1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (შემდგომში – უნივერსიტეტი) ავტონომიური დაწესებულებაა, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობისა და სამეცნიერო კვლევების წარმართვა. იგი ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებს, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას, უწყვეტი განათლებისა და სხვა საგანმანათლებლო პროგრამებს, აგრეთვე, აბიტურიენტთა ქართულ და უცხოურ ენებში მომზადებას.
2. უნივერსიტეტის საქმიანობა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებსა და ამ წესდებას.
3. უნივერსიტეტის სრული სახელწოდებაა: საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, შემოკლებული სახელწოდებაა: სტუ; ინგლისური სახელწოდებაა: GEORGIAN TECHNICAL UNIVERSITY, შემოკლებული სახელწოდებაა: GTU.
4. უნივერსიტეტს აქვს საანგარიშსწორებო და სავალუტო ანგარიშები საბანკო დაწესებულებაში, გერბი, დროშა, ჰიმნი, კანონმდებლობით დადგენილი ფორმის მრგვალი ბეჭედი, შტამპი და იურიდიული პირისათვის დადგენილი სხვა ატრიბუტიკა.
5. უნივერსიტეტის გერბზე წამყვანი ადგილი უჭირავს ვანის არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილ, ძველი წელთაღრიცხვის მე-2 საუკუნის II ნახევრით დათარიღებულ, ქართული საინჟინრო აზროვნების–მხატვრული სამსხმელო წარმოების ნიმუშს ბრინჯაოს არწივის გამოსახულებას. ფარს ზემოთ გვირგვინად ადგას სტილიზებული შრიფტით შესრულებული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აბრევიატურა „სტუ“, რომელშიც ჩაწნულია ფარზე განფენილი ბაფთა უნივერსიტეტის დევიზით „ცოდნა ძალაა“ ლათინურ ენაზე „Sientia potestas est”. ფარზე არწივის ქვემოთ განთავსებულია უნივერსიტეტის დასახელება ქართულ და ლათინურ ენებზე შესაბამისად: „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი“, “Georgiae Universitas Rerum Technici”. ფარზე კომპოზიციას ამთავრებს უნივერსიტეტის დაარსების წელი „1922“ და ზეთისხილის ტოტები, როგორც სიბრძნისა და განახლების სიმბოლო.
6. უნივერსიტეტის დროშა არის მართკუთხა ფორმის თეთრი ქსოვილი, გვერდების თანაფარდობით 2:3, რომლის ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია დროშის ოთხივე გვერდთან დაკავშირებული სწორკუთხა მუქი წითელი ჯვარი; ჯვრის ვერტიკალურ-ჰორიზონტალური მკლავების გადაკვეთაზე მოთავსებულია უნივერსიტეტის გერბი. დროშის სიმბოლურ-აზრობრივ გადაწყვეტას საფუძვლად უდევს საქართველოს სახელმწოფო დროშის ძირითადი კომპოზიცია. უნივერსიტეტის დროშაზე წარმოდგენილი ყველა ფერი, ჰერალდიკის კანონების მიხედვით, გარკვეული მნიშვნელობის მქონეა: თეთრი – უმანკოება, უბიწობა, სიწმინდე, სიბრძნე; ყვითელი (ოქროსფერი) – განათლება, კეთილდღეობა, სიმდიდრე და დიდება; მუქი წითელი – სიმამაცე, ვაჟკაცობა, სამართლიანობა და სიყვარული.
7. უნივერსიტეტის ჰიმნი შინაარსით სიმბოლურია, პატივს მიაგებს უნივერსიტეტის სახელოვან წარსულს, მის დღევანდელ ზნეობრივ-ეთიკურ იდეალებს და ორიენტირებულია მომავლის ღირებულებებზე.
8. უნივერსიტეტში სწავლების ენა არის ქართული (სხვა ენაზე სწავლება, გარდა ინდივიდუალური სასწავლო კურსებისა, დაშვებულია, თუ ეს გათვალისწინებულია საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან).
9. უნივერსიტეტი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
10. უნივერსიტეტი თავისი მიზნებიდან გამომდინარე, მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ.
11. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მისამართია: თბილისი, 0175, მერაბ კოსტავას ქ.№77.
12. უნივერსიტეტის ელექტრონული მისამართია - www.gtu.g