას მოსამართლის აცილებასთან/თვითაცილებასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ ნ.ზ–ძემ არ გამოიყენა მოსამართლის აცილების შესაძლებლობა იმ მოტივით, რომ დაჩქარებულიყო დავაზე გადაწყვეტილების მიღება. მოსარჩელეს სააპელაციო შესაგებლის შეტანის ეტაპზევე ჰქონდა მოსამართლის აცილების საკითხის დაყენების შესაძლებლობა, რაც უკიდურეს შემთხვევაში, უმნიშვნელოდ თუ გააჭიანურებდა საქმის წარმოებას.

16.3 მიუხედავად იმისა, რომ არც საექიმო საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონი არ აწესებს საქმიანობის უფლების აღდგენის ვადას და არც დამსაქმებელს განუსაზღვარს დასაქმებულისათვის ასეთი ვადა, არ აძლევს კასატორის იმის საშუალებას, რომ საკუთარი სურვილისამებრ ნებისმიერ დროს, თუნდაც კიდევ ერთი, ხუთი ან ათის წლის შემდეგ აღიდგინოს საქმიანობის უფლება და შეუდგეს შრომითი მოვალეობების შესრულებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

17. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

18. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.

21. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

22. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე უარის თქმის მართლზომიერება.

23. საქართველოში შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა მოწესრიგებულია საქართველოს შრომის კოდექსისი (შემდეგში სშკ) 47-ე და 48-ე მუხლებით, რომელთაგან პირველი მოიცავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს, ხოლო მეორე არეგულირებს შეწყვეტის პროცესუალურ მხარეს. აღნიშნული მუხლების კუმულაციური საფუძვლით შესაძლებელია ითქვას, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებლის პოზიტიური ვალდებულებაა დაასრულოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა მხოლოდ ლეგიტიმური გზებით, ხოლო ნეგატიური ვალდებულება წარმოადგენს იმას, რომ დამსაქმებელს არ უნდა შეეძლოს დასაქმებულის სამსახურიდან გაშვება შესაბამისი და გამართლებული საფუძვლის გარეშე, ამიტომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის იმ რეგულაციებს, რომლებიც სშკ-ის 47-ე და 48-ე მუხლებშია (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი სშკ-ს 37-38-ე მუხლები) მოცემული, აქვთ ერთგვარი ,,შემაკავებელი ეფექტი“, რომლის საფუძველიც არის წინაპირობა შრომის ურთიერთობათა მხარეების თვითნებური, გაუმართლებელი გადაწყვეტილებების აღკვეთისთვის (იხ. სუსგ საქმე №ას-1404-2022, 15 თებერვალი, 2023 წელი).

24. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებების თანახმად, უმნიშვნელოვანესი პრინციპი, რომელიც გათვალისწინებული უნდა იყოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერების შეფასებისას, არის პროპორციულობისა და გონივრული საფუძვლის პრინციპი. პროპორციულობის, იგივე თანაზომიერების პრინციპი ნიშნავს, რომ კანონის მიზნის მისაღწევად გამოყენებული ღონისძიება უნდა იყოს დასაშვები, აუცილებელი და პროპორციული. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა დამსაქმებლის მიერ დასაშვები უნდა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაუმართლებელია ამ უკანასკნელის უფლების დაცვის სხვა საფუძვლების გამოყენება (იხ. სუსგ საქმე Nას-106-101-2014, 02 ოქტომბერი, 2014 წელი; Nას-1183-1125-2014, 13 თებერვალი, 2015 წელი).

25. უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, დასაქმებულის სამსახურიდან ნებისმიერი საფუძვლით დათხოვნის საკითხის გადაწყვეტისას, დამსაქმებელმა უნდა იხელმძღვანელოს გონივრული და დასაბუთებული კრიტერიუმით, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ ინტერესს, მის შრომით უფლებებს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ განჩინებაში განმარტებულია, რომ საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო, ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულისათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში. დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას მნიშვნელოვანია, დადგინდეს, რა ღონისძიებები გაატარა დამსაქმებელმა, რათა უზრუნველეყო დასაქმებულისათვის დაკავებული პოზიციის შენარჩუნება, ცხადია, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მომწესრიგებელი თითოეული საფუძვლის გამოყენებამდე, დასაბუთებული უნდა იყოს მისი გამოყენების წინაპირობა. (იხ. სუსგ-ები: Nას-941-891-2015, 29.01.2016 წ Nას-224-224-2018, 18.05.2018წ; N ას-361-2022, 10.06.2022 წ.) (იხ. სუსგ საქმე №ას-1493-2022, 21 აპრილი, 2023 წელი).

26. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - იხ. შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ.).

27. შრომითსამართლებრივ დავებში მტკიცების ტვირთის განაწილების წესი განსხვავებული და თავისებურია. ამ წესის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია, ადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან განთავისუფლების კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს, რომ დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი დავის განხილვისას მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურობა განპირობებულია მტკიცებულებების წარდგენის თვალსაზრისით დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობების არსებობით. ამ კატეგორიის დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. აღნიშნული დასკვნა იმ ძირითადი პრინციპიდან გამომდინარეობს, რომ დამსაქმებელს დასაქმებულთან შედარებით გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები (შეად. სუსგ-ებს: N ას-922-884-2014, 16.04.2015 წ; Nას-483-457-2015, 07.10.2015 წ; N ას-182-171-2017, 27.12.2019წ; N ას-1429-2020, 18.03.2022წ; N ას-456-2021, 22.03.2022წ; N ას-57-2022, 13.04.2022წ.; Nას-1438-2022, 2.02.2023წ.; №ას-283-2024 26.04.2024წ.).

28. უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა ცხადყოფს, რომ მტკიცების ტვირთი სპეციფიურადაა გადანაწილებული შრომითსამართლებრივ დავებში, სადაც თავად შრომითი ხელშეკრულების იერარქიული ბუნებიდან გამომდინარე, აუცილებელია სუსტი და ძლიერი მხარეების პროცესუალური დაბალანსება, რათა შესაძლებელი იყოს არათანაბარ, იერარქიულ დამოკიდებულებაში მყოფი მხარეებისთვის თანაბარი პირობების შექმნა. სწორედ ამიტომ, დადგენილი პრაქტიკის თანახმად, სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერების დადასტურების მტკიცების ტვირთი დამსაქმებელს აწევს, რომელმაც უნდა დაასაბუთოს, რომ მიღებული გადაწყვეტილება კანონიერია და არ არღვევს დასაქმებულის შრომით უფლებებს (შეად. სუსგ. №ას-922-884-2014, 16 აპრილი, 2015 წელი; №ას-483-457-2015, 7 ოქტომბერი, 2015 წელი; №ას-182-171-2017, 27 დეკემბერი, 2019 წელი).

29. განსახილველ საქმეში დადგენილია, რომ ნ.ზ–ძე უვადო შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა შპს „ლ. მ.ს.უ.ე.ც–თან“. იგი დასაქმებული იყო ექიმ-ორდინატორად, ანესთეზიოლოგის თანამდებობაზე.

29.1 სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 22/02/2023 წლის შეტყობინების თანახმად, პროფესიული განვითარების საბჭოს 2023 წლის 17 თებერვლის №4 სხდომის გადაწყვეტილებით, ნ.ზ–ძეს შეუჩერდა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება 6 (ექვსი) თვის ვადით, სპეციალობაში „ანესთეზიოლოგია“ (სუბსპეციალობა ბავშვთა ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგია სუბსპეციალობა „კლინიკური ტრანსფუზიოლოგია“) და დაევალა შესაბამისი ხანგრძლივობის პროფესიული რეაბილიტაციის კურსის გავლა. მოსარჩელეს აღნიშნული შეტყობინება ჩაბარდა პირადად, 23.02.2023 წელს.

29.2 ნ.ზ–ძემ, 2023 წლის 17 მარტიდან - 17 ივლისის ჩათვლით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, პროფესიული რეაბილიტაციის კლინიკური მოდულით გაიარა ანესთეზიოლოგიის საფუძვლები. ხოლო 2023 წლის 18 ივლისიდან - 18 სექტემბრის ჩათვლით, პროფესიული რეაბილიტაციის კლინიკური მოდულით - მოზრდილთა რეანიმატოლოგია.

29.3 სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2023 წლის 06 ოქტომბრის მომართვის თანახმად, პროფესიული განვითარების საბჭოს 2023 წლის 29 სექტემბრის №26 სხდომის გადაწყვეტილებით, განახლებულ იქნა ნ.ზ–ძის სერთიფიკატის მოქმედება სპეციალობაში „ანესთეზიოლოგია“.

29.4 შპს „ლ. მ.ს.უ.ე.ც–ის“ 20.09.2023 წლის №21 კ-2 ბრძანებით, 2023 წლის 20 სექტემბრიდან, ექიმ-ანესთეზიოლოგ ნ.ზ–ძეს შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

29.5 გათავისუფლების შესახებ 2023 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ვინიდან, პროფესიული განვითარების საბჭოს 2023 წლის 17 თებერვლის #4 სხდომის გადაწყვეტილებით, შპს „ლ. მ.ს.უ.ე.ც–ის“ ექიმ-ანესთეზიოლოგს ნ.ზ–ძეს 6 თვის ვადით შეუჩერდა სახელმწიფო სერთიფიკატის სპეციალობაში „ანესთეზიოლოგია“ და მოწმობების სუბსპეციალობებში „ბავშვთა ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგია“ და „კლინკური ტრანსფუზიოლოგია“ მოქმედება, საქმიანობის უფების შეჩერების ვადა ამოიწურა ა/წ 17 აგვისტოს და დღემდე სერთიფიკატისა და სუბსპეციალობის მოწმობების მოქმედება აღდგენილი არ არის, რის გამოც მას არ აქვს ზემოთ აღნიშნულ სპეციალობასა და სუბსპეციალობებში საექიმო საქმიანობის განხორციელების, ანუ შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოს შესრულების უფლება, შესაბამისად, უნდა შეწყვეტილიყო ნ.ზ–ძესთან არსებული შრომითი ურთიერთობა.

30. დამსაქმებლის განმარტებით, ნ.ზ–ძისათვის საექიმო საქმიანობის უფლების შეჩერების ვადა ამოიწურა 2023 წლის 17 აგვისტოს, მაგრამ მას საქმიანობის ლიცენზიის აღდგენისთვის შესაბამისი ორგანოსთვის არ მიუმართავს, ვინაიდან საქმიანობის უფლების აღდგენა ავტომატურად არ ხდება. ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს პროფესიული განვითარების საბჭო, დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი განცხადებისა და პროფესიული რეაბილიტაციის კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე. 2023 წლის 18 აგვისტოდან მოსარჩელეს წარმოეშვა უფლება, განცხადებით მიემართა პროფესიული განვითარების საბჭოსთვის და აღედგინა საქმიანობის უფლება, თუმცა მან ამ უფლებით არ ისარგებლა. 2023 წლის 20 სექტემბრისთვის მოსარჩელეს არათუ აღდგენილი ჰქონდა საექიმო საქმიანობის უფლება, არამედ განცხადებაც კი არ ჰქონდა შეტანილი ასეთი მოთხოვნით. შესაბამისად, ვინაიდან საქმიანობის უფლების შეჩერების შემდეგ ნ.ზ–ძემ არ ისარგებლა თავისი უფლებით, აღედგინა საქმიანობის უფლება და გაეგრძელებინა შრომითი ურთიერთობა, აღნიშნული წარმოადგენდა სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს.

31. კასატორის ძირითადი პრეტენზია ეხება იმას, რომ დამსაქმებული იმ 6 თვიანი ვადის გასვლის შემდეგ, რა ვადაშიც ნ.ზ–ძეს შეჩერებული ჰქონდა საქმიანობის უფლება, კიდევ გარკვეული პერიოდი რატომ არ დაელოდა დასაქმებულს. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ არც საექიმო საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონი არ აწესებს საქმიანობის უფლების აღდგენის ვადას და არც დამსაქმებელს განუსაზღვარს დასაქმებულისათვის ასეთი ვადა, დამსაქმებელი ვალდებული იყო გათავისუფლებამდე შეხმიანებოდა დასაქმებულს და ეკითხა მისთვის როდის შეძლებდა სპეციალიზაციით მუშაობის აღდგენის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენას.

32. საკასაციო პალატა კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას არ ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას მასზედ, რომ მოპასუხე კომპანიას ვერ მოეთხოვა უსასრულოდ ელოდოს, როდის ისარგებლებს საქმიანობის აღდგენის უფლების აღდგენით დასაქმებული და დაუბრუნდება სამუშაოს. მით უფრო მაშინ, როცა მოპასუხე კომპანია სამედიცინო დაწესებულებას წარმოადგენს, რომელსაც სამუშაო რესურსის არარსებობით ადგება ზიანი.

33. პალატა, სააპელაციო სასამართლოს მსგავსად, ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დასაქმებული სამსახურიდან არ გათავისუფლებულა სავარაუდო სამედიცინო შეცდომისთვის, რის გამოც მას სერტიფიკატის მოქმედება შეუჩერდა. დასაქმებული ასევე სამსახურიდან არ გაუთავისუფლებიათ პროფესიული საქმიანობის შეჩერებისთვის და საქმიანობის უფლების შეჩერების ვადის ამოწურვიდან 1 თვის განმავლობაში დასაქმებულს ჰქონდა საშუალება დაბრუნებოდა სამუშაოს.

34. საკასაციო სასამართლო ეთანხმება მოპასუხის მითითებას მასზედ, რომ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში დამსაქმებელი უნარჩუნებდა დასაქმებულს სამუშაო ადგილს და მზად იყო დამსაქმებელი საქმიანობის უფლების აღდგენის შემდეგ გაეგრძელებინა ნ.ზ–ძესთან შრომითი ურთიერთიბა. თუმცა, ამის საპირისპიროდ შეიქმნა სიტუაცია, როცა დასაქმებული მთელი 7 თვის განმავლობაში არ არის კომუნიკაციაში კლინიკის ადმინისტრაციასთან, 6 თვიანი სანქციის ვადის ამოწურვის შემდეგაც კი. ის გარემოება, რომ არც საექიმო საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონი არ აწესებს საქმიანობის უფლების აღდგენის ვადას და არც დამსაქმებელს განუსაზღვარს დასაქმებულისათვის ასეთი ვადა, არ აძლევს კასატორს უფლებას საკუთარი სურვილისამებრ ნესბისმიერ დროს აღიდგინოს საქმიანობის უფლება და გააგრძელოს მუშაობა კლინიკაში.

35. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიაჩნია, რომ დამსაქმებელი კანონიერად მოქმედებდა, არ არსებობს ნ.ზ–ძის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ შპს „ლ. მ.ს.უ.ე.ც–ის“ 2023 წლის 20 სექტემბრის ბრძანების ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი. რაც შეეხება კომპენსაციის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნას, პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველი მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობაა. ვინაიდან სასამართლომ სადავო ბრძანება კანონიერად მიიჩნია, არ არსებობს უკანონო გათავისუფლების მოტივით მოპასუხისთვის კომპენსაციის და იძულებითი განაცდურის დაკისრების წინაპირობები.

36. კასატორის პრეტენზია ასევე შეეხება იმას, რომ იურისტის წარდგინება, რომელიც საფუძვლად დაედო გათავისუფლების ბრძანებას, საქმეში არ არის წარმოდგენილი. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატას მიაჩნია, რომ გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში ნათლად არის განმარტებული დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, ამიტომ ხსენებული დოკუმენტის წარდგენა/არწარდგენას საქმის განხილვისათვის რაიმე არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

37. საკასაციო საჩივრის ფარგლებში მითითებულია, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს უნდა გამოეცხადებინა თვითაცილება. აღნიშნულ პრეტენზიას საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს და მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლზე, რომელშიც რეგლამენტირებულია მოსამართლის აცილების საფუძვლები (აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსამართლემ არ შეიძლება განიხილოს საქმე ან მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, თუ: ა) ამ საქმეში თვითონ წარმოადგენს მხარეს, ან მას ამა თუ იმ მხარესთან საერთო უფლებები ან ვალდებულებები აკავშირებს; ბ) ამ საქმის ადრინდელ განხილვაში მონაწილეობდა მოწმედ, ექსპერტად, სპეციალისტად, თარჯიმნად, წარმომადგენლად ან სასამართლო სხდომის მდივნად; გ) მხარის ან მისი წარმომადგენლის ნათესავია; დ) პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არის სხვა ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში; ე) იყო მედიატორი იმავე საქმეზე ან ამ საქმესთან არსებითად დაკავშირებულ სხვა საქმეზე). კასატორის მიერ მითითებული ის გარემოება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შემდეგ საქმე კვლავ მოსამართლე გ.ბ–ას დაუბრუნდა, არ წარმოადგენს მოსამართლის აცილების/თვითაცილების საფუძველს. ამასთან, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს მოსარჩელეს ჰქონდა შესაძლებლობა ეშუამდგომლა მოსამართლის აცილების თაობაზე, თუმცა მას ასეთი შუამდგომლობით სააპელაციო სასამართლოსათვის არ მიუმართავს იმ მიზეზით, რომ აღნიშნული გამოიწვევდა საქმის განხილვის გაჭიანურებას. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სააპელაციო სასამართლომ, ისევე როგორც თბილისის საქალაქო სასამართლომ, პირველ ეტაპზე იმსჯელა და სამართლებრივი შეფასება მისცა მხოლოდ მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხს და ამ საფუძვლით მოსამართლის აცილების შუამდგომლობის დაყენების შემთხვევაშიც, არ იარსებებდა მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. შესაბამისად, პალატა თვლის, რომ მოსამართლის აცილებასთან დაკავშირებული პრეტენზია უსაფუძვლოა.

38. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-2 პუნქტზე (დამსაქმებლის მიერ შრომითი ხელშეკრულების ამ კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა", „ვ", „ი" ან „ო" ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეწყვეტისას დამსაქმებელი უფლებამოსილია დასაქმებული არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამ შემთხვევაში დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით) და ჩათვალა, რომ ვინაიდამ მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ მოსარჩელეს შპს „ლ. მ.ს.უ.ე.ც–ის“ 20.09.2023 წლის №21 კ-2 ბრძანებით, 2023 წლის 20 სექტემბრიდან შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, რაზეც მოსარჩელე ინფორმირებული არ ყოფილა. შესაბამისად, დამსაქმებელს მისთვის 2 თვის ხელფასის ოდენობის კომპენსაცია უნდა გადაეხადა. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს აღნიშნულ მსჯელობას.

39. ყოველივე ზემოღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

40. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

41. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება/განჩინება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

42. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

43. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

44. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს.

45. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 70% - 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.ზ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. ნ.ზ–ძეს (პ/ნ .........) დაუბრუნდეს მ.ბ–ის (პ/ნ ..........) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის (საგადახდო დავალება # 4938, გადახდის თარიღი 28.01.2026) 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლევან ნემსაძე

მოსამართლეები: არჩილ კოჭლამაზაშვილი

მიხეილ ჯინჯოლია