1. ადგილსამყოფელი სახელმწიფო ნებას რთავს და იცავს საკონსულო დაწესებულების ურთიერთობის თავისუფლებას ყველა ოფიციალური მიზნისათვის. წარმდგენი სახელმწიფოს მთავრობასთან, დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან და სხვა საკონსულო დაწესებულებებთან ურთიერთობისას, საკონსულო დაწესებულებას შეუძლია ისარგებლოს ყველა სათანადო საშუალებით, მათ შორის დიპლომატიური და საკონსულო კურიერებით, კოდირებული და დაშიფრული დეპეშებით, დიპლომატიური და საკონსულო ვალიზებით. საკონსულო დაწესებულებას შეუძლია დააყენოს და ისარგებლოს რედიოგადამცემებით მხოლოდ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ნებართვით.
2. საკონსულო დაწესებულების ოფიციალური კორესპონდენცია ხელშეუხებელია. საკონსულო ვალიზა არ ექვემდებარება გახსნას ან დაკავებას. მას უნდა ჰქონდეს გარეგანი ნიშნები, რაც მიუთითებს მის ხასიათზე და უნდა შეიცავდეს მხოლოდ ოფიციალურ კორესპონდენციას, ოფიციალურ დოკუმენტებს და საგნებს, რაც განსაზღვრულია მხოლოდ ოფიციალური სარგებლობისათვის.
3. საკონსულო კურიერი უნდა იყოს წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქე, მაგრამ არა პირი, რომელიც მუდმივად ცხოვრობს ადგილსამყოფელი სახელმწიფოში. ის სარგებლობს იგივე შეღავათებით, პრივილეგიებით და იმუნიტეტით ადგილსამყოფელ სახელმწიფოში, როგორც დიპლომატიური კურიერი.
4. წარმდგენი სახელმწიფო ან საკონსულო დაწესებულება უფლებამოსილია დანიშნოს საკონსულო კურიერები ad hoc. ასეთ შემთხვევებში ამ მუხლის მე-3 პუნქტი გამოიყენება იმ განსხვავებით, რომ მასში აღნიშნული იმუნიტეტი წყდება ასეთი კურიერის მიერ მისთვის მინდობილი საკონსულო ვალიზების დანიშნულების ადგილას მიტანის მომენტიდან.
5. საკონსულო ვალიზა შეიძლება მინდობილ იქნას წარმდგენი სახელმწიფოს საზღვაო გემის ან საჰაერო ხომალდის კაპიტნისათვის, რომელსაც უნდა ჰქონდეს ოფიციალური დოკუმენტი, სადაც მითითებულია საკონსულო ვალიზის შემადგენელი შეკვრების რაოდენობა, მაგრამ ის არ ჩაითვლება საკონსულო კურიერად. საკონსულო დაწესებულების მუშაკებს შეუძლიათ თავისუფლად და პირადად გადასცენ საზღვაო ან საჰაერო ხომალდების კაპიტანს და მიიღონ მათგან საკონსულო ვალიზა