„ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№219
სარეგისტრაციო კოდი
310150000.54.066.016051
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/10/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №219

2013 წლის 22 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის პირველი დანართის (2011 წლის ივლისის თვის მე-11 რედაქცია), იკაოს  ოფიციალური გამოცემის DOC-9379 მოთხოვნების საფუძველზე, ვბრძანებ

მუხლი 1
,,ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებით დამტკიცებულ „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესებში“ (www.matsne.gov.ge, 03.09.2012 წ., სარეგისტრაციო კოდი: 310150000.54.066.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:   

1.პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1 ქვეპუნქტი: 

„ძ1) მრავალწევრიანი საჰაერო ხომალდი - სხ, რომლის სამართავად სულ მცირე ორი პილოტია საჭირო“.

2.მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. სააგენტო უფლებამოსილია, ექსპლუატანტის მიერ წარმოდგენილი კანდიდატების შერჩევისა და  წერილობითი თანხმობის საფუძველზე განახორციელოს ფრენის უსაფრთხოების პილოტი-ინსპექტორის უფლებამოსილების დელეგირება, თუ კანდიდატი აკმაყოფილებს ამ წესის მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და 41-ე მუხლის მოთხოვნებს“.

3.მეცხრე მუხლის მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) სხ-ის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტი ამ პუნქტის „ა-დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საბუთებთან ერთად, სააგენტოში წარადგენს დამადასტურებელ საბუთს, რომ უკანასკნელი 24 თვის განმავლობაში, სხ-ის ან მისი ნაწილის დათვალიერებას, მომსახურებას ან ტექნიკურ ექსპლუატაციას ახორციელებდა არანაკლებ 6 თვის მანძილზე“.

4.მე-9  მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „6. უცხოეთში საქმიანობის განმახორციელებელი საქართველოს ავიასპეციალისტის მოწმობის მფლობელმა, მოწმობის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საბუთების გარდა, სააგენტოს უნდა წარუდგინოს შემდეგი საბუთები:

ა) პრაქტიკული მუშაობის შემოწმების შედეგები;

ბ) საწაფზე წვრთნის შედეგები;

გ) საფრენოსნო წიგნაკი.“

5.მე-10 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) მოწმობაში აღნიშნული ოსტატობა მოქმედია“.

6.მე-10 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ავიასპეციალისტის ოსტატობის დამადასტურებელი შეფასება (Proficiency check) და ახალ საავიაციო ტექნიკაზე გადასწავლებისას მიღებული შეფასება (skill test) მოქმედია:

ა) მრავალწევრიან და/ან მრავალძრავიან  სხ-ზე - ერთი წლის განმავლობაში;

ბ) ერთპილოტიან ერთძრავიან  სხ-ზე -  ორი წლის განმავლობაში;

გ) სხვა სხ-ზე - შესაბამისი ავიასპეციალისტის მოწმობის მფლობელის სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედების ვადით.

დ) ამასთანავე, თუ ავიასპეციალისტმა საფრენოსნო პრაქტიკული ან საწაფზე შემოწმება გაიარა ოსტატობის ვადის გასვლამდე ბოლო 3 თვის განმავლობაში, მოქმედება უგრძელდება ოსტატობის დამადასტურებელი შეფასების მოქმედების ვადის გასვლიდან ერთი წლის განმავლობაში მრავალწევრიან და/ან მრავალძრავიან სხ-ებზე, ერთპილოტიან ერთძრავიან  სხ-ზე - ორი წლის განმავლობაში, ხოლო ყველა სხვა სხ-ზე - შესაბამისი ავიასპეციალისტის მოწმობის მფლობელის სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედების ვადით.“

7.მე-12 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. პილოტ-ინსტრუქტორის, უფროსი პილოტ-ინსტრუქტორისა (თვითმფრინავი, შვეულმფრენი, დირიჟაბლი, ვსხ) და ბორტგამყოლ-ინსტრუქტორის ოსტატობის აღნიშვნები“.

8.მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:

„3. ბორტგამყოლ-ინსტრუქტორის ოსტატობის აღნიშვნის გაცემისას,  ავიასპეციალისტს წაეყენება შემდეგი მოთხოვნები:

ა) გამოცდილება – კანდიდატი აკმაყოფილებს „ბორტგამყოლის მოწმობის“ მისაღებად საჭირო გამოცდილებას, აგრეთვე, ამ წესების  41-ე მუხლით დადგენილ, ბორტგამყოლ-ინსტრუქტორის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს;

ბ) უნარი - კანდიდატმა გამოავლინა ცოდნის გადაცემის უნარი იმ სფეროში, სადაც საფრენოსნო მომზადების ჩატარებას აპირებს, და სხ-ის იმ ტიპზე, რომელზედაც ინსტრუქტორის უფლებამოსილების განხორციელებას აპირებს, აგრეთვე, გამოავლინა გაფრენისწინა ინსტრუქტაჟის, ფრენების განხილვისა და სახმელეთო მომზადების ჩატარების უნარი.

4. ოსტატობის აღნიშვნის მფლობელის უფლებამოსილება:

ა) ბორტგამყოლ-ინსტრუქტორის ოსტატობის აღნიშვნის მფლობელი უფლებამოსილია ჩაატაროს:

ა.ა) ბორტგამყოლის, უფროსი ბორტგამყოლის და ბორტგამყოლ-ინსტრუქტორის, სახმელეთო მომზადება;

ა.ბ) ბორტგამყოლის, უფროსი ბორტგამყოლის და ბორტგამყოლ-ინსტრუქტორის საფრენოსნო მომზადება და შემოწმება;

ა.გ) ბორტგამყოლის, უფროსი ბორტგამყოლის და ბორტგამყოლ-ინსტრუქტორის დამოუკიდებელ ფრენაზე დასაშვები შემოწმება და დამოუკიდებელი ფრენების კონტროლი“.

9.  25-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ა ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ა) ბორტგამყოლის მოწმობა გაიცემა, თუ კანდიდატს გავლილი აქვს სააგენტოს მიერ დამტკიცებული (შეთანხმებული) პირველადი მომზადებისა თეორიული კურსი და შეგირდის რანგში ნაფრენი აქვს 20 საათი და 15 მარშრუტის სექტორი“.

10. 29-ე მუხლის პირველი პუნქტის  „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „გ) გამოცდილება;

გ.ა) კანდიდატს მოეთხოვება მთლიანად სხ-ის ან მისი ნაწილების დათვალიერების, შემოწმებისა და ტმ-ის 4 წლიანი გამოცდილება, თუ არ აქვს გავლილი სააგენტოს მიერ დამტკიცებული (შეთანხმებული)  თეორიული მომზადების კურსი;

გ.ბ) კანდიდატს მოეთხოვება მთლიანად სხ-ის ან მისი ნაწილების დათვალიერების, შემოწმებისა და ტმ-ის 2 წლიანი გამოცდილება, თუ მან წარმატებით გაიარა სააგენტოს მიერ დამტკიცებული (შეთანხმებული) თეორიული მომზადების კურსი.“

11. 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) წარმოადგინოს სააგენტოს მიერ  გაცემული აღიარების ჩანართი (არანაკლებ ორი) (აღნიშნული მოთხოვნა არ ეხება მოყვარულ პილოტს); 

ე) პილოტს, გარდა მოყვარული პილოტისა, ნაოსანს, ბორტრადისტს და ბორტინჟინერს ჰქონდეს ნაფრენი საქართველოში რეგისტრირებულ სხ-ზე სულ მცირე 200 საათი (დადასტურება ხდება საფრენოსნო წიგნაკის (Logbook) წარმოდგენით).

12. 30-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) მოყვარული პილოტის მოწმობის მფლობელი ვალდებულია ჩააბაროს სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ/აღიარებულ სასწავლო დაწესებულებაში ინგლისური ენის გამოცდა იკაოს სკალის მიხედვით მინიმუმ მე-4 დონის მაჩვენებლით“.

13.  30-ე მუხლის მე-8, მე-81, მე-10 და მე-11პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „8. საქართველოს ის ავიასაწარმო, სადაც ავიასპეციალისტის მოწმობის აღიარებით დაინტერესებულმა ავიასპეციალისტმა უნდა იმუშაოს, სააგენტოს მიმართავს განცხადებით და წარუდგენს ამ ავიასპეციალისტის:  

ა) ავიასპეციალისტის მოწმობას ან მოწმობის ასლს;

ბ) ბოლო საფრენოსნო (პრაქტიკული მუშაობის) შემოწმების დამადასტურებელ საბუთის ასლს (Line Check) (კომერციული საჰაერო გადაყვანა გადაზიდვების შემთხვევაში);

ბ.ა) იმ შემთხვევაში, თუ არ აქვს მოქმედი საფრენოსნო (პრაქტიკული შემოწმება), საფრენოსნო (პრაქტიკული შემოწმება) შეიძლება წარმოდგენილ იქნეს ჩანართის გაცემის დღიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში.

გ) საწაფზე ან სხ-ზე ბოლო შემოწმების დამადასტურებელ საბუთის ასლს (Proficiency Check);

დ) პილოტის, ნაოსნისა და ბორტრადისტისათვის - ინგლისური ენის ცოდნის, არანაკლებ მე-4 დონის (იკაოს შეფასებათა სკალის მიხედვით) დამადასტურებელ ჩანაწერს მოწმობაში;

ე) სამედიცინო სერტიფიკატის ან ასლს (სხ-ის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის გარდა);

ვ) პილოტის, ნაოსანისა, და ბორტრადისტისათვის - სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ ან აღიარებულ სასწავლო დაწესებულებაში ინგლისური ენის გამოცდის წარმატებით (იკაოს სკალის მიხედვით მინიმუმ მე-4 დონის მაჩვენებლით) ჩაბარების დამადასტურებელ საბუთს;

ზ) საფრენოსნო წიგნაკს ან საფრენოსნო წიგნაკის მთავარი გვერდს ასლს, სადაც მითითებულია ფლობელის სახელი გვარი, და ნაფრენი საათების   ბოლო სამი გვერდის ასლს (Logbook);

თ) საქმესთან დაკავშირებულს სხვა დოკუმენტს, რომელსაც სააგენტო მიიჩნევს საჭიროდ.  

 81. ჩანართის გაცემამდე, სააგენტო ადასტურებს მოწმობის, ოსტატობების, უფლებების  ნამდვილობას (ავთენტიკურობას), მოწმობის გამცემი საავიაციო ხელისუფლებისგან ამ „წესების“ №15 დანართით გათვალისწინებული ფორმით ან №15 დანართის შესაბამისი დოკუმენტით“.

„10. სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ სასწავლო დაწესებულებაში ინგლისური ენის გამოცდის წარმატებით (იკაოს სკალის მიხედვით მინიმუმ მე-4 დონის მაჩვენებლით) ჩაბარების დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენა არ მოეთხოვებათ ავიასპეციალისტებს:

ა) რომლებიც ფლობენ ევროკავშირის წევრი ქვეყნის მიერ გაცემულ მოწმობას და აქვთ ინგლისური ენის ცოდნის მე-5 ან მე-6 დონე (იკაოს შეფასებათა სკალის მიხედვით);

ბ) რომელთათვისაც ინგლისური ენა არის მშობლიური ენა;

გ) რომლებიც შეიძლება გამოიყენონ ერთჯერადი ფრენების განსახორციელებლად. მათ აგრეთვე არ მოეთხოვებათ ამ „წესების“ ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალიწინებული მოთხოვნების შესრულება და  მოწმობის მონაცემების დადასტურება, მოწმობის გამცემი საავიაციო ხელისუფლების მიერ, ამ „წესების“ №15 დანართის შესაბამისი ფორმით;

დ) რომლებიც მხოლოდ საქართველოს არაკონტროლირებად ზონაში შეასრულებენ ფრენებს;

ე) რომლებიც ახორციელებენ სააგენტოს მიერ გაცემული ავიასპეციალისტის მოწმობის მფობელებისთვის სხ-ის კონკრეტულ ტიპზე მწყობრში შესვლას და გადასწავლებას საქართველოს ფარგლებს გარეთ.   

 11. სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული პილოტის მოწმობის მფლობელები, გარდა ამ მუხლის მე-10 პუნქტის „გ-ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ავიასპეციალისტებისა, აღიარებისთვის აბარებენ თეორიულ გამოცდებს სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ სასწავლო დაწესებულებებში, შემდეგ საგნებში:

 ა) საჰაერო სამართალი;

 ბ) მეტეოროლოგია;

 გ) საექსპლუატაციო წესები“.

14. 32-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სააგენტოს  სპეციალისტები განიხილავენ წარმოდგენილ მონაცემებს და დადებითი დასკვნის შემთხვევაში დგება კონკრეტული სდ-ის საწაფის „აღიარების ოქმი“, რომელსაც ხელს აწერენ სააგენტოს უფლებამოსილი პირი და განხილვაში მონაწილე სპეციალისტები“.

15. 34-ე მუხლის გ“, დ“ და ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) III თანრიგი – 20 ტ ≤Gას ≤ 80 ტ;

დ) IV თანრიგი – 5,7 ტ ≤ Gას ≤ 20 ტ;

ე) V თანრიგი – Gას ≤ 5,7ტ; (მათ შორის – ზემსუბუქი სხ, რომლის Gას ≤ 750 კგ)“.

16. 35-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

 „5. ბორტგამყოლი არ დაიშვება საფრენად:

ა) სხ-ის არაუმეტეს 3 ტიპზე; ან

ბ) სხ-ის არაუმეტეს 4 ტიპზე, თუ ამ ტიპებიდან ორზე მაინც

ბ.ა) საავარიო-სამაშველო აღჭურვილობა იდენტურია;

ბ.ბ) სტანდარტული და ავარიული პროცედურები მსგავსია“.

17. 36-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „2. ბორტგამყოლის მოწმობის მფლობელი, მწყობრში შესვლისას ვალდებულია ამ ტიპზე, შეგირდის რანგში, იფრინოს არანაკლებ 20 საათი და 15  მარშრუტის სექტორი. ოსტატობის აღნიშვნა გაიცემა ბორტგამყოლ-ინსტრუქტორის დასკვნის საფუძველზე“.

18. 41-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 41. ინსტრუქტორად  მომზადება, მოქმედების ვადის გაგრძელება (თვითმფრინავი, შვეულმფრენი, ვსხ), უფროს ბორტგამყოლად მომზადება

1. I-IV თანრიგის სხ-ის პილოტი შეიძლება გახდეს პილოტ-ინსტრუქტორი, თუ მას ამ ტიპზე აქვს მეთაურის რანგში ნაფრენი 300 სთ.

2. V თანრიგის სხ-ის პილოტი შეიძლება გახდეს პილოტ-ინსტრუქტორი, თუ მას ამ ტიპზე აქვს მეთაურის რანგში ნაფრენი 50 სთ.

3. პილოტი შეიძლება გახდეს უფროსი პილოტ-ინსტრუქტორი, თუ მას ამ ტიპზე აქვს პილოტ-ინსტრუქტორის რანგში ნაფრენი 200 სთ.

4. ავიასპეციალისტი შეიძლება გახდეს ბორტინჟინერ-ინსტრუქტორი და ნაოსანი-ინსტრუქტორი, თუ მას ამ ტიპზე აქვს, შესაბამისად, ბორტინჟინრად ან ნაოსნად ნაფრენი 300 სთ.

5. პილოტ-ინსტრუქტორი და უფროსი პილოტ-ინსტრუქტორი, V თანრიგის სხ-ზე გადასწავლებისას უფლებამოსილია გახდეს პილოტ-ინსტრუქტორი ან უფროსი პილოტ-ინსტრუქტორი, შესაბამისად, ამ ტიპზე ნაფრენის გარეშე, მეთაურად მწყობრში შესვლასთან ერთად; ამისათვის მას უნდა მიეცეს დამატებითი წვრთნა ინსტრუქტორის სავარძლიდან.

6. ბორტინჟინერ-ინსტრუქტორი, სხ-ის სხვა ტიპზე გადასწავლებისას, შეიძლება გახდეს ამ ტიპის ინსტრუქტორი 50 სთ. ნაფრენის შემდეგ.

7. ნაოსანი-ინსტრუქტორი, სხ-ის სხვა ტიპზე გადასწავლებისას, შეიძლება გახდეს ამ ტიპის ინსტრუქტორი მწყობრში შეყვანისას.

8. სააგენტოს მფრინავი-ინსპექტორი უფლებამოსილია გახდეს ინსტრუქტორი სხ-ის კონკრეტულ ტიპზე ნაფრენის გარეშე, თუ მას ამ სახეობის სხ-ის ნებისმიერ ტიპზე აქვს ინსტრუქტორის ოსტატობის აღნიშვნა. ამასთან, პილოტ-ინსპექტორს, მწყობრში შესვლისას, უნდა მიეცეს დამატებითი წვრთნა ინსტრუქტორის სავარძლიდან.

9. ბორტგამყოლ-ინსტრუქტორად შეიძლება გახდეს „ბორტგამყოლის მოწმობის“ მფლობელი, რომელსაც:

ა) აქვს არანაკლებ ორი წლის საფრენოსნო სტაჟი (აქედან არანაკლებ ერთი წელი უფროსი ბორტგამყოლის რანგში);

ბ) გავლილი აქვს ინსტრუქტორის მომზადების თეორიული კურსი სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ ან აღიარებულ სასწავლო დაწესებულებაში.

გ) აქვს აღნიშნულ სხ-ის ტიპზე ბორტგამყოლ-ინსტრუქტორის ზედამხედველობის ქვეშ მწყობრში შესვლისთვის ნაფრენი,  სულ მცირე 2 მარშუტის  სექტორი.

10. პიროვნებამ არ უნდა განახორციელოს ფრენის ინსტრუქტაჟი მოწმობის გასაცემად და ოსტატობის მისანიჭებლად, თუ მას მოწმობაში არ აქვს ბორტგამყოლ-ინსტრუქტორის მოქმედი ოსტატობა.  

11. ოსტატობის შესანარჩუნებლად, ბორტგამყოლ-ინსტრუქტორმა ყოველ წელს უნდა შეამოწმოს 5 ბორტგამყოლი მაინც.

12. ბორტგამყოლ-ინსტრუქტორის ოსტატობის აღნიშვნა მოქმედია 3 წლის განმავლობაში.   

13. ბორტოპერატორ-ინსტრუქტორად შეიძლება გახდეს „ბორტოპერატორის მოწმობის“ მფლობელი, რომელსაც აქვს სხ-ის ამ ტიპზე ბორტოპერატორის რანგში შესრულებული ჩატვირთვა-ჩამოტვირთვის სრულციკლიანი არანაკლებ 50 ფრენა.

14. ბორტრადისტ-ინსტრუქტორად შეიძლება გახდეს „ბორტრადისტის მოწმობის“ მფლობელი, რომელსაც აქვს სხ-ის ამ ტიპზე არანაკლებ 200 სთ. ნაფრენი.

 15. პიროვნებამ არ უნდა განახორციელოს ფრენის ინსტრუქტაჟი მოწმობის გასაცემად და ოსტატობის მისანიჭებლად, თუ:

 ა) ამ პიროვნების მოწმობაში არ არის პილოტ-ინსტრუქტორის, ან უფროსი პილოტ-ინსტრუქტორის ოსტატობა.

16. პილოტის-ინსტრუქტორის, უფროსი პილოტ-ინსტრუქტორის ოსტატობა მოქმედია 3 წლის განმავლობაში, იმ შემთხვევაში თუ მან გაიარა წვრთნა სააგენტოს მიერ შეთანხმებული პროგრამით (თეორიული სწავლება და საწაფზე/სხ-ზე წვრთნა), ან სხვა სახელმწიფოს სერტიფიცირებულ სასწავლო დაწესებულებაში, რომელიც აღიარებულია სააგენტოს მიერ. სხვა შემთხვევაში მოქმედების ვადა განისაზღვრება ოსტატობის მოქმედების ვადით.

17. ოსტატობის შესანარუნებლად პილოტ-ინსტრუქტორმა, ან უფროსმა პილოტ-ინსტრუქტორმა უნდა იფრინოს არანაკლებ 50 სთ, ბოლო და ყოველ მომდევნო წელს პილოტ-ინსტრუქტორის რანგში უნდა იფრინოს სულ ცოტა 15 საათი, ან შეასრულოს 20 აფრენა-დაფრენა.

18. საწაფის ინსტრუქტორის მიმართ წაყენებული მოთხოვნები:

ა) ფლობს ან ფლობდა ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტის მოწმობას;

ბ) გამოცდილება. პილოტის რანგში ნაფრენი 1500 სთ (თვითმფრინავზე) 1000 სთ (შვეულმფრენზე);

გ) სააგენტოს წერილობითი დადასტურების მიღების განაცხადის წარდგენამდე 12 თვის განმავლობაში პრაქტიკული შემოწმების გავლა საწაფის განცხადებულ ტიპზე, 3სთ-ის ოდენობით.

19. სააგენტოს წერილობითი დადასტურების მოქმედების ვადაა 3 წელი. ვადის გასაგრძელებლად, შეასრულოს საწაფზე ინსტრუქტორად მუშაობის 50 სთ, საიდანაც 15 საათი უნდა იყოს ბოლო 12 თვის განმავლობაში და გაიაროს პრაქტიკული მუშაობის შემოწმება.

20. ყველა პილოტ-ინსტრუქტორი და უფროსი პილოტ-ინსტრუქტორი ვალდებულია გაიაროს ინსტრუქტორის მომზადების თეორიული კურსები სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ ან აღიარებულ სასწავლო დაწესებულებაში.

21. უფროს ბორტგამყოლად შეიძლება გახდეს „ბორტგამყოლის მოწმობის“ მფლობელი რომელსაც:

ა) აქვს ერთი წლის საფრენოსნო სტაჟი  და საერთო ნაფრენი სულ მცირე  200 სთ;

ბ) გავლილი აქვს უფროსი ბორტგამყოლის მომზადების თეორიული კურსი;

გ) აღნიშნულ სხ-ის ტიპზე ინსტრუქტორის ზედამხედველობის ქვეშ შესრულებული აქვს მწყობრში შეყვანის სულ მცირე 4  მარშრუტის სექტორი“.  

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგურამ ჯალაღონია