ეს შეთანხმება ძალაშია, ვიდრე ერთ-ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო არ შეწყვეტს მის მოქმედებას. თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია შეწყვიტოს შეთანხმება კალენდარული წლის დასრულებამდე სულ მცირე ექვსი თვით ადრე მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოსათვის შეთანხმების შეწყვეტის თაობაზე დიპლომატიური არხებით წერილობითი შეტყობინების საშუალებით. ასეთ შემთხვევაში შეთანხმება წყვეტს მოქმედებას:
a) წყაროსთან დასაკავებელი გადასახადების შემთხვევაში, იმ თანხების მიმართ, რომელთა გადახდა ან დარიცხვა ხდება შეთანხმების შეწყვეტის თაობაზე შეტყობინების გაგზავნის წლის შემდეგი წლის პირველ იანვარს ან მას შემდეგ;
b) სხვა გადასახადების შემთხვევაში – ნებისმიერ საგადასახადო წელს, რომელიც დაიწყება შეთანხმების შეწყვეტის თაობაზე შეტყობინების გაგზავნის წლის მომდევნო წლის პირველ იანვარს ან მას შემდეგ.

რის დასტურადაც ამ შეთანხმებას ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.

შესრულებულია 2010 წლის 15 ივნისს, ქ. ბერნში, ორ დედნად, თითოეული გერმანულ, ქართულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განსხვავებული ინტერპრეტაციის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

საქართველოს სახელით             შვეიცარიის კონფედერაციის სახელით

ოქმი

საქართველო და შვეიცარიის კონფედერაცია

ორ სახელმწიფოს შორის “შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა შესახებ” შეთანხმების ---------- წლის ----------------------- ხელმოწერის დროს შეთანხმდნენ შემდეგ დებულებებზე, რომლებიც წარმოადგენენ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.
1. მე-2 მუხლთან მიმართებაში:
შეთანხმება არ ვრცელდება ლატარიის მოგებებზე წყაროსთან დაკავებულ გადასახადებზე.
2. მე-7 მუხლთან მიმართებაში:
მე-7 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან დაკავშირებით, თუ ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო ყიდის საქონელს ან ეწევა საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, ამ მუდმივი დაწესებულების მოგება განისაზღვრება არა საწარმოს მიერ მიღებული მთელი თანხის მიხედვით, არამედ მთელი შემოსავლის მხოლოდ იმ ნაწილის მიხედვით, რომელიც მიეკუთვნება ამგვარ გაყიდვებში ან საქმიანობაში ამ მუდმივ დაწესებულების ფაქტობრივ საქმიანობას.
ინდუსტრიული, კომერციული ან სამეცნიერო დანიშნულების მოწყობილობების ან შენობა-ნაგებობების ან საზოგადოებრივი სამუშაოების კვლევებთან, მომარაგებასთან, მონტაჟთან ან მშენებლობასთან დაკავშირებული კონტრაქტების შემთხვევაში, როცა საწარმოს აქვს მუდმივი დაწესებულება, ამ საწარმოს მოგება განისაზღვრება არა კონტრაქტით გათვალისწინებული მთლიანი თანხის საფუძველზე, არამედ კონტრაქტის მხოლოდ იმ ნაწილის საფუძველზე, რომელიც ფაქტობრივად ხორციელდება მუდმივი დაწესებულების მიერ იმ სახელმწიფოში, სადაც ეს მუდმივი დაწესებულება მდებარეობს.
მოგება რომელიც დაკავშირებულია კონტრაქტის იმ ნაწილთან, რომელიც ხორციელდება საწარმოს სათაო ოფისის მიერ, იბეგრება იმ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტიც არის საწარმო.
3. მე-7, მე-12 და მე-14 მუხლებთან მიმართებაში:
ანაზღაურება ინდუსტრიული, კომერციული ან სამეცნიერო დანადგარებით სარგებლობისათვის ან სარგებლობის უფლებისათვის წარმოადგენს, ვითარების შესაბამისად მე-7 და მე-14 მუხლებით განსაზღვრული ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულ მოგებას.
4. მე-18 და მე-19 მუხლებთან მიმართებაში :
ტერმინი „პენსიები’’ და ’„პენსია’’, როგორც ეს გამოყენებულია მე-18 და მე-19 მუხლებში, მოიცავს როგორც პერიოდულ, ასევე ერთიან გადახდებს.

შესრულებულია 2010 წლის –––––––––––– ქ. –––––––––––, ორ დედნად, თითოეული გერმანულ, ქართულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განსხვავებული ინტერპრეტაციის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

საქართველოს სახელით             შვეიცარიის კონფედერაციის სახელი