დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე№ას-283-2026
25 ივნისი, 2026 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
I კასატორი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (მოპასუხე)
II კასატორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ო.თ–ი“ (მოსარჩელე)
დავის საგანი - გარიგების ბათილად ცნობა, უძრავი ქონების მიკუთვნება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 ოქტომბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
სს „ო.თ–ის“ წარმომადგენელმა (შემდეგში: მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან საწარმო) სარჩელი აღძრა საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროსა (შემდეგში პირველი მოპასუხე, სამინისტრო, მეორე აპელანტი, პირველი კასატორი) და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდეგში: მეორე მოპასუხე, სააგენტო, აპელანტი, მეორე კასატორი) წინააღმდეგ და მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი მოსარჩელის დირექტორის პ.გ–ძის 2019 წლის 11 იანვრის განცხადება, როგორც ცალმხრივი გარიგება, მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე (მდებარე: ქ. თბილისი, …….., ს/კ ……..) სახელმწიფო სასარგებლოდ საკუთრების უფლების მიტოვების შესახებ და აღდგეს მოსარჩელის საკუთრების უფლება ამავე ქონებაზე.
2. მოპასუხეების პოზიცია
მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს. პირველი მოპასუხე მიიჩნევს, რომ იგი არასათანადო მოპასუხეა დავაში. მეორე მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელემ საკუთარი თავისუფალი ნებით მიატოვა საკუთრების უფლება სადავო უძრავ ნივთზე და, ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. კერძოდ, ბათილად იქნა ცნობილი 2019 წლის 11 იანვარს მოსარჩელის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი განცხადება საკუთრების უფლების მიტოვების შესახებ (განცხადების რეგისტრაციის ნომერი: ……….) უძრავ ნივთზე, მდებარე: ქალაქი თბილისი, ………, ს/კ …….., 661 კვ.მ და ამ ქონებაზე საკუთრების უფლება მიეკუთვნა მოსარჩელეს.
3.2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება.
4.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
4.2 სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
4.2.1. 2007 წლის 19 დეკემბერს, მოსარჩელე საწარმოს დირექტორმა, ტ.მ–ძემ მიმართა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა 11683 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარება. 2008 წლის 19 ნოემბერს მოსარჩელის სახელზე გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა №1915, რომლის საფუძველზეც 2009 წლის 29 იანვარს მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით ……… საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა მოსარჩელის საკუთრებად;
4.2.2. 2018 წლის 13 დეკემბერს ტ.მ–ძეს წარედგინა ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. ბრალდების ფორმულირების თანახმად: „სს „ო.თ–ის“ დირექტორი ტ.მ–ძე მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ქ. თბილისში, …… მდებარე ყოფილი საინფორმაციო-გამოთვლით ცენტრის სარგებლობაში არსებულ სახელმწიფოს კუთვნილ 791.06 კვ.მ. ფართის 2 სართულიან შენობას (შენობა №5), 159.42 კვ.მ. ფართობის საქვაბეს (შენობა №6) და აღნიშნული შენობების მიერ ფაქტობრივად დაკავებულ 639 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთს“;
4.2.3. ტ.მ–ძემ ბრალის წარდგენის შემდეგ, დატოვა დირექტორის პოზიცია და 2018 წლის 28 დეკემბრის მდგომარეობით, მოსარჩელე საწარმოს დირექტორად დაინიშნა პ.გ–ძე;
4.2.4. 2019 წლის 10 იანვარს განცხადების საფუძველზე მოსარჩელის საკუთრებაში არსებული 11683 კვ.მ. მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით …… დაიყო ორ ნაკვეთად - 11022 კვ.მ. (ს/კ ……) და 661 კვ.მ. (ს/კ ……..). 661 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე მდებარეობს შენობა-ნაგებობები №1 (791.06 კვ.მ.) და №2 (159.42 კვ.მ.);
4.2.5. 2019 წლის 11 იანვარს მოსარჩელის დირექტორმა პ.გ–ძემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, წარადგინა 2019 წლის 11 იანვრის სამეთვალყურეო საბჭოს კრების №2 ოქმი, რომლითაც მოსარჩელის სამეთვალყურეო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ……. საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთზე (661 კვ.მ.) საკუთრების უფლების სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვების თაობაზე. 2019 წლის 11 იანვრის სამეთვალყურეო საბჭოს კრების №2 ოქმში აღნიშნულია, რომ უძრავ ნივთზე საკუთრების მიტოვების მიზეზი გახდა აღნიშნულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით აღძრული სისხლის სამართლის საქმე. 2019 წლის 17 იანვარს 661 კვ.მ. მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით ……, რომელზეც მდებარეობს 791.06 კვ.მ. შენობა-ნაგებობა №1 და 159.42 კვ.მ. შენობა- ნაგებობა №2, აღირიცხა სახელმწიფოს საკუთრებად;
4.2.6. 2019 წლის 20 იანვარს ტ.მ–ძეს წარედგინა ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. ბრალდების ფორმულირების თანახმად: „სს „ო.თ–ის“ დირექტორი ტ.მ–ძე მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ქ.თბილისში, …….. მდებარე ყოფილი საინფორმაციო-გამოთვლითი ცენტრის სარგებლობაში არსებულ სახელმწიფოს კუთვნილ 791.06 კვ.მ. ფართის 2 სართულიან შენობას (შენობა №5), 159.42 კვ.მ. ფართობის საქვაბეს (შენობა №6) და 11683 კვ.მ. მიწის ნაკვეთს;
4.2.7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 26 იანვრის განაჩენით ტ.მ–ძე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 26 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად; საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 4 აპრილის განჩინებით უფროსი პროკურორის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად. აღნიშნული განჩინება იმეორებს, მათ შორის, პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების შემდეგ დასკვნას: „საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ სს „ო.თ–ი“ რეალურად სარგებლობდა თბილისში, …….. მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, 11683 მ2 მიწის ნაკვეთით, მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით და საკუთრების აღიარების კომისიისათვის მიმართვის ფაქტობრივი საფუძველი არსებობდა. ტ.მ–ძეს ამ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნა შეეძლო როგორც სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, ასევე – როგორც თვითნებურად დაკავებული მიწის საფუძველზე. გარდა ამისა, დადასტურებულია, რომ მან საკუთრების უფლების აღიარების კომისიას სრულად წარუდგინა საჭირო დოკუმენტაცია და კომისია სრულყოფილად ფლობდა აღნიშნულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით ყველა მონაცემს, ხოლო ბრალდების მხარემ ვერ დაასაბუთა, თუ რაში გამოიხატა ტ.მ–ძის მხრიდან საკუთრების აღიარების კომისიის მოტყუება და შეცდომაში შეყვანა“.
4.2.8. 2018 წლის 20 ნოემბერს, მეორე მოპასუხეს ეცნობა სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობის შესახებ. 2018 წლის 20 დეკემბრის წერილით ქალაქ თბილისის პროკურატურამ მეორე მოპასუხეს აცნობა, რომ 2012 წლის 28 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა კანონი ამნისტიის შესახებ, რომლის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ ყველა დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია. შესაბამისად, თბილისის პროკურატურამ მეორე მოპასუხისგან, როგორც დაზარალებული მხარისგან, ითხოვა პოზიციის დაფიქსირება მოსარჩელე კომპანიის ყოფილი დირექტორის ტ.მ–ძის მიმართ ამნისტიის გამოყენების თაობაზე. 2018 წლის 20 დეკემბრის წერილის პასუხად, მეორე მოპასუხემ 2018 წლის 25 დეკემბრის წერილით ქალაქ თბილისის პროკურატურას აცნობა, რომ არ იყო წინააღმდეგი ამნისტიის გამოყენებასთან დაკავშირებით, სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურების შემდგომ. 2019 წლის 15 იანვარს, მეორე მოპასუხეს განცხადებით მიმართა მოსარჩელემ და აცნობა, რომ, მისი ყოფილი დირექტორისთვის ბრალის წარდგენის გამო, 661 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (ს/კ …….) მასზე მდებარე შენობა-ნაგებობებით №1 (791.06 კვ.მ.) და №2 (159.42 კვ.მ.) გაიმიჯნა დანარჩენი ქონებისგან და მოსარჩელემ მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნული ქონების სახელმწიფოსათვის ჩუქების თაობაზე. 2019 წლის 15 იანვრის განცხადებაზე რეაგირების მიზნით 2019 წლის 15 იანვარს მეორე მოპასუხემ მიმართა ქალაქ თბილისის პროკურატურას. ქ.თბილისის პროკურატურამ 2019 წლის 28 იანვრის წერილით მეორე მოპასუხეს აცნობა, რომ საქმე არსებითი განხილვის მიზნით 2019 წლის 21 იანვარს გაიგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოში.
4.3. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი საკუთრების მიტოვების შესახებ მოსარჩელის მიერ გამოვლენილი ნება, კერძოდ, სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების მიტოვების შესახებ მოსარჩელის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი განცხადება გაბათილდა, როგორც შეცდომით დადებული გარიგება, და ქონება საკუთრებაში დაუბრუნდა მოსარჩელეს.
4.4. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სადავო გარიგება შეცდომით დადებულ გარიგებად მიაჩნია მეორე აპელანტს, თუმცა ეს უკანასკნელი თვლის, რომ დაცული არაა ამ გარიგების შეცილების კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადა. რაც შეეხება პირველ აპელანტს, ამ უკანასკნელს მიაჩნია, რომ სადავო გარიგება შეცდომით დადებულ გარიგებად ვერ მიიჩნევა. კერძოდ, პირველი აპელანტის მოსაზრებით, კანონმა გაითვალისწინა ამნისტია დაზარალებულის თანხმობის შემთხვევაში. ამ თანხმობის მისაღებად დაზარალებულმა მოითხოვა მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. მოსარჩელემ/ბრალდებულმა, თავისუფალი ნების პირობებში, განახორციელა უძრავ ქონებაზე საკუთრების მიტოვება სახელმწიფოს სასარგებლოდ, რასაც ბრალდებული უკავშირებდა გარკვეულ მოლოდინს (მის სასარგებლოდ ამნისტიის გამოყენებას), თუმცა ეს მიზანი ვერ მიიღწა. აპელანტის მოსაზრებით, ეს არის რისკი, რომელსაც სამოქალაქო ბრუნვის მონაწილე, გარიგების სუბიექტი ატარებს და არა შეცდომა გარიგებაში.
4.5. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი აპელანტის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სადავო გარიგება შეცდომით დადებულ გარიგებად არ უნდა მივიჩნიოთ. კერძოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და სადავო არაა, რომ მოსარჩელე საწარმოს ყოფილი დირექტორის მიმართ მიმდინარეობდა სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის. პირველ აპელანტს/სააგენტოს, როგორც დაზარალებული სახელმწიფოს წარმომადგენელს, ქალაქ თბილისის პროკურატურამ აცნობა, რომ არსებობდა ბრალდებულის მიმართ საქართველოს პარლამენტის 28.12.2012 წლის ამნისტიის შესახებ კანონის გამოყენების საფუძველი იმ პირობით, თუ სააგენტო თანხმობას განაცხადებდა. სააგენტომ პროკურატურას აცნობა, რომ არ იყო ამნისტიის გამოყენების წინააღმდეგი, თუკი ბრალდებული სრულად აანაზღაურებდა სახელმწიფოსათვის მიყენებულ ზიანს. რაკი ბრალდებულს, როგორც საწარმოს დირექტორს, სახელმწიფოს კუთვნილი უძრავი ქონების საწარმოს საკუთრებაში უკანონოდ რეგისტრაციას ედავებოდნენ, საწარმომ მიიღო გადაწყვეტილება ამ ქონებაზე საკუთრების უფლების მიტოვების შესახებ. კერძოდ, 11.01.2019 წელს საწარმოს დირექტორმა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სადავო უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაცია (იხ. ტ.1, ს.ფ. 184-185). საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, იმავე დღეს, განხორციელდა საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაცია და სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ აღირიცხა სახელმწიფო (იხ. ტ.1, ს.ფ. 48, 183). როგორც ხსენებული მტკიცებულებებით, ასევე, საწარმოს დირექტორის მიერ სააგენტოსადმი მიწერილი განცხადებით (იხ. ტ.1, ს.ფ. 178), დასტურდება ის გარემოება, რომ სადავო უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების მიზანი იყო საწარმოს ყოფილი დირექტორის/ბრალდებულის მიმართ 28.12.2012 წლის ამნისტიის შესახებ კანონის გამოყენება და ამ უკანასკნელის გათავისუფლება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან. დადგენილია, რომ ბრალდებულის მიმართ ამნისტიის კანონი არ გამოყენებულა, რადგან მას ბრალი დაუმძიმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს არსებითად განსახილველად. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დგინდება, რომ საწარმოს ყოფილი დირექტორი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში.
4.6. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, არსებობდა სადავო გარიგების ბათილობის სსკ-ის 73-ე მუხლის გ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, რადგან გარიგების დადების შემდეგ აღმოჩნდა, რომ არ არსებობს ის გარემოებები, რომელთაც მხარეები, კეთილსინდისიერების პრინციპებიდან გამომდინარე, გარიგების საფუძვლად განიხილავდნენ. კერძოდ, შეუძლებელია, კეთილსინდისიერების პრინციპებიდან გამომდინარე, სადავო გარიგების არსებითად შეცვლილი საფუძვლის პირობებში, შესაძლებლობის მინიმალური ალბათობის დონეზეც კი, დავუშვათ, რომ მოსარჩელე მაინც დადებდა იმავე გარიგებას - მიატოვებდა საკუთრების უფლებას უძრავ ნივთზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს გავლენას არ მოახდენდა მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე და არ გახდებოდა ამნისტიის მიღების საფუძველი. სააპელაციო სასამართლომ ასევე გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა გარიგების მოტივში შეცდომის დაშვების თაობაზე, კერძოდ, ის, რომ მოსარჩელის ქმედება არ აღმოჩნდა საკმარისი გარიგების მოტივით გათვალისწინებული განზრახვის (ამნისტიის) მისაღწევად. ამასთან, რაკი ეს მოტივი გაცხადებული და შეთანხმებული იყო მხარეებს შორის, ასეთ მოტივში დაშვებული შეცდომა განხილულ უნდა იქნეს არსებით შეცდომად და გახდეს სადავო გარიგების ბათილობის საფუძველი.
4.7. მოსარჩელის მიერ სადავო გარიგების შეცილების ერთთვიანი ვადის დაცვასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ დაცულია სადავო გარიგების შეცილების კანონით დადგენილი ვადა. სასამართლოს მოსაზრებით, შეცილების ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 2022 წლის 4 აპრილიდან, მას შემდეგ, რაც მოსარჩელე კომპანიის ყოფილი დირექტორის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში. სისხლის სამართლის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მას შემდეგ, რაც იგი გახდება საბოლოო. რაც შეეხება აპელანტის არგუმენტებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებისთანავე კანონიერ ძალაში შესვლის თაობაზე, პალატამ აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის საჯაროდ გამოცხადება ნიშნავს მის კანონიერ ძალაში შესვლასა და აღსასრულებლად მიქცევას დაუყოვნებლივ. პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის საჯაროდ გამოცხადება იწვევს მის კანონიერ ძალაში შესვლას თავად ამ განაჩენის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის მიზნით, ხოლო სასამართლოს განაჩენის საბოლოოდ კანონიერ ძალაში შესვლა უკავშირდება საქმეზე პირდაპირი გასაჩივრების უფლების ამოწურვას. ამრიგად, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე კომპანიის ყოფილი დირექტორის მიმართ გამამართლებელი განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა საკასაციო სასამართლოს მიერ პროკურორის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შემდეგ, 2022 წლის 4 აპრილს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოსარჩელემ სარჩელი პირველად წარადგინა 2022 წლის 29 აპრილს (იხ. ტომი III, ს/ფ 81-84). მითითებულ გარემოებები, პალატის მოსაზრებით, ადასტურებს მოსარჩელის მიერ სადავო გარიგების შეცილების ერთთვიანი ვადის დაცვას.
4.8. აპელანტების პრეტენზიის პასუხად, რომ მოსარჩელე კომპანიის დირექტორის 2019 წლის 11 იანვრის განცხადების ბათილად ცნობით ვერ მიიღწევა მოსარჩელის იურიდიული ინტერესი სადავო ქონების ამ უკანასკნელის საკუთრებაში დაბრუნების თაობაზე. პალატამ განმარტა, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერით ირკვევა, რომ სადავო ქონებაზე საკუთრების უფლების მიტოვებისა და ამ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველია მოსარჩელე კომპანიის დირექტორის 2019 წლის 11 იანვრის განცხადება (იხ. ტომი I, ს.ფ. 94). ამდენად, ის სამართლებრივი შედეგი, რისი მიღწევაც სურს მოსარჩელეს, მიღწევადია სადავო გარიგების ბათილად ცნობით და დამატებით სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნა საჭირო არაა. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ, მართალია, სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა სარჩელის პირდაპირი მოთხოვნა არაა, მაგრამ სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე, ნათელია, რომ მოსარჩელე, ფაქტობრივად, ამ გადაწყვეტილებასაც ედავება და ისიც ბათილად მიაჩნია იგივე საფუძვლით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები ქმნის არა მარტო მოსარჩელე საწარმოს დირექტორის მიერ გამოვლენილი ნების, არამედ ამავე საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველსაც. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნა ფორმალური ხასიათის იქნებოდა, როცა აშკარაა, რომ მოსარჩელე სადავოდ ხდის სადავო ქონებაზე საკუთრების უფლების მიტოვების შესახებ საწარმოს მიერ გამოვლენილ ნებას, რომელიც სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებასაც გულისხმობს. ამასთან, პალატის მოსაზრებით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მითითების აუცილებლობა არ არსებობს, რადგან მოსარჩელეს აღძრული აქვს არა აღიარებითი, არამედ მიკუთვნებითი სარჩელი ქონების დაბრუნების თაობაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ სადავო ქონების მოსარჩელის საკუთრებაში დარუნების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება აღსრულებადი იქნება იმისდა მიუხედავად, მიეთითება თუ არა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე.
4.9. რაც შეეხება აპელანტების პრეტენზიას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ თავისი ინიციატივით შეცვალა სარჩელის საფუძველი. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს არ შეუცვლია სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები (სარჩელის ფაქტობრივი საფუძველი). სასამართლომ მხოლოდ სამართლებრივად შეაფასა მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ ეს გარემოებები, მართალია, არ ადასტურებდა სადავო გარიგების იძულებით დადების ფაქტს, თუმცა საკმარისი იყო იმ სამართლებრივი დასკვნის გასაკეთებლად, რომ სადავო გარიგება შეცდომით დაიდო. პალატის მოსაზრებით, ამ მოქმედებით პირველი ინსტანციის სასამართლოს კანონი არ დაურღვევია, რადგან სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება სასამართლოს ვალდებულებაა, რომელიც, შესაძლებელია, არ ემთხვეოდეს იმავე ფაქტების მოსარჩელისეულ შეფასებებს. ამასთან, სასამართლო არც მოთხოვნის ფარგლებს არ გასცდენია (სსსკ-ის 248-ე მუხლი), როგორც ამას მიიჩნევს აპელანტი. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნაა - ბათილად იქნეს ცნობილი მოსარჩელის დირექტორის განცხადება, როგორც ცალმხრივი გარიგება, მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე სახელმწიფოს სასარგებლოდ საკუთრების უფლების მიტოვების შესახებ და აღდგეს მოსარჩელის საკუთრების უფლება ამავე ქონებაზე. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი სადავო გარიგება და სადავო უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება მიეკუთვნა მოსარჩელეს. პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, შინაარსობრივად, სრულ თანხვედრაშია სასარჩელო მოთხოვნასთან, შესაბამისად, სასამართლო მოთხოვნის ფარგლებს არ გასცდენია.
4.10. მეორე აპელანტს (სამინისტროს) მიაჩნია, რომ იგი არასათანადო მოპასუხეა, რადგან 2012 წლის 17 სექტემბრიდან აღარ წარმოადგენს სახელმწიფო ქონების მართვა-განკარგვაზე უფლებამოსილ პირს. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის აღნიშნულ პრეტენზია და მიუთითა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 15 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მთავრობა აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს სამინისტროების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებების მეშვეობით. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (შემდგომ − ქონების სააგენტო). ამავე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვასთან დაკავშირებულ სახელმწიფო პოლიტიკას განსაზღვრავს და წარმართავს სამინისტრო. ამდენად, მართალია, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას უშუალოდ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ახორციელებს, მაგრამ, თავის მხრივ, ეს უკანასკნელი სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირია და, ამასთან, სწორედ სამინისტრო განსაზღვრავს და წარმართავს სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვასთან დაკავშირებულ სახელმწიფო პოლიტიკას. ეს გარემოება, პალატის მოსაზრებით, ამართლებს სამინისტროს სათანადო მოპასუხეობას.
4.11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ დაასკვნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა სარჩელი. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დასაბუთებულია, აპელანტებმა კი, ვერ დაამტკიცეს ამ გადაწყვეტილების გაუქმების/შეცვლის კანონით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობა.
5. I კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები
5.1. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტომ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5.2. I კასატორის მოსაზრებით, სამინისტრო განსახილველ დავაში არასათანადო მოპასუხეა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა მოსარჩელის იურიდიული ინტერესი სარჩელის მიმართ. სასამართლომ არ დაადგინა ის გარემოება, რომ საწარმოს წესდების შესაბამისად, სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილებას წარმოადგენს უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა. შესაბამისად, მხოლოდ სამეთვალყურეო საბჭო იყო უფლებამოსილი მიეღო გადაწყვეტილება საწარმოს სახელზე რიცხული უძრავი ქონების გასხვისების თაობაზე. სასამართლომ კი, სამეთვალყურეო საბჭოს 2019 წლის 11 იანვრის კრების #2 ოქმი არც კი მიიჩნია იურიდიული შედეგის წარმომშობ დოკუმენტად;
5.3. სასამართლომ დაარღვია სსსკ-ის მე-3 და 248-ე მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, სასამართლომ შეცვალა სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირება, მისი განმარტებით, სასამართლო არ არის უფლებამოსილი გარდა მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის განსაზღვრისა, რაიმე ფორმით ჩაერიოს სარჩელის გამართულობაში.
5.4. კასატორი ასევე არ ეთანხმება სასამართლოს მიერ შეცილების ვადის განსაზღვრას. მისი მოსაზრებით შეცილების ვადა ტ.მ–ძისთვის ბრალის დამძიმებიდან 2019 წლის 20 იანვრიდან უნდა ათვლილიყო, ვინაიდან ამ დროს ნების გამომვლენმა შეიტყო, რომ მის მიერ გამოვლენილი ნება აღარ შეესაბამებოდა მის მიერ ნების ფორმირებასთან დაკავშირებულ ფაქტს.
6. II კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები
6.1. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6.2. მოპასუხე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წარდგენილი საკასაციო საჩივრით არ ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ, უძრავი ქონების მიტოვების შესახებ განცხადების შეცდომით გარიგებად შეფასებას. მისი განმარტებით, საწარმოს ყოფილი დირექტორის მიმართ მიმდინარეობდა სისხლისსამართლებრივი დევნა. სააგენტოს, როგორც დაზარალებული მხარის წარმომადგენელს პროკურატურამ აცნობა, რომ არსებობდა ბრალდებულის მიმართ ამნისტიის გამოყენების საფუძველი, იმ შემთხვევაში, თუ სააგენტო თანხმობას გამოთქვამდა. სააგენტომ განაცხადა, რომ წინააღმდეგი არ იქნებოდა ამნისტიის გავრცელების თუ ბრალდებული სახელმწიფოს ზიანს აუნაზღაურებდა. საწარმოს სამეთვალყურეო საბჭომ მიიღო ამ ქონებაზე საკუთრების უფლების მიტოვების შესახებ გადაწყვეტილება. 2019 წლის 11 იანვარს, საწარმოს დირექტორმა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სადავო უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვება.
6.3. კასატორი ასევე არ ეთანხმება სასამართლოს მიერ შეცილების ვადის გამოთვლასა და განმარტებას. მისი განმარტებით, შეცილების ვადის ათვლა უნდა დაიწყოს, 2019 წლის 20 იანვრიდან - საწარმოს დირექტორისთვის ბრალის დამძიმების მომენტიდან ან 2021 წლის 26 იანვრიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის მომენტიდან. სააგენტო არ ეთანხმება სასამართლოს მიერ შეცილების ვადის 2022 წლის 4 აპრილიდან ათვლას, მას შემდეგ, რაც საწარმოს ყოფილი დირექტორის მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში.
6.4. კასატორის მორიგი პრეტენზიის თანახმად, მოსარჩელე კომპანიის დირექტორის 2019 წლის 11 იანვრის განცხადების ბათილად ცნობით ვერ მიიღწევა მოსარჩელის იურიდიული ინტერესი სადავო ქონების ამ უკანასკნელის საკუთრებაში დაბრუნების თაობაზე.
7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2026 წლის 19 მარტის განჩინებით, მოპასუხეების საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხეების საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
9. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
11. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ, გასაჩივრებულ განჩინებაში ასახულ ფაქტობრივ/სამართლებრივ მსჯელობასა და დასკვნებს.
12. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია, საკუთრების უფლების მიტოვების თაობაზე სადავო გარიგების ბათილად ცნობის მართლზომიერება, ასევე აღნიშნული გარიგების შეცილების ვადის ათვლის საკითხი და მოსარჩელის მიერ წარდგენილი სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული ინტერესი.
13. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
14. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ; N ას- 1027-2020, 27.11.2020წ; N ას-634-2021, 4.11.2021წ; N ას-1363-2021, 5.04.2022წ; N ას-1183-2022, 23.12.2022წ; N ას-1572-2022, 5.05.2023წ.; Nას-1449-2023, 9.02.2024წ.; N ას- 1044-2022, 17.10.20204წ.; N ას- 313-2024, 8.11.2024წ.; N ას-852-2024, 22.11.2020წ.; N ას-1038-2024, 11.10.2024წ.; N ას- 1324-2024, 13.12.2024წ.; N ას- 1202-2024, 13.12.2024წ.; N ას-24-2024, 26.12.2024წ.).
15. მოსარჩელის მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებს წარმოადგენს სსკ-ის 184-ე (უძრავ ნივთზე საკუთრების ან სხვა უფლების მისატოვებლად აუცილებელია უფლებამოსილი პირის განცხადება ამ უფლების მიტოვების შესახებ, და ამ განცხადების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. განცხადება უნდა ჩაჰბარდეს რეესტრის სამსახურს. მხოლოდ ამის შემდეგ იძენს უფლების მიტოვების განცხადება სავალდებულო ძალას.) 59.2. (საცილო გარიგება ბათილია მისი დადების მომენტიდან, თუკი იგი შეცილებული იქნება. შეცილება ხორციელდება ხელშეკრულების მეორე მხარის მიმართ.) 72-ე (გარიგება შეიძლება საცილო გახდეს, თუ ნების გამოვლენა მოხდა არსებითი შეცდომის საფუძველზე); 73. „გ“ (არ არსებობს ის გარემოებები, რომელთაც მხარეები, კეთილსინდისიერების პრინციპებიდან გამომდინარე, განიხილავენ გარიგების საფუძვლად.); 79.1. (შეცილება უნდა მოხდეს შეცილების საფუძვლის შეტყობის მომენტიდან ერთი თვის ვადაში.); 976.1. „ა“( პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა. ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში;) .
16. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში შეაფასებს კასატორების პრეტენზიას მოსარჩელის იურიდიულ ინტერესთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, 2019 წლის 11 იანვრის საკუთრების უფლების მიტოვების შესახებ გარიგების ბათილად ცნობით, მოსარჩელეს სადავო ქონება საკუთრებაში ვერ დაუბრუნდება. აღნიშნული პრეტენზიის პასუხად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საჯარო რეესტრის ამონაწერზე, რომლის თანახმადაც სადავო ქონებაზე საკუთრების უფლების მიტოვებისა და ამ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველია მოსარჩელე კომპანიის დირექტორის 2019 წლის 11 იანვრის განცხადება (იხ. ტომი I, ს.ფ. 94).
17. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სამართლებრივი შედეგი, რისი მიღწევაც სურს მოსარჩელეს, მიღწევადია სადავო გარიგების ბათილად ცნობით და დამატებით სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნა საჭირო არაა. მართალია, სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა სარჩელის პირდაპირი მოთხოვნა არაა, მაგრამ სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე, ნათელია, რომ მოსარჩელე, ფაქტობრივად, ამ გადაწყვეტილებასაც ედავება და ისიც ბათილად მიაჩნია, იგივე საფუძვლით. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები ქმნის არა მარტო მოსარჩელე საწარმოს დირექტორის მიერ გამოვლენილი ნების, არამედ ამავე საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველსაც. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნა ფორმალური ხასიათის იქნებოდა, როცა აშკარაა, რომ მოსარჩელე სადავოდ ხდის სადავო ქონებაზე საკუთრების უფლების მიტოვების შესახებ საწარმოს მიერ გამოვლენილ ნებას, რომელიც სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებასაც გულისხმობს. ამასთან, მოსარჩელეს აღძრული აქვს არა აღიარებითი, არამედ მიკუთვნებითი სარჩელი ქონების დაბრუნების თაობაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ სადავო ქონების მოსარჩელის საკუთრებაში დარუნების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება აღსრულებადია მიუხედავად იმისა, მიეთითება თუ არა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე.
18. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ, საკუთრების მიტოვების შესახებ, გამოვლენილი ნების ბათილად ცნობის საკითხს, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების სამართლებრივ დასკვნაზე, რომლის თანახმად სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების მიტოვების შესახებ გარიგება ბათილად იქნა ცნობილი, როგორც შეცდომით დადებული გარიგება და ქონება საკუთრებაში დაუბრუნდა მოსარჩელეს.
19. მეორე კასატორის/სააგენტოს პრეტენზიის თანახმად, სადავო გარიგება არ წარმოადგენს შეცდომით დადებულ გარიგებას. მისი განმარტებით, საწარმოს ყოფილი დირექტორის მიმართ მიმდინარეობდა სისხლისსამართლებრივი დევნა. სააგენტოს, როგორც დაზარალებული მხარის წარმომადგენელს, პროკურატურამ აცნობა, რომ არსებობდა ბრალდებულის მიმართ ამნისტიის გამოყენების საფუძველი, იმ შემთხვევაში, თუ სააგენტო თანხმობას განაცხადებდა. აღნიშნულზე სააგენტომ განაცხადა, რომ წინააღმდეგი არ იქნებოდა ამნისტიის გავრცელების თუ ბრალდებული სახელმწიფოს ზიანს აუნაზღაურებდა. მოსარჩელემ, სწორედ ამნისტიის გამოყენების სანაცვლოდ განაცხადა უარი სადავო ქონებაზე, რაც არ შეიძლება შეფასდეს შეცდომით დადებულ გარიგებად.
20. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გარიგების ბათილობის ლეგალურ დეფინიციას სამოქალაქო კოდექსი არ შეიცავს და მხოლოდ იმით შემოიფარგლება, რომ განსაზღვრული პირობების დარღვევით დადებულ გარიგებებს ბათილად აღიარებს. ამიტომ ბათილობის ცნება და შინაარსი კანონის ნორმებისა და და ლიტერატურაში არსებული მოსაზრებების ანალიზის საფუძველზე უნდა განისაზღვროს (შდრ. ლადო ჭანტურია, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, მუხლი 54, ველი5, თბილისი, 2017). ბათილია გარიგება, თუ ის არ იწვევს გარიგების მონაწილეების მიერ დასახულ სამართლებრივი შედეგის დადგომას. გარიგების ბათილობა კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგია, ამიტომ გარიგების ბათილობის მიზეზები, მოსალოდნელი შედეგები, გარიგების ნაკლის გამოსწორების ჩათვლით, კანონით განისაზღვრება. ამის შესაბამისად ერთმანეთისაგან განსხვავდება ბათილი გარიგების სახეები. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბათილი გარიგების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს საცილო გარიგება. საცილო გარიგება დადების მომენტში ნამდვილია, მაგრამ შეცილების შედეგად კარგავს იურიდიულ ძალას, ე.ი ხდება ბათილი. საცილო გარიგება შეცილების გამო ბათილად ჩაითვლება არა შეცილების მომენტიდან, არამედ მისი დადების მომენტიდან. საცილო გარიგების გავრცელებული შემთხვევებია შეცდომით, მოტყუებით ან იძულებით დადებული გარიგებები (შდრ. ლადო ჭანტურია, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, მუხლი 54, ველი12, თბილისი, 2017).
21. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ გარიგება შეიძლება საცილო გახდეს, თუ ნების გამოვლენა მოხდა არსებითი შეცდომის საფუძველზე. არსებითი შეცდომა მოცემულია მაშინ, როდესაც პირის რეალური და გამოხატული ნება ერთმანეთს არ ემთხვევა. შეცდომა არსებითობის განსჯისას გათვალისწინებული უნდა იქნეს შემთხვევის ყველა გარემოება. შეცდომის არსებითობის შეფასება წარმოადგენს სამართლებრივ კატეგორიას (შდრ. თორნიკე დარჯანია, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, მუხლი 72, ველი 6, თბილისი, 2017). შეცდომა უნდა იყოს ნების გამოვლენის განმსაზღვრელი, ანუ იგი უნდა იმყოფებოდეს მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან (ნების გამოვლენასთან). ამას ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, როდესაც შეცდომის შედეგად პირი ავლენს ისეთ ნებას, რომელსაც შეცდომის გარეშე ამ კონკრეტული ფორმით არ გამოავლენდა, ანუ როდესაც შეცდომა შედეგის განმსაზღვრელია. (იხ. სუსგ-ები: №ას-191-180-2017, 14.09.2017წ.; №ას-385-358-2010, 14.06.2010წ.) შეცილებაზე უფლებამოსილია დაინტერესებული პირი, ანუ ის, ვინც ნების გამოვლენისას შეცდომას უშვებს და არა ნების გამოვლენის ადრესატი. შეცდომით დადებული გარიგების სამართლებრივი შედეგი, შეცილების შემდეგ გამოიხატება გარიგების ბათილობაში მისი დადების მომენტიდან (ex tunc). არსებითი შეცდომის სახეები გათვალისწინებულია სსკ-ის 73-ე მუხლის დანაწესით. (იხ. სუსგ-ები: №ას-1181--2018 18.02.2021 წ.; №ას-174-2021, 14.07.2021წ.; №ას-1004-2023 03.10.2023 წ.; №ას-1448-2023 20.05.2024 წ.).
22. საკასაციო პალატის განმარტებების თანახმად, რომ ბათილი გარიგების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს საცილო გარიგება. საცილო გარიგება დადების მომენტში ნამდვილია, მაგრამ შეცილების შედეგად კარგავს იურიდიულ ძალას, ე.ი ხდება ბათილი. საცილო გარიგება შეცილების გამო ბათილად ჩაითვლება არა შეცილების მომენტიდან, არამედ მისი დადების მომენტიდან. საცილო გარიგების გავრცელებული შემთხვევებია შეცდომით, მოტყუებით ან იძულებით დადებული გარიგებები (შდრ. ლ. ჭანტურია, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, მუხლი 54, ველი12, თბილისი, 2017 წ.).
23. საკასაციო პალატა მიუთითებს, როგორც შეცდომით, ისე მოტყუებით დადებული გარიგებისას ნების ნაკლს მხარის არასწორი წარმოდგენა განაპირობებს დასადები გარიგების არსთან თუ შინაარსთან დაკავშირებით, ასევე, იმ გარემოებების არასწორი აღქმა, რაც გარიგების დადებას საფუძვლად დაედო. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში სარჩელსა და შესაგებლში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, შესაფასებელია, მხარეთა შორის ურთიერთობა მიჩნეულ უნდა იქნეს თუ არა მოტყუებით დადებულ ხელშეკრულებად. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ როგორც შეცდომით, ისე მოტყუებით დადებული გარიგებისას, ნების ნაკლს, მხარის არასწორი წარმოდგენა განაპირობებს დასადები გარიგების არსთან თუ შინაარსთან დაკავშირებით, ასევე, იმ გარემოებების არასწორი აღქმა, რაც გარიგების დადებას საფუძვლად დაედო, მაგრამ მათ შორის, არსებობს არსებითი განსხვავება, კერძოდ, მართალია, მოტყუებით დადებული გარიგებებისას, მხარე შეცდომის საფუძველზე შედის სამართალურთიერთობაში, მაგრამ ეს შეცდომა გამოწვეულია მეორე მხარის ქმედებით, ანუ, შეცდომით დადებული გარიგებისას, ხელშეკრულების კონტრაჰენტი კეთილსინდისიერია ნების ნაკლთან მიმართებით და მოდავე მხარის მცდარი წარმოდგენა მის მიერ გარკვეული მონაცემების დამალვით ან არასწორი ინფორმაციის მიწოდებით არ არის განპირობებული. შეცდომა მოცემულია მაშინ, როდესაც პირის რეალური და გამოხატული ნება ერთმანეთს არ ემთხვევა. სხვანაირად რომ ვთქვათ, შეცდომა არის მხარის მცდარი წარმოდგენა შემთხვევის შემადგენლობაზე. შეცდომა ვიწრო გაგებით არ არის მოცემული მაშინ, როდესაც ნების გამომვლენ პირს საერთოდ არ აქვს წარმოდგენა შემთხვევის შემადგენლობაზე. ფართო გაგებით, წარმოდგენის არქონა შესაძლებელია ასევე შეფასდეს როგორც შეცდომა.
24. ზემოთ აღნიშნული პრეტენზიის პასუხად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის მასალების თანახმად, საწარმოს ყოფილი დირექტორის მიმართ მიმდინარეობდა სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის. სააგენტოს, როგორც დაზარალებული სახელმწიფოს წარმომადგენელს, ქალაქ თბილისის პროკურატურამ აცნობა, რომ არსებობდა ბრალდებულის მიმართ საქართველოს პარლამენტის 28.12.2012 წლის ამნისტიის შესახებ კანონის გამოყენების საფუძველი იმ პირობით, თუ სააგენტო თანხმობას განაცხადებდა. სააგენტომ პროკურატურას აცნობა, რომ არ იყო ამნისტიის გამოყენების წინააღმდეგი, თუკი ბრალდებული სრულად აანაზღაურებდა სახელმწიფოსათვის მიყენებულ ზიანს. რაკი ბრალდებულს, როგორც საწარმოს დირექტორს, სახელმწიფოს კუთვნილი უძრავი ქონების საწარმოს საკუთრებაში უკანონოდ რეგისტრაციას ედავებოდნენ, საწარმომ მიიღო გადაწყვეტილება ამ ქონებაზე საკუთრების უფლების მიტოვების შესახებ. კერძოდ, 11.01.2019 წელს საწარმოს დირექტორმა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სადავო უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაცია (იხ. ტ.1, ს.ფ. 184-185). საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, იმავე დღეს, განხორციელდა საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაცია და სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ აღირიცხა სახელმწიფო (იხ. ტ.1, ს.ფ. 48, 183). როგორც ხსენებული მტკიცებულებებით, ასევე, საწარმოს დირექტორის მიერ სააგენტოსადმი მიწერილი განცხადებით (იხ. ტ.1, ს.ფ. 178), დასტურდება ის გარემოება, რომ სადავო უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების მიზანი იყო საწარმოს ყოფილი დირექტორის/ბრალდებულის მიმართ 28.12.2012 წლის ამნისტიის შესახებ კანონის გამოყენება და ამ უკანასკნელის გათავისუფლება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან. დადგენილია, რომ ბრალდებულის მიმართ ამნისტიის კანონი არ გამოყენებულა, რადგან მას ბრალი დაუმძიმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს არსებითად განსახილველად. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამართლებელი განაჩენით დგინდება, რომ საწარმოს ყოფილი დირექტორი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში.
25. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ სსკ-ის 73-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, არსებით შეცდომად ითვლება, თუ არ არსებობს ის გარემოებები, რომელთაც მხარეები, კეთილსინდისიერების პრინციპებიდან გამომდინარე, განიხილავენ გარიგების საფუძვლად. სამოქალაქო კოდექსის 72-ე მუხლიდან გამომდინარე, მოსარჩელეს ეკისრება შეცილების ადრესატის მიერ სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული კეთილსინდისიერების პრინციპის დარღვევის, ასევე, შეცდომის არსებითობის (სსკ-ის 73-ე მუხლის ფარგლებში მხარე ხომ არ შეცდა გარიგების ტიპის არჩევაში error in negotio) მტკიცების ტვირთი, ამ საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის შემთხვევაში, სასამართლომ უნდა განსაზღვროს ასევე, ხომ არ ამტკიცებს მოსარჩელე გარიგების მოტყუებით დადების ფაქტს (სსკ-ის 81-ე (1) მუხლი) და ამ საფუძვლით ხომ არ ეცილება ხელშეკრულებას, ასევე, უნდა შემოწმდეს გარიგების კონკრეტული საფუძვლით შეცილების ნამდვილობა, რამეთუ საცილო გარიგების მიმართ არანამდვილი შეცილების განხორციელება ამ გარიგებას იურიდიული ძალმოსილებით აღჭურავს (შდრ: სუსგ-ები №ას-1170-1125-2016, 13.06.2017წ.; №ას-174-2021 14.07.2021წ.; №ას-1004-2023 03.10.2023წ.; №ას-372-2023 6.10.2023წ.; ).
26. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ გარიგება საკუთრებაზე უფლების მიტოვების შესახებ, დადო იმ მოტივით, რომ გათავისუფლდებოდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან. როგორც საქმის მასალებით დგინდება, გარიგების დადებას არ მოჰყოლია ის შედეგი, რომლის გათვალისწინებითაც ნება გამოავლინა მოსარჩელემ. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომლის თანახმადაც, კეთილსინდისიერების პრინციპებიდან გამომდინარე, არ დასტურდება, რომ სადავო გარიგების არსებითად შეცვლილი საფუძვლის პირობებში, მოსარჩელე მაინც დადებდა იმავე გარიგებას - მიატოვებდა საკუთრების უფლებას უძრავ ნივთზე. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ადგილი ჰქონდა გარიგების მოტივში შეცდომას, მოსარჩელის ქმედება არ აღმოჩნდა საკმარისი გარიგების მოტივით გათვალისწინებული განზრახვის (ამნისტიის) მისაღწევად. რაკი ეს მოტივი გაცხადებული და შეთანხმებული იყო მხარეებს შორის, ასეთ მოტივში დაშვებული შეცდომა განხილულ უნდა იქნეს არსებით შეცდომად და გახდეს სადავო გარიგების ბათილობის საფუძველი.
27. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია, ადგილი ჰქონდა შეცდომით დადებულ გარიგებას, არებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძველი, შესაბამისად კასატორის/სააგენტოს მოთხოვნა ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და სასამართლო მას ვერ გაიზიარებს.
28. კასატორები, როგორც სამინისტრო, ისე სააგენტო სადავოდ ხდიან ზემოხსენებული გარიგების შეცილების ერთთვიანი ვადის დაცვის ფაქტს. მათი განმარტებით, სადავო გარიგების შეცილების ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო 2019 წლის 20 იანვრიდან - მოსარჩელე საწარმოს ყოფილი დირექტორისთვის ბრალის დამძიმების მომენტიდან ან, ყველაზე გვიან 2021 წლის 26 იანვრიდან, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი.
29. აღნიშნული პრეტენზიას საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს და კასატორებს განუმარტავს, რომ შეცდომით დადებული გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნისას სასამართლო, უპირველესად, ამოწმებს მოსარჩელის მიერ შეცილების კანონით დადგენილი ვადის დაცვის ფაქტს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებაში (საქმე # ას-664-635-2016; 02.03.3017წ.) მითითებულია: „იურიდიულ დოქტრინაში გამოთქმული მოსაზრებების თანახმად: „შეცილების უფლება არა მხოლოდ გარიგების გაუქმების უფლებაა, არამედ მისთვის ნამდვილობის მინიჭების უფლებაც. ამდენად, შეცილების უფლება მეტად ძლიერი საშუალებაა სამართლებრივ ურთიერთობაზე ზემოქმედებისათვის. ამიტომ ის არ შეიძლება იყოს შეუზღუდავი. წინააღმდეგ შემთხვევაში სამართლებრივი ურთიერთობების არასტაბილურობის საფრთხე ძალიან დიდი იქნებოდა. ამ საფრთხეს ითვალისწინებს კანონი და შეცილების უფლებას განსაზღვრულ ჩარჩოებში აქცევს“. (იხ. ლადო ჭანტურია, „სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი“, გამომცემლობა „სამართალი“, თბილისი, 2011, გვ. 397). უცილო (არარა) გარიგებების „ბათილობისაგან განსხვავებით, რაც კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ავტომატურად დგება და არ საჭიროებს შესაბამის შედეგზე მიმართულ არანაირ დამატებით მოქმედებას (მაგალითად, რაიმე ფორმით ბათილად გამოცხადებას), საცილო გარიგება „დადების მომენტიდან“ ბათილი იქნება მხოლოდ ნამდვილი შეცილების შემთხვევაში. შესაბამისად, დადების მომენტში საცილო გარიგება ნამდვილია, თუმცა არსებობს გარემოებანი, რომელთა გამოც ის შეიძლება შემდგომში გახდეს ბათილი. შეცილება ცვლის არსებულ სამართლებრივ მდგომარეობას, ვინაიდან იგი მიმართულია არსებული სამართლებრივი ურთიერთობის გაქარწყლებაზე. ამდენად, შეცილება სამართლებრივი ურთიერთობის ცალმხრივად „განმსაზღვრელი“ ნების გამოვლენა თუ გარიგებაა“. (იხ. დავით კერესელიძე, „კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები“, ევროპული და შედარებითი სამართლის ინსტიტუტის გამომცემლობა, თბილისი, 2009 წელი, გვ. 269-270). სამოქალაქო კოდექსის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შეცდომით დადებული გარიგების შემთხვევაში, შეცილება დასაშვებია შეცილების საფუძვლის შეტყობის მომენტიდან ერთი თვის ვადის დაცვით.
30. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ განსხვავებით სასარჩელო ხანდაზმულობის ვადისაგან, შეცილების ვადა უნდა შემოწმდეს სასამართლოს მიერ თავისი ინიციატივით (სასამართლო შესაგებელი), მიუხედავად იმისა, უთითებენ თუ არა ამის შესახებ ხელშეკრულების მხარეები. შეცილების ვადის გასვლის შემდეგ შეცილების უფლება ქარწყლდება და შეცილების განცხადება სამართლებრივი შედეგის არმქონეა (შდრ:სუსგ-ები: №ას-1181-2018, 18.02.2021წ.; №ას-174-2021, 14.07.2021 წ.; №ას-1004-2023 03.10.2023წ.; იხ. დამატებით: BGH WM1983, 825, 826; Hainrichs, in Palandt BGB Komm. 68. Aufl., §121, Rn.2.).
31. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე საწარმოს ყოფილი დირექტორის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2022 წლის 4 აპრილს, შესაბამისად შეცილების ვადის ათვლა უნდა დაიწყოს ამ თარიღიდან. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ სისხლის სამართლის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მას შემდეგ, რაც იგი გახდება საბოლოო. სწორედ ამაზე მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გაკეთებული განმარტება უდანაშაულობის პრეზუმფციის ფარგლებთან დაკავშირებით საქმეზე „საქართველოს მოქალაქე დავით ცინცქილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომელშიც აღნიშნულია, რომ „უდანაშაულობის პრეზუმფციის კონსტიტუციური გარანტია ვრცელდება კონკრეტულ საქმეზე სისხლის სამართლის მთელი პროცესის მანძილზე, ამასთანავე, იგი მოიცავს სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოების დასრულების შემდეგ იმ პირთა დაცვის ინტერესსაც, რომელთა დამნაშავეობა არ დადასტურებულა სასამართლოს საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენით.“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის №2/7/636 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე დავით ცინცქილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-31). საკასაციო სასამართლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებისთანავე კანონიერ ძალაში შესვლასთან დაკავშირებით, მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის საჯაროდ გამოცხადება ნიშნავს მის კანონიერ ძალაში შესვლასა და აღსასრულებლად მიქცევას დაუყოვნებლივ. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის საჯაროდ გამოცხადება იწვევს მის კანონიერ ძალაში შესვლას თავად ამ განაჩენის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის მიზნით, ხოლო სასამართლოს განაჩენის საბოლოოდ კანონიერ ძალაში შესვლა უკავშირდება საქმეზე პირდაპირი გასაჩივრების უფლების ამოწურვას. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე კომპანიის ყოფილი დირექტორის მიმართ გამამართლებელი განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა საკასაციო სასამართლოს მიერ პროკურორის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შემდეგ, 2022 წლის 4 აპრილს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოსარჩელემ სარჩელი პირველად წარადგინა 2022 წლის 29 აპრილს (იხ. ტომი III, ს/ფ 81-84). მითითებულ გარემოებები, პალატის მოსაზრებით, ადასტურებს მოსარჩელის მიერ სადავო გარიგების შეცილების ერთთვიანი ვადის დაცვას.
32. რაც შეეხება პრეტენზიას, რომ სადავო გარიგების ბათილობას მოსარჩელე მოითხოვდა იმ საფუძვლით, რომ ეს გარიგება იძულებით დაიდო, სასამართლომ კი, გარიგება ბათილად ცნო, როგორც შეცდომით დადებული გარიგება, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების განმარტებას, რომ სასამართლოს არ შეუცვლია სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. სასამართლომ სამართლებრივად შეაფასა მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ ეს გარემოებები, მართალია, არ ადასტურებდა სადავო გარიგების იძულებით დადების ფაქტს, თუმცა საკმარისი იყო იმ სამართლებრივი დასკვნისთვის, რომ სადავო გარიგება შეცდომით დაიდო. პირველი ინსტანციისა და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებს კანონი არ დაურღვევიათ, რადგან სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება სასამართლოს ვალდებულებაა, რომელიც, შესაძლებელია, არ ემთხვეოდეს იმავე ფაქტების მხარისმიე წარმოდგენილ შეფასებებს. ამასთან, სასამართლო არც მოთხოვნის ფარგლებს არ გასცდენია (სსსკ-ის 248-ე მუხლი). მოსარჩელის მოთხოვნაა - ბათილად იქნეს ცნობილი საკუთრების უფლების მიტოვების თაობაზე გარიგება, როგორც ცალმხრივი გარიგება, მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე სახელმწიფოს სასარგებლოდ საკუთრების უფლების მიტოვების შესახებ და აღდგეს მოსარჩელის საკუთრების უფლება ამავე ქონებაზე. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი სადავო გარიგება და სადავო უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება მიეკუთვნა მოსარჩელეს.
33. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელი სამართლებრივი ნორმის მისადაგება სასამართლოს პრეროგატივაა, ამ შემთხვევაში მთავარია სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შესატყვისი მტკიცებულებებით გამყარება, რაც მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მიუთითებლობის შემთხვევაშიც ან არასწორად მითითების დროსაც კი, მოწინააღმდეგის პოზიციისა და საქმეზე მტკიცებულებათა ერთობლიობით გაანალიზებისა და შეჯერების შედეგად, სასამართლოს კვლევისა და იურიდიული შეფასების საგანია (იხ. სუსგ-ები # ას-1224-1149-2015, 20.05.2016წ.; #ას-920-870-2015, 09.06.2016წ.; #ას-101-97-2016, 15.07.2016წ.; #ას-195-183-2014, 21.10.2016წ.; №ას-762-730-2016 16.01.2017წ.).
34. პირველი კასატორის/სამინისტროს პრეტენზიის თანახმად, ის განსახილველი სარჩელის არასათანადო მოპასუხეა, ვინაიდან 2012 წლის 17 სექტემბრიდან აღარ წარმოადგენს სახელმწიფო ქონების მართვა განკარგვაზე უფლებამოსილ პირს. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (შემდგომ − ქონების სააგენტო). ამავე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვასთან დაკავშირებულ სახელმწიფო პოლიტიკას განსაზღვრავს და წარმართავს სამინისტრო. ამდენად, მართალია, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას უშუალოდ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ახორციელებს, მაგრამ, თავის მხრივ, ეს უკანასკნელი სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირია და, ამასთან, სწორედ სამინისტრო განსაზღვრავს და წარმართავს სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვასთან დაკავშირებულ სახელმწიფო პოლიტიკას. ეს გარემოება, პალატის მოსაზრებით, ამართლებს სამინისტროს სათანადო მოპასუხეობას. ამასთან, პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე, რომლის თანახმად, იმაზე აპელირება, რომ კასატორი არ განკარგავს სახელმწიფო ქონებას, ვერ გახდება მისი არასათანადო მხარედ მიჩნევის საფუძველი, რამდენადაც „სახელმწიფოს“ მიღმა მოიაზრება შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც ახორციელებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს, რაც არ ცვლის სამართლებრივ ურთიერთობაში შედეგობრივი თვალსაზრისით კასატორის მონაწილეობის მართებულობას იმ არგუმენტზე დაყრდნობით, რომ პირველი კასატორი არ განკარგავს სახელმწიფოსათვის გადაცემულ ქონებას. ამ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელე მიუთითებს სახელმწიფოს სასარგებლოდ ქონების დათმობისას გამოვლენილი ნების ნაკლზე, კასატორის სათანადოობა ეჭვს არ იწვევს (შდრ. იხ. სუსგ. : №ას-1184-1145- 2016, 17 თებერვალი, 2017 წელი). აქედან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ დავაში სამინისტრო სათანადო მოპასუხეა.
35. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
36. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, კასატორებს არ წარმოუდგენიათ იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მათ უარი უნდა ეთქვათ განხილვაზე.
37. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
38. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივრებს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო
კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
არჩილ კოჭლამაზაშვილი