1. მსესხებლის მიერ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე გამოსცემს ბრძანებას აღსრულების შესახებ.

2. აღსრულების შესახებ ბრძანება გამოიცემა მსესხებლის მიერ გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობიდან ან არაჯეროვნად შესრულებიდან 15 დღის შემდეგ, თუ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ არის უფრო ხანგრძლივი ვადა ან გამსესხებელი არ მოითხოვს აღნიშნული ვადის გაზრდას.

3. აღსრულების შესახებ ბრძანება უნდა შეიცავდეს:

ა) ბრძანების ნომერსა და გამოცემის ადგილს;

ბ) ბრძანების გამოცემის თარიღს;

გ) სესხის ხელშეკრულების ნომერს;

დ) გამსესხებლის (კრედიტორის) დასახელებას, პირად/საიდენტიფიკაციო ნომერს, მისამართს;

ე) მსესხებლის (მოვალის) დასახელებას, პირად/საიდენტიფიკაციო ნომერს, მისამართს;

ვ) დავალიანების ოდენობას;

ზ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერას.

4. აღსრულების შესახებ ბრძანება მოქმედებს გამოცემის დღიდან. იგი მიექცევა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ გამსესხებელი აღსრულების შესახებ ბრძანების გამოცემამდე არ განაცხადებს უარს მის დაუყოვნებლივ აღსრულებაზე. აღსრულების შესახებ ბრძანების აღსასრულებლად წარდგენის ვადაა მისი გამოცემიდან 5 წელი. აღსრულების შესახებ ბრძანების ასლები ეგზავნება გამსესხებელსა და მსესხებელს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6433 – ვებგვერდი, 25.06.2012