1. კადეტთა თვითმმართველობა არის კადეტთა არჩევითი ორგანო, რომელიც წარმოადგენს ლიცეუმის სტრუქტურულ ერთეულს.
2. კადეტები ირჩევენ საკუთარ თვითმმართველობას.
3. კადეტები თავიანთ წარმომადგენლებს თვითმმართველობაში ირჩევენ თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, ჯგუფების მიხედვით თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპის დაცვით, შემდეგი წესით:
ა) თვითმმართველობის არჩევნები ტარდება სასწავლო წლის დაწყებიდან არა უგვიანეს 1 თვის ვადაში;
ბ) კადეტთა თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების თარიღს ნიშნავს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე;
გ) კადეტთა თვითმმართველობაში თითოეული კლასის/ჯგუფის კადეტები ირჩევენ თითო წარმომადგენელს მომდევნო სასწავლო წელს სამეურვეო საბჭოს მიერ კადეტთა თვითმმართველობის ახალი არჩევნების ჩატარებამდე;
დ) კადეტთა თვითმმართველობების არჩევნებში კადეტების მიღების უფლება აქვს ყველა კადეტს;
ე) თითოეული კლასის/ჯგუფის კადეტი ხმას აძლევს ერთ კანდიდატს კადეტთა თვითმმართველობაში ასარჩევად. გამარჯვებულად ითვლება კადეტი, რომელიც შესაბამის კლასში/ჯგუფში მეტ ხმას მოიპოვებს;
ვ) თუ ლიცეუმში, კლასების/ჯგუფების რაოდენობა არ აღემატება სამს, თითოეული კლასის კადეტი ხმას აძლევს 3 კანდიდატს თვითმმართველობაში ასარჩევად. ამ შემთხვევაში გამარჯვებულად ითვლება კლასში/ჯგუფში ხმების უმეტესი რაოდენობის მქონე 3 კანდიდატი;
ზ) კადეტები, რომელთაც სურთ არჩეული იყვნენ თვითმმართველობაში, რეგისტრაციას გადიან შესაბამისი კლასის დამრიგებელთან არჩევნების ჩატარებამდე არა უგვიანეს 3 დღით ადრე, დამრიგებლის არარსებობის შემთხვევაში კი – დირექტორთან;
თ) კადეტები თვითმმარველობის წევრობის კანდიდატების მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის წარმოებაზე ვრცელდება ლიცეუმის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის წარმოებისათვის დადგენილი წესი.
4. თვითმმართველობის წევრები არჩევნების შედეგების გამოქვეყნებიდან 7 დღის ვადაში საკუთარი შემადგენლობიდან სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევენ შესაბამისი თვითმმართველობის თავმჯდომარეს, რომელიც ხელმძღვანელობს კადეტთა თვითმმართველობას. თავმჯდომარე წარმოადგენს კადეტთა თვითმმართველობის წარმომადგენელს სამეურვეო საბჭოში.
5. კადეტთა თვითმმართველობა:
ა) შეიმუშავებს რეკომენდაციებს ლიცეუმის შინაგანაწესის შესახებ;
ბ) უფლებამოსილია სამეურვეო საბჭოს წარუდგინოს წინადადებები ლიცეუმისათვის ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის, მოპოვებული გრანტის განკარგვასთან დაკავშირებით;
გ) წევრთა ერთი მეხუთედის ინიციატივით ქმნის სალიცეუმო კლუბებს;
დ) ირჩევს თავის წარმომადგენელს სამეურვეო საბჭოში.
6. თვითმმართველობის წევრს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება ამ ლიცეუმში სწავლის შეწყვეტისთანავე/დასრულებისთანავე