1. საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირის ან/და საჯარო მოსამსახურის ან/და მისი ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის მუქარა საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირის ან/და საჯარო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან ან მის საქმიანობასთან დაკავშირებით −
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) ჯგუფურად;
ბ) არაერთგზის;
გ) არასრულწლოვანის თანდასწრებით;
დ) აფეთქებით, ცეცხლის წაკიდებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით, −
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე.
3. საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე, პოლიტიკური თანამდებობის პირზე, სახელმწიფო მოსამსახურეზე, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებულ პირზე ან/და საჯარო მოსამსახურეზე ან/და მისი ოჯახის წევრზე თავდასხმა საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირის ან/და საჯარო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან ან მის საქმიანობასთან დაკავშირებით −
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) ჯგუფურად;
ბ) არაერთგზის;
გ) არასრულწლოვანის თანდასწრებით;
დ) აფეთქებით, ცეცხლის წაკიდებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით, −
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან თორმეტ წლამდე.
საქართველოს 2025 წლის 6 თებერვლის კანონი №275 – ვებგვერდი, 06.02.2025