1. საარბიტრაჟო ხარჯებია: მოსაკრებელი, არბიტრაჟის ხარჯი და მხარეთა ხარჯი.
2. მოსაკრებელს შეადგენს სარეგისტრაციო მოსაკრებელი და საარბიტრაჟო მოსაკრებელი. საარბიტრაჟო მოსაკრებლიდან გაიცემა არბიტრთა ჰონორარი.
3. არბიტრაჟის ხარჯი არის კონკრეტული საქმის მიღების, განხილვისა და საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ძალაში შესვლისათვის გაწეული დანახარჯი.
4. მხარეთა ხარჯი შედგება საარბიტრაჟო განხილვის დროს თავიანთი ინტერესების დასაცავად მხარეთა მიერ გაწეული ხარჯისაგან, გარდა მოსაკრებლისა და არბიტრაჟის ხარჯისა.
5. ამ დებულებაში მითითებული საარბიტრაჟო ხარჯების ოდენობა მოცემულია დამატებითი ღირებულების გადასახადის გარეშე.
6. სარეგისტრაციო მოსაკრებლის ოდენობა შეადგენს 70 ლარს.
7. არბიტრაჟის თავმჯდომარე უფლებამოსილია შეამციროს სარეგისტრაციო მოსაკრებლის ოდენობა.
8. სარეგისტრაციო მოსაკრებელი გადახდილ უნდა იქნეს სარჩელის წარდგენასთან ერთად. სარეგისტრაციო მოსაკრებელი არ ექვემდებარება დაბრუნებას, თუნდაც არბიტრაჟმა დავა არ მიიღოს წარმოებაში.
9. საარბიტრაჟო მოსაკრებელის გადახდევინება წარმოებს:
ა) სარჩელზე და შეგებებულ სარჩელზე;
ბ) განცხადებაზე, აგრეთვე საჩივარზე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.
10. სარჩელსა და შეგებებულ სარჩელზე საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა იანგარიშება დავის საგნის ღირებულებიდან და შეადგენს დავის საგნის ღირებულების 1,5% -დან 2,5-მდე. განისაზღვრება არბიტრაჟის თავმჯდომარის განკარგულებით.
11. საარბიტრაჟო მოსაკრებლის მინიმალური ოდენობა განისაზღვრება 200 ლარით.
12. თუ კონკრეტულ დავაზე არბიტრთა რაოდენობა ერთზე მეტია, სარჩელსა და შეგებებულ სარჩელზე საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა იზრდება ყოველ დამატებულ არბიტრზე 1 პროცენტით, მაგრამ არანაკლებ 200 ლარით.
13. განცხადებაზე, აგრეთვე საჩივარზე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა შეადგენს სადავო საგნის ღირებულების 0,5 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.
14. გადახდა უნდა მოხდეს მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე თანხის შეტანით.
15. საარბიტრაჟო მოსაკრებელი და არბიტრაჟის ხარჯი ავანსის სახით წინასწარ შეაქვს სარჩელის (თხოვნის) აღმძვრელ მხარეს ან ორივე მხარეს. არბიტრაჟის ხარჯის საავანსო თანხას განსაზღვრავს არბიტრაჟის თავმჯდომარე. არბიტრაჟის თავმჯდომარე უფლებამოსილია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს ან გაუნაწილვადოს თანხის გადახდა და დაუდგინოს გადახდის კონკრეტული ვადა (ვადები) საავანსო თანხის მითითებით. საავანსო თანხის ნაცვლად არბიტრაჟს შეუძლია მიიღოს საბანკო ან სხვა სახის გარანტია. დადგენილი თანხის გადაუხდელობა ჩაითვლება სარჩელზე (თხოვნაზე) უარის თქმად და არბიტრაჟი (საარბიტრაჟო სასამართლო) შეწყვეტს საქმის წარმოებას ან არ განიხილავს შესაბამის თხოვნას.
16. არბიტრაჟის თავმჯდომარე უფლებამოსილია შეამციროს საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა.
17. დავის საგნის ღირებულებას მიუთითებს მოსარჩელე. თუ მოსარჩელის მიერ მითითებული ფასი აშკარად არ შეესაბამება დავის საგნის ნამდვილ ღირებულებას, დავის საგნის ფასს განსაზღვრავს არბიტრაჟი.
18. თუ ერთ სარჩელში სხვადასხვა ვალდებულებიდან (ხელშეკრულებიდან) მომდინარე რამდენიმე სხვადასხვა მოთხოვნაა ჩამოყალიბებული, დავის საგნის ღირებულება განისაზღვრება თითოეული მოთხოვნისათვის ცალ-ცალკე და შესაბამისად ცალ-ცალკე დგინდება საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა.
19. ექსპერტების, სპეციალისტებისა და თარჯიმნების სამუშაოსა და არბიტრაჟში გამოცხადებისათვის საჭირო ხარჯებს წინასწარ გაიღებს მხარე, რომელმაც იშუამდგომლა ამის თაობაზე.
20. საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება საარბიტრაჟო განკარგულებით, რომელსაც არბიტრაჟის თავმჯდომარე გამოსცემს პუნქტი 10-ში მოცემული საპროცენტო განაკვეთების მიხედვით.
21. თუ მხარეებმა საარბიტრაჟო შეთანხმებით ან მორიგების დროს თვითონ გაითვალისწინეს საარბიტრაჟო ხარჯების განაწილების წესი, არბიტრაჟი ამ საკითხს წყვეტს მათი შეთანხმების შესაბამისად.
22. თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან, იმ მხარის მიერ გაღებული საარბიტრაჟო ხარჯების გადახდას, რომლის სასარგებლოდაც იქნა მიღებული გადაწყვეტილება, არბიტრაჟი აკისრებს მეორე მხარეს მხოლოდ მოგებული მხარის მოთხოვნის საფუძველზე. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, თანხის დაკისრება მოხდება შედეგის პროპორციულად.
23. თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან, სხვა კერძო არბიტრაჟის გადაწყვეტილების შეცვლის შემთხვევაში არბიტრაჟი შესაბამისად შეცვლის საარბიტრაჟო ხარჯების განაწილებასაც