1. აუქციონში მონაწილე აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში, სადაც ტარდება აუქციონი, აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს აუქციონში მონაწილის ბილეთს და იღებს სპეციალურ დაფას, რომლის ნომერიც შეესაბამება მის ბილეთზე აღნიშნულ ნომერს.
2. აუქციონატორი ადარებს გაცემული ნომრიანი დაფების რაოდენობას შემოსული განცხადების რაოდენობასთან, რითაც აზუსტებს აუქციონში მონაწილეთა რაოდენობას.
3. აუქციონს ატარებს აუქციონატორი.
4. თითოეულ ობიექტზე ვაჭრობის დაწყებისას აუქციონატორი აცხადებს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების დასახელებას, მის საწყის ფასს, ბიჯს.
5. აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი ფასის გამოცხადების მომენტი, ვაჭრობის მიმდინარეობის დროს დაუშვებელია მონაწილეთა დარბაზში გადაადგილება.
6. აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, სწევს თავის დაფას (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას), აუქციონატორი აფიქსირებს მას და სთხოვს აუქციონში მონაწილეებს, გააგრძელონ ვაჭრობა, სანამ რომელიმე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს, ფასის სამჯერ გამოცხადებისა და აუქციონატორის მიერ ჩაქუჩის დარტყმის შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონება ითვლება გაყიდულად.
7. აუქციონის დამთავრების შემდეგ დგება ოქმი, რომელიც წარმოადგენს წერილობით ხელშეკრულებას, ოქმს ხელს აწერს აუქციონში გამარჯვებული პირი, სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე და საკრებულოს თავმჯდომარე, როგორც გამყიდველი.
8. თუ აუქციონში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს აუქციონის შედეგების ოქმის ხელმოწერაზე, მას ჩამოერთმევა აუქციონში გამარჯვებულის სტატუსი და შეტანილი ბე არ უბრუნდება.
9. თუ აუქციონი არ შედგება იმ მიზეზით, რომ აუქციონის მონაწილეები, რომლებიც ესწრებიან აუქციონს, არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, შედგება ოქმი არშემდგარი აუქციონის შესახებ და აუქციონის მონაწილეებს შეტანილი ბე არ უბრუნდებათ.
10. სააუქციონო კომისია აუქციონის ჩატარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში ამზადებს მოხსენებით ბარათს, რომლის საფუძველზეც აუქციონში მონაწილე პირებს, რომლებმაც ვერ გაიმარჯვეს, უბრუნდებათ მათ მიერ გადახდილი ბე. მოხსენებით ბარათს ხელს აწერს სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი