საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის 2004 წლის 28 მარტს ჩასატარებელი ხელახალი არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.0900.000.13.070.006.400
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო
კომისიის დადგენილება №35/2004
2004 წლის 10 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის 2004 წლის 28 მარტს ჩასატარებელი ხელახალი არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 25-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1.
კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში მისვლის შეუძლებლობის შემთხვევაში ამომრჩეველი გადასატანი საარჩევნო ყუთის საშუალებით ხმის მიცემის მოთხოვნით საუბნო საარჩევნო კომისიას მიმართავს კენჭისყრის წინა დღის 15 საათამდე. ინფორმაციას კენჭისყრის დღეს სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი ამომრჩევლის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისია გადასცემს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს მე-3 დღისა.
მუხლი 2.
დადგენილი ნიმუშის საარჩევნო ბიულეტენი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევა ბათილად, თუ:
ა) საარჩევნო ბიულეტენი დამოწმებული არ არის საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდითა და საარჩევნო ბიულეტენზე ხელმომწერი კომისიის ორივე წევრის ხელმოწერით;
ბ) შეუძლებელია იმის დადგენა, რომელ საარჩევნო სუბიექტს მისცა ხმა ამომრჩეველმა;
გ) სპეციალურ კონვერტში აღმოჩნდა დადგენილ რაოდენობაზე მეტი საარჩევნო ბიულეტენი;
დ) სპეციალური კონვერტი არ არის დადგენილი ნიმუშისა;
ე) საარჩევნო ბიულეტენი საარჩევნო ყუთში აღმოჩნდა სპეციალური კონვერტის გარეშე;
ვ) საარჩევნო ბიულეტენი განკუთვნილი იყო სხვა საარჩევნო უბნისათვის.
ზ) სპეციალური კონვერტი დამოწმებული არ არის საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდით.
მუხლი 3.
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია დაუყოვნებლივ მიიღოს განცხადება (საჩივარი) კენჭისყრის პროცედურების დარღვევების შესახებ, მოახდინოს სათანადო რეაგირება მასზე და აღმოფხვრას არსებული დარღვევა. თუ კომისიის თავმჯდომარემ არ აღმოფხვრა დარღვევა, ან სხვაგვარი ფორმით უარი განაცხადა განცხადებაზე (საჩივარზე) რეაგირებაზე, განმცხადებელს (მომჩივანს) უფლება აქვს განცხადება (საჩივარი) კენჭისყრის პროცედურების დარღვევის, აგრეთვე კომისიის მდივნის ან თავმჯდომარის მოქმედების შესახებ დაუყოვნებლივ წარუდგინოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.
მუხლი 4.
კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირს არა აქვს უფლება კენჭისყრის შენობაში იმყოფებოდეს სამკერდე ნიშნის გარეშე.
მუხლი 5.
2004 წელს ჩასატარებელ არჩევნებში მოქალაქეთა რეგისტრაციის, ხმის მიცემისა და კენჭისყრის პროცედურებში მონაწილეობისათვის წარსადგენი საბუთები
1. 2004 წელს ჩასატარებელ არჩევნებში მოქალაქეთა საარჩევნო რეგისტრაცია ხორციელდება ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი საბუთის წარდგენის საფუძველზე:
ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, თუ მასში აღნიშნულია მოქალაქის რეგისტრაციის ადგილი, ან საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა და საქართველოს მოქალაქის რეგისტრაციის მოწმობა;
ბ) საქართველოს მოქალაქის პასპორტი და საქართველოს მოქალაქის რეგისტრაციის მოწმობა;
გ) სსრ კავშირის სიმბოლიკიანი პასპორტი, თუ მასში აღნიშნულია ამომრჩევლის რეგისტრაციის ადგილი;
დ) სამხედრო ბილეთი (სამხედრო ძალების ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები კენჭისყრაში მონაწილეობენ სამხედრო ბილეთით ან სამხედრო ნამსახურობის ბარათით) და საქართველოს მოქალაქის რეგისტრაციის მოწმობა;
ე) დევნილის მოწმობა და საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა (საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან სსრ კავშირის სიმბოლიკიანი პასპორტი, თუ მასში აღნიშნულია ამომრჩევლის რეგისტრაციის ადგილი);
ვ) სოფელში, თემსა და დაბაში მცხოვრები ამომრჩევლისათვის – შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ გაცემული ამომრჩევლის მოწმობა.
2. 2004 წელს ჩასატარებელ ხელახალ არჩევნებში ხმის მიცემა, კენჭისყრის პროცედურებში მონაწილეობა, საარჩევნო ბიულეტენის გაცემა ხორციელდება ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი საბუთის წარდგენის საფუძველზე:
ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა;
ბ) საქართველოს მოქალაქის პასპორტი;
გ) სსრ კავშირის სიმბოლიკიანი პასპორტი, თუ მასში აღნიშნულია ამომრჩევლის რეგისტრაციის ადგილი;
დ) სამხედრო ბილეთი (სამხედრო ძალების ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები კენჭისყრაში მონაწილეობენ სამხედრო ბილეთით ან სამხედრო ნამსახურობის ბარათით);
ე) დევნილის მოწმობა და საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა (საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან სსრ კავშირის სიმბოლიკიანი პასპორტი, თუ მასში აღნიშნულია ამომრჩევლის რეგისტრაციის ადგილი);
ვ) სოფელში, თემსა და დაბაში მცხოვრები ამომრჩევლისათვის – შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ გაცემული ამომრჩევლის მოწმობა.
მუხლი 6.
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მისი გამოქვეყნებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 7.
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ზ. ჭიაბერაშვილი
კომისიის მდივანი დ. ქიტოშვილი