1. დეპარტამენტის მოსამსახურის მიმართ წახალისება და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა გამოიყენება იმ პირის მიერ, რომელსაც აქვს კონკრეტული მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების უფლება.
2. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება და წახალისება ცხადდება ბრძანებით და აღინიშნება პირად საქმეში შეტანით. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენებამდე მოსამსახურეს უნდა ჩამოერთვას წერილობითი ახსნა-განმარტება. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა უნდა შეესაბამებოდეს ჩადენილი გადაცდომის სიმძიმესა და პირის ბრალეულობის ხარისხს. პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული: გადაცდომის ხასიათი, გარემოებანი, რომელთა დროსაც იქნა იგი ჩადენილი, დამრღვევის ადრინდელი ყოფაქცევა, მისი დამოკიდებულება სამსახურისადმი, სამსახურებრივი სტაჟი და პროფესიული მომზადების დონე.
3. პირს, რომელსაც უფლება აქვს გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, შეუძლია დისციპლინური წარმოების დაწყებიდან 24 საათის განმავლობაში მოსამსახურე ჩამოაშოროს სამსახურს. ასეთი საფუძვლით სამსახურს ჩამოშორებულ მოსამსახურეს უნარჩუნდება თანამდებობრივი სარგო.
4. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა გამოიყენება გადაცდომის გამოვლენისთანავე, დისციპლინური წარმოების დამთავრებიდან და შესაბამისი დასკვნის შედგენიდან არა უგვიანეს ერთი თვისა, მოსამსახურის ავადმყოფობის ან შვებულებაში ყოფნის დროის ჩაუთვლელად. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს გადაცდომის ჩადენის დღიდან 1 წლის გასვლის შემდეგ, ხოლო რევიზიის ან საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შემოწმების შედეგების მიხედვით არა უგვიანეს ორი წლისა მისი ჩადენის დღიდან. ამ ვადაში არ შედის სამსახურებრივი შემოწმებისა და სისხლის სამართლის საქმის წარმოების დრო.
5. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ძალაში შედის დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს ერთი თვისა პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების დღიდან, თუ ეს ვადა არ იქნა დაცული, პასუხისმგებლობის ზომა ძალას კარგავს.
6. დისციპლინური პასუხისმგებლობა დეპარტამენტის მოსამსახურის მიმართ ითვლება მოხსნილად, თუ ერთი წლის განმავლობაში მას არ დაედო ახალი პასუხისმგებლობის ზომა, ხოლო წახალისების წესით დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა შეიძლება მოიხსნას ერთი წლის ვადის გასვლამდეც.
7. დეპარტამენტის მოსამსახურის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება არ შეიძლება სამსახურებრივი ურთიერთობების შეჩერების პერიოდში, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
8. ჩადენილი გადაცდომის შინაარსისა და სიმძიმის გათვალისწინებით შეიძლება დადგეს გადაცდომის ჩამდენი პირის უშუალო უფროსის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხიც.
9. დისციპლინური გადაცდომის ამსახველი დასკვნა და ბრძანება დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების თაობაზე შეიტანება მოსამსახურის პირად საქმეში.
10. მოქმედი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მქონე მოსამსახურის სამსახურებრივი დაწინაურება ან მორიგ წოდებაზე წარდგენა არ შეიძლება