1. დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში მოსამართლის ბრალეულად ცნობის, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისა და მისდამი კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვის შესახებ გადაწყვეტილებას სადისციპლინო კოლეგია მაშინ იღებს, როდესაც სადისციპლინო კოლეგიაში საქმის განხილვის დროს დადასტურდა მოსამართლის მიერ ამ დებულებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ბრალეულად ჩადენა, მაგრამ დარღვევის მცირე მნიშვნელობის, ბრალის უმნიშვნელო ხარისხის გამო ან სხვა მოტივით (საკითხის დელიკატურობის გამო, მოსამართლის პიროვნების გათვალისწინებით ან სხვა მიზეზით) სადისციპლინო კოლეგიას მიზანშეწონილად არ ესახება მოსამართლისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრება და საკმარისად მიიჩნევს მის მიმართ დისციპლინური ზემოქმედების სხვა ღონისძიებას, სახელდობრ, მისთვის კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვას.
2. კერძო სარეკომენდაციო ბარათი არის სადისციპლინო კოლეგიის წერილი დისციპლინური დარღვევის ჩამდენი მოსამართლისადმი, სადაც მითითებულია მოცემული მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი და მოთხოვნა მისი დაუშვებლობის თაობაზე, რეკომენდაცია და შესაბამისი რჩევა-დარიგება მომავალში მისი აღმოფხვრისა თუ მასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის სირთულეებისა და პრობლემების დაძლევის გზებისა თუ საშუალებების შესახებ.
3. კერძო სარეკომენდაციო ბარათის შინაარსი კონფიდენციალურია. ბარათი ეგზავნება მხოლოდ დისციპლინური გადაცდომის ჩამდენ მოსამართლეს. მისი ასლის სხვა ორგანოს ან თანამდებობის პირისათვის გაგზავნა დაუშვებელია. ბარათის ასლი თან ერთვის დისციპლინურ საქმეს დალუქული პაკეტის სახით. მისი გახსნა დასაშვებია მხოლოდ მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში საქმის სადისციპლინო კოლეგიაში განხილვის დროს