1. საარბიტრაჟო წარმოება იწყება მოპასუხე მხარისათვის სააბრიტრაჟო სარჩელის ჩაბარებით.
2. მხარეთა მიერ შეთანხმებულ ან არბიტრაჟის მიერ განსაზღვრულ ვადაში საარბიტრაჟო მოსარჩელემ წერილობითი ფორმით უნდა წარმოადგინოს საარბიტრაჟო სარჩელი, რომელშიც მიუთითებს:
ა) მხარეთა სრულ დასახელებას და მისამართებს;
ბ) დავის საგნის აღწერასა და მოთხოვნას;
გ) გარემოებებსა და მტკიცებულებებს, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს;
დ) სარჩელის ფასს, თუ შესაძლებელია მისი შეფასება;
ე) საარბიტრაჟო შეთანხმებას, თუ ასეთი არსებობს;
ვ)არბიტრობის კანდიდატის (კანდიდატთა) სახელს, გვარს, მისამართს, პროფესიას და სხვა მონაცემებს, თუ საარბიტრაჟო შეთანხმებით არბიტრის (არბიტრების) კანდიდატურის წარდგენის უფლება მინიჭებული აქვს მხარეს;
ზ) მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტებს;
თ) საარბიტრაჟო განხილვასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს, რასაც მნიშვნელობა აქვს საარბიტრაჟო წარმოებისათვის.
3. სარჩელში შეიძლება იყოს აგრეთვე მოსარჩელის მოთხოვნა არბიტრაჟისადმი (საარბიტრაჟო სასამართლოსადმი), რათა მან:
ა) დაავალოს მოპასუხეს იმ მტკიცებულებათა წარმოდგენა, რომლებიც მასთან ინახება და რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას;
ბ) გამოითხოვოს მტკიცებულებები და დაიბაროს მოწმეები;
გ) მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ მიმართოს სასამართლოს.
4. თუ სარჩელი შეტანილია ამ მუხლში მითითებული მოთხოვნების დარღვევით, არბიტრაჟის თავმჯდომარე მოსარჩელეს მისცემს ვადას ხარვეზის გამოსასწორებლად. თუ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სარჩელი შეტანილად არ ჩაითვლება და დაუბრუნდება მოსარჩელეს.
5. არბიტრაჟის თავმჯდომარე ვალდებულია სარჩელის მიღებიდან სამი დღის განმავლობაში თავისი განკარგულებით მიიღოს იგი წარმოებაში ან უარი თქვას მის მიღებაზე.
6. წარმოებაში მიღებული სარჩელი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად უნდა გადაეგზავნოს მოპასუხეს 7 სამუშაო დღის ვადაში.
7. დავის საარბიტრაჟო განხილვისათვის მომზადების მიზნით მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო დაწესებულების დირექტორი:
ა) გადაუგზავნის მოპასუხეს სარჩელს და თანდართული საბუთების ასლებს;
ბ) დაუნიშნავს მოპასუხეს ვადას წერილობით შეადგინოს და წარმოადგინოს თავისი პასუხი სარჩელსა და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელზე დართული საბუთების შესახებ;
გ) წინადადებას არბიტრის შერჩევის შესახებ.
8. მოპასუხე მხარემ სარჩელის მიღებიდან ერთი კვირის ვადაში საარბიტრაჟო სასამართლოს (არბიტრაჟს) უნდა მიაწოდოს თავისი პასუხი სარჩელზე. საარბიტრაჟო სასამართლო (არბიტრაჟი) უფლებამოსილია მოპასუხე მხარის მოთხოვნის საფუძველზე გააგრძელოს აღნიშნული ვადა მხოლოდ ერთხელ, არა უმეტეს ერთი კვირით.
9. მოპასუხის წერილობით პასუხში მითითებული უნდა იყოს:
ა) ცნობს თუ არა მოპასუხე სარჩელს;
ბ) თუ სარჩელს არ ცნობს, კომენტარებს მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებზე და მოთხოვნაზე;
გ) შეგებებულ სარჩელს (მოთხოვნებს), თუ ასეთი არსებობს;
დ) გარემოებებსა და მტკიცებულებებს, რომლებზედაც მოპასუხე ამყარებს თავის მოთხოვნებს;
ე) არბიტრობის კანდიდატის (კანდიდატთა) სახელს, გვარს, მისამართს, პროფესიას და სხვა მონაცემებს, თუ საარბიტრაჟო შეთანხმებით არბიტრის (არბიტრების) კანდიდატურის წარდგენის უფლება მინიჭებული აქვს მხარეს;
ვ) საარბიტრაჟო განხილვასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს, რასაც მნიშვნელობა აქვს საარბიტრაჟო წარმოებისათვის.
10. შესაგებლის გაუგზავნელობა მოპასუხეს უფლებას არ ართმევს უარყოს სასარჩელო მოთხოვნები ან/და წარადგინოს შეგებებული სარჩელი საარბიტრაჟო განხილვის პერიოდში.
11. შეგეგებული სარჩელის წარდგენა შეიძლება სარჩელის წარდგენის შესახებ არსებული წესების დაცვით.
12. თუ დებულების ან კანონის რომელიმე მოთხოვა, რომლისაგანაც მხარეებს შეუძლიათ გადაუხვიონ, ან/და საარბიტრაჟო შეთანხმების რომელიმე მოთხოვნა არ იქნა დაცული და მხარე აგრძელებს საარბიტრაჟო წარმოებაში მონაწილეობას ისე, რომ ამგვარი დარღვევის წინააღმდეგ დაუყოვნებლივ ან/და, თუ კანონით ან ამ დებულებით მხარეთა შეთანხმებით ან არბიტრაჟის მიერ განსაზღვრულია რაიმე ვადა, ამ ვადის განმავლობაში წერილობით არ წარადგენს თავის შესაგებელს, მაშინ ჩაითვლება, რომ მან უარი თქვა შეპასუხების უფლებაზე