საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
19.06.2002 ძალადაკარგული 04.03.2015
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1519
სარეგისტრაციო კოდი
010.240.060.05.001.001.089
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 21, 12/07/2002
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (7)

შემდგომი ცვლილებები (7)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო

1. ეს კანონი განსაზღვრავს სახელმწიფო საწარმოო-საინვესტიციო პოლიტიკის სფეროში არსებული საჯარო მიზნების განხორციელების სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს და მათი განხორციელების კონკრეტულ მექანიზმს.

2. ამ კანონით დადგენილი წესები ვრცელდება სახელმწიფოს მონაწილეობით შემუშავებულ ყველა სახის საწარმოო-საინვესტიციო პროგრამაზე და მათ განხორციელებაში მონაწილე სუბიექტებზე, გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებითა და შეთანხმებით და საქართველოს კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა.

    მუხლი 2. კანონის მიზნები

ამ კანონის მიზნებია:

ა) საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების ინდიკატური გეგმით განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისი საწარმოო-საინვესტიციო პროექტების დაფინანსებისათვის გამოყოფილი ფულადი სახსრების ეფექტიანი ხარჯვის მექანიზმის შექმნა და მათი მართვის უზრუნველყოფა;

ბ) საწარმოო-საინვესტიციო პროგრამების დაფინანსებისას საწარმოო-საინვესტიციო პროექტების წარმდგენი ორგანიზაციებისადმი სამართლიანი და არადისკრიმინაციული დამოკიდებულების უზრუნველყოფა;

გ) საწარმოო-საინვესტიციო პროგრამების საჯაროობის უზრუნველყოფა;

დ) საწარმოო-საინვესტიციო პროგრამების დაფინანსებისა და სახელმწიფო ხელშეწყობის სისტემის შექმნის უზრუნველყოფა;

ე) საქართველოში საინვესტიციო საქმიანობის გააქტიურებისათვის ხელის შეწყობა და ამ მიზნით სამართლებრივი საფუძვლის შექმნისათვის საჭირო წინადადებების შემუშავების ხელშეწყობა.

    მუხლი 3. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ინვესტიცია – სახელმწიფოს მიერ სხვადასხვა დარგის საწარმოებში, საწარმოო-საინვესტიციო პროგრამებსა და საწარმოო-საინვესტიციო პროექტებში კაპიტალის დაბანდება, რომლის ძირითადი მიზანია ქვეყნის სამრეწველო პოტენციალის მაქსიმალური ეფექტიანობით ამოქმედება და წარმოების განვითარების ხელშეწყობით უმუშევრობის დონის შემცირება;

ბ) სახელმწიფო საწარმოო-საინვესტიციო პოლიტიკა – სახელმწიფო ორგანოების მიერ შემუშავებული ძირითადი პრინციპების ერთობლიობა, რომლის მიზანია ინვესტიციების მოზიდვა და მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა;

გ) საწარმოო-საინვესტიციო პროგრამა – ცალკეული დარგებისა და საწარმოების განვითარების, აგრეთვე ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაჯანსაღების და სტაბილური განვითარების ხელშეწყობის მიზნით შემუშავებული საფინანსო-ეკონომიკური გეგმა, რომელიც შეესაბამება საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების ინდიკატური გეგმით განსაზღვრულ პრიორიტეტებს;

დ) საწარმოო-საინვესტიციო პროექტი – საწარმოო-საინვესტიციო პროგრამით განსაზღვრული დარგის განვითარების მიზნით შემუშავებული კონკრეტული მოქმედებების გეგმა;

ე) საწარმოო-საინვესტიციო პროგრამების დაფინანსების სისტემა – ამ კანონით განსაზღვრული ნორმების ერთობლიობა, რომელიც აწესრიგებს საწარმოო-საინვესტიციო პროგრამების დაფინანსებას და განსაზღვრავს მათი განხორციელების პრინციპებს;

ვ) საქართველოს პრეზიდენტის წარმოების განვითარების საინვესტიციო ფონდი (შემდგომში – ფონდი) – საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული საწარმოო-საინვესტიციო პროგრამების დაფინანსების ძირითადი წყარო;

ზ) საწარმოო-საინვესტიციო პროექტის წარმდგენი ორგანიზაცია –რეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც საწარმოო-საინვესტიციო პროექტს წარადგენს ამ კანონის შესაბამისად;

თ) პრეტენდენტი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც გამოთქვამს სურვილს, მიიღოს დაფინანსება ფონდის სახსრებიდან და ამ მიზნით მონაწილეობს საწარმოო-საინვესტიციო პროექტების შესარჩევ კონკურსში;

ი) სუბვენცია – განსაზღვრული ოდენობის მიზნობრივი ფულადი დახმარება, რომელსაც საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო გამოყოფს შესაბამისი ღონისძიების ან/და ობიექტის დასაფინანსებლად;

კ) თავდებობა – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მიერ ბანკის ან სხვა საკრედიტო დაწესებულების წინაშე იმ საწარმოს თავდებად დადგომა, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ბანკის ან სხვა საკრედიტო დაწესებულების მოთხოვნებს სამეწარმეო საქმიანობის რისკის ან/და საგარანტიო უზრუნველყოფის შესახებ;

ლ) სუბსიდია – ფულადი ან სხვა მატერიალური ფორმის დახმარება, რომელსაც საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო გასცემს ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე საბანკო კრედიტის საპროცენტო განაკვეთის გარკვეული ნაწილის დასაფარავად, საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების ინდიკატური გეგმით განსაზღვრული პრიორიტეტების გათვალისწინებით.

    მუხლი 4. საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო

1. საწარმოო-საინვესტიციო პროგრამების დაფინანსებასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების, კოორდინაციისა და მონიტორინგის მიზნით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად იქმნება მუდმივმოქმედი დამოუკიდებელი ორგანო საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).

2. სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო.

3. სააგენტოს დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი.

4. სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ და „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონები, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, სააგენტოს დებულება და სხვა ნორმატიული აქტები.

5. საწარმოო-საინვესტიციო პროგრამების დაფინანსების სისტემის გამჭვირვალობის, სააგენტოს მუშაობის საჯაროობისა და დემოკრატიული პრინციპებით მართვის მიზნით სააგენტოსთან იქმნება სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც შედგება 9 წევრისაგან, სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ჩათვლით.

6. სააგენტოს დებულებას ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი.

7. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო სააგენტოს გადასცემს სახელმწიფო ქონებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8. სააგენტოს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს თანხმობით უფლება აქვს:

ა) შეიძინოს, გაასხვისოს ან დატვირთოს თავის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონება;

ბ) აიღოს სესხი;

გ) დადგეს თავდებად;

დ) განსაზღვროს სააგენტოს საშტატო განრიგი და სახელფასო ფონდი.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საქმიანობა დამატებით საჭიროებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს თანხმობას, ხოლო „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საქმიანობა – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობას.

10. სააგენტოს დაფინანსება ხორციელდება:

ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან;

ბ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავლით;

გ) კერძო ინვესტორებისა და საინვესტიციო ინსტიტუტების სახსრებით, რომელთა მოზიდვა ხდება სახელმწიფო გარანტიებით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში;

დ) საერთაშორისო დონორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების მიერ მეწარმეობის განვითარების მიზნით გამოყოფილი გრანტებითა და დახმარებებით;

ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებით.

11. სააგენტო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს.

12. სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

ა) ფონდის სახსრების რაციონალური მართვა და განაწილება თავდებობის, სუბვენციისა და სუბსიდიის სახით საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების ინდიკატური გეგმით განსაზღვრული პრიორიტეტების ან მიზნობრივი პროგრამების შესაბამისად;

ბ) პოტენციურ ინვესტორებთან მოლაპარაკებების წარმოება საწარმოო-საინვესტიციო პროგრამების განხორციელებისათვის საჭირო ინვესტიციებისა და გრანტების მოზიდვის მიზნით;

გ) საწარმოო-საინვესტიციო პროექტების განმახორციელებელი ორგანიზაციების ანგარიშების საფუძველზე საწარმოო-საინვესტიციო პროგრამების დაფინანსების სფეროში არსებული მდგომარეობის სისტემატური შესწავლა, გაანალიზება და საქართველოს პრეზიდენტის მიერ სათანადო გადაწყვეტილებების მისაღებად წინადადებების მომზადება;

დ) იმ კრიტერიუმების განსაზღვრა, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს საწარმო საწარმოო-საინვესტიციო პროექტის განხორციელებაში მონაწილეობის უფლების მისაღებად;

ე) საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების ინდიკატური გეგმით განსაზღვრული პრიორიტეტების გათვალისწინებით, კონკურსის საფუძველზე საწარმოო-საინვესტიციო პროექტების შერჩევა, რომელთა საბანკო კრედიტის საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირება განხორციელდება ფონდის სახსრებით;

ვ) სახელმწიფო საწარმოო-საინვესტიციო პოლიტიკის დაფინანსების სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსათვის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენა;

ზ) საინვესტიციო გარემოს შექმნისა და მეწარმეობის განვითარების ხელშემწყობი სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბების მიზნით წინადადებების მომზადება;

თ) ამ კანონის მოქმედებისათვის საჭირო სტანდარტული სატენდერო დოკუმენტაციის შემუშავება, გამოცემა და მისი საერთაშორისო ნორმებთან ჰარმონიზაცია;

ი) სპეციალური სასწავლო პროგრამებისა და სასწავლო-მეთოდოლოგიური მასალების მომზადება, საინვესტიციო ურთიერთობებში მონაწილე პირთათვის, ხელისუფლების ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებისათვის, აგრეთვე სხვა დაინტერესებული პირებისათვის სემინარებისა და ტრეინინგების ჩატარება;

კ) განხორციელებული საწარმოო-საინვესტიციო პროგრამების ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა;

ლ) საწარმოო-საინვესტიციო პროექტის წარმდგენი ორგანიზაციისათვის საექსპერტო და საკონსულტაციო-სარეკომენდაციო მომსახურების გაწევა.

13. სააგენტო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოაწყოს თავის მიერ გაწეული საქმიანობის საჯარო განხილვები და უზრუნველყოს სათანადო ინფორმაციის გამოქვეყნება, აგრეთვე დაარსოს სპეციალური პერიოდული ბიულეტენი.

    მუხლი 5. სააგენტოს დირექტორის უფლება-მოვალეობები

1. სააგენტოს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელიც:

ა) შიგა ორგანიზაციულ საკითხებზე გამოსცემს განკარგულებებს;

ბ) წყვეტს სააგენტოს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს;

გ) დადგენილი წესით ამტკიცებს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს და აკონტროლებს სააგენტოს თანამშრომელთა საქმიანობას და სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ თავიანთი მოვალეობის შესრულებას;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს;

ე) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განკარგავს სააგენტოს სახსრებს და აკონტროლებს მათ მიზნობრივ ხარჯვას.

2. სააგენტოს დირექტორი წარმოადგენს სააგენტოს სხვადასხვა ორგანიზაციასა და ინსტანციაში. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მისივე ბრძანებით განსაზღვრული მოადგილე.

3. სააგენტოს დირექტორი პასუხისმგებელია სააგენტოს საქმიანობაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. სააგენტოს დირექტორი ყოველწლიურ ანგარიშს სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ დასამტკიცებლად წარუდგენს სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს.

    მუხლი 6. სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო

1. სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა შეირჩევა როგორც ცენტრალური, ისე ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი.

2. სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეობს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი.

3. სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო ფუნქციონირებს საზოგადოებრივ საწყისებზე.

4. სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი არ შეიძლება იმავდროულად იყოს სააგენტოს დირექტორი, მისი მოადგილე ან სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი.

5. სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე (მისი არყოფნის შემთხვევაში მოადგილე ან მისი მოვალეობის შემსრულებელი) იწვევს სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომას და ადგენს დღის წესრიგს.

6. სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ორი მესამედი. სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო გადაწყვეტილებას იღებს დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით.

7. სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომები ტარდება სააგენტოს საქმიანობის შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ სამ თვეში ერთხელ. სხდომის ჩატარების შესახებ სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს ეცნობებათ სხდომის ჩატარებამდე არანაკლებ 7 დღით ადრე.

     8. სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო:

ა) ამტკიცებს სააგენტოს დირექტორის მიერ სააგენტოს გამგებლობაში არსებული სახსრების ფარგლებში შემუშავებული თავდებობის, სუბსიდირებისა და სუბვენციის პროგრამების პროექტებს;

ბ) ვალდებულია გაითვალისწინოს სახელმწიფო საწარმოო-საინვესტიციო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები და საწარმოო-საინვესტიციო საქმიანობაში მონაწილე მხარეებს თავის სხდომაზე შესაძლებლობა მისცეს, დაუბრკოლებლად წარმოადგინონ საკუთარი ინტერესები;

გ) ამტკიცებს სააგენტოს მიერ განსაზღვრულ იმ კრიტერიუმებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტი საწარმოო-საინვესტიციო პროექტის განხორციელებაში მონაწილეობის უფლების მისაღებად;

დ) უფლებამოსილია საწარმოო-საინვესტიციო პროგრამებში მონაწილე ორგანიზაციებს მოსთხოვოს ინფორმაცია მათ მიერ განხორციელებული საწარმოო-საინვესტიციო პროექტების შესახებ და შეამოწმოს მისი სისწორე;

ე) ამტკიცებს საკონკურსო კომისიის შემადგენლობას;

ვ) თავის სხდომაზე განიხილავს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების პროექტებს და მათ მიერ გაწეული საქმიანობის შედეგებს;

ზ) განიხილავს და ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტისათვის წარსადგენ ყოველწლიურ ანგარიშს სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

თ) უფლებამოსილია სააგენტოს დირექტორის მიერ წარმოდგენილ ანგარიშში არადამაკმაყოფილებელი შედეგების დაფიქსირების შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს წინაშე დააყენოს მისი თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი.

9. სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო ყოველწლიურ ანგარიშს თავის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს და უზრუნველყოფს მის საჯაროობას.

თავი II

საქართველოს პრეზიდენტის წარმოების განვითარების საინვესტიციო ფონდი

    მუხლი 7. ფონდის სტატუსი და ფორმირების წესი

1. საქართველოს პრეზიდენტის წარმოების განვითარების საინვესტიციო ფონდი არის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის განუყოფელი ნაწილი.

2. ამ კანონის მიზნებისათვის ფონდისთვის განკუთვნილი საბიუჯეტო სახსრების მოცულობა დგინდება საქართველოს მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით და საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების ინდიკატური გეგმის მიხედვით.

3. ფონდის ფულადი სახსრები აკუმულირდება საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილ სახაზინო ანგარიშზე.

    მუხლი 8. ფონდის სახსრების მართვა

1. სააგენტო ფონდის სახსრების მართვას, მათ ეფექტიან ხარჯვასა და მიზნობრივ გამოყენებას ახორციელებს ამ კანონით დადგენილი წესით.

2. სააგენტო ფონდის სახსრებს გამოყოფს მცირე და საშუალო საწარმოთა სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

3. სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით სააგენტო ყოველწლიურად ფონდის სახსრების ფარგლებში ადგენს განსახორციელებელი პროგრამების კონკრეტულ მახასიათებლებს (თანხის ოდენობა, საპროცენტო განაკვეთი, ვადა) სახელმწიფოს ერთიანი და რეგიონალური ეკონომიკური პოლიტიკით განსაზღვრული პრიორიტეტების გათვალისწინებით და ათანხმებს მათ სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოსთან.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მახასიათებლების საფუძველზე განისაზღვრება შესაბამის საწარმოო-საინვესტიციო პროგრამებში სააგენტოს მონაწილეობის ფორმა, პირობები და ამ პროგრამების განხორციელებისათვის საჭირო სახსრების მოცულობა.

თავი III

მეწარმეობის განვითარების პროგრამების განხორციელების სახელმწიფო ხელშეწყობა

    მუხლი 9. მეწარმეობის განვითარების პროგრამების განხორციელების სახელმწიფო ხელშეწყობის ფორმები

მეწარმეობის განვითარების პროგრამების განხორციელების სახელმწიფო ხელშეწყობის ფორმებია:

ა) წარმოების ან დარგის განვითარების მიზნით საწარმოო-საინვესტიციო პროექტით მოთხოვნილი დაფინანსების თავდებობა;

ბ) სუბვენცია, რომლის არამიზნობრივი გამოყენების შემთხვევაში იგი უბრუნდება საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს;

გ) სუბსიდია.

    მუხლი 10. წარმოების ან დარგის განვითარების მიზნით საწარმოო-საინვესტიციო პროექტით მოთხოვნილი დაფინანსების თავდებობა

1. თუ სააგენტო მიიღებს გადაწყვეტილებას, წარმოების ან დარგის განვითარების მიზნით საწარმოო-საინვესტიციო პროექტით მოთხოვნილი დაფინანსების ფარგლებში თავდებად დაუდგეს პრეტენდენტს დამფინანსებელი ორგანიზაციის წინაშე, სააგენტოსა და მსესხებელს შორის იდება ხელშეკრულება.

2. სააგენტოსა და მსესხებელს შორის დადებულ ხელშეკრულებაში უნდა განისაზღვროს მხარეთა ვალდებულებები, სააგენტოს თავდებობის ოდენობა, ხანგრძლივობა, პირობები და ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში განსახორციელებელი საჯარიმო სანქციები.

3. სააგენტო ახორციელებს მონიტორინგს საწარმოს მიერ ვალდებულებების შესრულებაზე. საწარმომ სააგენტოს სამ თვეში ერთხელ უნდა წარუდგინოს საბუღალტრო ანგარიშგება სესხის გამოყენების მდგომარეობის შესახებ.

4. ყოველ ცალკეულ შემთხვევაში სააგენტოსა და საწარმოო-საინვესტიციო პროექტის დამფინანსებელ ორგანიზაციას შორის იდება თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება:

ა) სააგენტოს თავდებობის ოდენობა;

ბ) თავდებობის თანხის მართვის ძირითადი პრინციპები და პირობები;

გ) საწარმოო-საინვესტიციო პროექტის დამფინანსებელი ორგანიზაციის მიერ სააგენტოსთვის ინფორმაციის წარდგენა მსესხებლის მიერ საკრედიტო ვალდებულებათა შესრულების შესახებ;

დ) საგარანტიო უზრუნველყოფის საგნის რეალიზაცია;

ე) თავდებობის ამოქმედება.

5. თუ საწარმო ვერ შეასრულებს სესხის დაფარვის ვალდებულებებს და საწარმოო-საინვესტიციო პროექტის დამფინანსებელი ორგანიზაცია ამოწურავს საგარანტიო უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციის შედეგად თანხების მიღების ყველა შესაძლებლობას, კრედიტის ნარჩენი თანხა ანაზღაურდება ფონდის სახსრებიდან.

    მუხლი 11. სააგენტოს მიერ სუბსიდირების განხორციელება

1. საწარმოს მიერ სააგენტოში წარდგენილი საწარმო-საინვესტიციო პროექტით მოთხოვნილი სუბსიდირების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში:

ა) სააგენტოსა და საწარმოს შორის იდება ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება სააგენტოს მიერ განხორციელებული სუბსიდირების მიზანი, ოდენობა, გაცემის პირობები და ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში განსახორციელებელი საჯარიმო სანქციები;

ბ) სააგენტოსა და საწარმოო-საინვესტიციო პროექტის დამფინანსებელ ორგანიზაციას შორის იდება ხელშეკრულება საინვესტიციო-საწარმოო პროექტით მოთხოვნილი სუბსიდირების განხორციელებისას ურთიერთთანამშრომლობის შესახებ, რომლითაც განისაზღვრება დასაფინანსებელი თანხის სუბსიდირების პირობები, დამფინანსებელი ორგანიზაციის მიერ სააგენტოსთვის ინფორმაციის წარდგენა მსესხებლის მიერ საკრედიტო ვალდებულებების შესრულების შესახებ და სხვა პროცედურული საკითხები.

2. საწარმოს მიერ ხელშეკრულების შესრულებაზე მონიტორინგს ახორციელებს სააგენტო.

3. საწარმო სააგენტოს სამ თვეში ერთხელ წარუდგენს ინფორმაციას სუბსიდიის გამოყენების მიზნობრიობის შესახებ.

4. საწარმოს მიერ სუბსიდირებული სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის გადახდის ვალდებულებების არა უმეტეს 3 თვის განმავლობაში შეუსრულებლობის შემთხვევაში სააგენტოს უფლება აქვს შეწყვიტოს სუბსიდირება.

თავი IV

საწარმოო-საინვესტიციო პროექტების დაფინანსების სისტემა

    მუხლი 12. საწარმოო-საინვესტიციო პროექტების შერჩევა

საწარმოო-საინვესტიციო პროექტები შეირჩევა კონკურსის წესით, რომელიც ტარდება ამ კანონითა და სააგენტოს დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული წესებით.

    მუხლი 13. საკონკურსო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი

1. საწარმოო-საინვესტიციო პროექტების შესარჩევ კონკურსს ატარებს საკონკურსო კომისია, რომელსაც თავმჯდომარეობს სააგენტოს დირექტორი.

2. საკონკურსო კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო.

3. საკონკურსო კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს პრეტენდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირის ხელმძღვანელის ახლო ნათესავი, პირი, რომელსაც აქვს წილი პრეტენდენტი იურიდიული პირის კაპიტალში, და იურიდიული პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი.

4. საკონკურსო კომისიამ ექსპერტებად და კონსულტანტებად შეიძლება მოიწვიოს შესაბამისი დარგის სპეციალისტები.

5. საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. ხმათა რაოდენობის თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის ხმა.

    მუხლი 14. განცხადება საწარმოო-საინვესტიციო პროექტების შესარჩევი კონკურსის ჩატარების შესახებ

1. განცხადებას საწარმოო-საინვესტიციო პროექტების შესარჩევი კონკურსის ჩატარების შესახებ საკონკურსო კომისია აქვეყნებს კონკურსის დაწყებამდე არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე.

2. საკონკურსო კომისიას უფლება აქვს შეცვალოს განცხადებაში მითითებული ინფორმაცია. ცვლილება უნდა გამოქვეყნდეს იმავე საინფორმაციო საშუალებებში, რომლებშიც გამოქვეყნდა განცხადება.

3. განცხადებაში ცვლილება შეტანილი უნდა იქნეს და ეს ცვლილება უნდა გამოქვეყნდეს (მიეწოდოს) კონკურსის დაწყებამდე არანაკლებ 15 კალენდარული დღით ადრე.

    მუხლი 15. კონკურსის პირობები

1. პრეტენდენტი ვალდებულია სააგენტოს წარუდგინოს საწარმოო-საინვესტიციო პროექტი.

2. საწარმოო-საინვესტიციო პროექტის წარდგენის, განხილვის, კონკურსის წესით შერჩევისა და დაფინანსების წესებს ადგენს სააგენტო.

3. საწარმოო-საინვესტიციო პროექტის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა ენიჭება:

ა) საწარმოო-საინვესტიციო პროექტის პრიორიტეტულობას;

ბ) საექსპორტო და იმპორტშემცვლელი პროდუქციის წარმოების სტიმულირებას;

გ) მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას;

დ) პრეტენდენტის მიერ საკუთარი ფულადი სახსრებით თანაინვესტორობას, სახსრების დაბრუნების გარანტიების ჩათვლით;

ე) საწარმოო-საინვესტიციო პროექტის ფინანსური რისკის დაზღვევას;

ვ) იმ პრეტენდენტს, რომელსაც არა აქვს დავალიანება საფინანსო და საგადასახადო ორგანოების მიმართ, რასაც ადასტურებენ ეს ორგანოები;

ზ) საბიუჯეტო და სოციალური ეფექტის ზრდის უზრუნველყოფას.

თავი V

სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

    მუხლი 16. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

1. სააგენტოს რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სააგენტოს ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. სააგენტოს ლიკვიდაციის შემთხვევაში მისი ქონება უბრუნდება საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს.

თავი VI

დასკვნითი დებულება

    მუხლი 17. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი

ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2002 წლის 19 ივნისი.

№1519-IIს