დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-637-2026 8 ოქტომბერი, 2026 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
I საკასაციო საჩივრის ავტორი – გ.ჩ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს.რ–ა“ (მოპასუხე)
II საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს.რ–ა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ.ჩ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 12 მარტის განჩინება
I საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
II საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ხელფასსა და პენსიას შორის არსებული, მიუღებელი სხვაობის დაკისრება და მისი ოდენობის გაზრდა, თანხის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 12 მარტის განჩინებით გ.ჩ–ძისა (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „პირველი კასატორი“) და სს „ს.რ–ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „მოპასუხე კომპანია“ ან „მეორე კასატორი“) სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის სარჩელი მოპასუხის მიმართ ხელფასსა და პენსიას შორის არსებული, მიუღებელი სხვაობის დაკისრების, მისი ოდენობის გაზრდის, ასევე, თანხის ანაზღაურების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სარჩოს სახით დაეკისრა 2022 წლის მაისიდან 2022 წლის დეკემბრის ჩათვლით პერიოდისთვის ხელფასსა და პენსიას შორის მიუღებელი სხვაობის - დასაბეგრი 4892 (611,5X8) ლარის გადახდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სარჩოს სახით დაეკისრა 2023 წლის იანვრიდან 2024 წლის 11 ივნისამდე პერიოდისთვის ხელფასსა და პენსიას შორის მიუღებელი სხვაობის, ყოველთვიურად დასაბეგრი 861.5 ლარის გადახდა; დადგინდა, რომ მოპასუხეს 2024 წლის 11 ივნისიდან გაეზარდოს მოსარჩელისათვის ყოველთვიურად გადასახდელ ხელფასსა და პენსიას შორის სხვაობა 678,50 ლარი - დასაბეგრი 861,5 ლარით და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 2024 წლის 11 ივნისიდან დაეკისროს ყოველთვიურ ხელფასსა და პენსიას შორის სხვაობის გადახდა, დასაბეგრი 1540 ლარის ოდენობით გადაწყვეტილების აღსრულებამდე; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ეტლისა და სპეციალური ბალიშის შეძენისთვის გადახდილი თანხის 4514 ლარის ანაზღაურება; დანარჩენ ნაწილში, (მათ შორის, 2024 წლის 11 ივნისის შემდგომ ხელფასსა და პენსიას შორის სხვაობის გადაანგარიშების შესახებ) მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. მოსარჩელე 1983 წლიდან 1990 წლის დეკემბრამდე მუშაობდა მოპასუხე კომპანიაში ლიანდაგის სარემონტო სამშენებლო სამმართველოს ოსტატის თანამდებობაზე. 1990 წლის დეკემბერში მოსარჩელემ მიიღო საწარმოო ტრავმა და გახდა პირველი ჯგუფის ინვალიდი, ეტლით მოსარგებლე პირი, მკვეთრად გამოხატული შესაძლებლობებით;
2.2. ქალაქ თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 14 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სხვადასხვა ხარჯების, მათ შორის, პენსიასა და ხელფასს შორის სხვაობის გადახდა მუდმივად, 100%-ის ოდენობით. გადაწყვეტილების საფუძველზე მოსარჩელე იღებდა სარჩოს ყოველთვიურად 200 ლარს;
2.3. მოპასუხე მოსარჩელეს 2020 წლიდან 2025 წლის ჩათვლით, უნაზღაურებს საკვების, მედიკამენტების, პირადი ჰიგიენის, საწვავის, მომვლელის, ხელფასის, მასაჟის, თეთრეულის და სპეციალური სამედიცინო მომვლელის ხარჯებს. ამასთან, 2022 წელს შეუძინა ეტლი, რომლის ღირებულებაც შეადგენდა 4583,75 ლარს. 2024 წლის ნოემბრის თვიდან, მასაჟის თანხა შევიდა სპეციალური სამედიცინო მომვლელის თანხაში, რომელიც გაიზარდა სასამართლოს გადაწყვეტილებით, ასევე გაიზარდა საყოფაცხოვრებო მომვლელის ანაზღაურებაც, სულ 2024 წელს სააღსრულებო ფურცლით მოპასუხის მიერ გადახდილია 59 711.17 ლარი;
2.4. მოსარჩელე საპენსიო ასაკის გახდა 2024 წლის 11 ივნისს.
3. სააპელაციო პალატის მითითებით, მოსარჩელეს საწარმოო ტრავმის შედეგად მინიჭებული აქვს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი მნიშვნელოვნად, რის საფუძველზედაც მოპასუხე კომპანია წლების მანძილზე ყოველთვიურად სარჩოს სახით მოსარჩელეს ურიცხავდა სხვადასხვა ოდენობის თანხებს. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე, მოპასუხე მოსარჩელეს ყოველთვიურად ურიცხავდა სარჩოს 678.50 ლარს. მოსარჩელე მხარემ მოითხოვა ინფორმაცია მოპასუხისაგან, რომლის წერილობითი პასუხის თანახმად, 2011 წლიდან მოპასუხე კომპანიაში ლიანდაგის სარემონტო სამშენებლო სამმართველოს ოსტატის შრომის ანაზღაურება წლების მიხედვით შეადგენს: 2011 წლის ნოემბრიდან - 830 ლარს, 2012 წლის სექტემბრიდან - 1000 ლარს, 2019 წლის დეკემბრიდან - 1100 ლარს, 2021 წლის დეკემბრიდან - 1290 ლარს, 2023 წლის იანვრიდან - 1540 ლარს, ხოლო 2025 წლის იანვრიდან - 1695 ლარს (იხ. ს.ფ. 22).
4. სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა მოსარჩელის სააპელაციო პრეტენზიაზე, რომლის თანახმად, სასამართლომ არასწორად დაადგინა მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლის წერტილი; წერილობითი პასუხი 29.04.2025წ. ჩაჰბარდა მოსარჩელე მხარეს, პენსიასა და ხელფასს შორის სხვაობის შესახებ სწორედ ამ დროს გახდა ცნობილი მოსარჩელისათვის, რის გამოც სხვა თარიღი არ უნდა მიჩნეულიყო ხანდაზმულობის საწყისად.
5. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ჯერ თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 14 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების, ხოლო შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე, მოპასუხეს დაეკისრა სარჩოსა და ხელფასს შორის სხვაობის გადახდა, რამაც შეადგინა 678,50 ლარი. ხანდაზმულობა, ისევე, როგორც მისი ათვლის მომენტი, ფაქტია და გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლით, მას ენიჭება პრეიუდიციული მნიშვნელობა, რის გამოც, სასამართლომ მიიჩნია, რომ ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს სწორედ იმ პერიოდიდან, როდესაც მოსარჩელისთვის ცნობილი იყო ზიანზე პასუხისმგებელი პირი. შესაბამისად, მოსარჩელისათვის 2011 წლიდან ცნობილი იყო ადრესატი, დაწყებული იყო თითოეულ თვესთან მიმართებით სარჩოს დაკისრებაზე ხანდაზმულობის პერიოდული ათვლა, შეეძლო ედავა მას სარჩოს ოდენობის იმ ნაწილზეც, რაც პირველადი სარჩელით არ მოუთხოვია, თუმცა სარჩელი წარმოდგენილია 2025 წლის 20 მაისს. სარჩელის აღძვრამდე 3 წლის მიღმა - 2020 წლის 20 მაისამდე, თუ რატომ არ დაიწყო დავა მოსარჩელემ, საქმის მასალებით არ დგინდება. 2011 წლის ნოემბრიდან 2022 წლის 20 მაისამდე პერიოდზე მოთხოვნის დაყენების 3-წლიანი ვადა კი გასულია, ვინაიდან მოსარჩელეს წინამდებარე სარჩელი აღძრული აქვს 2025 წლის 20 მაისს, რის გამოც, გარდა სარჩელის შემოტანიდან ბოლო სამი წლისა, დარჩენილ ნაწილში მოთხოვნა ხანდაზმულად სწორად იქნა მიჩნეული.
6. სააპელაციო სასამართლომ ხელფასისა და პენსიის თანხებს შორის სხვაობის ფაქტების მანამდე არცოდნის საკითხთან დაკავშირებით განმარტა, რომ მისი დროული გამოკვლევა მხოლოდ მოსარჩელის აქტიურობაზე დამოკიდებული საკითხი იყო. ის, რომ მოსარჩელემ 29.04.2025წ. შეიტყო მოსათხოვი თანხის მოცულობის შესახებ, ვერ შეცვლიდა საქმის შედეგს, მით უფრო ხანდაზმულობის ათვლის წერტილს. აღნიშნულს განაპირობებდა მოსარჩელის გამგებლობაში არსებული შესაძლებლობა, იმავე შინაარსის განცხადება მანამდე (ხანდაზმულობის დადგომამდე) გამოეთხოვა ყოფილი დამსაქმებლისაგან.
7. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება, რომლის მიხედვითაც, 2011 წლის ნოემბრიდან 2022 წლის 20 მაისამდე პერიოდზე მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია და 2022 წლის მაისიდან 2024 წლის 11 ივნისამდე (საპენსიო ასაკის მიღწევამდე) პერიოდში სხვაობა ასანაზღაურებელ და გასაცემ თანხებს შორის ჯამურად შეადგენს 14645,5 ლარს, მიღებული იყო საქმის მასალების სათანადო შესწავლითა და ნორმის სწორი განმარტების გზით, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ამ ნაწილში შეცვლის წინაპირობები არ არსებობდა.
8. რაც შეეხება მოპასუხის პრეტენზიას, პალატის მითითებით, იგი ძირითადად მიემართებოდა საპენსიო გასაცემელსა და დასაქმებულის ყოფილ პოზიციაზე არსებული ხელფასის გასაცემელს შორის სხვაობის, როგორც მისაღები აქტივის, გარანტირებული მიღების ფაქტის არარსებობას, ასევე მხარეს დაუსაბუთებლად მიაჩნდა ეტლისა და სპეციალური ბალიშისათვის გაწეული ხარჯის მისთვის დაკისრების მართლზომიერება.
9. სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოპასუხის მტკიცება, რომ იგი არ არის პასუხისმგებელი მოსარჩელის წინაშე ეტლისა და სპეციალური ბალიშისათვის შესაძენად გაღებული თანხების ნაწილში. პალატის განმარტებით, სარჩო არ უნდა იქნეს გაგებული იმ შრომის ანაზღაურებაზე უცილობლად დამოკიდებულად, რაც პირს დამქირავებელ საწარმოში გააჩნია. პროფესიული შრომისუნარის დაკარგვა გულისხმობს ზოგადად ამ პროფესიით საქმიანობის შეუძლებლობას და არა ამა თუ იმ საწარმოში მუშაობის შეუძლებლობას. საწარმოო ტრავმის არქონის შემთხვევაში მოსარჩელე შეძლებდა მუშაობას სხვა საწარმოში და ხელფასსაც მიიღებდა, რაც პალატის მოსაზრებით, ნიშნავს სწორედ სსკ-ის 408.1 მუხლით გათვალისწინებულ ისეთ მდგომარეობას, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. სწორედ დასახელებული ნორმების შინაარსი აძლევს მოსარჩელეს სამართლებრივ საფუძველს, რომ მოითხოვოს სარჩოს გადახდევინება გაზრდილი ხელფასის შესაბამისად, რამდენადაც ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების – საწარმოო ტრავმის არარსებობის და შრომის უნარის შენარჩუნების პირობებში, მოსარჩელე მიიღებდა გაზრდილ ხელფასს. მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის იყო თავად ის გარემოება, რომ მუშაკმა მიიღო სხეულის დაზიანება საწარმოო ტრავმის შედეგად და მას წაერთვა პროფესიული შრომის უნარი მნიშვნელოვნად.
10. სააპელაციო პალატის მითითებით, საქმის მასალების კვლევით დგინდება და მხარეთა შორის სადავო არც გამხდარა, რომ მომხდარი საწარმოო ტრავმის შედეგად მოსარჩელეს მიადგა ზიანი, რის გამოც მისი შესაძლებლობები მკვეთრად შეიზღუდა. მოსარჩელის, როგორც დაზარალებულის, მიერ წარმოდგენილი მოთხოვნა მიემართება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ პირს და ეხება გადაადგილებისათვის აუცილებელი ეტლისა და სპეციალური ბალიშის ღირებულების ანაზღაურებას. ზიანის ფიზიკურად გამოხატული სახის და აქედან გამომდინარე, მუდმივად გადასალახი დაბრკოლებებიდან გამომდინარე, დაზარალებულს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საჭიროებისამებრ წარმოეშობა ამ ნაწილში მოთხოვნის უფლება. ეტლით უზრუნველყოფის საჭიროებას ვერ ფარავს დაკისრებული სარჩო, რომელიც თავისი შინაარსით ყოფილი დასაქმებულის ყოველდღიური რჩენის, ანუ იმ ხარჯების უზრუნველყოფას ემსახურება, რასაც დასაქმებული შრომითი ანაზღაურების (თანამდებობრივი სარგოს) სახით მიიღებდა. საქმის მასალებით გარემოება ეტლის/სპეციალური ბალიშის ღირებულების ან მისი საჭიროების არარსებობასთან დაკავშირებით, შედავებული არ არის.
11. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საწარმოო ტრავმის შედეგად დამდგარმა შეზღუდულმა შესაძლებლობებმა მოსარჩელის დამოუკიდებლად გადაადგილება შეუძლებელი გახადა. მოსარჩელის შესაძლებლობა დამოუკიდებლად, ვისიმე დახმარების გარეშე, შეძლოს გადაადგილება მხოლოდ სპეციალური ეტლისა და ბალიშის შეძენის შემდგომ რეალიზდა, რის გამოც ლოგიკურია, სამოქალაქო პასუხისმგებლობის ზომად ხსენებული ნივთების შესაძენად გაღებული ხარჯები შეერაცხოს მოპასუხეს. თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ვითარდება სამედიცინო ტექნოლოგიაც, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს უფრო თანამედროვე, მაღალი ხარისხის, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ გადაადგილების საშუალებებს, რაც უფრო მეტად უზრუნველყოფს ყოველდღიურ ცხოვრებაში დაზარალებულის დამოუკიდებლობის მაღალ ხარისხს, ნაკლებ ფიზიკურ ტკივილს და მეტ მოხერხებულობას, რაც, თავის მხრივ, პერიოდული ვალდებულების წარმოშობის საფუძველია, მაგრამ გონივრული და სამართლიანი ოდენობის ფარგლებში, სამოქალაქო ბრუნვაში მონაწილე პირების მხრიდან კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვის საფუძველზე. ხსენებული განმარტება იძლევა იმის ლოგიკურ ახსნას, თუ რატომ გახდა საჭირო მოსარჩელისაგან ახალი ეტლის შეძენა.
12. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელე, მართალია, იღებდა პენსიასა და ხელფასს შორის სხვაობის ანაზღაურებას, მაგრამ ეს არის ის მინიმუმი, რასაც მხარე ისედაც მიიღებდა, რომ არა ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. რაც შეეხება ეტლისა და სპეციალური ბალიშის შეძენას, იგი წარმოადგენს დამატებით აუცილებელ ნივთებს, რაც აუცილებელია მოსარჩელის გადაადგილებისთვის. ასევე ლოგიკურია, რომ არა დამდგარი ზიანი, საერთოდ არ ექნებოდა მსგავსი ნივთებისადმი მოთხოვნა/საჭიროება მოსარჩელე მხარეს. ის, რომ გადაადგილებაუნარიანობისთვის მხარეს დამატებითი ნივთები სჭირდება, მიანიშნებს დამატებითი ხარჯების აუცილებლობაზე, რომელიც ხელფასსა და პენსიას შორის სხვაობიდან კი არ უნდა ანაზღაურდეს, არამედ დამსაქმებლის პასუხისმგებლობის ახალ საფუძველს აფუძნებს.
13. რაც შეეხება შედავებას ასაღები (პენსიისა და ხელფასის ოდენობის) სხვაობის მიღებაში მრავალი ფაქტორის არსებობის თაობაზე, პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის მიდგომები და მიუთითა საკანონმდებლო კონსტრუქციაზე. სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მხარეთა შორის წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობას მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება და შესაბამის სამართლებრივ ნორმებზე მითითებით სწორად ჩათვალა, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა გამომდინარეობდა ზიანის მიყენების შესახებ სამართლებრივი ურთიერთობიდან. შესაბამისად, სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაწესზე მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაასკვნა, რომ მოსარჩელის წინაშე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენდა მოპასუხე კომპანია. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სსკ-ის 408-ე და 411-ე მუხლების შინაარსი აძლევს მოსარჩელეს სამართლებრივ საფუძველს, რომ მოითხოვოს სარჩოს გადახდევინება გაზრდილი ხელფასის შესაბამისად, რამდენადაც ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების – საწარმოო ტრავმის არარსებობის, რასაც შედეგად მოჰყვა მოსარჩელე მხარის შრომის უნარის მნიშვნელოვნად დაკარგვა, შრომის უნარის შენარჩუნების პირობებში, მოსარჩელე მიიღებდა გაზრდილ ხელფასს საპენსიო ასაკის მიღწევამდე.
14. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის არის თავად ის გარემოება, რომ მუშაკმა მიიღო სხეულის დაზიანება საწარმოო ტრავმის შედეგად, რასაც მოჰყვა შრომის უნარის მნიშვნელოვნად შეზღუდვა. სარჩოს ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების დადგომა, პირს და მის რჩენაზე მყოფ პირებს ართმევს შესაძლებლობას, ჰქონდეს სამუშაო და იღებდეს შესაბამის ანაზღაურებას. ამასთან, სარჩოს მიღების უფლება წარმოადგენს პირის შესაძლებლობას, აუნაზღაურდეს ზიანი, რაც მიიღო საწარმოო ტრავმის სახით. სარჩოს მიღებით ხდება პირისათვის შემოსავლის მიღების უზრუნველყოფა საწარმოო ტრავმის არარსებობის პირობებში შესაძლო შრომის ანაზღაურების შესაბამისად. თავად ის გარემოება, რომ საწარმოო ტრავმის მიღების გამო მოსარჩელემ დაკარგა სამუშაო და შესაბამისი ანაზღაურების მიღების შესაძლებლობა, თავის მხრივ, წარმოშობს საფუძვლიან და კანონიერ ვარაუდს იმასთან დაკავშირებით, რომ საწარმოო ტრავმის მიუღებლობის შემთხვევაში, მუშაკი განაგრძობდა მუშაობას და იგი მიიღებდა გაზრდილ ხელფასს.
15. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოპასუხე არამართლზომიერად არ ახდენდა მოსარჩელის სარჩოს ოდენობის გადაანგარიშებას და მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის მისაცემი სარჩოს ოდენობაში, ხელფასის გაზრდილი ოდენობის გაუთვალისწინებლობით, მოსარჩელე არასრულად იღებდა სარჩოს, რითაც მას ადგებოდა ზიანი. მოსარჩელისათვის გასაცემი მიუღებელი სარჩოს სხვაობა არახანდაზმულ 3-წლიან პერიოდზე - 2022 წლის ივნისიდან 2024 წლის 11 ივნისის ჩათვლით (საპენსიო ასაკის მიღწევამდე) შეადგენს 19537.5 (4892+14645.5) ლარს (2022 წლის მაისიდან 2022 წლის დეკემბრამდე პერიოდში, მოსარჩელის თანამდებობისთვის გათვალისწინებული ანაზღაურება შეადგენდა 1290 ლარს, საიდანაც მოსარჩელე იღებდა მხოლოდ 678,5 ლარს, 611,5 ლარით ნაკლებს, რის გამოც უნდა მოხდეს სხვაობის 8 თვეზე გადაანგარიშება, რაც ჯამურად შეადგენს 4892 ლარს. ასევე, 2023 წლის იანვრიდან 2024 წლის 11 ივნისამდე (საპენსიო ასაკის მიღწევამდე) პერიოდში, იმავე თანამდებობისთვის გათვალისწინებული ანაზღაურება კვლავ გაიზარდა და შეადგენდა 1540 ლარს, 861,5 ლარით მეტს, ვიდრე იღებდა მოსარჩელე, რის გამოც უნდა მოხდეს სხვაობის 17 თვეზე დაანგარიშება, რაც ჯამურად შეადგენს 14645,5 ლარს).
16. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მხარეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივრები. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
17. პირველმა კასატორმა მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
17.1. თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 14 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა მუდმივად სიცოცხლის ბოლომდე სხვადასხვა ხარჯების ანაზღაურება, კერძოდ, ხელფასსა და პენსიას შორის სხვაობის გადახდა 100%-ით. მოპასუხე არ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას, სასამართლოს გადაწყვეტილებას და არც ავტომატურად უზრდიდა მოსარჩელეს პენსიას და არც ამის შესახებ ატყობინებდა ლოგინზე მიჯაჭვულ შშმპ-ს, რაც მისი მხრიდან არის არამარტო სსკ-ის 361-ე მუხლის და თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 14 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, არამედ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, რაშიც ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა წაახალისეს კიდეც მოპასუხე მხარე დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობისათვის;
17.2. მოსარჩელე, როგორც მან განმარტა სასამართლოზე, დროდადრო ურეკავდა ბუღალტერს და ეკითხებოდა ხელფასების თაობაზე, თუმცა, ქალბატონი ბუღალტერი პასუხობდა, რომ: „ჯერჯერობით არაფერია“. მოსარჩელეც დარწმუნებული იყო, რომ ქალბატონი ბუღალტერი, რომელსაც თვლიდა, რომ მის მიმართ კეთილგანწყობილი იყო, აბსოლუტურ სიმართლეს ეუბნებოდა. მოსარჩელეს 2025 წლის მარტში, როდესაც მას ქუჩაში ასეირნებდა მომვლელი, შემთხვევით შეხვდა მოპასუხე კომპანიაში მომუშავე მისი ყოფილი თანამშრომელი, რომელმაც მას უთხრა, რომ მოპასუხე კომპანიაში ხელფასები რამდენჯერმე იყო გაზრდილი;
17.3. მოსარჩელემ იცოდა, რომ ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირი იყო მოპასუხე, მაგრამ მან არ იცოდა, რომ ხელფასების ზრდა მიმდინარეობდა მოპასუხე კომპანიაში მის საშტატო ერთეულზე მომუშავე პერსონალისთვისაც. მან, როცა გაიგო ამის შესახებ, მყისიერად მიმართა ადვოკატს, რათა გადაემოწმებინა მისი ყოფილი თანამშრომლისგან მიწოდებული ინფორმაციის სისწორე და გამოეთხოვა ინფორმაცია მოპასუხე კომპანიიდან. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა კი ლოგინზე და ეტლზე მიჯაჭვული პიროვნება დაავალდებულეს, რატომ ვერ გაიგო მან მყისიერად თავისი უფლებების შესახებ;
17.4. აღნიშნულს ისიც ადასტურებს, რომ 2011 წლის შემდეგ, მოსარჩელემ არაერთხელ აწარმოა სასამართლო დავა მოპასუხის წინააღმდეგ. ეს ეხებოდა ხან საყოფაცხოვრებო მომვლელის, ხან სპეციალური სამედიცინო მომვლელის თანხების გადაანგარიშებას. ამას ადასტურებს საქმეში არსებული სააღსრულებო ფურცლებიც. მოსარჩელეს რომ სცოდნოდა, რომ მის უფლებებს არღვევდა მოპასუხე კომპანია, რატომ არ მიმართავდა სასამართლოს თავისი დარღვეული უფლების აღდგენისთვის, მაშინ როცა იბრძოდა საყოფაცხოვრებო და სპეციალური სამედიცინო მომვლელის თანხების გადაანგარიშებისათვის, საიდანაც მას ფაქტიურად არაფერი ერგება. მოსარჩელეს რომ სცოდნოდა უფლების დარღვევის თაობაზე, ამ დავების პარალელურად, სარჩელს დაამატებდა ერთ მოთხოვნას და ეს არ იქნებოდა ძნელი საქმე.
18. მეორე კასატორმა მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
18.1. იმ შემთხვევაში, როდესაც ზიანის მიმყენებელი, როგორც ბრალეული მხარე, ვალდებულია იხადოს სარჩო, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის საკითხი სპეციფიკურად რეგულირდება. პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა სხვადასხვა გარემოებებიდან გამომდინარე ყოველთვის არ არის შესაძლებელი. ამასთან, მისი აღდგენა მხარეს სრულად მხოლოდ მაშინ შეიძლება დაეკისროს, როდესაც სახეზეა აშკარად დაკარგული აქტივი ფაქტობრივად დამდგარი თუ მიუღებელი შემოსავლის სახით. მოცემულ შემთხვევაში შეუძლებელია განისაზღვროს ზუსტად აქტივი, რომელსაც მხარე აუცილებლად მიიღებდა სრულად იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ის მოითხოვს. უამრავ ფაქტორს შეიძლებოდა მოეხდინა გავლენა იმ გარემოების არსებობა-არარსებობაზე, რომლის პირობებშიც მოსარჩელე ან მიიღებდა, ან ვერ მიიღებდა იმ აქტივს, რასაც დღესდღეობით ითხოვს, როგორც მიუღებელ შემოსავალს;
18.2. მოქმედი კანონმდებლობით არ არის დარეგულირებული დანიშნული სარჩოს გადაანგარიშების წესი და შესაბამისად, შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ ხელფასის მატების შესაბამისად აუცილებლად უნდა მოხდეს სარჩოს გადაანგარიშებაც;
18.3. პირზე მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების დაკისრების ერთ-ერთი ამოსავალი წერტილია მისი მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობა, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს. განსხვავებით სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობისგან, როდესაც მხარეს ყოველთვის შეიძლება ჰქონდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ლეგიტიმური მოლოდინი, ეს მოლოდინი დასაქმებულს ვერანაირად ვერ ექნება შრომითი სამართლებრივი ურთიერთობის დროს, რამდენადაც მოქმედი საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლი შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის სხვადასხვა ჩამონათვალს შეიცავს და შესაბამისად, შეუძლებელია იმის თქმა, რომ დასაქმებული აუცილებლად იმუშავებდა მოპასუხე კომპანიაში საპენსიო ასაკამდე (თუნდაც მას ვალდებულება ჯეროვნად შეესრულებინა) და მიიღებდა მთელი ამ წლების განმავლობაში შრომის ანაზღაურებას. ყოველივე მხოლოდ სავარაუდო ხასიათს ატარებს. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, სსკ-ის 411-ე მუხლის შემადგენლობა არ იქმნება და სასამართლოს მხრიდან მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად მისი მითითება უადგილოა;
18.4. უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია სასამართლოს განჩინება ეტლისა და სპეციალური ბალიშის შეძენის ღირებულების დაკისრების ნაწილში. 1998 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებაში მკაფიოდ არის განსაზღვრული/გაწერილი ყველა ვალდებულება, რომლის ანაზღაურებაც მოპასუხეს დაევალა. ასევე საგულისხმოა, რომ 2 წლის წინ მოპასუხემ ნებაყოფლობით, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე აუნაზღაურა მოსარჩელეს შეძენილი ეტლის ღირებულება. სასამართლომ ვერ მიუთითა ეტლისა და სამედიცინო ბალიშის თანხის ანაზღაურების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. გაუგებარია სასამართლოს მსჯელობა, როდესაც გადაწყვეტილებაში თანხის დაკისრების ერთადერთ საფუძვლად და არა - სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებს, რომ დაკისრებული სარჩო ვერ ფარავს ეტლისა და სამედიცინო ბალიშის შეძენის ღირებულებას. მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველი არ ყოფილა აქტივის შეძენის თანხის უქონლობა, მას ამის დამადასტურებელი მტკიცებულებაც არ წარმოუდგენია და ვერც წარმოადგენდა, მით უმეტეს იმ რეალობის გათვალისწინებით, რომ ყველა საჭიროებებისათვის - წამლის, პამპერსის, კვების, თეთრეულის, სამედიცინო და საყოფაცხოვრებო მომვლელის, საწვავის, ავიაბილეთების, საკურორტო მომსახურებისა თუ სარჩოს გათვალისწინებით მოსარჩელეს მოპასუხე უნაზღაურებს. მოსარჩელე მოთხოვნის საფუძველად მხოლოდ 1998 წლის გადაწყვეტილებას მიუთითებდა, ხოლო სასამართლომ სხვა საფუძვლით დააკმაყოფილა ეტლისა და სამედიცინო ბალიშის შეძენის ღირებულება. შედარებისთვის, დასაქმებულისათვის თანამდებობრივი სარგოს/ხელფასის განსაზღვრისას არსად არ არის გათვალისწინებული, რომ პირმა აღნიშნული ხელფასით უნდა შეიძინოს ტრანსპორტირების საფასური, საკვები ან შეიძინოს რაიმე სახის აქტივი, მაგალითად, ავტოსატრანსპორტო საშუალება/მანქანა. ამდენად, გაუგებარი და სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია აღნიშნულ ნაწილშიც სასამართლოს გადაწყვეტილება.
19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 21 მაისისა და ამავე წლის 2 ივნისის განჩინებებით მხარეთა საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
20. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
21. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
22. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
23. განსახილველ შემთხვევაში ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილებულია და მოპასუხეს გადაანგარიშებული (გაზრდილი) სარჩოს გადახდის ვალდებულება დაეკისრა. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით ორივე მხარის მიერ არის გასაჩივრებული.
24. ინდივიდუალური შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით [საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 58-ე მუხლი]. პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი [სსკ-ის 992-ე მუხლი]. წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ გამოიყენება ასევე სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ, თუკი ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს [სსკ-ის 326-ე მუხლი]. იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება [სსკ-ის 408.1 მუხლი]. თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით [სსკ-ის 408.2 მუხლი]. ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო [სსკ-ის 411-ე მუხლი].
25. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზანია დაზარალებულის მდგომარეობის აღდგენა იმგვარად, რომ მივიღოთ ზიანის მიყენებამდე არსებული მდგომარეობა, თეორიულად განხორციელდეს ე.წ. რესტიტუცია, რაც პრაქტიკულად დაზარალებულის იმ პირობებში ჩაყენებას გულისხმობს, რომელიც ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობისას იქნებოდა სახეზე. სადავო შემთხვევაშიც, სარჩოს გადაანგარიშების მიზანს დაზარალებულისათვის იმ მატერიალური დანაკლისის შევსება წარმოადგენს, რასაც დაზარალებული მიიღებდა სარჩოს მიღების საფუძვლის - დაზიანების (უბედური შემთხვევის) ფაქტის არარსებობისას, რაც იმას ნიშნავს, რომ მხედველობაშია მისაღები ზოგადი კრიტერიუმი დაზარალებულის მხრიდან (დელიქტის არარსებობის პირობებში) აქტიური შრომისუნარიანობის შესახებ. რაც შეეხება იმავე მუხლის მე-2 ნაწილს, იგი მიუთითებს, რომ ზიანის ანაზღაურების ოდენობის დასადგენად მნიშვნელოვანია შეფასდეს, რა დრომდეა ვალდებული საწარმო გადაუხადოს დაზარალებულს კომპენსაცია. ამდენად, შეფასებას საჭიროებს გარემოება, რომელიც პირის დასაქმების პერიოდს უკავშირდება (შედ. იხ. სუსგ საქმე №ას-52-48-2017, 26 ოქტომბერი, 2018 წელი).
26. ზიანის ანაზღაურების სამართალში, როდესაც საქმე ეხება შრომისუნარიანობის შემცირებას ან დაკარგვას, ეს „არ განისაზღვრება აბსტრაქტულად, დაზიანების ხარისხის შესაბამისად, არამედ, კონკრეტულად, რეალური შემოსავლის დაკარგვის მიხედვით. თუ დაზიანების გამო დაზარალებული ვეღარ ახერხებს შემოსავლის მომტანი საქმიანობის გაგრძელებას, ზიანის ანუ სარჩოს ოდენობის გამოთვლისათვის გადამწყვეტია, თუ რამდენად შეუძლია მას, გამოიყენოს შერჩენილი შრომის უნარი. ანაზღაურებადია ასევე მთელი ის ზიანი, რაც დაზარალებულს ადგება, შრომისუნარიანობის ნაწილობრივ შენარჩუნების ან აღდგენის მიუხედავად, ახალი სამუშაოს პოვნის შეუძლებლობით. თვითდასაქმებულისა და დაქირავებული მუშაკის შემთხვევაში მოქმედებს ვარაუდი, რომ დაზიანების გარეშე ის განაგრძობდა მუშაობას და მიიღებდა შესაბამის ხელფასს“ (იხ. რუსიაშვილი გიორგი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, ჭანტურია (რედ.), 2019, მუხლი 408, ველი 29).
27. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, პრეზუმირებულია, რომ ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის პირობებში, დასაქმებული საპენსიო ასაკამდე იმუშავებდა. შესაბამისად, სწორედ ამ პერიოდამდე იქნებოდა ვალდებული საწარმო აენაზღაურებინა მისთვის ხელფასი, რომ არ დამდგარიყო სარჩოს ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამასთან, საკასაციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ, მართალია, ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის პირობებში დაზარალებული საპენსიო ასაკამდე იმუშავებდა, თუმცა დაზარალებულისათვის ყოველთვიური სარჩოს გადახდის ვალდებულება მისი სიცოცხლის განმავლობაში კვლავაც ეკისრება საწარმოს (იხ. სუსგ საქმე №ას-349-349-2018, 18 ივნისი, 2020 წელი; №ას-1216-1141-2015, 03 ივნისი, 2016 წელი; №ას-1220-1145-2015, 03 ივნისი, 2016 წელი; №ას-1180-1141-2016, 31 მარტი, 2017 წელი). ამდენად, დასაქმებულის სასარგებლოდ სარჩოს გადახდის ვალდებულება საწარმოს ეკისრება დაზარალებულის სიცოცხლის ბოლომდე, ხოლო, დაკისრებული სარჩო ხელფასის ზრდის შესაბამისად გადაანგარიშებას აღარ ექვემდებარება მას შემდეგ, რაც დაზარალებული საპენსიო ასაკს მიაღწევს (იხ. სუსგ საქმე №ას-349-349-2018, 18 ივნისი, 2020 წელი; №ას-1216-1141-2015, 03 ივნისი, 2016 წელი; №ას-1220-1145-2015, 03 ივნისი, 2016 წელი; №ას-799-766-2016, 08 მაისი, 2017 წელი; №ას-1180-1141-2016, 07 აპრილი, 2017 წელი).
28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება ჰქონდა მოეთხოვა სარჩოს გადაანგარიშება გაზრდილი ხელფასის შესაბამისად საპენსიო ასაკამდე, რამდენადაც დიდი ალბათობით იგი იმუშავებდა თავისი პროფესიით და მიიღებდა იმ შეღავათებს და უპირატესობას, რასაც ანალოგიურ, თანაბარ პირობებში მყოფი დასაქმებული. ამდენად, ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების - საწარმოო ტრავმის არარსებობისა და შრომის უნარის შენარჩუნების პირობებში, მოსარჩელე მიიღებდა გაზრდილ ხელფასს, ე.ი. სახეზე იყო ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით (სსკ-ის 411-ე მუხლი), ხოლო მოსარჩელის მოთხოვნას, რომ სარჩო ხელფასის ზრდის შესაბამისად გადაანგარიშდეს საპენსიო ასაკის მიღწევის შემდგომაც, არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი. ამდენად, არსებობდა მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ სარჩოს სახით 2022 წლის მაისიდან 2022 წლის დეკემბრის ჩათვლით პერიოდისთვის ხელფასსა და პენსიას შორის მიუღებელი სხვაობის - დასაბეგრი 4892 (611,5X8) ლარის, ასევე 2023 წლის იანვრიდან 2024 წლის 11 ივნისამდე (მოსარჩელე საპენსიო ასაკის გახდა 2024 წლის 11 ივნისს) პერიოდისთვის ხელფასსა და პენსიას შორის მიუღებელი სხვაობის, ყოველთვიურად დასაბეგრი 861.5 ლარის და 2024 წლის 11 ივნისიდან ყოველთვიურ ხელფასსა და პენსიას შორის სხვაობის, დასაბეგრი 1540 ლარის ოდენობით, გადაწყვეტილების აღსრულებამდე (სარჩელით მოთხოვნილია თანხის დაკისრება გადაწყვეტილების აღსრულებამდე) გადახდის დაკისრების საფუძველი.
29. რაც შეეხება მოსარჩელის შედავებას 2011 წლის ნოემბრიდან 2022 წლის 20 მაისამდე პერიოდზე სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულად ცნობის ნაწილში, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დელიქტით გამოწვეული პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებების მიმართ მოქმედებს სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა [სსკ-ის 1008-ე მუხლი: დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ; 326-ე მუხლი: წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ გამოიყენება ასევე სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ, თუკი ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს; 129.2 მუხლი: ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია].
30. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის სწორი გამოთვლისათვის არსებითია, ზუსტად დადგინდეს მოთხოვნის წარმოშობის დრო. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ხანდაზმულობის ვადა უნდა აითვალოს იმ მომენტიდან, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა მოპასუხე კომპანიაში ხელფასების ზრდის თაობაზე.
31. ხანდაზმულობის ვადა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როცა პირმა შეიტყო ან პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ [სსკ-ის 130.1. მუხლი]. ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენის დასაწყისი დაკავშირებულია ობიექტურ მომენტთან - უფლების დარღვევის ფაქტთან და სუბიექტურ მომენტთან - დრო, როდესაც უფლებამოსილი პირისათვის უფლების დარღვევის შესახებ ცნობილი გახდა ან გარემოებათა გათვალისწინებით უფლების დარღვევის ფაქტი უნდა შეეტყო. როგორც წესი, ივარაუდება, რომ პირი უფლების დარღვევის ფაქტს მისი დადგომისთანავე შეიტყობს ან საშუალო გულისხმიერების გამოჩენის შემთხვევაში შეეძლო შეეტყო ამ ფაქტის თაობაზე. აღნიშნულის საწინააღმდეგოს, ანუ უფლების დარღვევის დაგვიანებით შეტყობის შესახებ მტკიცების ტვირთი უფლებადარღვეულ პირს ეკისრება. თუ დადგინდება, რომ პირმა თავისი დაუდევრობის (გულგრილობის) გამო ვერ გაიგო უფლების დარღვევის შესახებ, მაშინ ხანდაზმულობის ვადის დენა დაიწყება იმ მომენტიდან, როცა საქმის გარემოებების მიხედვით პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ (იხ. ნ.კვანტალიანი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, თბილისი, 2017 წელი, გვ. 732-733). სსკ-ის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის ვადის ათვლის სუბიექტური ფაქტორის განსაზღვრისას, პოზიტიურ ცოდნასთან ერთად ითვალისწინებს ბრალეულ არცოდნასაც. თუ დადგინდება, რომ პირმა თავისი დაუდევრობის გამო ვერ გაიგო უფლების დარღვევის თაობაზე, ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყება იმ მომენტიდან, როცა საქმის გარემოებებიდან გამომდინარე პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ (იხ. დამატებით: ზურაბ ახვლედიანი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი კომენტარი, წიგნი პირველი, თბილისი, 1999 წელი, მუხლი 130, გვერდი 320) (იხ. სუსგ საქმე №ას-740-2025, 16 იანვარი, 2026 წელი).
32. განსახილველ შემთხვევაში პირველი კასატორი უთითებს, რომ მან ინფორმაცია ხელფასების ზრდის თაობაზე შეიტყო 2025 წელს, თუმცა, იმ პირობებში, როდესაც მისთვის ცნობილი იყო ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირი, უფრო მეტიც, მას მანამდეც მიმართული ჰქონდა სასამართლოსთვის, რომლის შედეგად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე, მოპასუხეს დაეკისრა სარჩოსა და ხელფასს შორის სხვაობის გადახდა, ამასთან, როგორც საკასაციო საჩივარში თავად განმარტავს, იგი აწარმოებდა სხვადასხვა სასამართლო დავას მოპასუხის წინააღმდეგ და მისთვის აღნიშნულის მოთხოვნა არ წარმოადგენდა სიძნელეს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მას მეტი გულისხმიერების გამოჩენის შემთხვევაში, უნდა შეეტყო მოპასუხე კომპანიაში ხელფასების ზრდის თაობაზე. ხელფასების ზრდის საკითხის გამოკვლევა შედიოდა მოსარჩელის შესაძლებლობაში, შესაბამისად, მის მიერ აღნიშნული შესაძლებლობის დროული გამოუყენებლობა ხანდაზმულობის ვადის ათვლის საწყის წერტილზე გავლენას ვერ მოახდენს.
33. რაც შეეხება მოპასუხე კომპანიის საკასაციო პრეტენზიებს, ნაწილობრივ მათზე პასუხები გაცემულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ზემოთ მოხმობილ პრაქტიკაში, შესაბამისად, საკასაციო პალატა მათზე აღარ იმსჯელებს, ხოლო, რაც შეეხება შედავებას ეტლისა და სპეციალური ბალიშის შეძენისთვის გადახდილი თანხის 4514 ლარის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში, საკასაციო სასამართლო მიუთითებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ 1990 წლის დეკემბერში მოსარჩელემ მიიღო საწარმოო ტრავმა და გახდა პირველი ჯგუფის ინვალიდი, ეტლით მოსარგებლე პირი, მკვეთრად გამოხატული შესაძლებლობებით. დადგენილია ასევე, რომ ქალაქ თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 14 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სხვადასხვა ხარჯების, მათ შორის, პენსიასა და ხელფასს შორის სხვაობის გადახდა მუდმივად, 100%-ის ოდენობით. მოპასუხე მოსარჩელეს 2020 წლიდან 2025 წლის ჩათვლით, უნაზღაურებს საკვების, მედიკამენტების, პირადი ჰიგიენის, საწვავის, მომვლელის, ხელფასის, მასაჟის, თეთრეულის და სპეციალური სამედიცინო მომვლელის ხარჯებს. ამასთან, 2022 წელს შეუძინა ეტლი, რომლის ღირებულებაც შეადგენდა 4583,75 ლარს. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ გარემოება ეტლის/სპეციალური ბალიშის ღირებულების ან მისი საჭიროების არარსებობასთან დაკავშირებით, შედავებული არ არის. საკასაციო პალატის მოსაზრებით, გასაზიარებელი არ არის და მოცემული შემთხვევისთვის არარელევანტურია მოპასუხე კომპანიის მიერ საკასაციო საჩივარში მოხმობილი მაგალითი, რომ დასაქმებულისათვის თანამდებობრივი სარგოს/ხელფასის განსაზღვრისას არსად არ არის გათვალისწინებული ტრანსპორტირების საფასური, საკვების ან ავტოსატრანსპორტო საშუალების შეძენის შესაძლებლობა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საწარმოო ტრავმის ანუ ზიანის არარსებობის შემთხვევაში, მოსარჩელეს არ წარმოეშობოდა ეტლისა და სპეციალური ბალიშის შეძენის საჭიროება. ვინაიდან აღნიშნული ტრავმის შედეგად, იგი გახდა ეტლით მოსარგებლე პირი, სწორედ მოპასუხე მხარეა ვალდებული უზრუნველყოს იგი აღნიშნული ნივთებით. ამასთან, მათი ღირებულება გათვალისწინებული ვერ იქნება მისთვის გასაცემ სარჩოში, რაც წარმოადგენს იმ მინიმუმს, რასაც მხარე ისედაც მიიღებდა, რომ არა ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. გამომდინარე აქედან, მოპასუხე ვალდებულია მოსარჩელის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საჭიროებები სრულად დააკმაყოფილოს [სსკ-ის 408.1 მუხლი: იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება].
34. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივრებს, რის გამოც მათ უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
35. საკასაციო პალატა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ მოსარჩელის შუამდგომლობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შემთხვევაში სასამართლო მსჯელობს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის მიზანშეწონილობაზე [სსსკ-ის 408-ე მუხლი]. ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, არ არსებობს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ მოსარჩელის შუამდგომლობის დაკმაყოფილების ფაქტობრივი საფუძველი.
36. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მეორე კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2499,75 ლარის 70% – 1749,82 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გ.ჩ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. გ.ჩ–ძის შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
3. სს „ს.რ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
4. კასატორი გ.ჩ–ძე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
5. კასატორს სს „ს.რ–ას“ (ს/კ: .......) დაუბრუნდეს მის მიერ 2026 წლის 29 მაისს №570 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2499,75 ლარის 70% – 1749,82 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი
ა. ძაბუნიძე