დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
26 ივნისი 2026 წელი
№ას-536-2026 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - შ.პ.ს. „გ.ლ–ს“
მოწინააღმდეგე მხარე - შ.პ.ს. „ზ.ე.ი. (ე.) ლ.“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 05 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შ.პ.ს. „ზ.ე.ი. (ე.) ლ–მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე შ.პ.ს. „გ.ლ“-ის მიმართ 43 032 აშშ დოლარისა და 114 432.96 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით.
2. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. მიუთითა მოთხოვნის ხანდაზმულობასა და მიწოდებული პროდუქციის უხარისხობაზე.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 43 032 აშშ დოლარისა და 114 432.96 აშშ დოლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 05 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა შემდეგ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:
5.1. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ დავის საგანს ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება წარმოადგენდა, ხოლო მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლი. პალატის განმარტებით, მყიდველს საფასურის გადახდის ვალდებულება მას შემდეგ წარმოეშობოდა, რაც გამყიდველი საქონლის ან საქონელთან დაკავშირებული დოკუმენტაციის გადაცემის ვალდებულებას შეასრულებდა. ხელშეკრულების დადებისა და ვალდებულების არსებობის ფაქტი მოსარჩელეს უნდა ემტკიცებინა, ხოლო მოპასუხეს ვალდებულების შესრულების ფაქტი ან იმ გარემოებათა არსებობა, რომლებიც მის მიერ ვალდებულების შესრულებას გამორიცხავდა.
5.2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2020 წლის 4 იანვარს გაფორმდა ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა სამშენებლო მასალები. ნასყიდობის საგნის ღირებულება შეადგენდა 43 032 აშშ დოლარს. 2021 წლის 4 იანვარს მხარეთა შორის გაფორმდა მეორე ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ მოპასუხეს ასევე მიაწოდა სამშენებლო მასალები. ამ ნასყიდობის საგნის ღირებულება შეადგენდა 114 432.96 აშშ დოლარს. 2020 წლის ხელშეკრულებით მოპასუხეს ნასყიდობის საფასური საქონლის მიწოდებიდან ერთ კვირაში უნდა გადაეხადა, ხოლო 2021 წლის ხელშეკრულებით, მიწოდებიდან ორმოც დღეში. მოპასუხეს ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია.
5.3. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ. პალატის განმარტებით, ხანდაზმულობაზე მითითება სარჩელის დაკმაყოფილების შემაფერხებელ შესაგებელს წარმოადგენდა. ასეთი შესაგებლის წარდგენის შემთხვევაში მოსარჩელეს ეკისრებოდა იმ გარემოებათა მტკიცება, რომლებიც მოთხოვნის ხანდაზმულად მიჩნევას გამორიცხავდა, მათ შორის, ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერების ან შეწყვეტის გარემოებების დადასტურება.
5.4. პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე, 140-ე და 141-ე მუხლებზე და განმარტა, რომ უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 140-ე მუხლი ფართოდ განიმარტება. ის ვრცელდება იმ შემთხვევებზეც, როდესაც სარჩელი არსებითად არ განიხილება და მოსარჩელე უფლებამოსილია, სასამართლოს ხელახლა მიმართოს, მათ შორის, სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმისას.
5.5. 2022 წლის 31 ოქტომბერს მოსარჩელემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოპასუხისთვის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე 144 324.96 აშშ დოლარის, 43 032 აშშ დოლარისა და 103 864.28 აშშ დოლარის დაკისრება მოითხოვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 1-ელი ნოემბრის განჩინებით, მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელისა და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების მიღებაზე.
5.6. 2023 წლის 21 მარტს მოსარჩელემ იმავე მოთხოვნებით განმეორებით მიმართა სასამართლოს. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 მარტის განჩინებით, მოსარჩელეს კვლავ უარი ეთქვა სარჩელისა და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების მიღებაზე.
5.7. 2023 წლის 10 მაისს მოსარჩელემ განმეორებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა 2020 წლის 02 ნოემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 103 864.28 აშშ დოლარისა და 2021 წლის 4 იანვრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 114 324.96 აშშ დოლარის დაკისრება.
5.8. 2023 წლის 15 ივნისს მოსარჩელემ წარადგინა დაზუსტებული სარჩელი და მოითხოვა 2020 წლის 04 იანვრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 43 032.00 აშშ დოლარისა და 2021 წლის 04 იანვრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 114 432.96 აშშ დოლარის, ჯამურად 157 464.96 აშშ დოლარის გადახდა.
5.9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 10 ივნისის განჩინებით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე, ხელშეკრულებებში არსებული საარბიტრაჟო დათქმის გამო, შეწყდა საქმის წარმოება სამოქალაქო საქმეზე №2/12901-23. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ნოემბრის განჩინებით, მოსარჩელის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, აღნიშნული განჩინება გაუქმდა და საქმე ხელახალი განხილვისთვის იმავე სასამართლოს დაუბრუნდა.
5.10. საქმის განაწილების დამადასტურებელი დოკუმენტის თანახმად, 2024 წლის 25 დეკემბერს საქმე პირდაპირი განაწილებით დაუბრუნდა საქმის განმხილველ მოსამართლეს, ხოლო წარმოება გაგრძელდა 2023 წლის 15 ივნისის დაზუსტებულ სარჩელზე.
5.11. სააპელაციო პალატის შეფასებით, 2020 წლის 4 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საფასური 2020 წლის 11 იანვრამდე უნდა გადახდილიყო. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის ათვლა 2020 წლის 12 იანვრიდან დაიწყო და სამწლიანი ვადა 2023 წლის 12 იანვარს დასრულდა. მოსარჩელემ სასამართლოს პირველად 2022 წლის 31 ოქტომბერს, ამ ვადაში მიმართა, ხოლო აღნიშნული სარჩელი 43 032 აშშ დოლარის მოთხოვნასაც მოიცავდა. სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შემდეგ მოსარჩელემ სასამართლოს ექვსთვიან ვადაში, 2023 წლის 21 მარტს მიმართა, ხოლო ამ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შემდეგ, ასევე ექვსთვიან ვადაში, 2023 წლის 10 მაისს. პალატის მითითებით, 2023 წლის 15 ივნისის დაზუსტებული სარჩელი სწორედ ამ სარჩელის დაზუსტებას წარმოადგენდა, რომლითაც მოსარჩელემ 2022 წლის 31 ოქტომბრის სარჩელით მოთხოვნილი თანხა დააზუსტა. პალატამ ასევე მიუთითა, რომ მხარეთა შორის სადავო არ ყოფილა 2021 წლის 4 იანვრის ხელშეკრულების გაფორმებისა და საქონლის მიწოდების თარიღი და რომ ამ ხელშეკრულებით საფასური 2021 წლის 13 თებერვლამდე უნდა გადახდილიყო. აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სარჩელი ხანდაზმული არ იყო.
5.12. სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის მითითება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მტკიცებულებები საკუთარი ინიციატივით მოიძია. პალატის განმარტებით, საქალაქო სასამართლომ სარჩელის აღძვრის თარიღის დასადგენად საქმის განაწილების დამადასტურებელი დოკუმენტით იხელმძღვანელა. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 01 მაისის №1/56 გადაწყვეტილებით დამტკიცებული საქმეთა განაწილების წესის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემდეგ სარჩელის განმეორებით წარდგენისას საქმე განჩინების გამომტან მოსამართლეზე ნაწილდება, ხოლო შერჩევის შედეგის ამსახველი დოკუმენტი საქმეს ერთვის. განაწილების დოკუმენტით დასტურდებოდა, რომ საქმე მოსამართლეს პირდაპირი განაწილებით გადაეცა, ვინაიდან მოსარჩელის თავდაპირველი და განმეორებითი სარჩელებიც იმავე მოსამართლეს გადაეცა განსახილველად. შესაბამისად, მისთვის ამ სარჩელების შესახებ იმთავითვე ცნობილი იყო. პალატის შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან ინკვიზიციურ მოქმედებას ადგილი არ ჰქონია.
5.13. აპელანტი მიუთითებდა, რომ 2021 წლის 04 იანვრის ხელშეკრულებით მიწოდებული საქონელი ნაკლოვანი იყო და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 369-ე მუხლის საფუძველზე მას საფასურის დაკავების უფლება ჰქონდა. ამასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ნასყიდობა ორმხრივი ხელშეკრულებაა და მყიდველი საპასუხო შესრულებისგან მხოლოდ მაშინ თავისუფლდება, თუ დაამტკიცებს, რომ ნასყიდობის საგანი ვერ მიიღო ან მიიღო შეთანხმებულისგან განსხვავებული ხარისხის ან რაოდენობის ნივთი. ასეთი გარემოებები მყიდველს ფასის შემცირების, წუნდებული ნივთის შეცვლის, ხელშეკრულებიდან გასვლისა და ზიანის ანაზღაურების მეორად მოთხოვნებს წარმოუშობს, ხოლო საპასუხო შესრულებისგან გათავისუფლების საფუძვლიანობის მტკიცება მოვალის ტვირთია.
5.14. პალატის შეფასებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ნივთის ნაკლის მტკიცების ტვირთი მყიდველს ეკისრებოდა. თუმცა მოპასუხეს სასამართლოსთვის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 488-ე მუხლის წინაპირობების დამადასტურებელი უტყუარი და სარწმუნო მტკიცებულებები არ წარუდგენია. პალატამ დამატებით მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 490-ე-492-ე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნების წარმოშობისთვის საჭირო იყო როგორც ნაკლიანი შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები, ისე მყიდველის მიერ კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანმიმდევრული მოქმედებები, მათ შორის, პრეტენზიის წარდგენა. ვინაიდან უდავო იყო, რომ მოპასუხემ ნასყიდობის საგანი მიიღო და ვერ დაადასტურა, რომ ის შეთანხმებულისგან განსხვავებული ხარისხის იყო, პალატამ მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანად მიიჩნია.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორის ძირითადი პრეტენზიები შემდეგია:
6.1. კასატორის მითითებით, 2020 წლის 4 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა 43 032 აშშ დოლარის ნაწილში, ხანდაზმულია. საფასური 2020 წლის 11 იანვრამდე უნდა გადახდილიყო, ხანდაზმულობის ვადის ათვლა 2020 წლის 12 იანვრიდან დაიწყო და 2023 წლის 12 იანვარს დასრულდა. 2023 წლის 10 მაისის სარჩელი, რომელიც წარმოებაში იქნა მიღებული, 2020 წლის 4 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნას არ შეიცავდა. მოსარჩელე ითხოვდა 2021 წლის 4 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 114 324.96 აშშ დოლარისა და 2020 წლის 2 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 103 864.28 აშშ დოლარის დაკისრებას. 43 032 აშშ დოლარის მოთხოვნა მიმდინარე სამართალწარმოების ფარგლებში პირველად 2023 წლის 15 ივნისის დაზუსტებულ სარჩელში აისახა. მოპასუხემ შესაგებელში ხანდაზმულობაზე მიუთითა, მოსარჩელეს კი, პირველი ინსტანციის სასამართლოში ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის გარემოებებზე არც წერილობით და არც ზეპირად არ მიუთითებია.
6.2. კასატორის მოსაზრებით, 2022 წლის 31 ოქტომბრის სარჩელს ხანდაზმულობის ვადის დენა არ შეუწყვეტია. ეს სარჩელი წარმოებაში არ იქნა მიღებული, ხოლო მიღებაზე უარის თქმის განჩინება მოსარჩელის მიერ გასაჩივრებაზე უარის თქმის შედეგად 2022 წლის 07 ნოემბერს შევიდა კანონიერ ძალაში. 43 032 აშშ დოლარის მოთხოვნა კი, 2023 წლის 15 ივნისს აღიძრა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 140-ე მუხლით გათვალისწინებული ექვსთვიანი ვადის გასვლის შემდგომ. კასატორი საკასაციო სასამართლოს პრაქტიკაზე მითითებით აღნიშნავს, რომ „პირველი სარჩელის შეტანის დროში“ სარჩელის წარმოებაში მიღების დღე იგულისხმება. მისივე მოსაზრებით, ექვსთვიანი ვადა ერთჯერადია და სარჩელების განუსაზღვრელი რაოდენობით წარდგენით მისი შენარჩუნება დაუშვებელია. შესაბამისად, 2023 წლის 21 მარტის სარჩელი, რომლის მიღებაზეც ასევე უარი ითქვა, ამ ვადას არ აგრძელებს.
6.3. კასატორის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ 2022 წლის 31 ოქტომბრის სარჩელის შესახებ ინფორმაცია საკუთარი ინიციატივით მოიპოვა, მაშინ როდესაც ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის ფაქტზე მითითებისა და მისი მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრებოდა. ამით დაირღვა შეჯიბრებითობის პრინციპი, ხოლო კასატორს პირველი ინსტანციის სასამართლოში არ მიეცა შესაძლებლობა, გაცნობოდა სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებას და მასზე პოზიცია წარედგინა. კასატორი ასევე მიუთითებს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლითაც, მისი განმარტებით, მსგავს შემთხვევაში გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს განჩინება. ხსენებულ საქმეში მოსარჩელეს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის გარემოებებზე სააპელაციო საჩივრის წარდგენამდე არ მიუთითებია, ხოლო სააპელაციო სასამართლომ განმეორებითი სარჩელის წარდგენის ფაქტი საქმის განაწილების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე დაადგინა.
6.4. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია შეჯიბრებითობის პრინციპი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის მე-2 ნაწილი. კასატორმა სააპელაციო საჩივარს დაურთო საქალაქო სასამართლოს საარქივო ფონდიდან გამოთხოვილი 2022 წლის 31 ოქტომბრის საქმის მასალები, თუმცა 2025 წლის 13 ნოემბრის სხდომაზე სააპელაციო სასამართლომ საოქმო განჩინებით მათი საქმეზე დართვის შესახებ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 2025 წლის 12 ნოემბერს მოსარჩელემ სააპელაციო სასამართლოს წარუდგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 22 მარტის №2/7946-23 განჩინება და საქმის განაწილების დოკუმენტი, თუმცა სხდომაზე მათ დართვაზე არ უშუამდგომლია. 2025 წლის 24 დეკემბრის სხდომაზე სააპელაციო პალატამ საქმე მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე დააბრუნა და მოსარჩელეს დაავალა, არა უგვიანეს 2026 წლის 15 იანვრისა კასატორისთვის 2022 წლის 31 ოქტომბრის საქმის მასალები გაეზიარებინა. მოსარჩელემ ეს მასალები კასატორს 2026 წლის 23 იანვარს გაუზიარა, ხოლო 2026 წლის 27 იანვარს, სასამართლოს დავალების გარეშე, 2023 წლის 21 მარტის სარჩელი და თანდართული მასალებიც გადასცა.
6.5. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ 2023 წლის 21 მარტის სარჩელის მასალები დასაშვებ მტკიცებულებად ცნო, მიუხედავად იმისა, რომ ისინი პირველი ინსტანციის სასამართლოში არ ყოფილა წარდგენილი და არც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში იყო მოხსენიებული. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ ეს მტკიცებულება საკუთარი ინიციატივით მოიპოვა და სწორედ ამ მტკიცებულებამ განაპირობა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, რაც აღნიშნული განჩინების გაუქმების აბსოლუტურ წანამძღვრებს ქმნის.
6.6. 2021 წლის 4 იანვრის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით კასატორი მიუთითებს, რომ მიწოდებული სამშენებლო მასალა ნაკლიანი იყო. კასატორმა საქონელი ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციის საქართველოს ფილიალს მიაწოდა, რომელთანაც შეთანხმდა, რომ პროდუქციის ხარისხი სტანდარტს არ შეესაბამებოდა და კასატორი ვალდებული იყო, ის ურთიერთშეთანხმების აქტის შედგენიდან 15 დღის ვადაში გაეტანა. კასატორის მითითებით, სასამართლოს ეს გარემოება სამართლებრივად არ შეუფასებია, მისი მოსაზრებით, თუნდაც დავალიანება 114 432.96 აშშ დოლარს შეადგენდეს, მას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 369-ე მუხლის საფუძველზე საფასურის დაკავების უფლება ჰქონდა.
6.7. კასატორის ბუღალტრის მიერ ხელმოწერილი 2024 წლის 31 დეკემბრის ურთიერთშედარების აქტით მისი დავალიანება მოსარჩელის მიმართ ჯამურად 47 803.86 აშშ დოლარს შეადგენს. სადავო ხელშეკრულებების შემდეგაც მხარეთა შორის ოპერაციები მიმდინარეობდა და კასატორმა მოსარჩელეს მნიშვნელოვანი თანხები გადაუხადა, რასაც მოსარჩელე არ უარყოფდა. პირველი ინსტანციის სასამართლოში კასატორის წარმომადგენელი მოსარჩელისგან ურთიერთშედარების აქტის წარმოდგენას ითხოვდა, თუმცა უშედეგოდ. 2025 წლის 24 ივლისს შ.პ.ს. „მ–მა“ მოსარჩელეს 47 803.86 აშშ დოლარის დავალიანების დადასტურება მოსთხოვა, რაზეც პასუხი არ მიუღია. კასატორის მითითებით, ეს მტკიცებულებები პირველი ინსტანციის სასამართლოში ვერ წარადგინა, ვინაიდან ბოლო სამი წლის განმავლობაში ფინანსური ანგარიშის აუდიტი არ განხორციელებულა. სააპელაციო სასამართლოს მიერ მათ დართვაზე საოქმო განჩინებით ეთქვა უარი, ისე რომ მხედველობაში არ იქნა მიღებული საპატიო მიზეზების არსებობა. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული მტკიცებულებები ადასტურებს, რომ 2021 წლის 04 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება მოსარჩელის მიმართ მას არ გააჩნია.
6.8. კასატორი მოითხოვს სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 13 ნოემბრის საოქმო განჩინების გაუქმებას, რომლითაც ურთიერთშედარების აქტის საქმეზე დართვის შესახებ მისი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. ასევე, ითხოვს სააპელაციო სასამართლოს იმ საოქმო განჩინების გაუქმებას, რომლითაც მოსარჩელის 2023 წლის 21 მარტის სარჩელი, თანდართული დოკუმენტები და წარმოების მასალები საქმეს მტკიცებულებად დაერთო. გარდა ამისა, კასატორი შუამდგომლობს, საკასაციო სასამართლოში საქმეს მტკიცებულების სახით დაერთოს მოსარჩელის წარმომადგენლის 2026 წლის 27 იანვრის ელექტრონული შეტყობინება.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.
10. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების საგანია, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მოპასუხისათვის ნასყიდობის საფასურის დაკისრების მართლზომიერება.
11. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სადავო ურთიერთობის მატერიალურსამართლებრივ საფუძველს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლი წარმოადგენს, რომლის მეორე ნაწილის თანახმად, მყიდველი მოვალეა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია, უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისად გამოიყენება 139-ე და 140-ე მუხლები. 140-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელის შეტანა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას არ გამოიწვევს, თუ მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სარჩელი განუხილველად იქნება დატოვებული. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ უფლებამოსილი პირი ექვსი თვის ვადაში შეიტანს ახალ სარჩელს, მაშინ ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ითვლება პირველი სარჩელის შეტანის დროიდან. 141-ე მუხლის მიხედვით, თუ შეწყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადა დაიწყება თავიდან.
14. საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 140-ე მუხლი განიმარტება მისი დანიშნულების გათვალისწინებით და ვრცელდება სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაზეც (იხ. ს.უ.ს.გ. №ას-1586-1489-2012, 22.04.2013წ.). ნორმის მიზანია, რომ პირს, რომელმაც სარჩელის წარდგენით დარღვეული უფლების დაცვის ინტერესი გამოავლინა, არ წაერთვას უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა (იხ. ს.უ.ს.გ. №ას-652-2019, 27.12.2019წ.). ამავდროულად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 140-ე მუხლი არ უნდა იქნას გაგებული ისე, რომ უფლებამოსილ პირს შეუძლია, განუსაზღვრელი რაოდენობით წარადგინოს სარჩელები ექვსთვიანი ვადის დაცვით და ამით ხელოვნურად შეინარჩუნოს ხანდაზმულობის ვადა. საკასაციო სასამართლომ ამ ნორმის გამოყენება გაიზიარა იმ შემთხვევაშიც, როდესაც პირველი სარჩელის შემდეგ მეორე სარჩელის მიღებაზეც უარი ითქვა, მეორე სარჩელი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ იყო წარდგენილი და მხოლოდ მესამე სარჩელი იქნა მიღებული წარმოებაში (იხ. ს.უ.ს.გ. №ას-989-2021, 18.02.2022წ.).
15. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2020 წლის 04 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნასყიდობის საფასური 2020 წლის 11 იანვრამდე უნდა გადახდილიყო, ხოლო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა 2023 წლის 12 იანვარს იწურებოდა. მოსარჩელემ სასამართლოს 2022 წლის 31 ოქტომბერს მიმართა სარჩელით, რომელიც 43 032 აშშ დოლარის მოთხოვნასაც მოიცავდა. სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარი ითქვა 2022 წლის 01 ნოემბრის განჩინებით. 2023 წლის 21 მარტს მოსარჩელემ იმავე მოთხოვნით განმეორებით მიმართა სასამართლოს, რაზეც უარი ეთქვა 2023 წლის 22 მარტის განჩინებით. 2023 წლის 10 მაისის სარჩელი წარმოებაში იქნა მიღებული, ხოლო 43 032 აშშ დოლარის მოთხოვნა მოსარჩელემ ამავე საქმეზე, 2023 წლის 15 ივნისის დაზუსტებული სარჩელით დააყენა.
16. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ 43 032 აშშ დოლარის მოთხოვნა 2023 წლის 10 მაისის სარჩელში მითითებული არ ყოფილა და იგი მოსარჩელემ წარმოებაში მიღებულ საქმეზე 2023 წლის 15 ივნისის დაზუსტებული სარჩელით დააყენა. თუმცა აღნიშნული გარემოება მოთხოვნის ხანდაზმულად მიჩნევისათვის საკმარისი არ არის, ვინაიდან შეფასებას ექვემდებარება ამავე მოთხოვნით სასამართლოსათვის მოსარჩელის წინა მიმართვების სამართლებრივი შედეგებიც.
17. 43 032 აშშ დოლარის მოთხოვნა მოსარჩელემ პირველად 2022 წლის 31 ოქტომბერს, ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე დააყენა. სარჩელის მიღებაზე უარის თქმიდან ექვს თვეში, 2023 წლის 21 მარტს, მოსარჩელემ იგივე მოთხოვნით განმეორებით მიმართა სასამართლოს, ხოლო ამ სარჩელის მიღებაზე უარის თქმიდან ექვს თვეში, 2023 წლის 15 ივნისს, მოთხოვნა დაამატა იმ საქმეზე, რომელიც სასამართლომ წარმოებაში მიიღო და არსებითად განიხილა. ამრიგად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე, 140-ე და 141-ე მუხლების საფუძველზე ხანდაზმულობის ვადის დენა 2022 წლის 31 ოქტომბრიდან შეწყვეტილად ითვლება.
18. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 140-ე მუხლით გათვალისწინებული ექვსთვიანი ვადა ერთჯერადია და განმეორებით წარდგენილი, წარმოებაში მიუღებელი სარჩელი მას არ აგრძელებს. კასატორის მიერ მითითებული №ას-989-2021 განჩინებით საკასაციო სასამართლომ ექვსთვიანი ვადის განმეორებითი გამოყენება გაიზიარა, ხოლო უფლების ბოროტად გამოყენების დათქმა კონკრეტული საქმის გარემოებებს დაუკავშირა. მხოლოდ ის გარემოება, რომ ორი წინა სარჩელი წარმოებაში არ იქნა მიღებული, უფლების ბოროტად გამოყენების დასადგენად საკმარისი არ არის. კასატორი არ უთითებს კონკრეტულ ფაქტზე, რომელიც დაადასტურებდა, რომ მოსარჩელე სარჩელებს ხანდაზმულობის ვადის ხელოვნურად შენარჩუნების მიზნით წარადგენდა.
19. უსაფუძვლოა კასატორის მითითება №ას-1503-2023 განჩინებაზეც. განმარტება, რომ „პირველი სარჩელის შეტანის დროში“ სარჩელის წარმოებაში მიღების დღე იგულისხმება, ამ განჩინებაში სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის სახით არის გადმოცემული. საკასაციო სასამართლომ კი გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს შეფასება, რომლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა თავიდან დაიწყო იმ დღის მომდევნო დღიდან, როდესაც მოსარჩელემ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის განჩინების გასაჩივრებაზე უარი განაცხადა. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის მითითებით, მოსარჩელემ გასაჩივრებაზე უარი 2022 წლის 07 ნოემბერს, ანუ ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე განაცხადა, ხოლო შემდგომი მიმართვები ექვსთვიანი ვადების დაცვით განხორციელდა. შესაბამისად, მითითებული პრაქტიკა კასატორის მიერ მოთხოვნილ შედეგს არ განაპირობებს.
20. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, რომ ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია სასამართლომ საკუთარი ინიციატივით მოიპოვა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ხანდაზმულობაზე მითითება პროცესუალურად მოპასუხის კუთვნილ შესაგებელს წარმოადგენს, ხოლო ხანდაზმულობის შეჩერებისა და შეწყვეტის წინაპირობების შესწავლა, შესაბამისი შედავების არარსებობის პირობებშიც კი, სასამართლოს ვალდებულებაა (იხ. ს.უ.ს.გ. №ას-989-2021,18.02.2022წ.).
21. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ სარჩელის განმეორებით წარდგენის ფაქტი საქმის მასალებით დასტურდებოდა. დადგენილია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმე მოსამართლეს პირდაპირი განაწილებით გადაეცა, ვინაიდან მოსარჩელის თავდაპირველი და განმეორებითი სარჩელებიც იმავე მოსამართლეს გადაეცა განსახილველად. საქმის განაწილების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც საქმეს ერთვის, პირველი ინსტანციის საქმის მასალებში არსებობდა და სარჩელის განმეორებით წარდგენის ფაქტს ადასტურებდა. რაც შეეხება 2022 წლის 31 ოქტომბრის სარჩელის შინაარსს, იგი სააპელაციო სასამართლომ მის მიერ გამოთხოვილი მასალებით გამოიკვლია. სააპელაციო ეტაპზე ამ საქმის მასალების დართვის შესახებ თავად კასატორმა იშუამდგომლა და არ უარყოფს, რომ აღნიშნული სარჩელი 43 032 აშშ დოლარის მოთხოვნას მოიცავდა.
22. კასატორის პრეტენზია 2023 წლის 21 მარტის სარჩელის მასალებთან მიმართებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის მე-2 ნაწილის დარღვევას უკავშირდება. სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 24 დეკემბრის განჩინებით, საქმის განხილვა მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპიდან განახლდა და მოსარჩელეს დაევალა მხარეთა შორის 2020 და 2021 წლების 4 იანვარს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე წარდგენილი სარჩელების წარმოდგენა. ამასთან, კასატორი თავადაც მიუთითებს, რომ 2023 წლის 21 მარტს მოსარჩელემ სასამართლოს 43 032 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით მიმართა და ამ სარჩელის მიღებაზე უარი 2023 წლის 22 მარტის განჩინებით ეთქვა. აღნიშნული გარემოებები ასახულია წინამდებარე საკასაციო საჩივარშიც. შესაბამისად, კასატორის მიერ მოხმობილი გარემოებებით არ დასტურდება ისეთი საპროცესო დარღვევა, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
23. რაც შეეხება 2021 წლის 04 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 114 432.96 აშშ დოლარის მოთხოვნას, სამოქალაქო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც ვალდებულება აკისრია ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეუძლია უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე საპასუხო მოქმედების განხორციელებამდე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იგი ვალდებული იყო თავისი ვალდებულება წინასწარ შეესრულებინა.
24. დადგენილია, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს ნასყიდობის საგანი მიაწოდა, მოპასუხემ იგი მიიღო და ვერ დაადასტურა, რომ მიღებული საქონელი შეთანხმებულისგან განსხვავებული ხარისხის იყო. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ნივთის ნაკლის დამტკიცება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მყიდველს ევალებოდა. ამ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით კასატორს დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია. კასატორის მითითება ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციის საქართველოს ფილიალთან შეთანხმებაზე ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას ნივთის ნაკლის დაუდასტურებლობის შესახებ. შესაბამისად, პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ მას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 369-ე მუხლის საფუძველზე საფასურის დაკავების უფლება ჰქონდა.
25. სააპელაციო სასამართლომ 2025 წლის 13 ნოემბრის საოქმო განჩინებით, მართებულად არ დააკმაყოფილა კასატორის შუამდგომლობა 2024 წლის 31 დეკემბრის ურთიერთშედარების აქტის საქმეზე დართვის თაობაზე. ურთიერთშედარების აქტი, რომელსაც კასატორის ბუღალტერი აწერს ხელს, პირველი ინსტანციის სასამართლოს 2025 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილების მიღებამდე არსებობდა. ფინანსური ანგარიშის აუდიტის განუხორციელებლობა კასატორის მფლობელობაში არსებული დოკუმენტის დაგვიანებით წარდგენის საპატიო მიზეზად ვერ მიიჩნევა. რაც შეეხება მოწინააღმდეგე მხარისათვის ურთიერთშედარების აქტის წარმოდგენის დავალების შესახებ შუამდგომლობას, მისი დაკმაყოფილების საფუძველიც არ ვლინდებოდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მხარემ მტკიცებულების უშუალოდ მიღება და სასამართლოში წარდგენა ვერ შეძლო, სასამართლოს შეუძლია მისი გამოთხოვა იმ პირისგან, ვისთანაც უნდა იყოს იგი. კასატორს არ დაუსაბუთებია, რომ მოწინააღმდეგე მხარის მიერ ხელმოწერილი ურთიერთშედარების აქტი არსებობდა და მოწინააღმდეგე მხარესთან უნდა ყოფილიყო. შესაბამისად, აღნიშნული მტკიცებულების გამოთხოვის წინაპირობები არ არსებობდა.
26. შ.პ.ს. „მ–ის“ 2025 წლის 24 ივლისის წერილთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ იგი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების შემდგომ მოსარჩელეს გაეგზავნა და იმ გარემოების დადასტურებას ემსახურება, რომლის მტკიცებაც კასატორს პირველი ინსტანციის სასამართლოში შეეძლო. შესაბამისად, აღნიშნული წერილის სააპელაციო სასამართლოში დასაშვებ მტკიცებულებად ცნობის წინაპირობები არ არსებობდა.
27. საქმეზე ახალი მტკიცებულების დართვის თაობაზე კასატორის შუამდგომლობასთან დაკავშირებით პალატა მიუთითებს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა მტკიცებულებების წარდგენის მკაცრად გაწერილ პროცედურას ითვალისწინებს და საქმის საკასაციო სასამართლოში განხილვისას მხარე ასეთ შესაძლებლობას მოკლებულია, ვინაიდან საკასაციო სასამართლო ფაქტების დამდგენი სასამართლო არ არის (იხ. ს.უ.ს.გ. №ას-27-2019, 15.11.2019წ.; №ას-48-2020, 17.09.2020წ.). შესაბამისად, შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს და მტკიცებულება შუამდგომლობის ავტორს უნდა დაუბრუნდეს.
28. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნას გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. Van de Hurk v. Netherlands, par. 61; Garcia Ruiz v. Spain [GC], par. 26; Jahnke and Lenoble v. France (dec.); Perez v. France [GC], par. 81; Boldea v. Romania, par. 30).
29. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს.
30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი დაუშვებლად ცნობის საფუძველია.
31. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, კასატორს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 8 000 ლარის 70%, 5 600 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ.პ.ს. „გ.ლ“-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. შ.პ.ს. „გ.ლ“-ს (ს/ნ ......) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 8000 ლარის (საგადახდო დავალება № 46642410031, გადახდის თარიღი: 21.05.2026წ., გადამხდელი: შ–ძე ა. (პ/ნ ..........), გადამხდელის ბანკი: ს.ს. „საქართველოს ბანკი“) 70% – 5600 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. არ დაკმაყოფილდეს შ.პ.ს. „გ.ლ“-ის შუამდგომლობა ახალი მტკიცებულებების საქმეზე დართვის თაობაზე.
4. დაუბრუნდეს შ.პ.ს. „გ.ლ“-ს საკასაციო საჩივარზე თანდართული დოკუმენტი (ტომი 04, ს.ფ. 324).
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი