1. არბიტრაჟის გადაწყვეტილება გამოტანილ უნდა იქნეს საარბიტრაჟო განხილვის დაწყებიდან 180 დღის ვადაში. აუცილებლობის შემთხვევაში აღნიშნული ვადა შეიძლება გააგრძელოს არბიტრმა არა უმეტეს 180 დღით.
2. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება სავალდებულოა საარბიტრაჟო შეთანხმების მხარეთათვის. იგი გამოტანილ უნდა იქნეს წერილობითი ფორმით და მას ხელი უნდა მოაწეროს არბიტრმა (არბიტრებმა). საქმის რამდენიმე არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟის მიერ განხილვისას გადაწყვეტილებას ხელი უნდა მოაწეროს არბიტრების უმრავლესობამ. თუ არბიტრი უარს აცხადებს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ხელმოწერაზე ან/და განსხვავებული აზრი აქვს, ამის შესახებ უნდა აღინიშნოს გადაწყვეტილებაში. საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში უნდა აღინიშნოს მისი გამოტანის თარიღი და ადგილი.
3. გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს სამოტივაციო ნაწილს იმ მოტივებზე მითითებით, რომელთა საფუძველზედაც არბიტრაჟმა გამოიტანა გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საარბიტრაჟო შეთანხმება ითვალისწინებს სამოტივაციო ნაწილის არარსებობას, ან როდესაც საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილია მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ.
4. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ხელმოწერილი ეგზემპლარები უნდა გაეგზავნოთ მხარეებს მისი გამოტანიდან 14 დღის ვადაში.
5. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან.
6. დავის მორიგებით დასრულების შემთხვევაში, არბიტრაჟს შეუძლია მხარეთა მომართვიდან 14 დღის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მორიგების დამტკიცების საკითხი, ან თუ საჭიროდ ჩათვლის, მოიწვიოს მხარეები და მათი მონაწილეობით საარბიტრაჟო სხდომაზე გადაწყვიტოს მორიგების დამტკიცების საკითხი