საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
17.03.2008 ძალადაკარგული 25.11.2009
ნომერი
№67
სარეგისტრაციო კოდი
010240020.22.027.011608
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 40, 17/03/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.020.22.027.011.608

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №67

2008 წლის 17 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტისა და მე-14 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის თანდართული დებულება.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საკადრო საკითხთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 7 ოქტომბრის №1227 ბრძანება.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გვარამია

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

    მუხლი 2

დეპარტამენტი წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

    მუხლი 3

დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, სამინისტროს დებულებით, წინამდებარე დებულებით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

    მუხლი 4

დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს იუსტიციის სამინისტროს.

    მუხლი 5

დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 6

დეპარტამენტს აქვს ბეჭედი საკუთარი დასახელებით.

თავი II

დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

    მუხლი 7

დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) სამინისტროს სისტემის საკადრო რესურსების მართვის ოპტიმიზაციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;

ბ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა და წარმოება;

დ) შრომის წიგნაკების, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოება;

ე) სოციალური საკითხების გადაწყვეტა და საპენსიო საბუთების გაფორმება წელთა ნამსახურობის მიხედვით;

ვ) სამინისტროს სისტემის კადრების სამსახურების მუშაობის მეთოდური ხელმძღვანელობა და კოორდინაცია, აგრეთვე მათი საქმიანობის შემოწმების მიზნით, დადგენილი წესის შესაბამისად, რევიზიის ჩატარება;

ზ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პროფესიულ მომზადებასთან და გადამზადებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება და ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა;

თ) ნომენკლატურის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალურ წოდებათა მინიჭების საკითხების მომზადება, სახელმწიფო სპეციალურ წოდებათა მინიჭების ორგანიზაციული უზრუნველყოფა, სპეციალური წოდებების თანმიმდევრულ და დროულ მინიჭებაზე კონტროლის განხორციელება;

ი) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის დადგენილი წესით ატესტაციის ჩატარების ორგანიზება;

კ) დადგენილი წესის შესაბამისად, სამინისტროს სისტემაში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის ჩატარების ორგანიზება;

ლ) დადგენილი წესით სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა რეზერვის ერთიანი ბანკის შექმნა და რეზერვისტთა მიზნობრივი გამოყენება;

მ) სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის უზრუნველყოფა;

ნ) სამინისტროს შინაგანაწესის შემუშავება და მის შესრულებაზე კონტროლის განხორციელება, სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის დისციპლინის დაცვის კონტროლი;

ო) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მინისტრის ბრძანებების რეგისტრაცია და სისტემატიზაცია;

პ) სამოქალაქო თავდაცვისა და სამხედრო სამობილიზაციო საქმიანობის განხორციელება;

ჟ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;

რ) მინისტრის მიერ განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

    მუხლი 8

დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით დეპარტამენტი:

ა) შეიმუშავებს რეკომენდაციებს სამინისტროს სისტემის საკადრო რესურსების მართვის ოპტიმიზაციის კუთხით;

ბ) ამზადებს ბრძანების პროექტებს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, დათხოვნის, წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების, შვებულებისა და მივლინების შესახებ;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს სისტემის მოხელეთა და მოსამსახურეთა პირადი საქმეების, შრომის წიგნაკების, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოებას, სოციალური საკითხების გადაწყვეტას და საპენსიო საბუთების გაფორმებას წელთა ნამსახურობის მიხედვით;

დ) კოორდინაციას უწევს და ხელმძღვანელობს სამინისტროს სისტემის კადრების სამსახურების მუშაობას, დადგენილი წესის შესაბამისად ატარებს რევიზიას მათი საქმიანობის შემოწმების მიზნით;

ე) ახორციელებს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პროფესიულ მომზადებასთან და გადამზადებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავებას და ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფას, შრომის დისციპლინის კონტროლს;

ვ) დადგენილი წესის შესაბამისად ახორციელებს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის, ნომენკლატურის ფარგლებში, სახელმწიფო წოდებათა მინიჭების საკითხების მომზადებას, სახელმწიფო სპეციალურ წოდებათა მინიჭების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას, ახორციელებს კონტროლს სპეციალური წოდებების თანმიმდევრულ და დროულ მინიჭებაზე;

ზ) ახორციელებს სამინისტროს სისტემაში სტაჟიორად დანიშვნისათვის კონკურსის ჩატარების ორგანიზებას და სტაჟირების გავლის კონტროლს;

თ) ახორციელებს კონტროლს სამხედრო-სამობილიზაციო, საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის საქმიანობაზე;

ი) დადგენილი წესის შესაბამისად ახდენს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის ატესტაციის ჩატარებას;

კ) სამინისტროს სისტემაში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად, დადგენილი წესის შესაბამისად, ორგანიზებას უწევს და უზრუნველყოფს კონკურსის ჩატარებას;

ლ) უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა დადგენილი წესის შესაბამისად რეზერვის ერთიანი ბანკის შექმნასა და რეზერვისტთა მიზნობრივ გამოყენებას;

მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს მინისტრის ბრძანებების რეგისტრაციასა და სისტემატიცაზიას;

ნ) აწარმოებს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა შემადგენლობის აღრიცხვას;

ო) აწარმოებს დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებების და წერილების დადგენილი წესით განხილვას და მათზე რეაგირებას;

პ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს სისტემაში უფლებამოსილ მოსამსახურეთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემას, აღრიცხვას, კონტროლს და ერთიანი რეესტრის წარმოებას;

ჟ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მოწმობის გაცემასა და აღრიცხვას;

რ) უზრუნველყოფს მოსამსახურეთა თანამდებობრივი ინსტრუქციების მომზადებას, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფასების კრიტერიუმების დადგენას;

ს) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს შრომითი ხელშეკრულებების დადებას;

ტ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

თავი III

დეპარტამენტის სტრუქტურა

    მუხლი 9

დეპარტამენტში სტრუქტურული ერთეულების სახით შედის:

ა) საკადრო რესურსების მართვის სამმართველო;

ბ) სამინისტროს საქვეუწყებო ორგანოებში საკადრო რესურსების მართვის სამმართველო.

    მუხლი 10

1. საკადრო რესურსების მართვის სამმართველო:

ა) ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, აგრეთვე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საკადრო უზრუნველყოფას;

ბ) კოორდინაციას უწევს და ხელმძღვანელობს სამინისტროს სისტემის კადრების სამსახურების მუშაობას, აგრეთვე მათი საქმიანობის შემოწმების მიზნით ატარებს რევიზიას კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ) დადგენილი წესის შესაბამისად თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს მოსამსახურეთა დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების შესახებ ბრძანების პროექტების მომზადებას;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს პირად საქმეებს;

ე) მინდობილ სფეროში ახორციელებს შრომის წიგნაკების, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოებას;

ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევს სამინისტროს სისტემის კადრების მუშაობას;

ზ) უზრუნველყოფს მოსამსახურეთა რეზერვის ერთიანი ბანკის შექმნას, რეზერვისტთა მიზნობრივ გამოყენებას;

თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს მოსამსახურეთა შემადგენლობის აღრიცხვას;

ი) ნომენკლატურის ფარგლებში ახორციელებს მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალურ წოდებათა მინიჭების საკითხების მომზადებას;

კ) ახდენს სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვასა და მათზე რეაგირებას;

ლ) საკადრო რესურსების მართვის ოპტიმიზაციის მიზნით შეიმუშავებს რეკომენდაციებს;

მ) უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში სტაჟიორად დანიშვნისათვის კონკურსის პროცესის ორგანიზებას და ახორციელებს სტაჟირების გავლის კონტროლს;

ნ) ახორციელებს კონტროლს სამხედრო-სამობილიზაციო, საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის საქმიანობაზე;

ო) საგანგებო სიტუაციების დროს უზრუნველყოფს საჭირო ღონისძიებების გატარებას;

პ) შეიმუშავებს სამინისტროს შინაგანაწესს და ახორციელებს შრომის დისციპლინის დაცვის კონტროლს;

ჟ) აწარმოებს დეპარტამენტში შემოსული დოკუმენტაციის აღრიცხვასა და კონტროლს;

რ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საპენსიო გაანგარიშებას წელთა ნამსახურობის მიხედვით;

ს) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სამინისტროში არსებული ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარების ორგანიზებას;

ტ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

2. სამინისტროს საქვეუწყებო ორგანოებში საკადრო რესურსების მართვის სამმართველო:

ა) დადგენილი წესის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს სასჯელაღსრულების ორგანოების, აგრეთვე არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის მოსამსახურეთა დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, დათხოვნის, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების შესახებ ბრძანების პროექტების მომზადებას;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს სასჯელაღსრულების ორგანოების, აგრეთვე არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის მოსამსახურეთა პირად საქმეებს;

გ) მინდობილ სფეროში ახორციელებს შრომის წიგნაკების, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოებას;

დ) დადგენილი წესის შესაბამისად ახორციელებს სასჯელაღსრულების ორგნოების, აგრეთვე არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის თანამშრომელთა პერსონალური და ანბანური ბარათების აღრიცხვა-წარმოებას;

ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საპენსიო გაანგარიშებას წელთა ნამსახურობის მიხედვით;

ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევს სასჯელაღსრულების ორგანოების, აგრეთვე არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის მოსამსახურეთა კადრების სამსახურების მუშაობას;

ზ) ნომენკლატურის ფარგლებში ახორციელებს სასჯელაღსრულების ორგანოების, აგრეთვე არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო სპეციალურ წოდებათა მინიჭების საკითხების მომზადებას;

თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს მოსამსახურეთა შემადგენლობის აღრიცხვას;

ი) აწარმოებს სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვას და მათზე სათანადო რეაგირებას;

კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საკადრო რესურსების მართვის ოპტიმიზაციის მიზნით შეიმუშავებს რეკომენდაციებს;

ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სასჯელაღსრულების ორგანოების, აგრეთვე არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის მოსამსახურეთათვის ატესტაციის ჩატარების ორგანიზებას;

მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სასჯელაღსრულების ორგანოებში, აგრეთვე არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სამსახურში არსებული ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარების ორგანიზებას;

ნ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

თავი IV

დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები

    მუხლი 11

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.

    მუხლი 12

დეპარტამენტის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის საქმიანობას;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოხელეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

გ) აკონტროლებს დეპარტამენტის მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

დ) კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით მინისტრს წარუდგენს კანდიდატურებს დეპარტამენტის ვაკანტურ თანამდებობებზე დასანიშნად;

ე) ხელს აწერს და ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

ვ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის ოპტიმიზაციის მიზნით;

ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგენს წინადადებებს სამინისტროს ხელმძღვანელობას დეპარტამენტის მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

თ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;

ი) აკონტროლებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ შინაგანაწესის დაცვას;

კ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შუამდგომლობს იუსტიციის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე და გადამზადებაზე;

მ) პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ნ) კოორდინაციას უწევს და ხელმძღვანელობს სამინისტროს სისტემის კადრების სამსახურების მუშაობას, აგრეთვე მათი საქმიანობის შემოწმების მიზნით ატარებს რევიზიას კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ო) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

    მუხლი 13

1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილეებს შორის უფლებამოსილებებს ანაწილებს დეპარტამენტის უფროსი.

3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;

ბ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეთა მიერ სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებას;

გ) დეპარტამენტის უფროსისა და მინისტრის დავალებით ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს.

4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და მინისტრის წინაშე.

5. დეპარტამენტის უფროსის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.

    მუხლი 14

1. დეპარტამენტში სამმართველოს სახით შემავალ სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. სამმართველოს უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას;

გ) ახორციელებს ზედამხედველობას და პასუხისმგებელია სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;

დ) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

ე) აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებას;

ვ) ასრულებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს და ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. სამმართველოს უფროსი სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და მისი მოადგილის წინაშე.

    მუხლი 15

1. დეპარტამენტში საჯარო სამსახურს ეწევიან:

ა) სამმართველოს მრჩევლები;

ბ) სამმართველოს სპეციალისტები;

გ) დეპარტამენტის სპეციალისტი.

2. დეპარტამენტის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

3. დეპარტამენტის მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.

4. დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სამინისტროს საშტატო განრიგით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.

თავი V

დასკვნითი დებულება

    მუხლი 16

დეპარტამენტის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.