დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-888-2026 25 სექტემბერი, 2026 წელი,თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ქ.პ–ძე (ი.ჩ–ძის უფლებამონაცვლე)
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება – კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი.ჩ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 ნოემბრის განჩინებით ი.ჩ–ძის წარმომადგენლის პ.კ–ძის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სამოქალაქო საქმეზე N2ბ/408-25, გარდაცვლილი მხარის, აპელანტ ი.ჩ–ძის უფლებამონაცვლის დადგენამდე, მაგრამ არაუმეტეს 1 წლისა შეჩერდა საქმის წარმოება ა) მატერიალური ზიანის 76 179.99 ლარის ოდენობით ანაზღაურების; ბ) 2020 წლის 16 იანვრიდან სიცოცხლის ბოლომდე ყოველთვიურად 4 000 ლარის ოდენობით სარჩოს დაკისრების; გ) 2020 წლის 16 იანვრიდან ი.ჩ–ძის გარდაცვალებამდე, 2025 წლის 19 აგვისტომდე, ყოველთვიურად 224 ლარის, ხელფასის სახით მიუღებელი თანხის ანაზღაურების; დ) 2021 წლის 1 ოქტომბრიდან ი.ჩ–ძის გარდაცვალებამდე, 2025 წლის 19 აგვისტომდე, ყოველთვიურად 898.20 ლარის, ხელფასის სახით მიუღებელი თანხის ანაზღაურების ნაწილში. განემარტათ მხარეებს, რომ 6 თვიანი ვადის გასვლის შემდეგ საქმეში უფლებამონაცვლის არ ჩართვის შემთხვევაში, ი.ჩ–ძის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩება. მოწინააღმდეგე მხარის სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლის თ.ზ–ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სამოქალაქო საქმეზე N2ბ/408-25, უფლებამონაცვლეობის დაუშვებლობის გამო შეწყდა საქმის წარმოება ა) მორალური ზიანის 400 000 ლარის ოდენობით ანაზღაურების ბ) ი.ჩ–ძის გარდაცვალების შემდგომ პერიოდზე - 2025 წლის 19 აგვისტოდან 2025 წლის 1 ოქტომბრამდე დროის მონაკვეთში ხელფასის სახით მიუღებელი თანხების ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 20 აპრილის განჩინებით, ქ.პ–ძის წარმომადგენლის განცხადება დაკმაყოფილდა და ქ.პ–ძე ცნობილ იქნა (პ/ნ N.......) სამოქალაქო საქმეზე №2ბ/408-25, ი.ჩ–ძის (პ/ნ N........) უფლებამონაცვლედ; განახლდა №2ბ/408-25 სამოქალაქო საქმის წარმოება. ზემოაღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ი.ჩ–ძის უფლებამონაცვლე ქ.პ–ძემ.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 7 ივლისის განჩინებით, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი მოტივაციით:
6. წარმოდგენილი კერძო საჩივრის შინაარსიდან ირკვევა, რომ კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის გასაჩივრებული განჩინების საფუძვლებს, კერძოდ ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმებას კერძო საჩივრის ავტორი მოითხოვს იმ ნაწილში, რომლითაც საქმის წარმოება შეწყდა მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ფარგლებში, ვინაიდან უფლებამონაცვლეობის დაუშვებლობის საფუძვლად მითითებული მოტივი არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას. მორალური ზიანის ასანაზღაურებელი თანხა წარმოადგენს ჩვეულებრივ მატერიალურ აქტივს, რომელიც, როგორც გადაცემადი სიკეთე, შეიძლება გახდეს უფლებამონაცვლეობის საგანი.
7. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გასაჩივრებული განჩინებით დაკმაყოფილდა მხარეთა განცხადებები, კერძოდ საქმისწარმოება შეჩერდა უფლებამონაცვლის დადგენამდე, მაგრამ არაუმეტეს 1 წლისა შემდეგ მოთხოვნებზე: ა) მატერიალური ზიანის 76 179.99 ლარის ოდენობით ანაზღაურება; ბ) 2020 წლის 16 იანვრიდან სიცოცხლის ბოლომდე ყოველთვიურად 4 000 ლარის ოდენობით სარჩოს დაკისრება; გ) 2020 წლის 16 იანვრიდან ი.ჩ–ძის გარდაცვალებამდე, 2025 წლის 19 აგვისტომდე, ყოველთვიურად 224 ლარის, ხელფასის სახით მიუღებელი თანხის ანაზღაურება; დ) 2021 წლის 1 ოქტომბრიდან ი.ჩ–ძის გარდაცვალებამდე, 2025 წლის 19 აგვისტომდე, ყოველთვიურად 898.20 ლარის, ხელფასის სახით მიუღებელი თანხის ანაზღაურების ნაწილში, ამასთან, მორალური ზიანის ანაზღაურებისა და გარდაცვალების შემდეგ პერიოდზე ხელფასის მიუღებელი თანხების ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში საქმისწარმოება შეწყდა.
8. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე გარდაიცვალა 2025 წლის 19 აგვისტოს. ამდენად, საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძველია მოსარჩელის გარდაცვალება, შესაბამისად, უნდა გაირკვეს, სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, დასაშვებია თუ არა უფლებამონაცვლეობა.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ ერთ-ერთი მხარის გარდაცვალება წარმოადგენს საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძველს. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ ასეთ დროს უფლებამონაცვლეობა დასაშვებია არა ყველა შემთხვევაში, არამედ მხოლოდ მაშინ, თუ სადავო სამართლებრივი ურთიერთობა დასაშვებად მიიჩნევს უფლებამონაცვლეობას, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ საქმის ერთ-ერთ მხარედ მყოფი მოქალაქის გარდაცვალების შემდეგ, სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, დაუშვებელია უფლებამონაცვლეობა.
11. კანონის ზემომითითებული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო უფლებამონაცვლეობა არ დაიშვება, თუ დაუშვებელია მატერიალურსამართლებრივი უფლებებისა და ვალდებულებების გადასვლა ერთი პირიდან მეორე პირზე. საპროცესო უფლებამონაცვლეობა – ესაა მხარეების და მესამე პირების შეცვლა იმ პირებით, რომლებზეც მათი უფლებები და მოვალეობები გადავიდა. ამდენად, საპროცესო უფლებამონაცვლეობა მთლიანად ეფუძნება უფლებამონაცვლეობას მატერიალურ სამართალში.
12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. ამავე კოდექსის 1330-ე მუხლის თანახმად კი, სამკვიდროში არ შედის ის ქონებრივი უფლებები და მოვალეობები, რომლებიც პირადი ხასიათისაა და მხოლოდ მამკვიდრებელს შეიძლება ეკუთვნოდეს, ასევე კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები, რომლებიც მოქმედებს მხოლოდ კრედიტორისა და მოვალის სიცოცხლეში და წყდება მათი სიკვდილით.
13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის მოთხოვნაა მოპასუხისთვის მატერიალური ზიანის 76 179.99 ლარის და მორალური ზიანის 400 000 ლარის ანაზღაურება, აგრეთვე, სარჩოს სახით 4 000 ლარის დაკისრება 2020 წლის 16 იანვრიდან მოსარჩელის სიცოცხლის ბოლომდე, 224 ლარის გადახდა 2020 წლის 16 იანვრიდან 2025 წლის 1 ოქტომბრამდე და 898.2 ლარის გადახდა მიუღებელი ხელფასის სახით, 2021 წლის 1 ოქტომბრიდან 2025 წლის 1 ოქტომბრამდე.
14. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ მართებულად აღნიშნა, რომ მორალური ზიანი სულიერი გრძნობებისა და ურთიერთობების სფეროში მიყენებულ ზიანს გულისხმობს. ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანებით მიღებული არასასურველი შედეგი ნეგატიურ ცვლილებებს იწვევს ადამიანის ორგანიზმში, რასაც, ქონებრივ დანახარჯებთან ერთად, შეიძლება არამატერიალური უფლებების ხელყოფა - ფსიქიკური ტანჯვა (მორალური ზიანი) გამოეწვია. ადამიანის ფსიქიკაში ნეგატიურ ცვლილებებს, რაც გამოიხატება ფიზიკურ და სულიერ ტანჯვაში, გარეგნული გამოხატულება არ გააჩნია და, შესაბამისად, არამატერიალიზებულ ზიანს წარმოადგენს. პირადი არაქონებრივი უფლებები მემკვიდრეობით არ გადაიცემა. მორალური ზიანი პიროვნული უფლებების ხელყოფით გამოწვეულ ზიანს წარმოადგენს, რომლის ანაზღაურების მოთხოვნა მხოლოდ ამ უფლების სუბიექტს, დაზარალებულს აქვს, სხვა პირის მიერ ანაზღაურების მოთხოვნა საფუძველს მოკლებულია. ამდენად, გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტში მითითებული მოთხოვნების ნაწილში საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიებს.
15. საკასაციო პალატა მიიჩნევს, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში უფლებამონაცვლეობა მატერიალურ სამართალში არ დაიშვება, დაუშვებელია, ასევე, საპროცესო უფლებამონაცვლეობაც, რაც განსახილველ სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველია. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებულია, კანონიერია და კერძო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის მისი გაუქმების პროცესუალურსამართლებრივ საფუძვლებს.
16. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ.პ–ძის (ი.ჩ–ძის უფლებამონაცვლე) კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
გოჩა ჯეირანაშვილი