1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (შემდგომში − უნივერსიტეტი) ავტონომიური დაწესებულებაა, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის, სამეცნიერო კვლევების და სამედიცინო–კლინიკური საქმიანობის წარმართვა. იგი ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებს, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), უწყვეტი პროფესიული განვითარების და სარეზიდენტო პროგრამებს.
2. უნივერსიტეტის საქმიანობა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებსა და ამ წესდებას.
3. უნივერსიტეტის სრული სახელწოდებაა: საჯარო სამართლის იურიდიული პირი–თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, შემოკლებული სახელწოდებაა: თსსუ; ინგლისური სახელწოდებაა: TBILISI STATE MEDICAL UNIVERSITY, შემოკლებული სახელწოდებაა TSMU.
4. უნივერსიტეტს აქვს საანგარიშსწორებო და სავალუტო ანგარიშები საბანკო დაწესებულებაში, გერბი, კანონმდებლობით დადგენილი ფორმის მრგვალი ბეჭედი, შტამპი, იურიდიული პირისათვის დადგენილი სხვა ატრიბუტიკა და ოფიციალური ვებგვერდი - www.tsmu.edu
5. უნივერსიტეტში სწავლების ენა არის ქართული (სხვა ენაზე სწავლება, გარდა ინდივიდუალური სასწავლო კურსებისა, დაშვებულია, თუ ეს გათვალისწინებულია საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან).
6. უნივერსიტეტს შეუძლია თავისი სახელით მონაწილეობდეს სამართლებრივ ურთიერთობებში, შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
7. უნივერსიტეტი თავისი მიზნებიდან გამომდინარე, მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ.
8. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მისამართია: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №3