1. არბიტრაჟი დამოუკიდებლად წყვეტს თავისი მუშაობის წესს ამ დებულების შესაბამისად და მხარეთა ერთობლივ მოთხოვნათა გათვალისწინებით.
2. არბიტრაჟი გადაწყვეტილებებს იღებს ხმათა უმრავლესობით, ხოლო უმრავლესობის არარსებობის შემთხვევაში, საპროცესო საკითხებზე გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად იღებს არბიტრაჟის თავმჯდომარე.
3. არბიტრაჟის სხდომები დახურულია, თუ ორივე მხარე წერილობით არ მოითხოვს ღია განხილვის გამართვას.
4. არბიტრაჟი ვალდებულია შეადგინოს საარბიტრაჟო სხდომის ან ცალკეული საარბიტრაჟო-საპროცესო მოქმედების ოქმი, თუ ამის შესახებ პირდაპირ მითითებულია საარბიტრაჟო შეთანხმებაში ან არბიტრაჟი ოქმის შედგენას მიიჩნევს აუცილებლად.
5. მხარეებს გონივრულ ვადაში უნდა ეცნობოთ მოსმენის გამართვის დრო და ადგილი, რათა მათ მოახერხონ ასეთ მოსმენაზე გამოცხადება.
6. თუ საარბიტრაჟო შეთანხმება პირდაპირ ითვალისწინებს და არბიტრაჟი ამას მისაღებად ჩათვლის, საარბიტრაჟო განხილვა შეიძლება წარიმართოს მხოლოდ წერილობითი მასალის საფუძველზე მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე.
7. არბიტრაჟს ზეპირი მოსმენის დაწყებამდე შეუძლია მხარეებს გადასცეს შეკითხვების სია, რომლებზეც მას განსაკუთრებულად და დაწვრილებით სურს მათგან პასუხის მოსმენა.
8. მხარეები საქმეებს აწარმოებენ უშუალოდ ან წარმომადგენლების მეშვეობით. მხარის გამოუცხადებლობა, თუ მას ამ დებულებით დადგენილი წესითა და ვადაში ეცნობა საქმის განხილვის დროისა და ადგილის თაობაზე, ხელს არ უშლის საქმის განხილვას და გადაწყვეტლების მიღებას, თუ გამოუცხადებელმა მხარემ წერილობით არ იშუამდგომლა განხილვის გადადება საპატიო მიზეზის მითითებით. მხარეს შეუძლია მოითხოვოს საქმის განხილვა მის დაუსწრებლად.
9. ნებისმიერ მხარეს შეუძლია საქმის განხილვის დამთავრებამდე შეცვალოს ან შეავსოს თავისი სარჩელის მოთხოვნები ან შესაგებელი, რომლის დასაშვებობის საკითხს წყვეტს არბიტრაჟი.
10. აუცილებლობის შემთხვევაში, არბიტრაჟის ან მხარეთა ინიციატივით შეიძლება გადაიდოს ან შეჩერდეს საქმის განხილვა. გადაწყვეტილებას საქმის გადადების ან შეჩერების შესახებ იღებს არბიტრაჟი დადგენილებით.
11. ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით შესაძლებელია საქმეში მესამე პირის ჩართვა. მესამე პირის ჩასართავად აუცილებელია ამ პირისა და დავის მონაწილე დანარჩენი მხარეების წერილობითი თანხმობები.
12. მხარეს უფლება აქვს საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ სტადიაზე წარმოდგენილი იყოს ადვოკატის ან სხვა წარმომადგენლის მეშვეობით