საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.010.000.22.032.007.291
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-108
2005 წლის 21 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის და ,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №38 დადგენილე-ბით დამტკიცებული საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტის და ,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების დაფინანსების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 იანვრის №19 დადგენილების თანახმად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს თანდართული ტიპური დებულება.
2. რაიონების სოფლის მეურნეობის სამმართველოებმა რაიონებში თავიანთი საქმიანობა განახორციელონ ამ დებულების საფუძველზე.
3. სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტმა (კ. ხუცაიძე) და ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა (დ. ჯებაშვილი) უზრუნველყონ ამ ბრძანების რეგისტრაცია იუსტიციის სამინისტროში და გამოქვეყნება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს რაიონის (ქალაქის) სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოს (დეპარტამენტის, განყოფილების) ტიპური დებულების შესახებ” საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 1998 წლის 5 მაისის №2-220 ბრძანება.
5. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს მირიან დეკანოიძეს.
6. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სვიმონიშვილი
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს ტიპური დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველო (შემდეგში – სამმართველო) შექმნილია ,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №38 დადგენილების საფუძველზე.
2. სამმართველო წარმოადგენს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს (ავტონომიურ რესპუბლიკაში ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს) ტერიტორიულ ორგანოს – შესაბამის რაიონში.
3. სამმართველოს აქვს ბეჭედი საქართველოს გერბის გამოსახულებით, დასრულებული ბალანსი, ხარჯთა ნუსხა და ანგარიში ხაზინაში.
4. სამმართველო ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე.
5. სამმართველო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, სხვა კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით და განკარგულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებებით და სხვა ნორმატიული აქტებით.
მუხლი 2. სამმართველოს საქმიანობის სფერო და ამოცანები
1. სამმართველოს მმართველობის სფეროა რაიონში აგროსასურსათო, ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლების, მცენარეთა დაცვის, მეცხოველეობის სანაშენე საქმიანობის, აგროსაინჟინრო, ვეტერინარიის, სასელექციო დარგები.
2. სამმართველოს ამოცანებია:
ა) რაიონში აგრარული რეფორმების განხორციელებაზე ხელშეწყობა ეროვნული ტრადიციებისა და გამოცდილების, აგრეთვე ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით;
ბ) სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელთა ფართო ფენის ჩამოყალიბებაზე და სოფლის, როგორც სოციალურ-ეკონომიკური ერთეულის, განვითარებაში არსებული პრობლემების კომპლექსური გადაწყვეტისათვის ხელშეწყობა;
გ) სექტორში დასაქმებული მეწარმეებისათვის (ფერმერები) საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების განვითარების ხელშეწყობა;
დ) საქართველოს შიდა ბაზრის სამამულო პროდუქციით გაჯერებისა და საექსპორტო პოტენციალის მქონე პროდუქციის წარმოების გაზრდის ღონისძიებათა შემუშავებაში მონაწილეობა;
ე) რაიონში მწარმოებელთა და მომხმარებელთა ინტერესების ჰარმონიზაციის ხელშეწყობა;
ვ) სოფლად შემოსავლების ზრდისა და მოსახლეობის დასაქმების მიზნით, რაიონში მეწარმეობის განვითარებისათვის ხელშეწყობა კომპეტენციის ფარგლებში;
ზ) რაიონში მიწათსარგებლობის სისტემის ჩამოყალიბების, ნიადაგების დაცვისა და რაციონალურად გამოყენების, სოფლის მეურნეობის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებისა და მოსახლეობის სასურსათო უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება შესაბამის სამსახურებთან ერთად;
თ) რაიონის განვითარების ინდიკატური გეგმების, პროგნოზებისა და პროგრამების შედგენასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება კომპეტენციის ფარგლებში;
ი) რაიონის ტერიტორიაზე განლაგებული სამინისტროს სისტემის სხვადასხვა სამსახურების ტერიტორიული ორგანოების მუშაობის ხელშეწყობა;
კ) სტატისტიკური მასალების საფუძველზე რაიონში ხელის შემშლელი ფაქტორების გაანალიზება, კონკრეტული სამოქმედო პროგრამების შემუშავება და განხორციელების ორგანიზება, კომპეტენციის ფარგლებში;
ლ) ადგილზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის პერიოდულად სამინისტროში წარდგენა;
მ) რაიონში სოფლის მეურნეობის განვითარების პრიორიტეტების დასახვა;
ნ) კომპლექსში არასახელმწიფო სტრუქტურების (კავშირები, ასოციაციები და სხვა საზოგადოებრივი გაერთიანებები) შექმნისა და ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობა;
ო) მოქალაქეთა მიღება, განცხადებებისა და საჩივრების განხილვა და მათზე პასუხის გაცემა სამმართველოს კოპეტენციის ფარგლებში;
პ) ,,სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, სამინისტროს სისტემის დაწესებულებების მიერ რაიონში ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემაზე ხელშეწყობა;
ჟ) რაიონში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სახელმწიფო ზედამხედველობაზე და მათ რეგისტრაციაზე ხელშეწყობა;
რ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
მუხლი 3. სამმართველოს უფლება-მოვალეობანი
სამმართველოს უფლება-მოვალეობებია:
ა) მონაწილეობა მიიღოს რაიონის ტერიტორიაზე დარგის საწარმოებისა და სოფლის ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობის საწარმოო ძალთა განლაგების სქემების განსაზღვრასა და განხილვაში, სოფლის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრობლემების კომპლექსურ გადაწყვეტაში;
ბ) მონაწილეობა მიიღოს რაიონის ეკონომიკური განვითარების პროგრამების შემუშავებაში;
გ) რაიონისა და სამინისტროს შესაბამისი სამსახურებისაგან, იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან, კომპეტენციის ფარგლებში, მოითხოვოს და მიიღოს თავისი საქმიანობისათვის აუცილებელი, კანონმდებლობით ნებადართული ინფორმაცია;
დ) განახორციელოს რაიონის ტერიტორიაზე განთავსებული სამინისტროს სისტემის დაწესებულების კოორდინაცია;
ე) სამმართველოს უფლება არა აქვს გადასცეს სხვა სახელმწიფო ან არასახელმწიფო დაწესებულებებს უფლებები და მოვალეობები, რომლებიც მის კომპეტენციას განეკუთვნება, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა არ არის დადგენილი;
ვ) გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ;
ზ) პერიოდულად მოახსენოს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მინიჭებულ უფლებამოსილებათა შესრულების შესახებ, უზრუნველყოს ინფორმაციის დროულად მიწოდება სამინისტროს მიერ მოთხოვნილ საკითხებზე.
მუხლი 4. სამმართველოს საქმიანობის ორგანიზება
1. სამმართველოს ჰყავს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სოფლის მეურნეობის მინისტრი.
2. სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას და პასუხისმგებელია სამმართველოზე დაკისრებული ამოცანებისა და ვალდებულებების შესრულებაზე;
ბ) სახელმწიფო ორგანოებში, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობისას მინდობილობის გარეშე წარმოადგენს სამმართველოს;
გ) ანაწილებს ფუნქციებს სამმართველოს მოხელეებს შორის და კონტროლს უწევს მათ შესრულებას.
3. სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილე რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სოფლის მეურნეობის მინისტრი.
4. სამმართველოს ხარჯთა ნუსხას და საშტატო განრიგს ამტკიცებს სოფლის მეურნეობის მინისტრი.
5. სამმართველოს მოხელეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სოფლის მეურნეობის მინისტრი.
მუხლი 5. დასკვნითი დებულებები
სამმართველოს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით.