1. მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს საარბიტრაჟო სასამართლოს ან არბიტრაჟს განცხადებით სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. განცხადება უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულებას, აგრეთვე მითითებას იმაზე, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს საჭიროდ.
2. განცხადებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტს არბიტრაჟის თავმჯდომარე, ან, თუ არბიტრაჟი არჩეულია სრული შემადგენლობით, არბიტრაჟის თავმჯდომარე განცხადების შეტანიდან 5 დღის ვადაში.
3. საარბიტრაჟო განხილვის დაწყებამდე ან განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე, მხარეს შეუძლია შუამდგომლობით მიმართოს არბიტრაჟს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შესახებ, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საარბიტრაჟო შეთანხმებას.
4. მხარის მიმართვის საფუძველზე გონივრულ ვადაში, არბიტრაჟი წერილობითი საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით ავალებს მხარეს:
ა) საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე პირვანდელი მდგომარეობის შენარჩუნებას ან აღდგენას;
ბ) ისეთი ზომების მიღებას, რომლებიც უკავშირდება მეორე მხარისათვის ან თვით სარბიტრაჟო წარმოებისათვის ზიანის მიყენების თავიდან აცილებას;
გ) ღონისძიებების განხორციელებას იმ აქტივების შესანარჩუნებლად, რომლებიდანაც აღსრულდება შემდგომი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება;
დ)  მტკიცებულებების შენახვასა და შენარჩუნებას, რომლებიც შესაძლოა უკავშირდებოდეს საარბიტრაჟო დავასა და ამ დავის გადაწყვეტას.
5. მხარემ რომელიც შუამდგომლობით მიმართავს არბიტრაჟს საარბიტრაჟო სარჩელის ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა”  – „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შესახებ, უნდა დაასაბუთოს შემდეგი გარემოებები:
ა) საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოუყენებლობამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი ზიანი, რომლის თავიდან აცილება შეუძლებელი იქნება მეორე მხარისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრებით;
ბ) საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოუყენებლობით გამოწვეული ზიანი მნიშვნელოვნად აღემატება იმ ზიანს, რომელიც შესაძლოა მიადგეს იმ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები, ამ ღონისძიებების გამოყენების შემთხვევაში;
გ)  არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი იმის შესახებ, რომ მისი სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდება. აღნიშნული ვარაუდი გავლენას არ ახდენს არბიტრაჟის მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული უზრუნველყოფის ღონისძიებების მიმართ ამ მუხლის მე-4 პუნქტის “ა”-“გ” ქვეპუნქტების მოთხოვნები გამოიყენება მხოლოდ იმ ფარგლებში, რომლებშიც არბიტრაჟი ამას მიზანშეწონილად მიიჩნევს.
7. არბიტრაჟი უფლებამოსილია მოსთხოვოს მხარეს, რომელიც შუამდგომლობს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებაზე, აღნიშნულ უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული შესაბამისი უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენა.
8. მხარეს, რომელიც შუამდგომლობს სარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებაზე, ეკისრება პასუხისმგებლობა ნებისმიერი ხარჯებისა და ზიანისათვის, რომლებიც გამოწვეულია მის მიერ მოთხოვნილი საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებით, თუ არბიტრაჟი შემდგომ დაადგენს, რომ აღნიშნულ გარემოებებში საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მოცემული ღონისძიებები არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული. არბიტრაჟი უფლებამოსილია მოითხოვოს ხარჯებისა და ზიანის ანაზღაურება საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ სტადიაზე.
9. არბიტრაჟი უფლებამოსილია, თუ ამას საჭიროდ მიიჩნევს, შეცვალოს, შეაჩეროს ან გააუქმოს მის მიერ გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით ან განსაკუთრებულ შემთხვევებში, მხარეთათვის წინასწარ შეტყობინების შემდეგ, თავისი ინიციატივით.
10. არბიტრაჟი უფლებამოსილია მხარეებს მოსთხოვოს იმ ინფორმაციის დაუყოვნებლივ განცხადება, რომელიც უკავშირდება იმ გარემოებათა არსებით ცვლილებებს, რომელთა საფუძველზეც მოხდა საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების მოთხოვნა ან გამოყენება.
11. სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოტანილ გადაწყვეტილებაზე მოპასუხეს შეუძლია შეიტანოს საჩივარი, რომელიც უნდა შეიცავდეს:
ა) სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოტანილი გადაწყვეტილების და ამ გადაწყვეტილების გამომტანი ორგანოს ზუსტ დასახელებას;
ბ) მითითებას, თუ რა ზომით უნდა გაუქმდეს ან შეიცვალოს გადაწყვეტილება უზრუნველყოფის შესახებ;
გ) გარემოებებს, რომელთა გამოც უნდა გაუქმდეს ან შეიცვალოს გადაწყვეტილება უზრუნველყოფის შესახებ.
12. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა შეადგენს ხუთ დღეს და მისი დენა იწყება უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილების მოპასუხისათვის გადაცემის მომენტიდან.
13. საარბიტრაჟო საჩივრის შეტანა ვერ შეაჩერებს უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას, მაგრამ არბიტრაჟს შეუძლია გარკვეული დროით შეაჩეროს აღსრულება ან გააუქმოს უზრუნველყოფისათვის უკვე მიღებული ღონისძიებები.
14. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილების აღსრულება ხდება დაუყოვნებლივ.
15. მხარის თხოვნით დასაშვებია სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლა.
16. ფულადი თანხების გადახდევინების შესახებ სარჩელის უზრუნველყოფისას მოპასუხეს შეუძლია მიღებულ უზრუნველყოფის ღონისძიებათა ნაცვლად მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა შეიტანოს საარბიტრაჟო სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე.
17. საკითხს იმის შესახებ, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული, წყვეტს საარბიტრაჟო სასამართლოს (არბიტრაჟის) თავმჯდომარე.
18. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები შეიძლება იყოს:
ა) ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებზე, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან;
ბ) მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა;
გ) მოპასუხის დავალდებულება, გადასცეს მის მფლობელობაში არსებული ნივთი სასამართლო აღმასრულებელს სეკვესტრის (ქონების იძულებითი მართვა) სახით;
დ) სხვა ღონისძიებები, თუ ეს აუცილებელია სარჩელის უზრუნველყოფისათვის.
19. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება დაშვებულ იქნეს სარჩელის უზრუნველყოფის რამდენიმე სახე.
20. არბიტრაჟის თავმჯდომარეს შეუძლია მოსთხოვოს მოსარჩელეს მოპასუხისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა.
21. თუ სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიებები გაუმართლებელი გამოდგა იმის გამო, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელზე და გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, ანდა იმის გამო, რომ საარბიტრაჟო სასამართლოს (არბიტრაჟის) თავმჯდომარემ გააუქმა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, მაშინ დაზარალებული მხარის მოთხოვნით შესაძლებელია არბიტრაჟმა დაადგინოს, რომ იმ მხარემ, რომლის სასარგებლოდაც მოხდა უზრუნველყოფა, აუნაზღაუროს მეორე მხარეს ზარალი, რაც მას მიადგა სარჩელის უზრუნველსაყოფად გატარებულ ღონისძიებათა შედეგად