დატოვებულია განუხილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-733-2026 17 სექტემბერი, 2026 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ო.ჩ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარეები – სს ,,თ.ლ–ი" (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხეები - შპს ,,მ....", შპს ,,ჯ.კ–ნი'
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 05 თებერვლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
სს „თ.ლ–ის“ წარმომადგენელმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა, მოპასუხეების - შპს ,,მ....’’-ის, შპს ,,ჯ.კ–ნის’’ და ო.ჩ–ძის მიმართ, თანხის დაკისრების მოთხოვნით. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 03 დეკემბრის გადაწყვეტილებით, (1). სს ,,თ.ლ–ის’’ სარჩელი მოპასუხეების - შპს ,,მ....’’-ის, შპს ,,ჯი აი კონსტრაქშენის’’ და ო.ჩ–ძის მიმართ დაკმაყოფილდა; (2). მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ №LA 107113 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 79 872.14 ლარის ანაზღაურება, საიდანაც ლიზინგის აქტივის საბალანსო ღირებულება ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისთვის არის 57 647.37 ლარი, ვადაგადაცილებული დავალიანება - 20 922.05 ლარი, ჯარიმა - 569.13 ლარი, დაზღვევა - 161.42 ლარი, აღსრულების ხარჯი - 572.17 ლარი; (3). მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ №LA 107114 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 84 876.41 ლარის ანაზღაურება, საიდანაც ლიზინგის აქტივის საბალანსო ღირებულება ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისთვის არის - 61 141.15 ლარი, დავალიანება - 22 382.29 ლარი, ჯარიმა - 609.6 ლარი, დაზღვევა - 171.2 ლარი, აღსრულების ხარჯი - 572.17 ლარი; (4). მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 4 942.45 ლარის, ასევე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება; (5). სს ,,თ.ლ–ს’’ დაუბრუნდა მის მიერ 2023 წლის 13 სექტემბერს სარჩელზე ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 3.00 ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ბიუჯეტი, ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი TRESGE22; სახაზინო კოდი 300 773 150 (საგადახდო დავალება №1694597610);
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ - ო.ჩ–ძემ. აპელანტმა სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 4 დეკემბრის განჩინებით: ო.ჩ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 03 დეკემბრის გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 11 ივნისის განჩინებით, ო.ჩ–ძეს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: სახელმწიფო ბაჟის - 6000.00 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.
ზემოაღნიშნული განჩინება მხარეს გაეგზავნა და ჩაჰბარდა 2026 წლის 25 ივნისს.
2026 წლის 06 ივლისს (ფოსტაში ჩაბარების თარიღი) კასატორის წარმომადგენელმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა განცხადება და მოითხოვა 11.06.2026წ. განჩინებით დადგენილი ხარვეზის გამოსწორების ვადის გაგრძელება გონივრული ვადით, მაგრამ არანაკლებ 10 დღის ოდენობით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 17 ივლისის განჩინებით, ო.ჩ–ძეს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: სახელმწიფო ბაჟის - 6000.00 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.
ზემოაღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელს გაეგზავნა და ჩაჰბარდა 2026 წლის 31 ივლისს.
2026 წლის 10 აგვისტოს (ფოსტაში ჩაბარების თარიღი 07 აგვისტო) კასატორის წარმომადგენელმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა განცხადება და მოითხოვა კასატორის გათავისუფლება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სსსკ 47-ე მუხლის საფუძველზე ან 17.07.2026წ. განჩინებით დადგენილი ხარვეზის გამოსწორების ვადის გაგრძელება გონივრული ვადით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 20 აგვისტოს განჩინებით, ო.ჩ–ძის წარმომადგენლის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა და ო.ჩ–ძეს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: სახელმწიფო ბაჟის - 6000.00 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.
ზემოაღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელს გაეგზავნა და ჩაჰბარდა 2026 წლის 26 აგვისტოს.
2026 წლის 8 სექტემბერს (ფოსტაში ჩაბარების თარიღი 7 სექტემბერი) კასატორის წარმომადგენელმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა განცხადება და 20.08.2026წ. განჩინებით დადგენილი ხარვეზის გამოსწორების ვადის გაგრძელება გონივრული ვადით. მითითებით, დამატებითი ვადის მიცემა უზრუნველყოფს კასატორის შესაძლებლობას, სრულყოფილად წარადგინოს მისი ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი მტკიცებულებები და სასამართლოს მისცეს შესაძლებლობა არსებითად იმსჯელოს სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების შესახებ კასატორის შუამდგომლობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია. განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე ითქვა, კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე, კერძოდ: ო.ჩ–ძეს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: სახელმწიფო ბაჟის - 6000.00 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 11 ივნისის, 2026 წლის 17 ივლისისა და 2026 წლის 20 აგვისტოს განჩინებებით კასატორს საპროცესო ვადა ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა სამჯერ, მთლიანობაში 27 (ოცდაშვიდი) დღით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, თ.ჯ–ამ განმარტა, რომ განსაზღვრულ ვადაში ვერ ხერხდება საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსება, და დამატებითი ვადის მიცემა უზრუნველყოფს კასატორის შესაძლებლობას, სრულყოფილად წარადგინოს მისი ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი მტკიცებულებები და სასამართლოს მისცეს შესაძლებლობა არსებითად იმსჯელოს სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების შესახებ კასატორის შუამდგომლობაზე.
სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კასატორს სამჯერ განესაზღვრა ვადა ხარვეზის შესავსებად, და განმარტავს, რომ დაუშვებელია საპროცესო ვადის გაგრძელებამ გამოიწვიოს საქმის განხილვის გაჭიანურება და პროცესის მონაწილე მეორე მხარის ინტერესის შელახვა. მოცემულ საქმეში დადგენილია, რომ საკასაციო საჩივარზე სასამართლოს მიერ ხარვეზის დადგენიდან (2026 წლის 11 ივნისიდან) გასულია 3 თვეზე მეტი, რაც გონივრული ვადაა სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელი თანხების მოძიებისათვის (მათ შორის მისი ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი მტკიცებულებების წარსადგენად). აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო შეუძლებლად მიიჩნევს კასატორს კვლავ გაუგრძელოს ხარვეზის შევსებისათვის მის მიერ განსაზღვრული დრო.
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ავტორს დამატებით განუმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებული პირის უფლება, თავის უფლებათა დასაცავად, მიმართოს სასამართლოს, სამოქალაქო პროცესში შეზღუდულია სამართალწარმოების ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით (რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი პირის მიმართ ამა თუ იმ საპროცესო შეღავათის გაწევისას გასათვალისწინებელია მეორე მხარის ინტერესებიც). ცხადია, რომ ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის“ მე-6 მუხლთან შესაბამისი. ამასთან, გასათვალისწინებელია რომ „არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, “სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება, დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება ,,თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე’’ (იხ. Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the "Belgian Linguistic" judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para. 5). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სწორედ იმ მიზნით აწესებს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის მიზეზის შეფასების ზემოთ მოყვანილ წესს, რომ მხარეებმა საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ და მხოლოდ ობიექტურად გამოუვალი მდგომარეობა იქნეს მიჩნეული დასახელებული მოვალეობების შეუსრულებლობის საპატიო მიზეზად. განსახილველ საქმეზე მსგავს გარემოებაზე საკასაციო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია (იხ. სუსგ საქმე №ას-455-2024, 14 ივნისი, 2024 წელი). ამასთან, საკასაციო პალატა სამართალწარმოების დისპოზიციურობის, პროცესის ეკონომიურობის პრინციპებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების გათვალისწინებით განმარტავს, რომ ნებისმიერი საპროცესო მოქმედების განხორციელებისას დაცული უნდა იყოს მხარეთა შორის უფლება-მოვალეობათა განაწილების სამართლიანი ბალანსი. ერთი მხარის მიერ თავისი საპროცესო უფლების არამართლზომიერად გამოყენებამ არ უნდა დააბრკოლოს მოდავე მხარის უფლებების რეალიზაცია და უსაფუძვლოდ არ უნდა გააჭიანუროს პროცესი (იხ. სუსგ საქმე №ას-1412-2018, 10 დეკემბერი, 2018 წელი).
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეავსო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ო.ჩ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ამირან ძაბუნიძე