ქ. ჭიათურის პოლიტექნიკური პროფესიული სასწავლებლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
20.04.2005 ძალადაკარგული 12.11.2008
ნომერი
№177
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.220.007283
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 51, 27/04/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.007.283

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  

ბრძანება №177

2005 წლის 20 აპრილი

ქ. თბილისი

„ქ. ჭიათურის პოლიტექნიკური პროფესიული სასწავლებლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ

საქართველოს კანონის ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ” მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტის, საქარ­თველოს კანონის ,,საჯარო სამართლის იური­დიუ­ლი პირის შესახებ” მე-5 მუხლისა და საქართვე­ლოს კანონის ,,განათლების შესახებ” 24-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ქ. ჭიათურის პოლიტექნიკური პროფესიული სასწავლებელი დაფუძნდეს საჯარო სამართლის იური­დიულ პირად.

2. დამტკიცდეს ქ. ჭიათურის პოლიტექნიკური პრო­ფე­სიული სასწავლებლის თანდართული წესდება.

3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია

საჯარო სამართლის იურიდიული პირის –   ქ. ჭიათურის პოლიტექნიკური პროფესიული სასწავლებლის    წესდება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქ. ჭიათუ­­რის პოლიტექნიკური პროფესიული სასწავლებელი, როგორც დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, ,,განათლების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე ახორციელებს დაწყებით პროფესიულ საგანმანათ­ლებლო პროგრამას.

2. სასწავლებელი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ”, ,,განათლების შესახებ”, ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ” საფუძველზე.

3. სასწავლებელი დამოუკიდებელია რელიგიურ და პოლიტიკურ გაერთიანებათაგან.

4. სასწავლებელს გააჩნია საჯარო სამართლის იურიდიული პირის ატრიბუტიკა – საკუთარი წესდება, დამოუკიდებელი ბალანსი და ანგარიშები საბანკო დაწე­სე­ბულებებში, ბეჭედი, შტამპი და იურიდიული პირის სხვა ატრიბუტიკა.

5. სასწავლებლის იურიდიული მისამართია: ქ. ჭია­თურა, გაგარინის ქ. 12.

    მუხლი 2. მიზნები და ამოცანები

1. სასწავლებლის მიზანია:

ა) საქართველოს კანონით ,,დაწყებითი პროფესიუ­ლი განათლების შესახებ” დადგენილი საგანმანათ­ლებლო პროგრამების შესრულება;

ბ) საქართველოში მიმდინარე სოციალურ-ეკონო­მიკური ცვლილებების შესაბამისად მოსახლეობისათ­ვის პროფესიული განათლების პირობების შექმნა პროფესიული განათლება ყველასათვის – პრინციპის სა­ფუძველზე;

გ) მოსამზადებელი პროფესიების შერჩევა რეგიო­ნის შრომის ბაზრის მოთხოვნების შესწავლის საფუძ­ველ­ზე, საჭირო სპეციალისტთა მომზადება საწარმოო გაერთიანება ,,ჭიათურმანგანუმისა” და ქალაქის ინფრასტრუქტურისათვის;

დ) ეკოლოგიური ცოდნის გავრცელება შესაბამისი პრო­ფესიების სწავლებისა და საკონსულტაციო მუშაობის წარმართვის გზით;

ე) მცირე ბიზნესისა და ინდივიდუალური მეწარმეობის განვითარებისათვის ხელის შეწყობა ეკონომიკური კვალიფიკაციების სწავლების გზით;

ვ) დამატებითი პროფესიული განათლების პროგ­რამებით, პროფესიული მომზადებისა და გადამზადების მეშვეობით ზრდასრული მოსახლეობის, მათ შორის უმუ­შევართა პროფესიული მომზადება-გადამზადება;

ზ) სწავლას ჩამოცილებული, ობოლი, მზრუნველობას მოკლებული მოზარდების, სოციალურად გაუცხოებული ადამიანების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, უნარშეზღუდული ბავშვების ჩაბმა პროფესიულ განათლებაში, საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის მიზნით;

თ) წვლილის შეტანა ქვეყნის ისტორიულ-კულტუ­რული ტრადიციების შენარჩუნებასა და აღორძინებაში ხალხური რეწვის პროფესიების სწავლების გზით.

    მუხლი 3. სასწავლებლის უფლებამოსილებანი

1. სასწავლებელი სახელმწიფო კონტროლით და­მოუ­კი­დებლად ახორციელებს საქმიანობას.

2. მისი უფლებამოსილებანი დადგენილია ,,განათ­ლების შესახებ”, ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ”, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონებით.

3. სასწავლებელს საქართველოს კანომდებლობის, სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამებისა და სტანდარტების და ამ წესდების შესაბამისად, უფლება აქვს დამოუკიდებლად გადაწყვიტოს საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროცესთან დაკავშირებული საკითხები.

4. სასწავლებელი უფლებამოსილია:

ა) დამოუკიდებლად გადაწყვიტოს საკადრო საკით­ხები კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) განსაზღვროს საგანმანათლებლო პროგრამები პროფესიების მიხედვით სახელმწიფო საგანმანათ­ლებლო სტანდარტებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული საგანმანათლებლო პროგრამის საფუძველზე;

გ) მოსამზადებელი პროფესიების შესაბამისად, სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამების ფარ­გლებ­ში დამოუკიდებლად დაამყაროს კავშირი სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, სოციალურ პარტნიორებთან (მათ შორის, საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთან­ხმე­ბე­ბის საფუძველზე);

დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგოს სასწავლებლის ქონება და ფინანსური სახსრები;

ე) მოიზიდოს არასაბიუჯეტო ფინანსური და მატერია­ლური სახსრები;

ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინოს და განკარგოს ფასიანი ქაღალდები, რომლის შემოსავალი სრულად მოხმარდება სასწავლებლის მიზნების განხორ­ციელებას. (ამ მიზნით მას უფლება არა აქვს გამოიყენოს საბიუჯეტო სახსრები და თავისი საგანმანათლებლო პროგრამის შესრულებისათვის მიღებული საფასური);

ზ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად სასწავლებელს, როგორც საჯარო სამართლის იური­დიულ პირს, სხვა დაინტერესებულ დაწესებუ­ლებებს, საწარმოებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად შეუძლია შექმნას საგანმანათლებლო გაერთიანე­ბები (ასოციაციები, კავშირები) საგანმანათლებ­ლო პროგრამის განვითარებისა და სრულყოფის მიზნით;

თ) საკუთარი საფინანსო სახსრების ფარგლებში განათ­ლ­ებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთან­ხმებით დაადგინოს სასწავლებლის მართვის სტრუქ­ტურა, საშტატო განრიგი და თანამდებობრივი ფუნქციები.

5. სასწავლებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გადის ატესტაციასა და აკრედიტაციას.

6. სასწავლებელი უფლებამოსილია გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ.

    მუხლი 4. საგანმანათლებლო პროგრამები

1. ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ” საქარ­თვე­ლოს კანონის შესაბამისად, სასწავლებელი ასრულებს:

ა) დაწყებითი პროფესიული განათლების პროგრამას საბაზო ზოგადი განათლების მიღების შემდეგ ზოგადი საშუალო განათლების პროგრამასთან ერთად (სწავლე­ბის ვადა 3-დან 4 წლამდე);

ბ) დაწყებითი პროფესიული განათლების პროგრამას საბაზო ზოგადი განათლების მიღების შემდეგ, ზოგადი საშუალო განათლების პროგრამის გარეშე (სწავლების ვადა 1-დან 2 წლამდე);

გ) დაწყებითი პროფესიული განათლების პროგრამას ზოგადი საშუალო განათლების მიღების შემდეგ (სწავლების ვადა 6 თვიდან 2 წლამდე);

დ) სახელობო მომზადების პროგრამას, დაწყებითი ზოგადი განათლების მიღების შემდეგ, სწავლების ვადა 1-დან 2 წლამდე;

ე) დამატებითი პროფესიული განათლების პროგრა­მებს

პროფესიული მომზადების პროგრამას – (სწავლების ვადით 10 თვემდე);

პროფესიული გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამას – (სწავლების ვადით 10 თვემდე).

2. საგანმანათლებლო პროგრამა სრულდება საბო­ლოო ატესტაციით, რომლის წარმატებით გავლის შემ­თხვე­ვაში გაიცემა საქართველოს კანონით ,,დაწყებით პროფესიული განათლების შესახებ” დადგენილი საგან­მანათლებლო პროგრამის შესაბამისი სახელმწიფო საგანმანათლებლო სერტიფიკატი:

ა) დაწყებითი პროფესიული განათლება საბაზო ზო­გადი განათლების შემდეგ, საშუალო ზოგადი განათლების პროგრამასთან ერთად – ზოგადსაგანმანათ­ლებლო საშუალო განათლების ატესტატი და დაწყები­თი პროფესიული განათლების დიპლომი;

ბ) დაწყებითი პროფესიული განათლება ზოგადი საბაზო განათლების მიღების შემდეგ – დაწყებითი პროფესიული განათლების დიპლომი;

გ) დაწყებითი პროფესიული განათლება ზოგადი საშუალო განათლების მიღების შემდეგ – დაწყებითი პროფე­სიული განათლების დიპლომი;

დ) სახელობო მომზადება დაწყებითი ზოგადი განათლების შემდეგ – მოწმობა;

ე) დამატებითი პროფესიული განათლება (პროფე­სიული მომზადება, გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლება) – მოწმობა.

3. კურსდამთავრებული, რომელიც სრულყოფილად ვერ აითვისებს საგანმანათლებლო პროგრამას, მიიღებს ცნობას სწავლის კურსის მოსმენის შესახებ.

    მუხლი 5. საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზაცია

1. სასწავლებელში საგანმანათლებლო პროცესი მოიცავს:

ა) თეორიულ სწავლებას (ზოგადსაგანმანათლებლო და სპეციალური საგნების სწავლება);

ბ) საწარმოო სწავლებას და პრაქტიკას;

გ) მოსწავლეებთან აღმზრდელობით მუშაობას.

2. ზოგადსაგანმანათლებლო სწავლების პროგრამა ხორციელდება შესაბამისი სახელმწიფო საგანმანათ­ლებ­ლო სტანდარტების საფუძველზე.

3. სასწავლო პროცესის გრაფიკი და არდადეგების ხან­გრძლივობა განისაზღვრება განათლებისა და მეცნიე­რე­ბის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

4. მოსამზადებელი პროფესიები შეირჩევა შრომის ბაზრის მოთხოვნის საფუძველზე სახელმწიფო დაკვე­თით და ხელშეკრულების საფუძველზე ფასიანი საგანმა­ნათ­ლებლო მომსახურებით.

5. ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობა განისაზ­ღვრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

6. ცალკეულ საგნებსა და საწარმოო სწავლებაში ჯგუ­ფების გაყოფა ხდება განათლებისა და მეცნიე­რების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

7. საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, სა­წარ­­­მოო სწავლებისა და პრაქტიკის პროცესში სასწავ­ლებელი ეწევა სასწავლო-საწარმოო საქმიანო­ბას, მოს­წავ­­ლეთა მონაწილეობით ქმნის პროდუქციას, ეწევა ანაზ­ღაურებად, მათ შორის, ფასიან საგანმანათ­ლებლო მომსახურებას.

8. სასწავლო-საწარმოო საქმიანობის პროცესში მოსწავლის მიერ შესრულებული სამუშაო ანაზღაურდება სამუშაოს მოცულობის და ხელშეკრულებით გათ­ვალის­წი­ნებუ­ლი განაკვეთის შესაბამისად.

9. სასწავლებელში, ზოგადსაგანმანათლებლო და პრო­ფესიული სწავლების შინაარსისა და სწავლების მეთო­დიკის სრულყოფის თვალსაზრისით, დაწესებულების პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება შეიქმნას საგნობრივი მეთოდური გაერთიანებები.

    მუხლი 6. სასწავლებლის მართვა

1. სასწავლებლის მართვა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის და ამ წესდების საფუძველზე.

2. ,,განათლების შესახებ”, ,,დაწყებითი პროფე­სიული განათლების შესახებ”, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონე­ბის, დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ტიპური დებულებისა და ამ წესდებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში, სას­წავ­ლებელს მართავს დირექტორი, რომელიც ამასთა­ნავე არის ლიცეუმის წარმომადგენლობაზე უფლება­მოსილი პირი.

3. დირექტორს დადგენილი წესით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეც­ნიე­­­რების მინისტრი.

4. დირექტორი უფლებამოსილია:

ა) შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, სამუშაო­ზე მიიღოს და გაათავისუფლოს ყველა მუშაკი;

ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით, შეადგინოს სასწავლებლის პედაგოგიური მუშაკების კვალიფიკაციის ამაღლებისა და ატესტაციის განრიგი.

5. დირექტორი ვალდებულია:

ა) კეთილსინდისიერად შეასრულოს ხელშეკრუ­ლებით ნაკისრი ვალდებულებები;

ბ) პასუხისმგებელია ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესრულებისათვის;

გ) დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები, პატივი სცეს მოსწავლეთა და თანამშრომელთა უფლებებს;

დ) გაუფრთხილდეს სახელმწიფო ქონებას და მიზანშეწონილად განკარგოს ბიუჯეტით გათვალისწი­ნებული სახსრები;

 ე) უზრუნველყოს საგანმანათლებლო პროცესის განხორციელებაზე კონტროლი.

6. დირექტორი ხელმძღვანელობს ადმინისტრა­ციასა და პედაგოგიურ საბჭოს.

7. დირექტორი მოქმედი კანონმდებლობის, ტიპური დებულებისა და ამ წესდების შესაბამისად განაგებს სასწავლებლის ქონებას და საფინანსო სახსრებს;

8. დირექტორი ანგარიშვალდებულია საქართვე­ლოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინაშე.

9. დირექტორი პასუხისმგებელია სასწავლებლის საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე.

10. დირექტორის არყოფნის ან მოვალეობის შესრუ­ლების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მო­ვალეო­ბას ასრულებს დირექტორის მოადგილე სასწავ­ლო-საწარმოო მუშაობაში.

11. ადმინისტრაციის წევრთა უფლებამოვალეო­ბანი თანამდებობრივი საკვალიფიკაციო დახასიათე­ბების საფუძველზე დგინდება სასწავლებლის შინაგა­ნაწესით.

    მუხლი 7. პედაგოგიური საბჭო

1. პედაგოგიური საბჭო ,,განათლების შესახებ” და ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ” საქართველოს კანონების შესაბამისად წარმოადგენს არჩევით ორგანოს.

2. პედაგოგიურ საბჭოს ყოველწლიურად თავისი შემადგენლობიდან ირჩევს დაწესებულების პედაგოგთა საერთო კრება. არჩევნები უნდა ჩატარდეს სასწავლო წლის დაწყებამდე არა უგვიანეს ორი კვირისა.

3. პედაგოგიური საბჭოს წევრთა რიცხვი უნდა შეადგენდეს დაწესებულების პედაგოგთა არანაკლებ 1/5-სა და არა უმეტეს 1/3-ს. თუკი დაწესებულებების პედაგოგთა რიცხვი ოცს არ აღემატება, მაშინ პედაგო­გიური საბჭო შედგება დაწესებულების ყველა პედაგოგისაგან. პედაგოგიური საბჭოს წევრთა არჩევის წესი განისაზღვრება დაწესებულების წესდებით.

4. პედაგოგიური საბჭოს წევრობის კანდიდატის დასახელების უფლება აქვს დირექტორს და დაწესე­ბუ­ლების ნებისმიერ პედაგოგს.

5. არჩევნები ტარდება, როგორც წესი, ღია კენჭის­ყრით. საერთო კრების უმრავლესობის გადაწყვე­ტილებით შესაძლებელია ცალკეული კანდიდატის ასარჩევად ჩატარდეს ფარული კენჭისყრაც.

6. სასწავლებლის პედაგოგიურ საბჭოს ხელმძღვა­ნელობს დირექტორი.

7. სათათბირო ხმით პედაგოგიური საბჭოს მუშაო­ბაში მონაწილეობს ყველა პედაგოგი.

8. პედაგოგიური საბჭო წარმართავს საგანმანათ­ლებლო პროცესს, სასწავლო-აღმზრდელობით და მეთოდურ მუშაობას.

9. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ფარგლებში პედაგოგიური საბჭო განსაზღვრავს სასწავლო განრიგს, სასწავლო კვირის ხანგრძლივობას და არდადეგების გრაფიკს.

10. პედაგოგიური საბჭო განიხილავს სასწავ­ლებელში არსებულ მდგომარეობას და აფასებს მას.

11. საბჭო ასრულებს ამ წესდებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

12. პედაგოგიური საბჭო მოიწვევა თვეში ერთხელ.

    მუხლი 8. სამეურვეო საბჭო

1. სასწავლებელში, მატერიალური და ფინანსური სახსრების მოზიდვისა და რაციონალური გამოყენების მიზნით, იქმნება სამეურვეო საბჭო.

 2. საბჭო შედგება 5 წევრისაგან, მათ შორის, სასწავ­ლებლის პედაგოგიური საბჭოს მიერ წარმოდ­გენილი 1 წევრი, მშობელი, სოციალური პარტნიორი დამსაქმებელი ან საზოგადოების სხვა თვალსაჩინო წარმომადგენელი.

3. სამეურვეო საბჭო აირჩევა სამი წლის ვადით.

4. სამეურვეო საბჭოს მუშაობას ხელმძღვანელობს მის მიერ არჩეული თავმჯდომარე.

5.სამეურვეო საბჭოს ერთ წევრს ღია კენჭისყრით ირჩევს პედაგოგიური საბჭო. დანარჩენი 4 წევრი აირჩევა მშობელთა საერთო კრებაზე, ღია კენჭის­ყრით. თითოეულ კანდიდატს დასახელების რიგითო­ბით ცალკე ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, ვინც სხვებზე მეტ ხმებს დააგროვებს.

 6. სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ახალი წევრის არჩევა ხდება მშობელთა საერთო კრებაზე, უფლება­მო­სი­ლების შეწყვეტიდან არა უგვიანეს ოცდაათი დღისა.

    მუხლი 9. მოსწავლეები

1. მოსწავლე არის პირი, რომელიც არჩეული პრო­­ფე­­სიისა და საგანმანათლებლო პროგრამის შესას­წავ­ლად, განსაზღვრული ასაკის, განათლების დონისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად ირიცხება სასწავლებელში.

2. სახელმწიფო დაკვეთით განსაზღვრული ადგილე­ბის დაკავება ხდება კონკურსის წესით, რომლის პირობებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დადგენილი წესის შესაბამისად ადგენს პედაგოგიური საბჭო.

3. სასწავლებელში ჩარიცხვისას მოსწავლეს, მოსწავ­ლის მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელსა და დირექტორს შორის იდება ხელშეკრულება, რომელშიც აღინიშნება:

ა) უფასო ან ფასიანი საგანმანათლებლო მომსახუ­რების სახე და მისი განხორციელების პირობები;

ბ) განათლების მიღების ფორმა;

გ) საგანმანათლებლო პროგრამა და მისი შესრუ­ლების პირობები;

დ) ორივე მხარის პასუხისმგებლობა ხელშეკრუ­ლებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლო­ბისთვის.

4. მოსწავლეები მიიღებიან:

ა) სახელობო მომზადების პროგრამით – 12 წლის ასაკიდან;

ბ) დაწყებითი პროფესიული განათლების პროგრა­მით – 14-15 წლის ასაკიდან.

5. მოსწავლეებს უფლება აქვთ:

ა) აირჩიონ პროფესია და საგანმანათლებლო პროგრამა;

ბ) მოითხოვონ თავიანთი უფლებების დაცვა და პიროვნული ღირსებების პატივისცემა;

გ) თავისუფლად გამოთქვან აზრი;

დ) დაეუფლონ დამატებით, მათ შორის ფასიან საგანმანათლებლო პროგრამებს;

ე) გადავიდნენ შესაბამისი დონის სხვა საგანმანათლებ­ლო დაწესებულებაში ამ უკანასკნელის თანხმობით, დადგენილი წესის შესაბამისად;

ვ) საწარმოო სწავლებისა და პრაქტიკის პერიოდში ეწეოდნენ ანაზღაურებად სასწავლო-საწარმოო საქმიანო­ბას;

ზ) სწავლის პერიოდში არასასწავლო დროს კანონმდებ­ლობით დადგენილი წესით ეწეოდნენ თავისი ასაკისა და ჯანმრთელობის შესაბამის შრომით საქმია­ნობას;

თ) სამედიცინო უკუჩვენების გამო, არჩეული პროფე­სიით სწავლის გაგრძელების შეუძლებლობის შემთხვევა­ში, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით რეგისტრირებულ საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეს უფლება აქვს სახელმწიფოს ხარჯზე მიი­ღოს სხვა პროფესია;

ი) 18 წლის ასაკამდე პირს, ზოგადი განათლების დო­ნის გათვალისწინებით, უფლება აქვს სახელმწიფოს ხარჯზე ერთხელ გაიაროს სახელობო მომზადების კურსი ან მიიღოს დაწყებითი პროფესიული განათლება.

6. მოსწავლეები ვალდებულნი არიან:

ა) აითვისონ საგანმანათლებლო პროგრამა, დაეუფ­ლონ არჩეულ პროფესიას;

ბ) დაიცვან სასწავლებლის შინაგანაწესი;

გ) პატივი სცენ თანატოლების, პედაგოგებისა და სხვა თანამშრომელთა უფლებებს;

დ) გაუფრთხილდნენ სასწავლებლის ქონებას, მისთვის ზარალის მიყენების შემთხვევაში აანაზღაურონ იგი;

ე) შინაგანაწესის სისტემატური დარღვევებისათვის მოსწავლის მიმართ პედაგოგური საბჭოს გადაწყვეტი­ლებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური ზომები.

    მუხლი 10. პედაგოგიური მუშაკები

1. პედაგოგიურ მუშაკებს, საკონკურსო შერჩევის სა­ფუძ­ველზე, სამუშაოზე იღებს და ათავისუფლებს დირექტორი.

2. პედაგოგიურ მუშაკებად მიიღებიან შესაბამისი განათლებისა და კვალიფიკაციის მქონე პირები. არა­პედაგოგიური განათლების მქონე სპეციალური საგნე­ბის მასწავლებლები და საწარმოო სწავლების ოსტა­ტები სამუშაოზე დანიშვნისას აუცილებელი წესით გადიან მომზადებას პედაგოგიური ცოდნის მინიმუმის მისაღებად.

3. პედაგოგიური მუშაკები საქართველოს განათ­ლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენი­ლი წესით გადიან სწავლებასა და ატესტაციას.

4. დირექტორსა და მუშაკს შორის დადებულ ხელ­შეკრულებაში აღინიშნება:

ა) შესასრულებელი სამუშაო და მისი შესრულების პირობები;

ბ) ორივე მხარის პასუხისმგებლობა ხელშეკრულე­ბით დადგენილი პირობების შეუსრულებლობისათ­ვის;

გ) ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები.

5. პედაგოგთა ხელფასი დგინდება მათი კატეგორიის შესაბამისად დადგენილი განაკვეთის მიხედვით.

6. სასწავლებლის ადმინისტრაცია ვალდებულია შეუქ­­მნას მუშაკს შრომისათვის საჭირო პირობები, დაიცვას მისი უფლებები, ხელი შეუწყოს კვალიფიკაციის ამაღ­ლებასა და შემოქმედებით წინსვლაში.

7. არასაბიუჯეტო სახსრების არსებობის შემთხვე­ვაში, სასწავლებლის ადმინისტრაციას უფლება აქვს პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით გასცეს ხელ­ფასის დანამატები, საკუთარი სტიპენდიები, პრემიები და ფინანსური დახმარებები მოსწავლეებსა და თანამ­შრომ­ლებზე.

8. სასწავლებლის ყველა მუშაკი ვალდებულია:

ა) კეთილსინდისიერად შეასრულოს ხელშეკრუ­ლებით ნაკისრი ვალდებულებები;

ბ) დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები, პატივი სცეს მოსწავლეთა და თანამშრომელთა უფლებებს;

გ) პასუხისმგებლობით მოეკიდოს დაკისრებულ მოვა­ლეობას, შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკის­რი ვალდებულებები;

დ) დაიცვას მოსწავლეთა უფლებები;

ე) აიმაღლოს კვალიფიკაცია, წარმოაჩინოს აქტი­ვობა, ინიციატივა და შემოქმედებითი უნარი სწავლე­ბის შინაარსისა და მეთოდების დახვეწის და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის თვალსაზრისით;

ვ) მოსწავლეებთან მუშაობა წარმართოს თანამ­შრომ­ლო­ბის პრინციპით, მათი ინდივიდუალური თვისებების, უნარისა და მიდრეკილებების გათვალის­წინებით.

9. პედაგოგს უფლება აქვს:

ა) მოითხოვოს თავისი უფლებების დაცვა;

ბ) აირჩიოს სწავლებისა და აღზრდის მეთოდები, მეცადინეობის ფორმები, მეთოდები და საშუალებები;

გ) მონაწილეობა მიიღოს ლიცეუმის საქმიანობის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვასა და გადაწყვე­ტა­ში;

დ) ისარგებლოს პედაგოგიურ მუშაკთათვის კანონ­მდებ­­ლობით დადგენილი ყველა უფლებითა და შეღა­ვათით.

    მუხლი 11. სასწავლებლის ქონება

1. დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორ­ციელებლად სასწავლებელს, საქართველოს განათლე­ბისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობით, სა­ქარ­­თველოს ეკონომიკური განვითარების სამინის­ტროს მიერ უსასყიდლო უზუფრუქტის წესით გ­ადაეცე­მა შესაბამისი ქონება.

2. სასწავლებელი მისთვის გადაცემულ ქონებას ფლობს და სარგებლობს კანონმდებლობით დადგენი­ლი წესით.

    მუხლი 12. დაფინანსება

1. სასწავლებლის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:

ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობ­რივი სახსრები;

ბ) სახელმწიფო შეკვეთების შესრულებიდან მიღებული შემოსავლები;

გ) სასწავლო-საწარმოო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები;

დ) ფასიანი საგანმანათლებლო და სხვა სახის მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები;

ე) შემოწირულობებით, სხვადასვა პროგრამებში მონაწილეობით, გრანტებით მიღებული შემოსავლები;

ვ) ჩუქებით ან ანდერძით მიღებული ქონება;

ზ) სოციალურ პარტნიორთა სახსრები;

თ) დამკვეთის სახსრებით წარმოების მუშახელის პროფესიული მომზადება-გადამზადება და კვალიფი­კაციის ამაღლების ხელშეკრულებიდან მიღებული შემოსავლები;

ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა შემოსავლები.

2. სასწავლებლის სახსრები და შემოსავლები განიკარ­გება კანონმდებლობით დადგენილი წესით და მთლიანად ხმარდება მისი მიზნებისა და ამოცანე­ბის შესრულებას. სასწავლებლის სახსრების გამოყე­ნე­ბა სხვა მიზნით აკრძალულია.

    მუხლი 13. სახელმწიფო კონტროლი

1. სასწავლებლის საქმიანობა ექვემდებარება სახელ­მწიფო კონტროლს. სახელმწიფო კონტროლს ახორ­ციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერე­ბის სამინისტრო.

2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობას საჭიროებს სასწავლებლის მიერ შემდეგი ქმედებების განხორციელება:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე) სხვა გადაწყვეტილებები სასწავლებლის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების განხორციელება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. სასწავლებელი ვალდებულია დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. დაწესებულების საფინანსო კონტროლი ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს სასწავლებლის დირექტორის ინდივიდუალურ-სამარ­თლებრივი აქტი, რომელიც არ შეესაბამება მოქმედ კანონ­მდებლობასა და დაწესებულების წესდებას.

6. სასწავლებელი ვალდებულია განათლებისა და მეცნიე­რების სისტემის მართვის ორგანოებს მოთხოვნის­თანავე წარუდგინოს დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენ­ტაცია, მისცეს მათ შესაბამისი ახსნა-განმარტება.

    მუხლი 14. წესდებაში ცვლილებების შეტანა

სასწავლებლის წესდებაში ცვლილებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 15. სასწავლებლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

სასწავლებლის, როგორც საჯარო სამართლის იური­დიული პირის, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით.

    მუხლი 16. გარდამავალი დებულებები

საჯარო საამრთლის იურიდიული პირი – ქ. ჭია­თურის პოლიტექნიკური პროფესიული სასწავლებელი წარმოადგენს ქ. ჭიათურის პოლიტექნიკური პროფესიუ­ლი სასწავლებლის უფლებამონაცვლეს.