დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
21 სექტემბერი 2026 წელი
საქმე №ას-899-2026 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ნ.ტ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე - შ.პ.ს. „ე.კ–ი“
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 15 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, საქმის სააპელაციო სასამართლოსთვის განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი - ქმედების დავალდებულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ნ.ტ–ძემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე - შ.პ.ს. „ე.კ–ი“-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხის დავალდებულება, მიეღო მოსარჩელისაგან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, კერძოდ, 43 000 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის ძირითადი თანხა და 2 550 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის პროცენტული სარგებელი.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 08 ივნისის განჩინებით (საქმე NN191-უზრ/2016) გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხეს აეკრძალა მოსარჩელის მიერ გირაოს სახით შეტანილი (ხელშეკრულება N06-0646, თარიღი: 02.06.2016) გირავნობის საგნის შეფასებისა და მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული დაგირავებული ნივთების რეალიზაცია.
3. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 15 მაისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
4.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 14 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი მიჩნეული იქნა ხარვეზიანად და აპელანტს დაევალა, განჩინების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში: წარმოედგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი და მისი ელექტრონული ვერსია CD დისკის სახით; მიეთითებინა სააპელაციო საჩივრის ფასი და მისგან გამომდინარე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა; გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა და არაუმეტეს 5000 ლარისა და, წარმოედგინა გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი. განემარტა აპელანტს, რომ დანიშნული ვადის დაცვით ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სასამართლო გამოიტანდა განჩინებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
4.2. 2025 წლის 31 დეკემბერს აპელანტის წარმომადგენელმა წარმოადგინა დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი და მისი ელექტრონული ვერსია და ხარვეზის სრულად შესავსებად ვადის შვიდი დღით გაგრძელება მოითხოვა, იმ საფუძვლით, რომ აპელანტი არ იმყოფებოდა ქ. ბათუმში, იგი დიაგნოსტიკურ კვლევებს გადიოდა და ვერ ხერხდებოდა მასთან შეხვედრა.
4.3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 10 იანვრის განჩინებით, აპელანტის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ხარვეზის სრულად შესავსებად განსაზღვრული ვადა განჩინების ასლის აპელანტისთვის ჩაბარებიდან შვიდი დღით გაგრძელდა.
4.4. 2026 წლის 20 თებერვალს აპელანტის წარმომადგენელმა სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა და ხარვეზის სრულად შესავსებად განსაზღვრული ვადის ხუთი დღით გაგრძელება მოითხოვა, იმ მიზეზით, რომ აპელანტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო რეგიონში არ იმყოფებოდა და მასთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა.
4.5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 02 მარტის განჩინებით, აპელანტის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ხარვეზის სრულად შესავსებად განსაზღვრული ვადა განჩინების ასლის აპელანტისთვის ჩაბარებიდან ხუთი დღით გაგრძელდა. აპელანტს კვლავ განემარტა, რომ ხარვეზის დადგენილ ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.
4.6. 2026 წლის 07 მაისს აპელანტის წარმომადგენელმა სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა. მან მიუთითა, რომ აპელანტის ეკონომიკური მდგომარეობის გამო 4 910.29 ლარის სახელმწიფო ბაჟის სრულად გადახდა ვერ ხერხდებოდა. განცხადებას თან ერთვოდა 2026 წლის 06 მაისის საბანკო ქვითარი 200 ლარის გადახდის შესახებ. წარმომადგენელმა მოითხოვა აღნიშნული თანხის გადახდილად ჩათვლა და სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის გადახდის გადავადება.
4.7. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების ან მისი ოდენობის შემცირების საკითხის გადაწყვეტისას მხარემ უნდა წარადგინოს მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები, რაც აპელანტს არ განუხორციელებია. სასამართლოს მითითებით, სააპელაციო საჩივარი ექვს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ხარვეზის ეტაპზე იმყოფებოდა; აპელანტს სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად განსაზღვრული ვადა ერთი და იმავე საფუძვლით ორჯერ გაუგრძელდა, თუმცა ხარვეზი არ გამოუსწორებია. შესაბამისად, არ ვლინდებოდა ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის მესამედ გაგრძელების საფუძველი.
4.8. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, საქმის მასალებში არსებული გზავნილის თანახმად, 2026 წლის 02 მარტის განჩინება აპელანტის წარმომადგენელს გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე, ქ. ბათუმში, .......... და 2026 წლის 30 აპრილს ჩაბარდა მის თანაშემწეს. ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ხუთდღიანი ვადა 2026 წლის 05 მაისს, 24:00 საათზე, ამოიწურა. ვინაიდან აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო.
5. სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების მოთხოვნით კერძო საჩივარი წარმოადგინა მოსარჩელემ. კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად იქნა განუხილველად დატოვებული.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებული იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
8. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის დაცვით. შესაბამისად, წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია, ხარვეზის შეუვსებლობის მოტივით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერების საკითხი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ, განსახილველ შემთხვევაში, სწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.
10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. განსახილველ შემთხვევაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ 2026 წლის 02 მარტის განჩინება აპელანტის წარმომადგენელს სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა და 2026 წლის 30 აპრილს ჩაბარდა მის თანაშემწეს (იხ. ჩაბარების დასტური, ტ.3, ს.ფ. 50, 51), რაც ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად აპელანტის წარმომადგენლისათვის ჩაბარებად მიიჩნევა. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, ხარვეზის შესავსებად დადგენილი 5-დღიანი ვადის ათვლა ჩაბარების მომდევნო დღეს, 2026 წლის 01 მაისს დაიწყო და იმავე წლის 05 მაისს დასრულდა, თუმცა აღნიშნული ვადის დაცვით აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.
11. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ აპელანტის წარმომადგენლის განცხადება, რომლითაც იგი 200 ლარის სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში ჩათვლასა და დარჩენილი ნაწილის გადახდის გადავადებას ითხოვდა, ფოსტას 2026 წლის 06 მაისს ჩაბარდა და სააპელაციო სასამართლოში 2026 წლის 07 მაისს დარეგისტრირდა. 2026 წლის 06 მაისით თარიღდება 200 ლარის გადახდაც (იხ. ტ.3, ს.ფ. 52-55). ამდენად, განცხადება ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადის გასვლის შემდგომ იქნა წარდგენილი. ამ პირობებში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის გათვალისწინებით, არ არსებობდა არა მხოლოდ ამავე კოდექსის 48-ე მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების, არამედ ამ საკითხზე მსჯელობის საფუძველიც.
12. საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში უთითებს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლი ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებას, რაც სასამართლოს ვალდებულებაა. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი ემსახურება თითოეული პირის უფლებას, განხილულ იქნეს მისი პრეტენზია, საამისოდ კი, საპროცესო კოდექსითვე დადგენილია ის მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სააპელაციო საჩივარი (ს.უ.ს.გ: №ას-851-817-2016, 04.11.2016წ.; №ას-1615-2019, 14.01.2020).
საკასაციო პალატა აქვე განმარტავს, რომ ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა ემსახურება საქმის განხილვის გონივრულ ვადაში დასრულებასა და მხარეთა საპროცესო თანასწორობის დაცვას. ამ ვადის გაგრძელებით სასამართლო მხარეს აძლევს რეალურ შესაძლებლობას, აღმოფხვრას სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის დამაბრკოლებელი გარემოება, თუმცა ვადის გაგრძელება არ შეიძლება იქცეს საქმის წარმოების განუსაზღვრელი დროით გაჭიანურების საშუალებად. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი ექვს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ხარვეზის ეტაპზე იმყოფებოდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ხარვეზის გამოსასწორებლად ვადის გაგრძელების შესახებ აპელანტის მიერ განმეორებით წარდგენილი შუამდგომლობები, ხოლო დადგენილი ვადის ამოწურვის შემდგომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების მოთხოვნა, ობიექტურად იწვევდა საქმის განხილვის გაუმართლებელ გაჭიანურებას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი მართებულად დატოვა განუხილველად.
13. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორს სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის დაცვით ხარვეზი არ გამოუსწორებია, ამასთან, მას არაერთხელ გაუგრძელდა ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული საპროცესო ვადა და მიეცა საკმარისი დრო მის აღმოსაფხვრელად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ ვლინდება, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ.ტ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 15 მაისის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი