1. თუ გადახდის ოპერაციის შესრულებაზე თანხმობა გაიცემა საგადახდო ინსტრუმენტის გამოყენებით, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი გადამხდელთან შეთანხმების საფუძველზე უფლებამოსილია დააწესოს ხარჯვის ლიმიტები ამ ინსტრუმენტით განხორციელებულ ოპერაციებზე.

2. საგადახდო მომსახურების პროვაიდერს უფლება აქვს, ჩარჩოხელშეკრულებაში გათვალისწინებული შეთანხმების საფუძველზე დაბლოკოს საგადახდო ინსტრუმენტი ამავე ინსტრუმენტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ობიექტურად დასაბუთებული საფუძვლით, საგადახდო ინსტრუმენტის თაღლითური ან/და არაუფლებამოსილი გამოყენების შესახებ ეჭვის არსებობისას, აგრეთვე საკრედიტო ლიმიტის მქონე საგადახდო ინსტრუმენტის შემთხვევაში გადამხდელის მიერ გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის რისკის მნიშვნელოვნად ზრდის შემთხვევაში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საგადახდო ინსტრუმენტის დაბლოკვის შემთხვევაში საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია გადამხდელს შეთანხმებული ფორმით შეატყობინოს საგადახდო ინსტრუმენტის დაბლოკვის შესახებ შესაბამისი მიზეზის მითითებით, შესაძლებლობის შემთხვევაში საგადახდო ინსტრუმენტის დაბლოკვამდე, მაგრამ არაუგვიანეს დაბლოკვისთანავე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაბლოკვის საფუძვლის თაობაზე ინფორმაციის მიწოდება დაუშვებელია უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ობიექტურად დასაბუთებული მიზეზებით, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

4. საგადახდო ინსტრუმენტის დაბლოკვის მიზეზების აღმოფხვრის შემდეგ საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე განბლოკოს საგადახდო ინსტრუმენტი ან ჩაანაცვლოს ის ახალი საგადახდო ინსტრუმენტით.

5. ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერი უფლებამოსილია უარი განუცხადოს ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის პროვაიდერს ან/და გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერს საგადახდო ანგარიშზე წვდომაზე ობიექტური მიზეზებით და შესაბამის მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც დაკავშირებულია მათ მიერ ან მათი საშუალებით ამ საგადახდო ანგარიშზე არაავტორიზებულ ან თაღლითურ წვდომასთან ან/და გადახდის ოპერაციის არაავტორიზებულ ან თაღლითურ ინიციირებასთან.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია გადამხდელს შეთანხმებული ფორმით შეატყობინოს საგადახდო ანგარიშზე წვდომის შეზღუდვის შესახებ შესაბამისი მიზეზის მითითებით, შესაძლებლობის შემთხვევაში წვდომის შეზღუდვამდე, მაგრამ არაუგვიანეს წვდომის შეზღუდვისთანავე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წვდომის შეზღუდვის საფუძვლის თაობაზე ინფორმაციის მიწოდება დაუშვებელია უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ობიექტურად დასაბუთებული მიზეზებით, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

7. ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია შესაბამისი ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის პროვაიდერისთვის/გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერისთვის საგადახდო ანგარიშზე წვდომა დაუშვას ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წვდომაზე უარის საფუძვლების აღმოფხვრისთანავე.

8. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის პროვაიდერსა და გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერთან დაკავშირებული ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს საქართველოს ეროვნულ ბანკს. ინფორმაცია უნდა მოიცავდეს ინციდენტის შესახებ დეტალებს და ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ ქმედების განხორციელების საფუძვლებს. საქართველოს ეროვნული ბანკი განიხილავს ინციდენტს და საჭიროების შემთხვევაში იღებს შესაბამის ზომებს.

საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1800 – ვებგვერდი, 23.09.2022