1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მოგება იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში, თუ ეს საწარმო თავის საქმიანობას არ ახორციელებს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განლაგებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით. თუ საწარმო ამგვარად ახორციელებს საქმიანობას, მაშინ მისი მოგება შეიძლება დაიბეგროს მეორე სახელმწიფოში, მაგრამ მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც მიეკუთვნება ამ მუდმივ დაწესებულებას.
2. ამ მუხლის მე-3 პუნქტის დებულებების გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო ახორციელებს საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იქ განლაგებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, მაშინ თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოში ამ მუდმივ დაწესებულებას მიეკუთვნება მოგება, რომელიც მას შეიძლებოდა მიეღო, როგორც იმავე ან ანალოგიური საქმიანობით დაკავებულ, იმავე ან ანალოგიურ პირობებში მყოფ ცალკე გამოყოფილ, დამოუკიდებელ საწარმოს, რომელიც მოქმედებს იმ საწარმოსაგან სრულიად დამოუკიდებლად, რომლის მუდმივ დაწესებულებასაც იგი წარმოადგენს.
3. მუდმივი დაწესებულების მოგების განსაზღვრისას დასაშვებია იმ ხარჯების გამოქვითვა, რომლებიც გაწეულია მუდმივი დაწესებულების საქმიანობის მიზნებისათვის, მმართველობითი და საერთო ადმინისტრაციული ხარჯების ჩათვლით, იმის მიუხედავად, ეს ხარჯები იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოშია გაწეული, სადაც იმყოფება მუდმივი დაწესებულება, თუ მის ფარგლებს გარეთ.
4. მუდმივ დაწესებულებას არ მიეწერება არავითარი მოგება მხოლოდ საწარმოსათვის საქონლის და ნაკეთობების შეძენის საფუძველზე.
5. წინა პუნქტების მიზნებიდან გამომდინარე, მუდმივი დაწესებულების კუთვნილი მოგება ყოველწლიურად განისაზღვრება ერთი და იმავე მეთოდით, თუ რაიმე დამაჯერებელი და საკმარისი მიზეზი არ იქნება მის შესაცვლელად.
6. იმ შემთხვევაში, როდესაც მოგება შეიცავს შემოსავლის ან კაპიტალის ნამეტი ღირებულების ისეთ სახეობებს, რომლებიც ცალკეა განხილული ამ შეთანხმების სხვა მუხლებში, მაშინ მათზე ამ მუხლების დებულებები გავლენას ვერ იქონიებ