1. სასაქონლო ნიშნის პრიორიტეტი დგინდება შესაბამისი განაცხადის საქპატენტში შეტანის თარიღით, თუ განაცხადზე ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზისთვის დადგენილი საფასური გადაიხდება განაცხადის შეტანიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა.

2. პრიორიტეტი სასაქონლო ნიშანზე შეიძლება დადგინდეს პარიზის კონვენციის მონაწილე სახელმწიფოში პირველი განაცხადის შეტანის თარიღით (საკონვენციო პრიორიტეტი), თუ ამ თარიღიდან განაცხადის „საქპატენტში“ შეტანის თარიღამდე გასულია არა უმეტეს 6 თვისა.

3. პარიზის კონვენციის მონაწილე სახელმწიფოს მიერ მოწყობილ, „საერთაშორისო გამოფენების შესახებ“ კონვენციით განსაზღვრულ ოფიციალურ ან ოფიციალურად აღიარებულ საერთაშორისო გამოფენაზე წარდგენილ ექსპონატზე გამოყენებული სასაქონლო ნიშნის პრიორიტეტი დგინდება ექსპონატის გამოფენაზე წარდგენის პირველი დღით (საგამოფენო პრიორიტეტი), თუ ამ დღიდან შესაბამისი განაცხადის საქპატენტში შეტანის თარიღამდე გასულია არაუმეტეს 6 თვისა. საგამოფენო პრიორიტეტი და საკონვენციო პრიორიტეტი ერთმანეთის ვადას არ აგრძელებს.

4. განმცხადებელი, რომელსაც სურს საკონვენციო ან საგამოფენო პრიორიტეტით სარგებლობა, ვალდებულია „საქპატენტში“ განაცხადის შეტანის თარიღიდან ერთი თვის ვადაში აცნობოს ამის შესახებ „საქპატენტს“ და განაცხადის შეტანიდან 3 თვის ვადაში წარადგინოს ასეთი მოთხოვნის უფლების დამადასტურებელი საბუთები.

5. საკონვენციო ან საგამოფენო პრიორიტეტის მოთხოვნის დადგენილი წესით განსაზღვრული საფასური გადაიხდება განაცხადის „საქპატენტში“ შეტანიდან ერთი თვის ვადაში.

51. განაცხადში მითითებულ სხვადასხვა საქონელს შეიძლება სხვადასხვა პრიორიტეტი დაუდგინდეს.

6. თუ რამდენიმე სასაქონლო ნიშანს დაუდგინდა ერთი და იგივე პრიორიტეტი, უპირატესობა ენიჭება სასაქონლო ნიშანს, რომლის ფაქტობრივი გამოყენება საქართველოს ტერიტორიაზე უფრო ადრე დაიწყო.

საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2380 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.3

საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4048 – ვებგვერდი, 07.03.2024