1. არბიტრაჟი თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს პირთა თანასწორობაზე დამყარებული კერძო ხასიათის იმ ქონებრივი დავას, რომლის მოწესრიგებაც მხარეებს შეუძლიათ ერთმანეთს შორის.
2. არბიტრაჟის კომპეტენციის საკითხს წყვეტს ამ დავის განმხილველი არბიტრაჟი. გადაწყვეტილებას თავისი კომპეტენციის და უფლებამოსილების შესახებ არბიტრაჟი იღებს დადგენილების სახით ან ეს საკითხი შეიძლება აისახოს საქმის არსებითად განხილვის შემდეგ საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში.
3. არბიტრაჟი ხელმძღვანელობს დებულების იმ რედაქციით, რომელიც მოქმედებს შესაბამისი საარბიტრაჟო-საპროცესო მოქმედების ჩატარების დროს.
4. თუ მხარეები სხვა რამეს არ დაადგენენ, მხარეთა შეთანხმება დავა განიხილონ ამ დებულების შესაბამისად გულისხმობს, რომ მხარეები შეთანხმებულნი არიან დავასთან დაკავშირებით არ მიმართონ არც ერთი ქვეყნის სასამართლოს ან სახელმწიფო ორგანოს არბიტრაჟის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე.
5. მხარეთა შეთანხმება, რომელიც ადგენს დებულებით დადგენილი საქმის განხილვისა და სხვა საკითხების გადაწყვეტის განსხვავებულ წესს არბიტრაჟისათვის სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი შეთანხმების უფლება მხარეებს მინიჭებული აქვთ კანონით.
6. არბიტრაჟი და მხარეები მოქმედებენ ამ დებულების შესაბამისად. ამ დებულების რომელიმე წესის განმარტების, აგრეთვე ამ დებულებით მოუწესრიგებელი პროცედურული საკითხის გადაწყვეტის უფლებამოსილება აქვს არბიტრაჟს.
7. დავის სწრაფად და ობიექტურად გადაწყვეტის ინტერესებიდან გამომდინარე, არბიტრაჟი უფლებამოსილია განახორციელოს კანონით და დებულებით აუკრძალავი ან პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი მოქმედება.
8. თუ აღმოჩნდება, რომ ამ დებულების რომელიმე ნაწილი ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას ან იურიდიული ძალის არმქონეა, ეს ფაქტი გავლენას ვერ მოახდენს მისი დანარჩენი ნაწილებისა და მთლიანად დებულების იურიდიულ ძალასა და გამოყენებადობაზე.
მუხლი 4. არბიტრაჟის შემადგენლობა, აცილება

ნაწილი I
1. არბიტრთა რაოდენობა განისაზღვრება საარბიტრაჟო შეთანხმების შესაბამისად.
2. თუ საარბიტრაჟო შეთანხმება არ განსაზღვრავს არბიტრთა რაოდენობას, არბიტრაჟი შედგება სამი წევრისაგან.
3. თუ საარბიტრაჟო შეთანხმებით არბიტრთა რაოდენობა ლუწი რიცხვით განისაზღვრება, მაშინ უკვე დანიშნული არბიტრები ვალდებულნი არიან, დანიშვნიდან 10 დღის ვადაში დანიშნონ კიდევ ერთი არბიტრი, მუდმივმოქმედი არბიტრაჟის მიერ დადგენილი არბიტრთა სიიდან, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
4. არბიტრის დანიშვნისა და უფლებამოსილების შეწყვეტის უფლება აქვს მხოლოდ არბიტრაჟს.
5. საარბიტრაჟო შეთანხმებაში პირდაპირ გათვალისწინებული მხარეთა ან მესამე პირის მიერ არბიტრის (არბიტრების) დანიშვნის (წარდგენის) უფლება გაიგება, როგორც არბიტრის (არბიტრების) კანდიდატურის წარდგენის უფლებამოსილება.
6. მხარეების მიერ არბიტრის (არბიტრების) წარდგენა უნდა მოხდეს წერილობით.
7. მხარეთა მიერ არბიტრის არჩევა ხდება, მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო დაწესებულების მიერ დამტკიცებული არბიტრთა სიიდან, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
8. თუ დავაში მონაწილეობს ორზე მეტი მხარე და არბიტრაჟის წევრთა რაოდენობა განისაზღვრება ერთზე მეტით, მოსარჩელეები და მოპასუხეები წარადგენენ არბიტრთა თანაბარ რაოდენობას არბიტრაჟის მიერ დადგენილ ვადაში და წესით.
9. მხარის ან მესამე პირის მიერ წარდგენილი არბიტრობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს კანონით, მხარეთა შეთანხმებითა და ამ დებულებით განსაზღვრულ პირობებს, წინააღმდეგ შემთხვევაში არბიტრაჟის თავმჯდომარე უფლებამოსილია უარი თქვას წარმოდგენილი კანდიდატურის არბიტრად დანიშვნაზე.
10. ერთი არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟის შემთხვევაში, თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან არბიტრის დანიშვნაზე, ერთ-ერთი მხარის მოთხოვნის საფუძველზე არბიტრს ნიშნავს სასამართლო განცხადების წარმოებაში მიღებიდან 30 დღის ვადაში.
11. სამი ან მეტწევრიანი არბიტრაჟის შემთხვევაში მხარეები წარადგენენ არბიტრთა თანაბარ რაოდენობას არბიტრაჟის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო დანიშნული არბიტრები დანიშვნიდან ხუთი დღის ვადაში ირჩევენ ერთ არბიტრს – არბიტრაჟის თავმჯდომარეს.
12. არბიტრობის კანდიდატი მის დანიშვნამდე ავსებს სპეციალურ ბლანკს, სადაც პირი წერილობით აცხადებს თანხმობას არბიტრად დანიშვნაზე და ვალდებულია მიუთითოს წერილობითი ინფორმაცია, განათლებისა და არბიტრად მუშაობის გამოცდილების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასევე ის გარემოებები, რომლებმაც შეიძლება საფუძვლიანი ეჭვი გამოიწვიოს მის მიუკერძოებლობაში, დამოუკიდებლობასა და ობიექტურობაში და ხომ არ არსებობს კანონითა და ამ დებულებით გათვალისწინებული რაიმე დამაბრკოლებელი გარემოება მის არბიტრად დანიშვნასთან დაკავშირებით.
13. არბიტრობის კანდიდატი ვალდებულია სრულად აცნობოს საარბიტრაჟო სასამართლოს იმ გარემოებათა შესახებ, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ მის მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობას ან გამოიწვიოს კანონის დარღვევა.
14. დანიშნულ არბიტრთან საარბიტრაჟო სასამართლო შეხედულებისამებრ დებს ან არ დებს ხელშეკრულებას.
15. არბიტრაჟის თავმჯდომარე უფლებამოსილებას შეუწყვეტს დანიშნულ არბიტრს და დანიშნავს ახალ არბიტრს, თუ:
ა) არბიტრი გარდაიცვალა;
ბ) არბიტრი უარს აცხადებს არბიტრობაზე;
გ) არბიტრი დაავადდა ან სხვა მიზეზებით ვერ ახორციელებს თავის ფუნქციებს და მისი უფლებამოსილების შეწყვეტას წერილობით ითხოვს მხარე (მხარეები) ან დანარჩენი არბიტრები;
დ) არბიტრაჟის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ არბიტრი განზრახ აჭიანურებს დავის განხილვას ან სისტემატურად არღვევს კანონის, საარბიტრაჟო შეთანხმებისა და ამ დებულების პირობებს, ან სამართლიანად და მიუკერძოებლად არ განიხილავს საქმეს ან ჯეროვნად არ ასრულებს თავის ფუნქციებს;
ე) არბიტრი არასაპატიო მიზეზით დატოვებს არბიტრაჟის სხდომას ან თუნდაც საპატიო მიზეზით ორჯერ არ გამოცხადდება არბიტრაჟის სხდომაზე;
ვ) ამ დებულებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
16. მე-15 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახალი არბიტრი ინიშნება (აირჩევა) იმავე წესითა და პირობებით, როგორითაც მისი წინამორბედი.
17. არბიტრის (არბიტრების) დანიშვნის და უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ არბიტრაჟის თავმჯდომარე იღებს განკარგულებას.
18. მხარეს უფლება არა აქვს შეცვალოს თავისი დანიშნული არბიტრი, თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი ან ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული დებულებით.

ნაწილი II
მხარეებს, ამ მუხლის მოთხოვნათა დაცვით, შეუძლიათ შეთანხმდნენ არბიტრის აცილების პროცედურაზე
1. მხარეს შეუძლია მოითხოვოს არბიტრის აცილება კანონით დადგენილი საფუძვლების არსებობისას, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ არსებობს რაიმე ისეთი გარემოებები, რომელიც დასაბუთებულ ეჭვს იწვევს არბიტრის მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობაში.
2. თუ განცხადებულ აცილებას ეთანხმება მეორე მხარეც, არბიტრაჟი ვალდებულია დააკმაყოფილოს იგი.
3. მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს თავისი დანიშნული არბიტრის აცილება მხოლოდ იმ გარემოებათა გამო, რომლებიც მისთვის ცნობილი გახდა არბიტრის დანიშვნის შემდეგ.
4. მხარეთა შეთანხმების არარსებობისას მხარე, რომელსაც განზრახული აქვს აცილება გამოუცხადოს არბიტრს, ვალდებულია აცილების შესახებ წერილობითი განცხადება წარუდგინოს არბიტრაჟს 15 დღის ვადაში იმ დღიდან, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა შესაბამისი არბიტრის დანიშვნა ან კანონით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, რომელიც არბიტრის აცილების საფუძველია. განცხადებაში უნდა მიეთითოს აცილების საფუძველი და მოტივები. თუ არბიტრი, რომლის აცილების საკითხიც განიხილება, არ აცხადებს თვითაცილებას ან თუ მეორე მხარე არ ეთანხება აცილებას წერილობითი განცხადების წარდგენიდან 30 დღის ვადაში, მაშინ აცილების საკითხს გადაწყვეტს არბიტრაჟი ამ ვადის ამოწურვიდან 30 დღეში. თუ აცილების შესახებ მხარის განცხადება არბიტრაჟმა არ დააკმაყოფილა, მხარეს, რომელიც აცხადებს აცილებას, შეუძლია აცილებაზე უარის თქმის შესახებ არბიტრაჟის გადაწყვეტილების გამოტანიდან 30 დღის ვადაში მიმართოს სასამართლოს არბიტრის აცილების მოთხოვნით.
5. ერთი არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟის შემთხვევაში მხარეს უფლება აქვს არბიტრის დანიშვნიდან ან იმ დღიდან, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა კანონით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, რომელიც არბიტრის აცილების საფუძველია, 30 დღის ვადაში მიმართოს სასამართლოს არბიტრის აცილების მოთხოვნით.
6. სასამართლოს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებზე გამოაქვს გადაწყვეტილება განცხადების წარმოებაში მიღებიდან 14 დღის ვადაში. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება. ასეთ შემთხვევაში არბიტრს უფლება აქვს, გამოაცხადოს თვითაცილება სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდეც. აცილების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე არბიტრაჟს შეუძლია გააგრძელოს საარბიტრაჟო განხილვა იმ არბიტრის მონაწილეობით რომლის აცილებასაც ითხოვს მხარე და გამოიტანოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება.
7. აცილების საფუძვლის არსებობისას არბიტრი ვალდებულია განაცხადოის თვითაცილება.
8. არბიტრაჟის მთელი შემადგენლობის ან არბიტრაჟის თავმჯდომარის შეცვლის შემთხვევაში მათ შეცვლამდე განხორციელებული ყველა საარბიტრაჟო მოქმედება უნდა განმეორდეს. ცალკეული არბიტრის შეცვლის შემთხვევაში საარბიტრაჟო მოქმედების განმეორების საკითხს წყვეტს არბიტრაჟი.
9. ექსპერტის, თარჯიმნის, სპეციალისტის, სხდომის მდივნის აცილება დასაშვებია დებულებით გათვალისწინებული საერთო საფუძვლით. აცილების საკითხს წყვეტს არბიტრაჟი