1. აღსრულების ეროვნული ბიურო მხარეთა შეთანხმების საფუძველზე არეგისტრირებს სესხის (მათ შორის, საბანკო კრედიტის) ხელშეკრულებას, რომელიც გირავნობით ან/და იპოთეკით არ არის უზრუნველყოფილი (შემდგომ − სესხის ხელშეკრულება), და აკონტროლებს მსესხებლის მიერ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის ვალდებულების შესრულებას. სესხის ხელშეკრულების რეგისტრაციისა და გადახდის ვალდებულების შესრულების კონტროლის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

2. აღსრულების ეროვნული ბიურო არ დაარეგისტრირებს სესხის ხელშეკრულებას, თუ იგი არ შეიცავს სესხის ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელ ძირითად პირობებს, მხარეებისა (გამსესხებლისა და მსესხებლის) და მათი წარმომადგენლების (თუ სესხის ხელშეკრულება იდება წარმომადგენლის მეშვეობით) დასახელებას, პირად/საიდენტიფიკაციო ნომერს, მისამართს, გამსესხებლის საბანკო რეკვიზიტებს.

3. თუ სესხის ხელშეკრულება წარმომადგენლის მეშვეობით იდება, წარდგენილი უნდა იქნეს წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

4. დარეგისტრირებულ სესხის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა ან ამ ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტა ხორციელდება ასევე აღსრულების ეროვნულ ბიუროში რეგისტრაციით.

5. აღსრულების ეროვნული ბიურო აწარმოებს სესხის ხელშეკრულებების რეესტრს. რეესტრის მონაცემების გამჟღავნება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, დაუშვებელია შესაბამისი სესხის ხელშეკრულების მხარეთა თანხმობის გარეშე. სესხის ხელშეკრულებების რეესტრის წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6433 – ვებგვერდი, 25.06.2012