ეს შეთანხმება ძალაშია, ვიდრე რომელიმე ხელშემკვრელი სახელმწიფო არ შეწყვეტს მის მოქმედებას. თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია შეწყვიტოს ამ შეთანხმების მოქმედება მისი ძალაში შესვლის დღიდან 5 წლის გასვლის შემდეგ ნებისმიერი კალენდარული წლის დასრულებამდე სულ მცირე ექვსი თვით ადრე, შეთანხმების შეწყვეტის თაობაზე დიპლომატიური არხებით შეტყობინების საშუალებით. ასეთ შემთხვევაში, შეთანხმება წყვეტს მოქმედებას ორივე ხელშემკვრელ სახელმწიფოში:

a) წყაროსთან დასაკავებელი გადასახადების მიმართ, შემოსავალზე, რომელიც მიიღება შეწყვეტის თაობაზე შეტყობინების გაგზავნის წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველი იანვრიდან ან მის შემდეგ;

b) შემოსავალზე სხვა გადასახადების მიმართ, გადასახადებზე, რომლებიც გადაიხდება ნებისმიერ საგადასახადო წელს, რომელიც იწყება შეთანხმების შეწყვეტის თაობაზე შეტყობინების გაგზავნის წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ.

რის დასტურადაც ამ შეთანხმებას ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.

შედგენილია 2007 წლის 11 ოქტომბერს ქ. ჰელსინკში, ორ პირად, თითოეული ქართულ, ფინურ და ინგლისურ ენებზე. სამივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია. დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

საქართველოს მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)

ფინეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)

ოქმი

საქართველოს მთავრობასა და ფინეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმების (შემდგომში წოდებული, როგორც „შეთანხმება“) ხელმოწერის დღეს ხელმომწერნი შეთანხმდნენ, რომ შემდეგი დებულებები წარმოადგენს ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს:

1. ამ შეთანხმებასთან მიმართებაში:

გასაგებია, რომ საქართველოს შემთხვევაში, ტერმინი „პოლიტიკური ქვედანაყოფი“ ნიშნავს ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ ერთეულს.

2. ამ შეთანხმების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის d) ქვეპუნქტთან მიმართებაში:

გასაგებია, რომ საქართველოს შემთხვევაში, ტერმინი „კომპანია“ მოიცავს საწარმოს, რომელიც საგადასახადო მიზნებისათვის განიხილება როგორც კორპორაციული წარმონაქმნი.

3. ამ შეთანხმების მე–5 მუხლის მე–3 პუნქტთან მიმართებაში:

შეთანხმდა, რომ ამ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, თუ საქართველოს და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოს შორის გაფორმებულ და ძალაში შესულ რომელიმე საგადასახადო შეთანხმებაში ან კონვენციაში სამშენებლო მოედნის, სამონტაჟო ან საამწყობო ობიექტის მუდმივ დაწესებულებად ჩათვლის პერიოდი განსაზღვრული იქნება 12 თვეზე მეტი დროით (როგორც ამას ითვალისწინებს OECD-ის სამოდელო საგადასახადო კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი), ხელშემკვრელი მხარეები გადახედავენ ამ შეთანხმების შესაბამის დებულებას იმავე მიდგომის უზრუნველყოფის მიზნით.

4. ამ შეთანხმების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებაში:

ამ შეთანხმების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის დებულებები არ გამოიყენება გადაქირავებულ მუშახელზე. წინა წინადადების მიზნებისათვის, დაქირავებული, რომელიც არის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, შეიძლება ჩაითვალოს გადაქირავებულად, თუ იგი გადადის ერთის პირის (გადამქირავებლის) განკარგვის სფეროდან მეორე პირის (პრინციპალის – ხელმძღვანელის) განკარგვის სფეროში, რათა შეასრულოს სამუშაო ამგვარი მეორე პირის საქმიანობის ფარგლებში მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, იმის გათვალისწინებით, რომ ეს პრინციპალი არის მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი ან გააჩნია მუდმივი დაწესებულება ამ მეორე სახელმწიფოში და მის გადამქირავებელს არ გააჩნია არავითარი პასუხისმგებლობა და არ ეწევა არავითარ რისკს შესრულებული სამუშაოს შედეგთან დაკავშირებით.

დაქირავებულის გადაქირავებულად მიჩნევის განსაზღვრის მიზნით უნდა ჩატარდეს სრულყოფილი ანალიზი, შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით:

a) სამუშაოს საერთო ზედამხედველობა ხორციელდება პრინციპალის მიერ;

b) სამუშაო ხორციელდება ისეთ ადგილზე, რომელიც იმყოფება პრინციპალის განკარგვის სფეროში და რომლის მიმართ მას გააჩნია პასუხისმგებლობა;

c) გადამქირავებლის ანაზღაურება გაიანგარიშება დახარჯული დროის შესაბამისად ან ნებისმიერი სხვა სახის ურთიერთობის გათვალისწინებით დაქირავებულის მიერ მიღებულ გასამრჯელოსა და ანაზღაურებას შორის;

d) ხელსაწყო-იარაღებითა და მასალების ძირითადი ნაწილით მომარაგება ხდება პრინციპალის მიერ; და

e) გადამქირავებელი ერთპიროვნულად არ განსაზღვრავს დასაქმებულთა რაოდენობასა და მათ კვალიფიკაციას.

რის დასტურადაც, ამ ოქმს ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებებით აღჭურვილმა პირებმა.

შედგენილია 2007 წლის 11 ოქტომბერს ქ. ჰელსინკში, ორ პირად, თითოეული ქართულ, ფინურ და ინგლისურ ენებზე. სამივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია. დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

საქართველოს მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)

ფინეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით

(ხელმოწერილი