1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მოგება იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში, თუ ეს საწარმო თავის საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არ ახორციელებს იქ განთავსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით. თუ საწარმო ამგვარად ახორციელებს საქმიანობას, მაშინ მისი მოგება შეიძლება დაიბეგროს მეორე სახელმწიფოში, მაგრამ მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც მიეკუთვნება ამ მუდმივ დაწესებულებას.

2. ამ მუხლის მე-3 პუნქტის დებულებების გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში ახორციელებს საქმიანობას იქ განთავსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, მაშინ თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოში ამ მუდმივ დაწესებულებას მიეკუთვნება მოგება, რომელიც მას შეიძლებოდა მიეღო, როგორც იმავე ან მსგავსი საქმიანობით დაკავებულ, იმავე ან მსგავს პირობებში მყოფ ცალკე გამოყოფილ, დამოუკიდებელ საწარმოს, რომელიც მოქმედებს იმ საწარმოსაგან სრულიად დამოუკიდებლად, რომლის მუდმივ დაწესებულებასაც იგი წარმოადგენს.

3. მუდმივი დაწესებულების მოგების განსაზღვრისას დასაშვებია იმ ხარჯების გამოქვითვა, რომლებიც გაწეულია მუდმივი დაწესებულების საქმიანობის მიზნებისათვის, მმართველობითი და საერთო ადმინისტრაციული ხარჯების ჩათვლით, იმის მიუხედავად, ეს ხარჯები იმ სახელმწიფოშია გაწეული, რომელშიც განთავსებულია მუდმივი დაწესებულება, თუ მის ფარგლებს გარეთ.

4. მუდმივ დაწესებულებას მოგება არ მიეწერება ამ მუდმივი დაწესებულების მიერ საწარმოსათვის მხოლოდ საქონლის ან ნაკეთობების შეძენის საფუძველზე.

5. წინა პუნქტების მიზნებიდან გამომდინარე, მუდმივი დაწესებულების მოგება ყოველწლიურად განისაზღვრება ერთი და იმავე მეთოდით, სანამ მის შესაცვლელად რაიმე დამაჯერებელი და საკმარისი მიზეზი არ წარმოიშობა.

6. იმ შემთხვევაში, როდესაც მოგება შეიცავს შემოსავლის ისეთ სახეობებს, რომლებიც ამ შეთანხმების სხვა მუხლებში ცალკეა განხილული, მაშინ მათზე ამ მუხლის დებულებები გავლენას ვერ იქონიებ